არასამთავრობო ორგანიზაცია "იდენტობა", 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში, რუსთაველზე პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი აქციის ჩატარებას გეგმავს. ამასთანავე, ცნობილი გახდა, რომ ამ აქციის წინააღმდეგ საპროტესტო მსვლელობის მოწყობას აპირებენ რიგი ორგანიზაციები. ჩვენ მათ ერთ-ერთ ლიდერს, უფლებადამცველ გიორგი გაბედავას გავესაუბრეთ.
- ჩვენ ვგეგმავთ გავაპროტესტოთ 17 მაისის აქცია და ის გარყვნილება, რაც დღეს ხდება და რასაც ეს ხალხი აპირებს. ჩვენი პროტესტი მშვიდობიანი ხასიათის იქნება.
- მათი აქციის პარალელურად იქნება თქვენი მსვლელობაც?
- დიახ, ჩვენ 17 მაისს, დილიდანვე დავიწყებთ ამ ყველაფრის გაპროტესტებას.
- ბატონო გიორგი, არის თუ არა თქვენი საპროტესტო მსვლელობა სანქცირებული?
- სანქცია ჭირდება მაშინ, როცა აქცია მასშტაბურია და როცა საპროტესტოა. ჩვენ ვგეგმავთ სამშვიდობო აქციას - არ გვინდა სექსუალური გარყვნილების პროპაგანდა და ასეთ აქციას არავითარი სანქცია არ ჭირდება.
- მათ ეს აქცია დიდი ხნის წინ დაანონსეს და თქვენი მხრიდან ერთგვარი პროვოკაცია არაა ამ მსვლელობის იმავე დღეს და იმავე ადგილას გამართვა?
-ერთ რამეს გეტყვით: "მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია". რათქმა უნდა არსებობს ინციდენტების და პროვოკაციის საფრთხე, ოღონდ არა ჩვენი მხრიდან, თუმცა ამისთვის არსებობს სამართალდამცავი ორგანოები, რომლებმაც უნდა აღკვეთონ თუ რაიმე სახის ინციდენტს ექნება ადგილი.
- გიორგი, ადამიანის უფლაბათა დეკლარაციაში პირდაპირ წერია, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება...
- რა თქმა უნდა, გამოხატვის თავისუფლება ყველას აქვს, მაგრამ გარყვნილების პროპაგანდის თავისუფლება დაუშვებელია.
- თქვენი ოპონენტების როლს მოვირგებ და გეტყვით, რომ ამას თქვენ თვლით გარყვნილებად, თორემ ისინი ასე არ მიიჩნევენ...
- ისინი მიიჩნევენ თუ არა, ეგ სხვა საქმეა. ეგრე პედოფილს რომ კითხოთ, ალბათ არც ის თვლის თავს გარყვნილად. კი, პედოფილია ავადმყოფობა და გადახრაა, მაგრამ წლების მანძილზე ჰომოსექსუალობაც დაავადებად ითვლებოდა და რამდენიმე წლის წინ ამოიღეს დაავადებების სიიდან. ეს არის გლობალიზაციის პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი.
- არადა, თქვენს გარდა ფაქტიურად არცერთი უფლებათადამცველი ჰომოსექსუალიზმს გარყვნილების კლასიფიკაციას არ ანიჭებს.
-არ მაინტერესებს ვიღაც, საზღვარგარეთიდან დაფინანსებული უფლებათადამცველი ანიჭებს თუ არა.მე პირადად ამას აღვიქვამ, როგორც სწორად მცხოვრები მოქალაქის უფლების დარღვევას.
- სექსუალური უმცირესობის უფლების დარღვევა არაა მათი გამოხატვის შეზღუდვა?
- ამიხსენით რატომ უნდა ჩავატაროთ ეს მსვლელობა? ღმერთმა გააჩინა კაცი და გააჩინა ქალი...
- ნამდვილად, და მისცა მათ თავისუფალი ნება...
-კი მოგვცა თავისუფალი ნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენ როცა ცუდს აკეთებ, ამაზე გამოხვიდე და იძახო კარგიაო. ერთ რამეს გეტყვით. ჯობს უცხოელებისგან კარგი რაღაცეები ავიღოთ მაგალითად და არა გარყვნილება და უბედურება. საქართველო არის დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე. გაეროს მონაცემებით 2050 წლისათვის საქართველოს მოსახლეობის რიცხვი დაახლოებით მილიონი ადამიანით შემცირდება.
- და ამაში ჰომოსექსუალები არიან დამნაშავე?
- რა თქმა უნდა, ესაა ერთ-ერთი ფაქტორი.
-თქვენ თავს უფლებადამცველად მოიხსენიებთ, არ გიფიქრიათ, რომ როდესაც თავის აზრის გამოხატვაში ხელს უშლით ამ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს ისეთივე მოქალაქეები არიან, როგორც თქვენ, ამით მათ უფლებებს არღვევთ?
- მე ჩემი პირადი ცხოვრება მაქვს და სხვის ცხოვრებაში არ ვერევი. ამ ადამიანებს ლოგინში არავინ უვარდება, მაგრამ როცა გამოდიან და ამბობენ, რომ ეს ნორმალურია, ესაა ამაზრზენი. ნებისმიერი გადახრაა არანორმალურია და ისინი თავის მდგომარეობას სწორედ გადახრას ეძახიან. კი, კანონი გამოხატვის უფლებას აძლევს, მაგრამ სანამ კანონი შეიქმნებოდა, არსებობდა ჩვენი სახელმწიფოებრიობა, შეხედულებები და ზნეობრიობა.
- დარწმუნებული ვარ, თანამოაზრეების ნაკლებობას არ განიცდით, მაგრამ მაინც ცოტა შეუსაბამოდ არ გეჩვენებათ უფლებათადამცველისგან ადამიანის კანონიერი და კონსტიტუციით ნებადართული ქმედების გაპროტესტება? როგორც წესი, საქართველოში თქვენი კოლეგები ამ საკითხს დიპლომატიურად უვლიან გვერდს...
- კანონიერი გამოხატვა არაა,ესაა სექსუალური გარყვნილების პროპაგანდა. კანონით მათ აქვთ უფლება გააპროტესტონ, როდესაც მათ უფლებებს არღვევენ და არა აქვთ იმის უფლება, გამოვიდნენ და გარყვნილების პიარი აკეთონ. გეკითხებით, ვინმე მივიდა და სახლში შეუვარდა მათ? ასეთი ფაქტი რომ მოხდება, მერე შეიძლება ამ თემაზე საუბარი, მაგრამ მათ ოჯახში არავინ არ უვარდება, არავინ არ ურტყამს ქუჩაში. "მამათმავალი" რომაა და ვიღაცამ რაღაც უთხრა ამაში საქართველო დამნაშავე არაა.
- თქვენთვის როგორც უფლებადამცველისათვის, განა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია არ უნდა იყოს ამოსავალი დოკუმენტი?
- რა თქმა უნდა. ჩემთვის ადამიანი არის პრიორიტეტი და ყველა ადამიანის უფლებას დავიცავ.
- ჰომოსექსუალმა რომ გთხოვოთ მისი უფლებების დაცვა, დაიცავთ?
- გააჩნია რა შემთხვევაში.
- შეურაცხყვეს მხოლოდ იმის გამო რომ თქვა: ჰომოსექსუალია და ამის არ რცხვენია.
- ასეთ შემთვევაში არ დავიცავ, რადგან პირველ რიგში მე ვარ ქართველი და მხოლოდ ამის შემდეგ ვარ უფლებადამცველი.