მართალია, “ნაციონალები” “ვენებს იხსნიან”, 19 აპრილს საბოლოოდ დადასტურდა, რომ ჩვენი გარდაცვალების შესახებ ხმა გაზვიადებულიაო, მაგრამ საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ასე არ ფიქრობს... 19 აპრილის მთავარი მოულოდნელობა, ცხადია, აქციაზე მიხეილ სააკაშვილის მისვლა იყო, რომელმაც არცთუ მრავალრიცხოვანი აქციის გასამხნევებლად “მგზნებარე სიტყვა” წარმოსთქვა. ისე, ამბობდნენ, რომ “ნაციონალები” 19-ში საპრეზიდენტო კანდიდატად “ხერხემალყოფილ” ვანო მერაბიშვილს დაასახელებდნენ, მაგრამ ეს მოლოდინი არ გამართლდა... რას ემსახურებოდა 19 აპრილი? _ ამ თემასა და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე “ქართული სიტყვა” ექსპერტ გია ხუხაშვილს ესაუბრა.
_ ბატონო გია, 20 წელია, საქართველოში “დიდ პატრიოტად” იმას ნათლავენ, ვინც რუსთაველზე ყველაზე ბევრ ხალხს მოუყრის თავს. სხვათა შორის, 19 აპრილის აქციას, მიუხედავად იმისა, რომ ყოფილი პარლამენტის წინ ხუთი ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, “ნაციონალებმა” პატრიოტთა შეკრება დაარქვეს...
_ ფაქტია, რომ ,,ნაციონალების” მიტინგი შედგა, თუმცა სხვა საკითხია, რამდენად შინაარსიანი იყო. რაც შეეხება ,,ნაციონალური მოძრაობის” რებრენდინგს, ასეთი არასერიოზული განაცხადი, ჩემი აზრით, არაშორსმჭვრეტელური და არაადექვატურია, რაც მათთვისვეა საზიანო, რადგან ამ განცხადებით არათუ კონსოლიდაცია მოახდინეს, არამედ, ის ადამიანები, რომლებმაც ,,ნაციონალების” მმართველობა საკუთარ თავზე გამოსცადეს, გააღიზიანეს. საქართველოს პარლამენტის ისტორიული შენობის წინ 19 აპრილის შეკრება აბსოლუტური ფარსი იყო და “ნაციონალებმა” იმ ეროვნული ძალების, პარტიებისა და ლიდერების დისკრედიტაცია მოახდინეს, რომლებიც ეროვნული იდეალების დამკვიდრებისთვის წლების განმავლობაში იბრძოდნენ. სხვათა შორის, მომიტინგეებს შორის თბილისელები ნაკლებად იყვნენ, მეტწილად რეგიონებიდან ჩამოსული თუ ჩამოყვანილი ხალხი იყო და ამით ,,ნაცმოძრაობამ” თავისი მაქსიმალური “სამობილიზაციო რესურსი”, თავისი სამიტინგო სული აჩვენა და ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს ადამიანები სამსახურში იყვნენ მისულები. მათ იდეა არ აერთიანებდათ და რა მნიშვნელობა აქვს, მიტინგზე რამდენი ათასი ადამიანი იყო 5, 7 თუ 10? ეს ერთჯერადი აქტი იყო, რომელსაც პოლიტიკურ პროცესს ვერც თვითონ დაარქმევენ და ვერც _ ჩვენ. უფრო საინტერესო იყო სცენარი, რომელიც თავისი მოულოდნელი გამოჩენით სააკაშვილმა წარმატებით ჩაშალა.
