დაკარგული ოპოზიციის ძიებაში

დაკარგული ოპოზიციის ძიებაში

რა შეიცვალა საქართველოში პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ?

ამ კითხვაზე ვრცელი პასუხის გაცემას არ ვაპირებ, თუნდაც იმიტომ, რომ ჩამონათვალში ბევრი რამ შეიძლება ჩემთვისვე სადავო იყოს. თუმცა, ალბათ, არის ერთი ცვლილება, რომელსაც თითქმის ყველა აღიარებს: ბიუჯეტი გახდა სოციალურად უფრო მეტად ორიენტირებული და ადამიანების კეთილდღეობაში სახელმწიფოს ოფიციალური წვლილი და როლი გაიზარდა. მართალია, მიხეილ სააკაშვილიც არიგებდა ვაუჩერებს და ერთჯერად დახმარებებს (უფრო - არჩევნების წინ); მართალია, ნაციონალური მოძრაობაც ზრდიდა სახელმწიფოს მიერ დაზღვეულთა რაოდენობას (უფრო - ბოლო წელს); მართალია, ძველ მთავრობას ხალხოსნური პროექტებიც ჰქონდა (მათ შორის ყველაზე მეტად მომწონს „ილიას ტბა“), - მაგრამ „მემარცხენე“ სულისკვეთების ნაბიჯები იდგმებოდა არასისტემურად, ჟამიდან ჟამამდე და თანაარსებობდა მემარჯვენე, ზოგჯერ კი - ულტრამემარჯვენე შინაარსის გადაწყვეტილებებთან (მაგალითისთვის შრომის კოდექსის დასახელებაც კმარა).

დღეს მმართველი კოალიციის კურსი თანმიმდევრულად ორიენტირებულია ყველაზე ღარიბი ფენების დახმარებაზე და ამ დახმარებაში სახელმწიფოს უშუალო მონაწილეობის ზრდაზე. პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, სახელმწიფოს სოციალური ორიენტაცია, არ მგონია, ეჭვს და კამათს იწვევდეს.

ახლა, ამ გადასახედიდან, შეგვიძლია პოლიტიკური პროცესის პერსპექტივაზეც ვისაუბროთ და დავსვათ შეკითხვა: რა უნდა გახდეს არსებულ მმართველ ძალასთან ოპონირების სწორი პლატფორმა? პასუხის რამდენიმე ვერსია არსებობს.

რუსეთის მიმართ დამოკიდებულება ალბათ წყალგამყოფად აღარ გამოდგება. სულ მცირე, დეკლარირების დონეზე თითქმის ყველა პოლიტიკური ლიდერი თანხმდება, რომ საქართველოს სჭირდება მშვიდობიანი, დაბალანსებული ურთიერთობები მეზობლებთან, მათ შორის, რუსეთთან; აგრეთვე - განსაკუთრებული ურთიერთობები ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. შეუძლებელია, რომ რომელიმე ანგარიშგასაწევი პარტიის საგარეო ორიენტირი ამ დიდ ორბიტას მთლიანად ასცდეს.

ოპონირებისთვის არც პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ დამოკიდებულება გამოდგება - მას, მკაცრი და ზედმიწევნით მოწესრიგებული ცხოვრების წესიდან გამომდინარე, მხოლოდ საქმის გამო შეიძლება ედავო.

ჩემი ხედვით, სამომავლო პოლიტიკის წყალგამყოფი გაივლის არა აშშ-ს ან რუსეთის მიმართ დამოკიდებულების თემაზე, არა პირადად ივანიშვილის მისაღებობა-მიუღებლობაზე, არამედ მემარცხენე და მემარჯვენე მსოფლხედვაზე; სახელმწიფოს როლსა და ადგილზე კონკრეტული მოქალაქის ცხოვრებაში; საბიუჯეტო თანხების ხარჯვის ალგორითმზე.

შესაბამისად, არსებულ სპექტრში რომელ პარტიას აქვს შანსი, რომ დღევანდელ მმართველ ძალას გულწრფელი და ქმედითი ოპონირება გაუწიოს? რეალობის გათვალისწინებით, ეს არის ნაციონალური მოძრაობის მემარჯვენე ფრთა, რადგან არც ერთი სხვა პოლიტიკური ძალა („ახალი მემარჯვენეების“ ჩათვლით) არ არის მზად, დღევანდელი მთავრობა არსებითად აკრიტიკოს.

