"ანჟელა" (გიორგი) მაზმანიანი ივანიშვილთან ჩახუტებაზე ოცნებობს

პირველად ბაჩო ახალაიასა და ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერ აქციაზე გამოჩნდა და მას შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ერთგულ აქტივისტად ითვლება. 19 აპრილის აქციაზე კი სცენაზე ასულ მიხეილ სააკაშვილს ეხუტებოდა. არცთუ დიდი ხანია, ახალი მოძრაობა "პატრიოტები" დააფუძნა, თუმცა როგორც თავად ამტკიცებს, დაფინანსება არავისგან მიუღია. რა მიზნით გადაწყვიტა პოლიტიკაში ჩართვა, ვინ და რატომ შეარქვა ანჟელა და რა შეთავაზებებს ელის მმართველი გუნდისგან? - "ვერსია" გიორგი მაზმანიანს ესაუბრა.

- პირველად იუსტიციის სამინისტროსთან, ბაჩო ახალაიას დაკავების გამო გამართულ საპროტესტო აქციაზე გამოვჩნდი, შემდეგ კი ვანო მერაბიშვილის მხარდამჭერ შეკრებასაც შევუერთდი. ერთი სიტყვით, პოლიტიკაში ჩართვა არჩევნების შემდეგ გადავწყვიტე, რადგან მიმაჩნია, რომ ნაციონალურ მოძრაობას, შეცდომების მიუხედავად, ქვეყნისთვის ზიანი არ მოუტანია, რასაც ამჟამინდელ ხელისუფლებაზე ვერ ვიტყვი.

- საინტერესოა, არჩევნების მეორე დღესვე როგორ აღმოაჩინე, რომ ახალი ხელისუფლება ანტისახელმწიფოებრივ ნაბიჯებს დგამდა?
- მართალია, ხელისუფლებას ევროპული კურსი დეკლარირებული აქვს და ამ მიმართულებით რაღაც კანონპროექტიც მიიღო, მაგრამ ერთია სიტყვა, მეორე - ქმედებები. ჩემთვის მიუღებელი აღმოჩნდა პრეზიდენტის არალეგიტიმურად გამოცხადება, რის გამოც სააკაშვილის დამცავი პეტიციაც ჩამოვაყალიბე. გახსოვთ, ალბათ, კანონიერად არჩეულ პრეზიდენტს თემურ შაშიაშვილმა გადადგომისკენ მოუწოდა.

- თემურ შაშიაშვილის გარდა, პრეზიდენტის გადადგომას მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.
- დიახ, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. კონსტიტუციურად, სააკაშვილის დამხობა მიუღებელია, რადგან ახალი პრეზიდენტი ოქტომბერში უნდა ავირჩიოთ. ავლაბრის სასახლეში კახა კუკავაც რომ მჯდარიყო, მასაც დავიცავდი.

- დღეს ნაციონალურ მოძრაობასაც თავგამოდებით იცავ, რომელსაც პატიმრების წამება და ცოცხების კადრები უკავშირდება. ეს შენთვის ნორმალურია?
- არა, ეს ფაქტები ჩემთვისაც არანორმალურია. პატიმრების კადრების გავრცელებისთანავე, ქუჩაში პირველი გავედი და გავაპროტესტე. ეს მარაზმი იყო. სხვათა შორის, მაშინ ახალაია მონსტრი მეგონა, არც ახლა უარვყოფ, რომ მის მიმართ კითხვები მაქვს, მაგრამ ხუთი თვის განმავლობაში, 30-მა გამომძიებელმა ეს ვერ დაამტკიცა. იმასაც ღიად ვამბობ, რომ ადეიშვილის პროკურატურა არ მომწონდა, არც სოდ-ი და კუდ-ი იყო ჩემთვის მისაღები, მაგრამ უკეთესი ალტერნატივა "ქართულმა ოცნებამ", ჯერჯერობით, ვერ შემომთავაზა.

- რა ალტერნატივა უნდა შემოგთავაზოს ხელისუფლებამ?
- მაღალი ხარისხის დემოკრატია უნდა შემომთავაზოს, რაც პრეზიდენტის გასამართლებასა და აგისტოს ომის გამოძიებას არ გულისხმობს.

- სწორედ ამას გეკითხები, რას ნიშნავს შენთვის მაღალი ხარისხის დემოკრატია, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ აღიარებ, ციხის კადრები მარაზმი იყოო და არც ადეიშვილი მოგწონდა. 7 ნოემბრის დარბევას, ტელეკომპანია "იმედში" შეჭრასა და 26 მაისის მოვლენებსაც შეგახსენებ...
- აბსოლუტური დემოკრატია არ არსებობს. 7 ნოემბრისა და 26 მაისის დარბევას კი არ ვგმობ.

