პირადი ცხოვრების უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომლის დაცვაც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით, სისხლის სამართლის კოდექსით და სხვა საერთაშორისო კონვენციებით. სამწუხაროდ, ბოლო დროს გახშირდა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება. 3 მაისს ინტერნეტით გავრცელდა მორიგი ინტიმური ვიდეო, რომელზეც სამი ადამიანის სქესობრივი ცხოვრებაა ასახული. საგულისხმოა ისიც, რომ 5 თვის წინ საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ მთავარმა პროკურატურამ მოიპოვა რამდენიმე ათეული მაკომპრომეტირებელი ფარული ჩანაწერი, რომელთა "შემოქმედიც" საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა იყო. პროკურატურა აცხადებდა, რომ მეგის ქარდავას დავალებით და ორგანიზებით, ამავე დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის პირები სექსუალურ უმცირესობას მიკუთვნებულ მამაკაცებზე ინფორმაციას აგროვებდნენ, ფარულად და უკანონოდ იღებდნენ მათი პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას, რის შემდეგაც, კომპრომეტაციის მუქარით, მათ სპეციალურ სამსახურებთან ფარულ თანამშრომლობას აიძულებდნენ. გაგრძელდება თუ არა პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოქვეყნება ან ვინ დგას ამის უკან? ამ თემებზე ექსპერტ კახი კახიშვილს ვესაუბრებით:
- ნაცმოძრაობა, ფაქტობრივად, თითოეული ადამიანის პირად ცხოვრებას აკონტროლებდა, რასაც შემდგომ ადამიანების "დავერბოვკებისთვის" იყენებდა. სპეცსამსახურებს დავალებული ჰქონდათ ძალიან ინტიმური, მათ შორის ოჯახური პირობების შესწავლაც კი ნებისმიერ ადამიანზე, რომელსაც პირდაპირ ან ირიბად ჰქონდა შეხება პოლიტიკურ პროცესებთან, ბიზნესთან... არჩევნებში დამარცხების შემდეგ ხელისუფლების გადაბარების პერიოდი ნაციონალებმა იმისთვის გამოიყენეს, რომ მთელი ღირებული მასალა გაზიდეს. დარჩა მხოლოდ ის, რისი გატანაც ვერ მოასწრეს, ან, სავარაუდოდ, ეს ფირები დანარჩენთან შედარებით მნიშვნელოვანი არ იყო. ვფიქრობ, 9 წლის განმავლობაში მათ დიდი არქივი ექნებოდათ შექმნილი.
- თქვენი აზრით, რა ტიპის ვიდეომასალაა არქივში და როგორ იღებდნენ ამ ყველაფერს?
- კადრებში ჩანს, რომ მათში მონაწილეობენ არა სპეცსამსახურის თანამშრომლები, არამედ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებიც ასრულებენ სპეცსამსახურების დავალებას. ბუნებრივია, მათი თანამშრომლობა ამ სამსახურთან ისევ და ისევ მათი მაკომპრომეტირებელი მასალების შედეგად გადაწყდა. ფარულ კადრებში აშკარად ჩანს, რომ ზოგიერთი მათგანი პირდაპირ კამერაზე "მუშაობს", საიდანაც ვხვდებით, რომ ყველაფერი მათი მოწყობილია. ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან, არ ატარებენ არანაირ წოდებას, ოფიციალურად არსად მუშაობენ და არ იცი, ვინ როდის და რა დოზით თანამშრომლობდა ამ კუთხით სპეცსამსახურებთან. სააკაშვილის ყველაზე დიდი შეცდომა იყო ის, რომ მან გახლიჩა საზოგადოება თავისიანებად და არათავისიანებად. მაგრამ სპეცსამსახურები მასალებს აგროვებდნენ როგორც პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებზე, ისე "თავისიანებზე".
- რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი მასალა გავრცელდა, რომელიც, სავარაუდოდ, გიორგი ფარესიშვილის პირად ცხოვრებას უკავშირდება...