რაც შეეხება მათ მიერ გაცხადებულ გზავნილს ევროპული არჩევანის შესახებ, ესეც პოლიტიკური ფარსია. ევროპა გეოგრაფიული ცნება კი არა, ფასეულობების სისტემაა _ ადამიანის უფლებები, აზრის გამოხატვის თავისუფლება, თავისუფალი ბაზარი. ყველაფერ ამას ,,ნაცმოძრაობა” ცხრა წლის განმავლობაში ებრძოდა, ახლა კი, ცოტა გაუგებარია, რა საფრთხეებზე ლაპარაკობს. ზუსტად ახლა აქვს საქართველოს ევროპისკენ შეტრიალების შანსი, აქამდე ევროპის საპირისპიროდ მივდიოდით. “ნაციონალების” მიტინგი იმის დადასტურებაა, რომ მათ თუნდაც საზოგადოებისგან მიუღებელი აზრების გახმიანების უფლება და საშუალება აქვთ. სიტყვის თავისუფლების გამოხატვის ასეთი მეთოდი სწორედ ევროსტანდარტებში ჯდება. მართალია, 19 აპრილის მიტინგი საზოგადოებისთვის დიდი ფარსი იყო, მაგრამ უნდა ავიტანოთ და მოვითმინოთ, მით უმეტეს, რომ ხალხმა იცის, ამ პარტიის პოლიტიკურ არსებობას დიდი დღე აღარ უწერია, მაგრამ ამ იდეების მატარებელნიც ჩვენი ქვეყნის შვილები არიან და რა ვქნათ?!
_ ბატონო გია, 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებით გაირკვევა თუ არა, რა პოლიტიკას ატარებდა “ნაციონალური” ხელისუფლება _ ეს ევროინტეგრაციისკენ კურსი იყო თუ რუსეთისკენ?
_ ბევრი რამ გაირკვევა და ბევრი მძიმე ფაქტი გამოაშკარავდება. ,,ნაცმოძრაობა” და სააკაშვილი ტყუილად ცდილობენ, რომ გამოძიების შედეგები სახელმწიფო ინტერესთან დააკავშირონ. ჩემი მოსაზრებით, ომის დროს ჩადენილი დანაშაული ყველაზე მძიმეა! კონკრეტული ფაქტების გამოძიება კი, ბევრ საინტერესოს ახდის ფარდას და სააკაშვილს სწორედ ამის ეშინია.
_ რატომღაც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის განცხადება გამახსენდა, აგვისტოს ომის დროს რომ მოგვიწოდა, მტერს ორთითებითა და თოხებით დახვდითო...
_ სხვა არაადექვატური განცხადებებიც გვახსოვს, რომლითაც მოსახლეობაში შიშს თესავდა, მაგრამ ბაქრაძე ომის მთავარი დამნაშავე არაა. ჩემი აზრით, კაცს პანიკური შიში არ შეშვენის, შუფერებელია და დღევანდელი გადმოსახედიდან ბაქრაძის კაცური რიტორიკა, სულ ცოტა, ღიმილისმომგვრელია.
_ ბატონო გია, წელს, რვა თებერვალს საჯარო ბიბლიოთეკასთან “პროვოკაციათა ბუკეტი” მივიღეთ _ ერთი შეხედვით, მშვიდობიანი მიტინგი დაპირისპირებაში გადაიზარდა. არსებობდა მოლოდინი, რომ 19 აპრილს უარესი მოხდებოდა, მაგრამ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა, რაც, ცხადია, შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურებაა... დემოკრატია გასაგებია, მაგრამ რა პასუხს სცემთ საზოგადოების იმ არცთუ პატარა ნაწილს, რომელიც ფიქრობს, რომ ძველ ხელისუფლებას, რომელიც ციხეში უნდა იჯდეს, “ოცნებამ” მიტინგის ჩატარებისა და ჩვეული დემაგოგიით თავის მოწონების უფლება არ უნდა მისცეს?
_ მხოლოდ ხელისუფლების კი არა, ვფიქრობ, ქართული საზოგადოების დამსახურებაცაა, რომ ,,ნაცმოძრაობამ” თავისი აზრის გამოხატვა შეძლო. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ დემოკრატიის, ევროსტანდარტების პრინციპით ვმოქმედებთ, საზოგადოებამაც აღიარა, რომ ემოციებს არ უნდა აჰყვეს და აზრის გამოხატვის საშუალება მიუღებელ ადამიანთა ჯგუფსაც უნდა მისცეს. 19 აპრილის გამოსვლა მთლიანად საქართველოსა და ხელისუფლების ერთობლივი დამოკიდებულება იყო ევროპული ღირებულებების მიმართ.
_ ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი ხშირ-ხშირად იმეორებს, “ოცნებას” ოთხ წელს ვერ დავაცდითო. ესე იგი, “ნაციონალები” რევანშისთვის ემზადებიან?
_ მერაბიშვილის ნებისმიერი განცხადება პარანოიდულად ჟღერს და ამ სულელურ რიტორიკას ვაცლით. მალე ,,ხერხემალყოფილს” ბევრ, მისთვის არასასიამოვნო მძიმე შეკითხვაზე მოუწევს პასუხის გაცემა. მთელი მისი მოძრაობა იქითკენაა მიმართული, რომ თავი როგორმე დაიცვას. ყველამ შენიშნა, თუ როგორ დატოვა მიტინგი ვანომ მაშინ, როცა სიტყვით სააკაშვილი გამოდიოდა. კარგად ჩანს, რომ მას სულელური ამბიცია აქვს, რომ რაღაც მოძრაობის ლიდერი გახდეს, თუმცა სააკაშვილის ფონზე ძალიან უგვანოდ გამოიყურება და ეს ამ მიტინგზეც დამტკიცდა _ იძულებული გახდა ჩრდილში გადაენაცვლებინა.
ისე, 19 აპრილის აქციის ორატორებს ხალხთან კომუნიკაცია საერთოდ არ ჰქონდათ _ მიტინგი ემოციისგან დაცლილი იყო და იქაურობა მხოლოდ სააკაშვილის გამოსვლამ გამოაცოცხლა. სხვათა შორის, სააკაშვილი 9 წლის განმავლობაში ტრიბუნაზე მყოფთა პრეზიდენტი იყო და ასეთად დარჩება. მათ შეუძლიათ ისევ იმღერონ: ,,მიშა მაგარია!”
_ მოარული ინფორმაციით, დაჭერილი ბაჩო ახალაიას დასახმარებლად უხილავი და ხილული ძალები ამოქმედდნენ. სოციალურ ქსელში იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის განცხადებაც გავრცელდა, რომლის თანახმადაც, იგი ყველაფერს ინანიებს და თანაპარტიელთა მხილებას გეგმავს. ,,ნაცმოძრაობაში” რა ხდება?
_,,ნაცმოძრაობის” რღვევის პროცესია დაწყებული _ “ნაციონალები” ხელისუფლებასთან შეზრდილნი იმდენად იყვნენ, რომ მის გარეშე არსებობა უჭირთ. ძმები ახალაიები, რეალურად, შემსრულებლები იყვნენ. შემსრულებლის პასუხისმგებლობა არანაკლებია, უბრალოდ, მისი დანაშაული ადრე იკვეთება, თუ რა თამაშში რა ინსტრუმენტად იყო გამოყენებული. დათა ახალაიას აღსარებაც სწორედ ამას უკავშირდება. “ნაციონალები” წლების განმავლობაში გვერდიგვერდ იდგნენ, მაგრამ ერთმანეთი არ უყვართ. საერთოდ, მაშინ, როცა გემი იძირება, ურთიერთბრალდებები გარდაუვალია, რადგან ყველას უნდა, საკუთარი მომავალი სხვის ხარჯზე შექმნას.
_ მშობლიურ პარტიასთან დაპირისპირებულნი გვპირდებიან, რომ მათი ჩვენებებით ბევრ საქმეს ფარდა აეხდება. პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, ბევრ უწყებაში დოკუმენტაცია გაანადგურეს, რომელიც შესაძლოა, კომპრომატი ყოფილიყო...
_ სამართლიანობა აღდგება და დაუსჯელი არავინ დარჩება, უბრალოდ, ყველაფერი დროის ამბავია, დღეს ყველანი საკუთარი ტყავის გადარჩენაზე ფიქრობენ, ახალაია, ან ვერულაშვილი არც პირველია და არც _ უკანასკნელი, ეს პროცესის დასაწყისია და უახლოეს პერიოდში კიდევ მრავალი საინტერესო სპექტაკლის ნახვა მოგვიწევს!
