"დიდი განხეთქილება "ნაციონალურ მოძრაობაში"!".

თეა თუთბერიძე - "ვანო მერაბიშვილმა ითამაშა რუსული სპეცსამსახურის მიერ დაგეგმილი თამაში"

"ახალაია დამოუკიდებლად აკეთებდა საქმეს. ერთადერთი მინისტრი, რომელიც დამოუკიდებლად უძღვებოდა სისტემას, ეს იყო ბაჩო ახალაია, რომელიც პირდაპირ დამოკიდებული იყო პრეზიდენტზე. რეალურად, რომელ სისტემასაც ვერ აკონტროლებდა ვანო მერაბიშვილი, ეს იყო თავდაცვის სამინისტრო, მაგრამ მას ჰქონდა ძალიან დიდი სურვილი, გაეკონტროლებინა ახალაია და თავდაცვის სამინისტრო. მეტიც, ჰქონდა მცდელობები, რომ ჰყოლოდა საკუთარი აგენტურა, მას კიდეც ჰყავდა ოფიციალური წარმომადგენლები, როგორც ყველა სისტემაში, ე.წ. ოდეერების სახით. შსს-ს თავისი ოდეერი ჰყავდა ყველა სისტემაში", - აცხადებს "თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის" აღმასრულებელი დირექტორი თეა თუთბერიძე გაზეთ"ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "დიდი განხეთქილება "ნაციონალურ მოძრაობაში"!".

"ციხის სკანდალური კადრების გავრცელების შემდეგ ძალიან ბევრი კითხვა გამიჩნდა, ძალიან კარგად მივხვდი, ბიძინა ივანიშვილს მილიონი კი არა, მილიარდიც რომ გადაეხადა ამ კადრებში, ის მსგავსი რამის გადაღებასაც კი ვერ შეძლებდა, არათუ ციხიდან მის გამოტანას, თუკი მას არ ეყოლებოდა ძალიან დიდი ხელშემწყობი. ის, რომ ვანო მერაბიშვილმა არაფერი იცოდა, არის არაადეკვატური და არალოგიკური. მეტიც, არ გამოვრიცხავ, რომ ეს ყველაფერი თავად ვანო მერაბიშვილმა გააკეთა. ციხის სკანდალური კადრებით ვანო მერაბიშვილმა დაარტყა მიხეილ სააკაშვილს და დაარტყა იმ ადამიანებს, ვინც მიხეილ სააკაშვილის უშუალოდ დასაყრდენი ფიგურები იყვნენ. ბაჩო და დათა ახალაიები იყვნენ რეალურად მიხეილ სააკაშვილის ერთგულები და დასაყრდენი ძალა. ეს რომ ასე იყო, გამოჩნდა არჩევნების წინა თვეებშიც, მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილი ჩამოაცილა შსს-ს, მის ხელში იყო ყველა კონტროლის მექანიზმი და გადაიყვანა პრემიერ-მინისტრად. სინამდვილეში, მიხეილ სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილი ჩამოაშორა იმ სისტემების ცონტროლს, სადაც მას ფესვები ჰქონდა გადგმული", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თეა თუთბერიძე.