- აბა, სპეცრაზმის მიერ მომიტინგეების ქუჩაში ჩახოცვას, დაკავებასა და შემდეგ წამებას მიესალმები?
- არ ვამბობ, რომ მივესალმები, მაგრამ როცა საკითხი სახელმწიფოებრიობის ჩამოშლას ეხება, მიმაჩნია, რომ ხელისუფლება ასეც უნდა მოიქცეს. "იმედში" შეჭრის ფაქტს კი, რა თქმა უნდა, უარყოფითად ვაფასებ. 26 მაისს, როგორც ვიცი, მომიტინგეებს დაშლისკენ არაერთხელ მოუწოდეს, თუმცა ისინი ბრძანებას არ დაემორჩილნენ.

- მომიტინგეების მიმართ არაადეკვატური ძალა ამჟამინდელმა ხელისუფლებამ რომ გამოიყენოს, იგივე აზრზე იქნები?
- ვაღიარებ, რომ 26 მაისს არაადეკვატური ძალა გამოიყენეს, მაგრამ ის მიტინგი ნამდვილად უნდა დაშლილიყო. გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, კარგად ჩანდა, რომ აქციის ლიდერები ერთმანეთთან გრუ-ს ჯარის შემოყვანას ათანხმებდნენ. მსგავს შემთხვევებში, რა თქმა უნდა, ხელისუფლებამ სახელმწიფო წესრიგი უნდა აღადგინოს. ნაციონალური მოძრაობის 9-წლიან მმართველობას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ 2003 წლის "ვარდების რევოლუციიდან" გარკვეული პერიოდის შემდეგ, რეალობას ოდნავ მოწყდა. უპრეცედენტო მხარდაჭერისა და ძალაუფლების პირობებში, ნაციონალებმა ხალხი დაივიწყეს, რომელმაც მათ განაჩენი გამოუტანა კიდეც და ოპოზიციაშიც გაისტუმრა. გარკვეულ სფეროებზე თავად პრეზიდენტმაც დაკარგა გავლენა და ვითარების გაკონტროლებას ვეღარ ახერხებდა. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტს თუნდაც სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია რომ ჰქონოდა, რეაგირებასაც მოახდენდა. უბრალოდ, ის საკუთარ მინისტრებს ზედმეტად ენდობოდა.

- გიორგი, რატომ ცდილობ, პრეზიდენტი საკუთარი გარემოცვის მსხვერპლად გამოიყვანო - როგორც მივხვდი, ნაციონალური მოძრაობის დანარჩენ წევრებს არ სწყალობ და მხოლოდ პრეზიდენტი გიყვარს, არა?
- როგორიც უნდა იყოს, პრეზიდენტი ჩემთვის ცალკე თემაა. დიახ, მიმაჩნია, რომ ერთი ადამიანი ვითარებას ვერასოდეს გააკონტროლებს. ბიძინა ივანიშვილი, მთელი თავისი ამალით, ქვეყნის მართვას ვერ ახერხებს.

- 19 აპრილის აქციაზეც სააკაშვილის გამო მიხვედი და პრეზიდენტს შენი დამოკიდებულების გამოსახატად ჩაეხუტე?
- მიხეილ სააკაშვილს იმიტომ ჩავეხუტე, რომ ის ჩემი ქვეყნის პრეზიდენტია!

- უცნაური ლოგიკა გაქვს - ბიძინა ივანიშვილი შენი ქვეყნის პრემიერი არ არის?
- საშუალება რომ მქონდეს, ბიძინა ივანიშვილსაც ჩავეხუტები, რადგან მიმაჩნია, რომ იგი ჩემი ქვეყნის სახეა. რაც შეეხება 19 აპრილს, ამ დღეს რუსთაველის გამზირზე მეგობარი ქვეყნებისა და, რა თქმა უნდა, რუსეთის დასანახად კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ ქართველებს ევროპული კურსით სვლა გვინდა. სხვათა შორის, კარგია, რომ არჩევნებში ნაციონალები დამარცხნდენ, ახლა საზოგადოებას სააკაშვილის "დიქტატურისა" და ივანიშვილის დემოკრატიის შედარების საშუალება მიეცემა. სახალხო დამცველის დასკვნაში ნათლადაა ასახული პენიტენციალურ სისტემაში არსებული საკმაოდ მძიმე პირობების შესახებ. მაინტერესებს, დღეს რატომ ვერ აკონტროლებს სოზარ სუბარი ვითარებას და რატომ გარდაიცვალა ციხეში პატიმარი ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის მიღებით?