_ “ნაციონალები” აცხადებენ, რომ მათი პარტიის ბევრმა წევრმა ზეწოლას ვერ გაუძლო...
_ არასერიოზული ადამიანები თანამშრომლობის სურვილს თვითონ გამოთქვამენ. ზეწოლა სრულებითად არ გვჭირდება, გემი იძირება და მათი ადამიანური ემოციაა, რომ ეს გემი დატოვონ.
კი ბატონო, სამართლიანობის აღდგენის პროცესი ნელა მიდის, მაგრამ რეჟიმი აუცილებლად გასამართლდება. გასამართლდებიან იდეოლოგები და კონკრეტული შემსრულებლებიც, რომლებიც, შესაძლოა, მსხვერპლად განვიხილოთ, მაგრამ ყველა შემსრულებელს ვერ დავსჯით და წასვლა გარკვეული სახის ამნისტიაზე მოგვიწევს. სამწუხაროდ, რეჟიმი ისე მუშაობდა, რომ ათეულ ათასობით ადამიანი ჰყავდა ჩართული დანაშაულში.
_ ახალაიების ოჯახი მსხვერპლად უნდა განვიხილოთ?
_ ფართო გაგებით, _ კი, თუმცა დამნაშავეები არიან და უნდა დაისაჯონ. არაერთხელ მითქვამს სააკაშვილზეც, რომ თავის მიერვე შექმნილი რეჟიმის მსხვერპლია _ იგი მძევლად აიყვანეს. მიმაჩნია, რომ დანაშაულის დამკვეთი უფრო სცოდავს, თორემ, დანაშაულის მიუხედავად, შემსრულებელმა შეიძლება, არც იცოდეს, თუ რას ემსახურება შეკვეთა. დათა ახალაიას პროტესტი სწორედ ამას უკავშირდება.
_ გამოდის, რომ მხოლოდ სააკაშვილი უნდა დაისაჯოს?
_ რატომ მხოლოდ სააკაშვილი? _ რეჟიმის იდეოლოგები, შემქმნელები, განმსაზღვრელები. არ დავივიწყოთ ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგი უგულავა და სხვები. შემსრულებლის დასჯა რეჟიმის დასჯას არ ნიშნავს, ახალაიები კი, არ იყვნენ სისტემის თავში. გავიხსენოთ ისტორია: გერმანიაში, ფაშისტები ნიუნბერგის პროცესზე გასამართლდნენ, დაისაჯნენ რეჟიმის იდეოლოგიის შემქმნელები. ჩვენს შემთხვევაშიც ასე უნდა მოხდეს, სხვანაირად პრობლემა არ გადაწყდება.
_ გერმანელებმა პატივმოყვარეობას სძლიეს _ გაითავისეს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაული და დღემდე ბოდიშს იხდიან.
_ როცა ამნისტიაზე ვსაუბრობ, ხაზს ვუსვამ, რომ პოლიტიკურ დანაშაულში ათიათასობით მოქალაქე იყო ჩათრეული და პოლიტიკურ დევნას განიცდიდნენ. ამიტომ, ეს ამნისტია არ უნდა იყოს გენერალური, ანუ უპირობო. მას წინ უნდა უძღოდეს გადაფასება და მონანიება, ბოდიშის მოხდა ხალხის წინაშე.
_ კი ბატონო, მაგრამ ისინი ბოდიშის მოხდას არ აპირებენ და ამის შესახებ 19 აპრილსაც განაცხადეს...
_ როცა ამნისტიაზე ვსაუბრობ, არ ვგულისხმობ ტრიბუნაზე მყოფთ, ისინი საინტერესონი საერთოდ არ არიან, არც პოლიტიკური მომავალი აქვთ. მათი მხრიდან მონანიებასაც არ აქვს აზრი, მათ მოუწევთ სამართლის წინაშე პასუხისგება. ზოგი სამუდამოდ დატოვებს პოლიტიკურ სივრცეს, ზოგიც დარჩება, სამწუხაროდ, ბევრ მათგანს მოუწევს ციხის კარის შეღება. მიტინგზე ჩვენ ვნახეთ ქვეყნის ბედზე ,,მზრუნველი” მაღალჩინოსნები, რომლებიც შემჩნეულნი არიან კორუფციულ გარიგებებში. მათ გამოსვლებს ცინიზმს ვუწოდებ.