- შესაძლოა, მასალა შეგნებულად განათავსა ძველი ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა, რათა ეჭვი დათესონ საზოგადოებაში, რომ ახალი ხელისუფლებაც ძველის მეთოდებს იყენებს. მეორე მხრივ, ვიღაცამ ეს იმიტომ ჩაიდინა, საზოგადოების დანარჩენ ნაწილს რომ ეფიქრა - ეს იმ ადამიანებმა გამოაქვეყნეს, ვისაც ჟურნალისტი აკრიტიკებდაო. ეს ისეთი მძიმე შემთხვევაა, რომ ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გაირკვეს, ვინ მონაწილეობდა პირდაპირ ან ირიბად ამ მასალის გადაღებასა თუ გავრცელებაში. აქ ერთი ტენდენცია შეინიშნება: ყოფილი ხელისუფლება მსგავს მასალებს ათავსებდა ძირითადად "საროკა.ნეტ"-ზე, ახლა ის განთავსდა "რადიკალ.რუ"-ზე - ორივე რუსული ვებგვერდია. ფარესიშვილი არცთუ მნიშვნელოვანი ფიგურაა და მასზე რომ აქვთ ასეთი მასალა, წარმოიდგინეთ, რა მასშტაბის მასალა ექნებოდათ ნაციონალებს სხვებზე?! ან რამდენი ადამიანი ჰყავდათ სპეცსამსახურებს ჩართული ასეთი ტიპის მოქმედებებში? მათ ისეთ ხალხზეც ჰქონდათ მაკომპრომეტირებელი მასალები, ვისაც შესაძლოა ოდესღაც ჰქონოდა შეხება პოლიტიკურ პროცესებთან. დარწმუნებული ვარ, ნაციონალებს ზღვა მასალა აქვთ და მათ შორის უფრო მნიშვნელოვანი, უფრო ბინძური და უფრო მძაფრი გატანილი ექნებათ საზღვარგარეთ.
- ეს ხომ არ არის გამოწვევა ირაკლი ღარიბაშვილისთვის, რომელიც საზოგადოებას ინტიმური ცხოვრების ამსახველი მასალების არქივის განადგურებას დაჰპირდა?
- არა მარტო მინისტრმა, მთავარმა პროკურორმაც განაცხადა, რომ აქვს ასეთი მასალები. საზოგადოება ახლა მათ სთხოვს პასუხს და ამიტომაც ვთქვი, რომ ეს შეიძლება ირიბი დარტყმა იყოს კონკრეტულად ღარიბაშვილზე. მინისტრი თუ ვერ გახსნის ამ საქმეს, მას უკვე პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისრება, ვინაიდან მანამდე ჩვენ ვიცოდით, რომ შსს-ს და პროკურატურას ასეთი ტიპის დისკები გააჩნდა. შესაძლოა, ყოფილი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელმა ეს იმიტომ გააკეთა, ახალი ხელისუფლების ჩადენილი რომ გვეგონოს. ზოგმა შესაძლოა ისიც იფიქროს, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ეს ერთგვარი შიშის დათესვის მიზნით გააკეთა. ასეთი კითხვის ნიშნები რომ არ იყოს და ღარიბაშვილსა და კბილაშვილს პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება არ მოუხდეთ, შსს-მ სერიოზულად უნდა იმუშაოს. დარწმუნებული ვარ, ღარიბაშვილი ასეთ ბინძურ თამაშს არ ითამაშებდა, მაგრამ ალბათ გამოჩნდებიან ადამიანები, მათ შორის უმრავლესობიდანაც, ვინც ამ მასალას შიდა დაპირისპირებისთვის გამოიყენებს. ასეთი ტიპის მასალის განთავსებამ, შესაძლოა, ადამიანი თვითმკვლელობამდეც კი მიიყვანოს.
- იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მეგის ქარდავას დავალებით იღებდნენ სხვადასახვა პირთა სექსუალური ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალას და მათ სპეცსამსახურებთან ფარულ თანამშრომლობას აიძულებდნენ. ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ ეს ვიდეოც იმ "კოლექციიდანაა"?