ჩემი ამჟამინდელი პოზიცია იმას არ ნიშნავს, რომ სააკაშვილზე ჯვარი მაქვს დაწერილი, პირიქით, თუ ბიძინა ივანიშვილი ალტერნატივას შემომთავაზებს, გიჟი კი არ ვარ, პირველი მე ვიტყვი, რომ ხელისუფლება კარგ საქმეს აკეთებს.

- შენი საუბრიდან მექმნება შთაბეჭდილება, ნაციონალურ მოძრაობასთან მხოლოდ იმიტომ ხარ, რომ ხელისუფლებასთან დგომას ვერ ახერხებ. მოძრაობა "პატრიოტების" დასაფუძნებლად დაფინანსება ნაციონალებისგან მიიღე?
- ევროპასთან მიმართებაში, ჩემი და მიხეილ სააკაშვილის იდეოლოგია ერთმანეთს ემთხვევა და სწორედ ესაა ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ამ პოზიციაზე ვარ. რაც შეეხება მოძრაობა "პატრიოტებს", მართალია, ნაციონალურ მოძრაობასთან ვასოცირდები, მაგრამ მათგან დაფინანსება არ მიმიღია, ოფისიც კი არ მაქვს.

- პროცესებში უფრო ადრე რომ გამოჩენილიყავი, ალბათ, სდსს-ს ბიუჯეტიდან დაფინანსებასაც მიიღებდი.
- თუ გამოქვეყნებული მასალები სიმართლეს შეესაბამება და პრეზიდენტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხებს შვილის სწავლაზე ხარჯავდა, ვფიქრობ, შესაბამისად უნდა დაისაჯოს, მაგრამ ჯერ ამ მასალებს დამტკიცება სჭირდება. თუ ეს ფაქტები რეალურია, რატომ უნდა ესწავლა მხოლოდ პრეზიდენტის შვილს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე? მაშინ, მეც მინდოდა სწავლა და მეც დავეფინანსებინე.

ფანატიზმი არ მჭირს, კერპებიც არასოდეს შემიქმნია და თუ ვანო მერაბიშვილის შესახებ დათა ახალაიას მიერ მოწოდებული ინფორმაცია დადასტურდება, მას აუცილებლად გავემიჯნები.

- გიორგი, ალბათ იცი, რომ გოგა ხაინდრავასა და სანდრო ბრეგაძის წყალობით, სოციალურ ქსელებში ანჟელას გეძახიან. ამბობენ, იმასაც, რომ გეი-აღლუმის ჩატარებას გეგმავდი...
- ანჟელას თავს "ფეისბუქზე" მეც ვუწოდებ, რადგან ამ თამაშს ბოლომდე ავყევი. ერთ-ერთ გაზეთში ვიღაც პატიმარმა დარეკა და თქვა, ეგ ქათამია, ანჟელა ჰქვიაო. ეს სახელიც ასე წამოვიდა.

- პატიმარს შენზე ინფორმაცია საიდან ჰქონდა?
- მეც მაინტერესებს, რა იცის ამ პატიმარმა? ციხეში არასოდეს ვყოფილვარ. უბრალოდ, ანტირეკლამა ყველაზე საინტერესო პიარია და მადლობა ამ ადამიანებს, რომ აქტუალობას არ მიკარგავენ. მეტიც, ჩემზე რაც უნდა თქვან, სასამართლოში ჩივილს არ ვაპირებ.

რაც შეეხება გეი-აღლუმს, დამიმტკიცონ, როდის ვგეგმავდი მის ჩატარებას. ამასთან ნებისმიერ ადამიანს დებატებში დავუჯდები და დამიმტკიცონ, თუ ვარ "ქათამი". თავდაცვის რეჟიმში არ გადავალ, რადგან თავს მხოლოდ დამნაშავეები იცავენ. მალე, ალბათ, იმასაც დაწერენ, კოსმოსში გაგარინთან ერთად "ანჟელა" გაფრინდაო. იმედი მაქვს, ეს ქაოსი მალე დასრულდება და მეც პროცესებში აღარ ჩავერთვები. რა ძალა მადგია, პოლიტიკაში ვიყო, "გუგლის" პარტნიორი ვარ და საკმაოდ ნორმალურ ანაზღაურებასაც ვიღებ.

- ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილი "გუგლის" წილს ფლობს. გამოდის, რომ მასთან თანამშრომლობ.
- დიახ, ბიძინა ივანიშვილთან ვთანამშრომლობ და მომავალშიც ვითანამშრომლებ თუ მისგან ამის მზაობა იქნება. ეს ძალიან მინდა! უბრალოდ, მმართველ გუნდთან კონტაქტს ვერ ვამყარებ.