_ ისე, ექვსი თვის განმავლობაში ახალმა ხელისუფლებამ მხოლოდ ბაჩო ახალაია დაიჭირა...
_ დრო, დრო, ყველაფერს დრო სჭირდება. დამკვეთების კვალიფიციურად გამოვლენა რთულია, შემსრულებლის გამოვლენა _ უფრო ადვილი. ამის მეორე მიზეზი სასამართლოსთან დაკავშირებული სპეციფიკური ურთიერთობაა. ნორმალურ პირობებში გიგი უგულავა უკვე ციხეში იქნებოდა, როცა იგი კონკრეტული დანაშაულის გამო დაიკითხა. ეს დღევანდელი ქართული სამართლის სპეციფიური მდგომარეობაა.
_ მიგაჩნიათ თუ არა, რომ 19 აპრილის აქცია კოჰაბიტაციის ერთ-ერთი მაგალითია?
_ 19 აპრილს კოჰაბიტაციასთან კავშირი არ ჰქონდა. მართალი გითხრათ, არ მიყვარს ეს ტერმინი და სიტყვა ,,თანაცხოვრება” მირჩევნია, მაგრამ ვფიქრობ, თანაცხოვრებისთვის სივრცეს თვითონ “ნაციონალები” არ ტოვებენ. უნდა გვესმოდეს, რომ სამართლიანობის აღდგენის გარეშე “თანაცხოვრება” შეუძლებელია და ეს, პირველ რიგში, ნაციონალებს უნდა აინტერესებდეთ, რადგან ყველა სხვა შემთხვევაში, საზოგადოება შეეცდება, დამნაშავენი ლინჩის წესით გაასამართლოს.
_ თანაცხოვრების შედეგია, რომ ზურაბ ადეიშვილის მოადგილე და მარჯვენა ხელი, ვინმე ჩხატარაშვილი დღეს თქვენი ნდობით აღჭურვილი პირია?
_ სასაცილო და აბსურდულია ეს ჩხატარაშვილი. ოთხი თვეა, განმარტებებს ვიძლევი, რომ არ არსებობს ჩემთან ასეთი ვინმე. დავპატიჟე კიდეც ჟურნალისტები, შევთავაზე, მოვიდნენ ჩემთან, ოფისში, იქნებ, იპოვონ ეს ჩხატარაშვილი, რომელიც ხან ჩემი მარჯვენა ხელია, ხან _ თანამშრომელი. E
_ დღის წესრიგიდან არ იხსნება ფარული მოსმენების საკითხი. ბატონო გია, თქვენი ინფორმაციით, ისევ გვისმენენ?
_ მაქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილის გარემოცვას აქვს მოსასმენი აპარატურა, მაგრამ იმის თქმა, თუ როგორ და რა დოზით იყენებს, გამიჭირდება... ძველმა ჩინოვნიკებმა კაბინეტები მიატოვეს და ღირიბაშვილს უწყებაში დახვდა უზარმაზარი მასალა _ არქივში დაცული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები, რომელიც საჯაროდ უნდა განადგურდეს.
_ ბატონო გია, ყოფილი პოლიტპატიმრები ერთ ორგანიზაციაში გაერთიანდნენ და სამართლიანობის აღდგენას, რეაბილიტაციას ითხოვენ. არსებობს მოსაზრება, რომ ეს ორგანიზაცია “ოცნების” მიმართ კრიტიკულადაა განწყობილი...
_ პოლიტპატიმრები პატივსაცემი ადამიანები არიან და მათ პოლიტიკურ აქტივობას მივესალმები. ამ ხელისუფლებამ მათ მთავარი _ თავისუფლება და სიმართლის პოვნის გარანტირებული უფლება მისცა. ამაზე ფასეული რაღა უნდა მისცეს? მოკლედ, სივრცე გახსნილი აქვთ. დანარჩენი მათ აქტიურობაზეა დამოკიდებული.