მას შემდეგ, რაც დათა ახალაიას სკანდალური წერილი გამოქვეყნდა, მედიასა და პოლიტიკურ წრეებში ბევრს საუბრობენ იმის შესახებ, თუ როგორ გააგრძელებს დათა ახალაია თავის “ძველ-ახალ” მტერ, ვანო მერაბიშვილთან ბრძოლას _ საქართველოში ჩამოვა და სამართალდამცავებს, ძმასავით, თავისი კომპრომატებით ჩაბარდება თუ ხერხემალყოფილის ჩაძირვას უცხოეთიდან შეეცდება. ისე, საინფორმაციო სააგენტო “პირველს” თუ დავუჯერებთ, “თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დათა ახალაია და მამამისი, “ნაცმოძრაობის” ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი როლანდ ახალაია ახალ პოლიტიკურ ძალას ქმნიან. ახალი ძალის შექმნის შესახებ შიდა კონსულტაციები უკვე მიმდინარეობს, რომელიც არენაზე ოქტომბრისთვის გამოვა და რომელსაც სათავეში ახალაიები ჩაუდგებიან”. აქვე, საინტერესოა მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის განცხადებაც, რომლის თანახმადაც, “დათა ახალაიას პასუხისმგებლობის შემცირების, ან მისგან სრულად გათავისუფლების ერთი წინაპირობაც არ არსებობს”. ისე, იმასაც ამბობენ, 19 აპრილამდე როლანდ ახალაიამ და ვანო მერაბიშვილმა ისე იჩხუბეს, რომ ამ უკანასკნელმა, ანუ “ნაცმოძრაობის” გენმდივანმა პარლამენტარი კაბინეტიდან სულ “კინწისკვრით” გააგდოო... ერთი სიტყვით, “ნაციონალური მონასტერი” აირია. ამასობაში, სახალხო დამცველი წლიურ მოხსენებაში, რომელიც პარლამენტს წარუდგინდა, აქცენტს ე.წ. ლაფანყურის ოპერაციის უცნობ დეტალებზე აკეთებს... “ქართულმა სიტყვამ” “კავკასიის ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილთან საუბარი სწორედ ლაფანყურის სპეცოპერაციით დაიწყო:
_ ლაფანყურის ოპერაციაში დამნაშავე უმაღლესი მთავარსარდალი მიხეილ სააკაშვილია. ასევე, დამნაშავეა ყველა მისი ქვეშევრდომი, ვინც მაშინ ძალოვან სტრუქტურებს ხელმძღვანელობდა.
_ დათა ახალაიამ თავის წერილში ხელი ვანო მერაბიშვილს დაადო და პირდაპირ თქვა ლაფანყურის ოპერაცია დაგეგმაო...
_ ბუნებრივია, რომ ახალაიამ თითი ვანო მერაბიშვილისკენ გაიშვირა. ამ ოპერაციაში ბაჩო ახალაია მოგვიანებით ჩაერთო. თავიდან კი, ჩრდილოკავკასიელ მებრძოლთა მოძრაობის მარშრუტს ვანო მერაბიშვილი აკონტროლებდა. დარწმუნებული ვარ, ამ საქმის იდეოლოგი ბაჩო ახალაია ვერ იქნებოდა... ბუნებრივია, რომ “ნაცმოძრაობის”, როგორც სააკაშვილის, ასევე, მერაბიშვილის ფრთას უნდა, რომ ბაჩო ახალაიას ხელები მხოლოდ ლაფანყურის საქმეზე არ შეაწმინდონ. ბაჩო და დათა ახალაიებმა, რომლებიც სააკაშვილს ძაღლური ერთგულებით ემსახურნენ, ერთი დარტყმა უკვე მიიღეს _ ერთი ძმა ციხეში თავისი ნებით ჩაჯდა. ისინი დიდი ხანი ელოდნენ, თუ როდის შეიცვლებოდა მათ მიმართ დამოკიდებულება, მაგრამ დაინახეს, რომ განტევების ვაცის როლში გამოჰყავთ. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ხელი მერაბიშვილისკენ გაიშვირეს, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მერაბიშვილის მერე, სააკაშვილის დრო დადგეს.