- დარწმუნებული ვარ, დღეს შსს-შიც, პროკურატურაშიც და სპეცსამსახურებშიც მუშაობს ის ხალხი, ვინც გულში სერიოზულად გულშემატკივრობს ნაცმოძრაობას და ფარულად, მაგრამ მაინც ეხმარება მას უფლებამოსილების ფარგლებში. ფაქტია, ასეთი ტიპის მასალა არ უნდა ჟონავდეს არც ერთი უწყებიდან, თუ ეს არ არის განთავსებული ძველი ხელისუფლების მხრიდან. ფაქტია, რომ ასეთი ტიპის ინფორმაციები და დისკები ჟონავს ძალოვანი სტრუქტურიდან და პროკურატურიდან. საინტერესოა, ვის მიერ და ვისი მხრიდან ხდება ეს.
- და ვის მიერ და ვისი მხრიდან უნდა ჟონავდეს მსგავსი ინფორმაცია?
- პირველ რიგში, ეჭვი უნდა აიღო იმაზე, ვისაც ფარულ ჩანაწერებზე მიუწვდებოდა ხელი - ყოფილი თუ ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ პირებს. სავარაუდოდ, ეს არის დისკი, რომელიც ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე იყო თანდართული, როგორც მტკიცებულება. ეს საქმე აწერია კონკრეტულ გამომძიებელს ან საგამოძიებო ჯგუფს. ვის ჰქონდა ამ ჯგუფთან შეხება, ვინ არის მისი ხელმძღვანელი გამომძიებელი, ვისაც აწერია ეს საქმე, ვინ არის მისი კურატორი, ვის მიუწვდებოდა ხელი მასალაზე - ეს ყველაფერი ძალიან ადვილი დასადგენია, მაგრამ ამისათვის საჭიროა ერთი რამ - თუ ეს შენი ახლო გარემოცვის გაკეთებულია, არ უნდა მიჩქმალო.
ეს არის დიდი ბინძური თამაშის ერთი ნაწილი, რომელიც უკვე დაწყებულია. იმ ადამიანისგან, ვინც ეს ვიდეო განათავსა, სწორედ ის იყო ჩაფიქრებული, რომ დაზარალებულს ეჭვი აეღო ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებზე, მაგრამ ყველა შემთხვევაში ეს ყველაფერი ახალი ხელისუფლების დასადგენია, მასზეა ეს პასუხისმგებლობა. გამორიცხულია, შს
მინისტრს ასეთი ტიპის თამაშებში მიეღო მონაწილეობა, ან სცოდნოდა და დაეშვა. ახლა მასზეა დამოკიდებული, როგორ მიიყვანს ამას ლოგიკურ დასასრულამდე.
ასეთი ტიპის ჩანაწერები ყველა უკანონოა. ფარულ გადაღებაზე სანქცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მიიღო, თუ საქმე გაქვს აშკარა დანაშაულთან, დანაშაულის მზადებასთან ან მცდელობასთან. სხვა შემთხვევაში, ყველა ასეთი ტიპის ჩანაწერი, რომელიც ეხება ადამიანის ინტიმურ ცხოვრებას, უკანონოა. დასადგენია იმ თანამდებობის პირების ვინაობაც, ვინც დიდ ფულს ხარჯავდა ასეთ ბინძურ საქმიანობაში. ასეთი ტიპის ჩანაწერები უფასოდ არ კეთდება - ფულს უხდიან იმ ადამიანებს, რომლებიც მასში მონაწილეობენ - იწერენ, ამონტაჟებენ, ინახავენ... სხვათა შორის, ძალიან დიდი ფული იწერებოდა შსს-დან ვითომ აგენტურული საქმიანობისთვის, მაგრამ საბოლოოდ პოლიციის თანამშრომლები ითვისებდნენ თანხებს - გამოწერდნენ დიდ თანხას, თითქოს აგენტის გასამრჯელოდ, მაგრამ დიდ ნაწილს თვითონ იდებდნენ ჯიბეში. ასე რომ, როდესაც ამბობენ, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არსებობს, კარგად დაფიქრდნენ, ეს ყველაფერი ზუსტადაც კორუფციული სქემებია.