რა შემოგვითვალა პუტინმა

რა შემოგვითვალა პუტინმა

"ათეული წლის წინ პრეზიდენტმა შევარდნაძემ ნატოს კარზე დააკაკუნა, 5 წლის წინ პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ცნობილი გახდა, რომ ჩვენთვის ნატოს კარი ღიაა, ახლა ჩვენი მთავრობა ვკითხულობთ: შევალთ თუ არა ნატოში?! ადრე თუ გვიან, ამ კითხვაზე პასუხი გაგვეცით!" - ამ სიტყვებით დაასრულა გამოსვლა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის "როუზ-როსის" 83-ე სემინარზე, რომელიც თბილისში 29 აპრილს გაიხსნა და ეს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრებისთვის უმნიშვნელოვანეს მოვლენად უნდა ჩაითვალოს. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ხელისუფლება საგარეო კურსის პრიორიტეტად კვლავაც ევროინტეგრაციას აცხადებს, ამის თაობაზე კითხვები მაინც ისმის.

საინტერესოა, რომ სემინარის მეორე სხდომა მიეძღვნა საქართველო-რუსეთის ურთიერთობებსა და რეინტეგრაციის სფეროში ახალი მთავრობის სტრატეგიის თემას. მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი საქართველო-რუსეთის ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა და მსოფლიო ეკონომიკის ინსტიტუტის მთავარი მკვლევარი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი კუნაძე, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი, საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის კავკასიის პროექტის დირექტორი ლოურენს შიითსი. "შეხვედრაზე ვისაუბრე იმ წინგადადგმულ ნაბიჯებზე, იმ გარკვეულ ხელშესახებ შედეგზე, რომლებიც მიღწეულია დიალოგის დაწყების შემდეგ. კერძოდ, ეს არის გარკვეული წინსვლა ქართული პროდუქციის დაბრუნების თვალსაზრისით რუსულ ბაზარზე. ასევე მოგვარდა გარკვეული სატრანსპორტო წინაღობები, მხედველობაში მაქვს ყაზბეგი-ლარსის გამშვები პუნქტი, რომელიც 1-ლი ივნისიდან დაიწყებს 24-საათიან მუშაობას. ეს საჭიროა იმისათვის, რათა ჩვენი ექსპორტი გავიდეს უმოკლესი გზით", - განაცხადა აბაშიძემ. ბიძინა ივანიშვილი არც მალავს, რომ მისი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა სწორედ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაა. მან თავის ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ არა მხოლოდ რიტორიკა იცვლება რუსეთის მისამართით, არამედ იდგმება კონკრეტული ნაბიჯები, რაც, სავარაუდოდ, რუსეთს შემხვედრი ნაბიჯების გადადგმას აიძულებს.

საინტერესო გამოდგა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გიორგი კუნაძის განცხადებები.
"საქართველოსთან ურთიერთობების გაუმჯობესება რუსეთის დიპლომატიისთვის დიდი პრიორიტეტი არ არის", - ბრძანა ბატონმა კუნაძემ, რომელმაც სემინარზე ერთგვარი პრეზენტაცია გამართა თემაზე: "საქართველო-რუსეთის ურთიერთობები: რუსეთის პერსპექტივა". იგი მიიჩნევს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ გაუარესდა, რაც რუსეთმა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. "ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან ამ აღიარების უკან წაღების მზადყოფნა არ ჩანს. რუსეთის შიდა პოლიტიკა არამდგრადია და ეს არ იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს მეტი უპირატესობა ჰქონდეს მინიჭებული", - განაცხადა გიორგი კუნაძემ. რაც შეეხება საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, მისი თქმით, ეს პროცესი საქართველოს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დაბრუნებაში ვერ დაეხმარება. "რუსეთი ირაციონალურად უდგება საქართველოს ნატოში გაწევრებას. ეს შორი პერსპექტივაა, თუმცა როდესაც საქართველო ნატოს წევრი გახდება, რუსეთი ამას ხელს ვერ შეუშლის", - განაცხადა კუნაძემ.

კუნაძე არ არის ისეთი ფიგურა, რომ სიტყვები ჰაერში ისროლოს. ის, სხვათა შორის, ადამიანთა იმ კატეგორიაში შედის, რომლებიც კრემლთან არიან დაახლოებული. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ მისი საშუალებით ვლადიმირ პუტინმა შემოგვითვალა - მაინცდამაინც ოპტიმისტები ნუ იქნებითო. თუმცა კრემლში, სავარაუდოდ, უნდა ხვდებოდნენ არსებული პრობლემების ორ მნიშვნელოვან ასპექტს - იმას, რომ მიუხედავად მათი დიდი ძალისხმევისა, საქართველომ დღემდე მოახერხა და წარმატებულად წარმართა არაღიარების პოლიტიკა, რუსეთმა ვერ შეძლო, ცივილიზებული მსოფლიო აეყოლიებინა თავის თამაშში და მის მიერ აღიარებულ ჩვენს ტერიტორიებს მსოფლიო ოკუპაციად აფასებს. მიუხედავად დიდი ზეწოლისა, ასევე ვერ მოხერხდა ის, რომ საქართველოს უარი ეთქვა ევროინტეგრაციაზე. არ არის გამორიცხული, ამ ვითარების გათვალისწინებით რუსეთი შეეცადოს, შეცვალოს თავისი მოქმედების სტრატეგია და ტაქტიკა და ეცადოს საქართველო კიდევ ერთხელ გააცუროს. ვგულისხმობ კონფედერაციის შექმნის იდეას, რომელსაც სხვადასხვა ეტაპზე საქართველოს უკვე სთავაზობდნენ. ამ სავარაუდო ვარიანტით რუსეთი შეეცდება, ლეგიტიმური გახადოს საქართველოს ტერიტორიებზე თავისი ძალების ყოფნა, და ეს ყველაფერი ისე წარმოაჩინოს, თითქოს პრობლემები მოგვარდა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგენილია. ძნელად წარმოსადგენია, პრობლემა მოგვარებულად ჩაითვალოს, თუ საქართველო, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი, როგორც თანასწორუფლებიანი სუბიექტები, ისე გაერთიანდებიან კონფედერაციაში. თუმცა ეს მხოლოდ ვარაუდია და უახლოეს მომავალში ამის განხორციელების პერსპექტივა, ფაქტობრივად, არც ჩანს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთსაც მოუწევს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა საქართველოს ახალი ხელისუფლების კეთილგანწყობის საპასუხოდ, არ არის გამორიცხული, მათ მოიფიქრონ ისეთი რამ, რაც მომავალში უფრო მეტად დაგვაზიანებს, ვიდრე რამეს გვარგებს. თუ ისტორიას გადავხედავთ, რუსეთს ასეთი თამაში საქართველოსთან დიდწილად გამოსდიოდა, ამიტომაც დიდი სიფრთხილე გვმართებს.