ისე, ახალაიები მერაბიშვილზე უფრო ამბიციური, ემოციური და გამოუცდელები არიან. მათ “ნაცმოძრაობას” და მის ხელმძღვანელობას საკუთარი თავი, როგორც შემსრულებლებმა, პარტიის შექმნის პირველივე დღიდან შესთავაზეს. ასეთი ადამიანები, როგორც წესი, დიდ სიმაღლეებს ვერ აღწევენ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილის დაუოკებელმა ჟინმა, რომ ყველა გაანადგუროს, დაიჭიროს და მასხრად აიგდოს, ეს ბიჭები მწვერვალზე აიყვანა. თავიდან მათ განსაკუთრებული შიშითა და სიფრთხილით არ ექცეოდნენ, მაგრამ ბოლოს, ახალაიების კლანი ისე გაძლიერდა, რომ აბსოლუტურად ყველა დაჯგუფებას პრობლემა შეუქმნა _ სააკაშვილის ორბიტაზე ყველა დაჯგუფება შეავიწროვა და, შეიძლება ითქვას, მათი კონტროლიც დაიწყო, ბიზნესის გაკონტროლებაც მოინდომა, რასაც სააკაშვილის ფრთის ქვეშ მყოფი “ნაცმოძრაობის” ლიდერები იმ მარტივი მიზეზის გამო არ დაუშვებდნენ, რომ ლაპარაკია ასეულობით მილიონსა და მილიარდზე. ამიტომ, ვფიქრობ, ახალაიები სპეციალურად მიუშვეს და აცალეს, რომ ბევრი დანაშაული ჩაედინათ.
_ ბატონო ზაალ, როგორც ვხვდები, იზიარებთ მოსაზრებას, რომ ბაჩო ახალაია ციხეში საკუთარი ნებით ჩეჩნების შესაძლო შურისძიების გამო ჩაჯდა...
_ ბაჩო ახალაია ციხეში იმიტომ ჩაჯდა, რომ სერიოზული საფრთხე ემუქრებოდა. რაც შეეხება დათა ახალაიას, მან წნეხი მას შემდეგ იგრძნო, რაც ქართული სახელითა და გვარით ერთ-ერთი ჩრდილოკავკასიელი ბოევიკი და ამ დაჯგუფებების ერთ-ერთი ორგანიზატორი თურქეთის სამართალდამცავებს ნებით ჩაბარდა, ორი მკვლელობა აღიარა და, ოღონდ სიცოცხლე შეენარჩუნებინა, მუდმივ პატიმრობაზეც დასთანხმდა...
ძმებს, რა თქმა უნდა, ბევრი რამ აქვთ სათქმელი და ახალაიები როგორი დამნაშავენიც უნდა იყვნენ, საქართველოს მოსახლეობამ ეს საიდუმლო უნდა გაიგოს. ხალხმა მათი პირით უნდა გაიგოს, თუ რა ბრძანებებს გასცემდნენ მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი.
_ ბატონო ზაალ, რა ამის პასუხია, მაგრამ რაკი თურქეთი ახსენეთ, ალბათ, იცით, რომ თურქეთში გამოიცა რუკა, სადაც ბათუმი თურქეთის ტერიტორიადაა “მოხსენიებული”...
_ ეს რუკა არ მინახავს და კომენტარს ვერ გავაკეთებ...
რაც შეეხება თურქეთის როლს კავკასიაში, “ნაცმოძრაობის” მიერ წაგებული აგვისტოს ომის შემდეგ, რეგიონში თურქეთის, როგორც სტაბილურობის გარანტის როლი, ერთიორად გაიზარდა და ეს არც რეგიონის სასარგებლოდ მოხდა და არც _ საქართველოსი. კავკასიაში გავლენის მოსაპოვებლად რუსეთი და თურქეთი ერთმანეთს შუა საუკუნეებიდან ებრძვიან. 21-ე საუკუნეში გავლენის მოპოვების მეთოდი შეიცვალა და აქცენტი ეკონომიკაზე, სპეცსამსახურებზე, ადამიანებსა და მათ პირად ცხოვრებაზე კეთდება. ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ არაჩვეულებრივი ისაა, რომ საერთაშორისო საზოგადოება კავკასიელებს საშუალებას გვაძლევენ, რეგიონში ჩვენი ინტერესი დავიკმაყოფილოთ.
_ ...ბატონო ზაალ, ამასწინათ, განაცხადეთ, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ თავდასხმა იგეგმება. თუკი, მართლაც, ასეა, ამის შესახებ, წესით, პრეზიდენტმაც უნდა იცოდეს, მაგრამ 19 აპრილის აქციაზე მაინც მივიდა...
_ 19 აპრილის აქციას, რომელიც ნეობოლშევიკური იყო, შეიძლება, “ხმა წარსულიდან” ვუწოდოთ. საერთოდ, “ნაციონალები” დოსტოევსკის “ეშმაკნი”-ს მაგონებს. ისინი, მიზნის მისაღწევად, ყველაფერს იკადრებენ...
რაც შეეხება შესაძლო თავდასხმას, სააკაშვილი სპეცსამსახურებსა და პიარმენეჯერებთან შეუთანხმებლად ნაბიჯსაც არ დგამს. 19 აპრილის აქციაზე სააკაშვილი მას შემდეგ გამოჩნდა, როცა დაინახა, რომ ხალხი მივიდა. ხალხი რომ არ მისულიყო, მაშინ “ნაცმოძრაობას” გაემიჯნებოდა... სააკაშვილი, როგორც ბევრი სხვა, აუცილებლად იმას მიიღებს, რაც დაიმსახურა. ჩვენ კი განცხადება იმიტომ გავაკეთეთ, რომ მასზე თავდასხმას ხელი შევუშალოთ.