გასათვალისწინებელია, რომ ნაციონალების მემარჯვენე ფრთის მიმართ სიმპათია და ნდობა მოსახლეობის დიდ ნაწილში უკიდურესად დაბალია. ამ ჯგუფს ზოგჯერ „ზიზღის პარტიასაც“ უწოდებენ. ბიძინა ივანიშვილი ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკურ ოპონენტად საერთოდ არ განიხილავს და სხვა ძალებში ეძებს ოპოზიციის რესურსს. თუმცა, ყველა დაბრკოლების მიუხედავად, შეძლებს თუ ვერა ბუნებრივი ფავორიტი - ნაციონალური მოძრაობის მემარჯვენე ფრთა - ოპოზიციური ნიშის დაპატრონებას, ეს რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. მაგალითად, შიდაპარტიულ ურთიერთობებზე, „სამართლიანობის აღდგენის“ პროცესზე და სხვა პოლიტიკურ ძალებზეც, რომლებიც, ადრე თუ გვიან, „ქართულ ოცნებას“ დაუპირისპირდებიან.

ჩემი აზრით, ბიძინა ივანიშვილის მთავრობის გულწრფელ ოპონენტობას ვერც ნინო ბურჯანაძე გასწევს, ვერც კახა კუკავა, ვერც დავით თარხან-მოურავი, ვერც „ლაბორატორია 1918“ და ვერც ვინმე სხვა, ვინც მკაფიოდ არ დაუპირისპირდება მთავრობის მემარცხენე კურსს. ზემოთ ჩამოთვლილ ყველა ლიდერს კი მემარცხენე ან ცენტრისტული პოლიტიკური გემოვნება აერთიანებს.

კიდევ ვიტყვი: რამდენადაც საქართველოს სახელმწიფოს საგარეო ორიენტირი ლამის მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიდღაბნა პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, იმდენადვე გამოიკვეთა მემარცხენე ხედვაზე დაფუძნებული საშინაო ორიენტირები სხვადასხვა სფეროში - ჯანდაცვაში, განათლებაში, სოფლის მეურნეობაში, დასაქმებაში... ამიტომ ვფიქრობ, რომ სამომავლოდ პოლიტიკური დაპირისპირება წარიმართება არა პოლიტიკური ორიენტაციის, არამედ, სოციალური ორიენტაციის ნიშნით.

არადა, დაპირისპირების საფუძველი აუცილებლად გაჩნდება. მემარცხენე პოლიტიკის სხვა „გვერდით მოვლენებზე“ რომ არაფერი ვთქვათ, სახელმწიფოს როლის ზრდა ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში, დიდი ალბათობით, გამოიწვევს ერთი ძველი, მძიმე მემკვიდრეობის აღორძინებას. ვგულისხმობ კორუფციას - მამაპაპურ, საბჭოთა-სოციალისტურ კორუფციას - რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში უმალ ჩნდება იქ, სადაც ბიუჯეტის ფულია განსაკარგი.

იმის გამო, რომ პირადად ბიძინა ივანიშვილი არ შეიძლება იყოს დაინტერესებული კორუფციის ზრდით (ამას საღი აზრის საფუძველზე ვამბობ), მას მუდმივად მოუხდება კორუფციასთან ხმალამოღებული ბრძოლა, მისი გამოვლენა და თანამდებობის პირების დასჯა. პროცესი უკვე დაწყებულია და, დარწმუნებული ვარ, მასთან ჭიდილში პრემიერს დიდი ჯაფა დაადგება.

რეალური ოპოზიციის ნიშა სწორედ იქ გაჩნდება, სადაც მემარცხენე მთავრობის საქმიანი კრიტიკა და ალტერნატივები დაიბადება. იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილი მსოფლხედვით მემარცხენეა, მემარჯვენე ოპოზიცია მისთვის ძალიანაც კომფორტული შეიძლება აღმოჩნდეს. პოლიტიკური პროცესიც გაჯანსაღდება, როცა დაპირისპირება, ბოლოს და ბოლოს, მსოფლმხედველობრივ კალაპოტში მოექცევა.

მართალია, ოპოზიციის ნიშა ჯერჯერობით თავისუფალია და მისი მხოლოდ კონტურები ჩანს, ხელისუფლების სამომავლო ნაბიჯები თავისთავად გამოკვეთს ოპოზიციის შინაარსს.

კონკრეტულად როგორი სახე ექნება ამ შინაარსს - რა სახელის და გვარის მატარებელი იქნება ლიდერი, ან რა დასახელების იქნება პარტია - დღეისათვის აბსოლუტურად გაურკვეველია.