"25 აპრილს პაატა დავითაიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ახალი ხელისუფლების დამთმობმა პოლიტიკამ გამოიწვია ის, რომ დღეისთვის ოსი სეპარატისტები, რუსებთან ერთად, აგრესიულ ქმედებაზე გადადიან, 2008 წლის ომის შემდეგ დადგენილ პირობით ადმინისტრაციულ საზღვრებს არღვევენ და ნელ-ნელა წინ მოიწევენ, "იმის ოკუპაციასაც ახდენს, რაც აგვისტოს ომამდე არ იყო ოკუპირებული. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას ამ საქმის მიხედვას და არა დათმობით პოლიტიკას", - განაცხადა დავითაიამ. "ალია" კომენტარისთვის პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარეს გიორგი ვოლსკის დაუკავშირდა", - წერს გაზეთი"ალია" სტატიაში სათაურით "რას პასუხობს გია ვოლსკი პაატა დავითაიას?".
"პაატა დავითაიას განცხადების მოსმენის შემდეგ გაოცებული დავრჩი. იმიტომ, რომ დავითაიამ პირად საუბარში დამიდასტურა, რომ მისი კომისიის დასკვნა და ტალიავინის კომისიის დასკვნა შესწავლილი არ არის და მით უმეტეს, გამოძიებული არ არის, ასევე, მთელი რიგი საკითხები, რასაც ის აყენებდა. ვიღაცას უთქვამს, რომ იქ რაღაც კონსპირაცია იყო და რომ პრეზიდენტი შეიყვანეს შეცდომაში და ეს კი გამოძიებას საჭიროებს. თუ ცხინვალმა გადაწყვიტა, რომ მანაც უნდა გამოიძიოს, ეს მათი თემაა. პაატა დავითაია კამერებთან სხვა რამეს ამბობს და პირად საუბრებში სხვა რამეს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
"რაც შეეხება იმას, რომ რუსები დადგენილი საზღვრებიდან ნელ-ნელა წინ მოიწევენ, ეგ სხვა თემაა. ეგ არის ოკუპაციის თანმხლები უკანონო ქმედებები, რომელიც სათანადო პასუხსაც საჭიროებს და საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ამ წითელი ხაზების დაცვასაც. უბედურება ისაა, რომ ამას წინაპირობა შეუქმნა უჭკუო და გაუთვლელმა სტრატეგიამ, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას ჰქონდა. ეს ორი საკითხი ერთმანეთთან არანაირ კავშირში არ არის", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ვოლსკი.
"ამ საკითხზე ინტენსიური საუბარი მიდის საერთაშორისო დონეზე და ჩვენ შედეგს უნდა მივაღწიოთ. ჩვენ ვაპირებთ ეს საკითხი მოვაგვაროთ და დეოკუპაციის პროცესი განვავითაროთ. ამას ვაპირებთ და გავაკეთებთ კიდეც. სტრასბურგშიც იყო ამაზე საუბარი. განცხადებაში იმაზე იყო ლაპარაკი, რომ ტერიტორიები ოკუპირებულია და რომ დეოკუპაცია არის საჭირო და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერაა საჭირო. რიტორიკას ნაკლები ყურადღება უნდა მიექცეს და მეტი ყურადღება საქმეს დავუთმოთ. ძალიან კარგად იყო დაფიქსირებული, რომ ტერიტორიები არის ოკუპირებული აგრესიის შედეგად. ის, რაც ხდება ამ რეგიონში, ეს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ძალიან კარგადაა ცნობილი. ისე დავითაიაზე ლაპარაკიც არასწორია, მე მგონი, ჩემი მხრიდან, მაგრამ პაატა დავითაიამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ჩვენ ვიძიებთ ამ საქმეს და პაატა ლაპარაკობს", - დასძენს რესპონდენტი.