"როგორც ვიცი, სააკაშვილს ქვეყნის გარედან მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილი თამაშობდა ძალიან ცუდ თამაშს. ვანო მერაბიშვილი რეალურად გარიგებულია "ქართულ ოცნებასთან". ამას ადასტურებს ძალიან ბევრი რამ, დავუბრუნდეთ ციხის სკანდალურ კადრებს. თუ ვანო მერაბიშვილს ეს პირადად არ გაუკეთებია, ამის შესახებ მინიმუმ, ინფორმაცია ხომ უნდა ჰქონოდა, რომ მსგავსი კინოსტუდიები იყო ციხეებში მოწყობილი და მიმდინარეობდა პატიმრების წამების საშინელების გადაღება. და თუ ინფორმაცია ჰქონდა, რა გააკეთა იმისთვის, რომ ეს არ მომხდარიყო? და თუ არ ჰქონდა ინფორმაცია, მაშინ ვანო როგორი ხერხემალი იყო? როგორც კი პრეზიდენტისთვის ცნობილი გახდა, რომ ვანო მერაბიშვილი ცუდ თამაშს თამაშობს, ძალოვან უწყებას ჩამოაშორა მერაბიშვილი და ახალაიები გააძლიერა", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ჩემი ინფორმაციით, ციხის სკანდალური ამბების გამოგდება იგეგმებოდა არჩევნების წინა დღეს, თუმცა ბაჩო ახალაიამ მიიღო ინფორმაცია, რომ არსებობდა ციხეში მსგავსი ჩანაწერები. მიუხედავად იმისა, რომ დაგვიანებული იყო ინფორმაციის მიღება, გახსოვთ ალბათ, რომ ბრიფინგი მოაწყო შსს-ში და მან გააკეთა განცხადება, რომ დაწყებულია გამოძიება იმ ფირებთან დაკავშირებით, რომელიც, მათი ინფორმაციით, გადაღებულია ციხეში და არის გამოტანილიო. ასევე ძალიან კარგად ვიცი, რომ 19 სექტემბერს სკანდალური კადრების გამოქვეყნების შემდეგ, სტუდენტურ აქციებზე დაყენებული მოთხოვნა ბაჩო ახალაიას გადადგომის შესახებ, გარედან იყო სტუდენტებისთვის მიწოდებული. ვანო მერაბიშვილი იყო დაინტერესებული სტუდენტებს მოეთხოვათ ბაჩო ახალაიას გადადგომა. თუ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები კარგად გაანალიზებენ რაც მოხდა, კარგად დაინახავენ, ვინ დაგვამხო სახელმწიფო თავზე, ეს არის ვანო მერაბიშვილი", - ამბობს თეა თუთბერიძე.

"მინდა ჩემი ერთი შეცდომა ვაღიარო - ძალიან ხშირად საჯარო დებატებში გამოვდიოდი და ვკამათობდით რუსეთის სპეცსამსახურების როლზე საქართველოში და მე ვფიქრობდი ისეთ ადამიანებზე, ვინც შესაძლო ინტერესებს ახორციელებდა ჩვენს ქვეყანაზე, ვისზეც, ალბათ, რუსეთის სპეცსამსახურებს არ უფიქრია. ყველა მოვლენას კი მივყავართ იქამდე, რომ ვანო მერაბიშვილმა ითამაშა რუსული სპეცსამსახურის მიერ დაგეგმილი თამაში", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "თუკი მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერი იცის, რატომ ინარჩუნებს ვანო მერაბიშვილი პარტიის გენერალური მდივნის და ქალაქის ვიცე-მერის სტატუსს?" - პასუხობს:

"პირდაპირ გეტყვით, - ამ წუთში მიხეილ სააკაშვილს პარტიის შიგნით ისეთივე გავლენა აქვს, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ნებისმიერ ერთ-ერთ ლიდერს. გარეთ, რა თქმა უნდა, ეს ასე არ ჩანს, რადგან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებისთვის უპირობო ლიდერი კვლავ მიხეილ სააკაშვილია, მაგრამ პარტიის შიგნით მიხეილ სააკაშვილს ყოველდღიურად აჩვენებენ, რომ ის აღარაფერს წარმოადგენს და ვერაფერს ვეღარ წყვეტს. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ სააკაშვილმა უნდა მიიღოს რადიკალური გადაწყვეტილება "ნაციონალური მოძრაობის" ინტერესებიდან გამომდინარე და პარტიის გენერალურ მდივნობას უნდა ჩამოაშოროს ვანო მერაბიშვილი. ასევე დარწმუნებული ვარ, ვანო მერაბიშვილს მიხეილ სააკაშვილზეც ექნება კომპრომატები, როგორც ამ გადასახედიდან ჩანს, მერაბიშვილი მუშაობდა სააკაშვილის ძირის გამოთხრის მიმართულებით. კომპრომატი ნებისმიერ ადამიანზე შეიძლება მოიძებნოს, სააკაშვილიც ამას ფიქრობს, რომ ვანო მერაბიშვილს მასზე კომპრომატი აქვს".