ველოსიპედის დღე და ეშმაკის ადვოკატი

ველოსიპედის დღე და ეშმაკის ადვოკატი

საცოდაობა _ სავარაუდოდ, სწორედ ესაა «ნაციონალური მოძრაობის» 19 აპრილის აქციის ყველაზე მოკლე და ზუსტი დახასიათება, რაც ეჭვქვეშ არც ერთ სერიოზულ კომენტატორს არ დაუყენებია. მაგრამ ვიდრე ხსენებული თავყრილობის პოლიტიკურ შემადგენელზე ვისაუბრებთ, ალბათ, ორიოდე სიტყვა 19 აპრილის უცნაურ ისტორიულ დატვირთვაზეც უნდა ვთქვათ.

საქმე ისაა, რომ «ნაციონალები» რუსთაველზე ე. წ. ველოსიპედის დღის 70-ე წლისთავზე შეიკრიბნენ. ველოსპორტთან ამ თარიღს საერთო არაფერი აქვს; 1943 წლის 19 აპრილს შვეიცარიელმა ქიმიკოსმა ალბერტ ჰოფმანმა, რომელმაც აღმოაჩინა დ-ლიზერგინული მჟავის დიეთილამიდი, მარტივად რომ ვთქვათ, LSD, პირველად კაცობრიობის ისტორიაში მიიღო ეს ფსიქოაქტიური, ჰალუცინაციების გამომწვევი საშუალება და ველოსიპედით იმოგზაურა. მოგვიანებით ჰოფმანი წერდა, რომ ნაცნობ ქუჩებს სალვადორ დალის სურათებად აღიქვამდა, ხოლო მოგზაურობა ძალიან ნელი იყო (სინამდვილეში სწრაფად მოძრაობდა). ის ხედავდა უცნაურ ფერად ობიექტებს, სახლში მისულს მოეჩვენა, რომ მას ავეჯი ემუქრება, რომ დემონებმა შეიპყრეს და ა. შ. LSD-კულტურის ისტორიაში ამ თარიღს დაახლოებით ისეთივე მნიშვნელობა ენიჭება, როგორც 14 ივლისს, ბასტილიის აღების დღეს, ფრანგული რევოლუციის მატიანეში; 19 აპრილი კაიფისა და ჰალუცინაციების საერთაშორისო დღეა.

საინტერესოა, რომ «ნაციონალების» აქციამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა ინციდენტი, რომელმაც ეს ორი, ერთმანეთს 70 წლით დაცილებული მოვლენა კიდევ უფრო დააახლოვა. ზოგიერთი ცნობის თანახმად, მიხეილ სააკაშვილი თურქეთში ველოსიპედით სატვირთო მანქანას დაეჯახა, თავად ფიგურანტი კი ირწმუნება, რომ ორმოში ჩავარდა. ვინ იცის, იქნებ გზა ყველაზე ცნობად ქართველ ველოსიპედისტს ვარდისფერმა კენგურუმ გადაუღობა, რომელიც საუკეთესო LSD-ტრადიციებში ნელი ნახტომებით მიემართებოდა ანტალიიდან ჰალუცინოგენურ უსასრულობაში?! დოქტორ ჰოფმანს უდავოდ მოეწონებოდა ეს სტოპ-კადრი _ მარტოსული ველოსიპედისტი და ვარდისფერი კენგურუ, უცხო, უცნაური რეალობა, რომელშიც ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მაგალითად, დაგიდგინდეს მხრის სამმაგი მოტეხილობა (სააკაშვილის ადმინისტრაცია ირწმუნებოდა, რომ საცდელი ფრენა ველოსიპედით სწორედ ამ შედეგით დაგვირგვინდა), ხოლო ორიოდე დღეში ამ მძიმე დაზიანების არაფერი დაგეტყოს.

მაშ ასე, 19 აპრილი _ «ველოსიპედის დღე», ჰალუცინაციების ფესტივალი. რა გასაკვირია, რომ დავით ბაქრაძეს მოეჩვენა, რომ ათიათასობით მხარდამჭერის გარემოცვაში იმყოფება, ხოლო თვალებდახუჭულმა მიხეილ სააკაშვილმა, როგორც LSD-ექსტაზში შესულმა როკმუსიკოსმა, სცენიდან აუდიტორიის შუაგულში ჩახტომა სცადა. მართალია, სიმძიმის ცენტრმა უღალატა, ფიზიკის ულმობელმა კანონებმა უმუხთლა და, რომ არა დაცვის დახმარება, ეს აღმაფრენა მორიგი მოტეხილობით დასრულდებოდა, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ამ პროზაულ დეტალებს, მთავარი ხომ თვითნასწავლი (და თვითგამოცხადებული) იკაროსის სურვილია, თუნდაც წამით ცოდვილ დედამიწას მოსწყდეს. პირადად ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება გიორგი ვაშაძის გამოსვლამ მოახდინა, რამეთუ ის ძლიერ მოაგონებდა ჩებურაშკას, რომელიც ცდილობდა, ჩე გევარა განესახიერებინა. მოკლედ, «ველოსიპედის დღემ» შექმნა საკმარისზე მეტი საბაბი იმისთვის, რომ დავფიქრდეთ იმაზე, შეეხება თუ არა მხოლოდ წარსულს გიგა ბოკერიას ერთობ არასტანდარტული ფრაზა (იმავე დღეს თქვა, «ინტერპრესნიუსთან» საუბარში): «ჩვენს გუნდში სხვადასხვა ეტაპზე ყოფილან ადამიანები, რომლებიც შემდგომ ბოდვასა და აბსურდში შევიდნენ».

საზოგადოების დიდი უმრავლესობისთვის ის, რაც 19 აპრილს პარლამენტის შენობასთან ისმოდა, არა მხოლოდ და არა იმდენად განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრება იყო, რამდენადაც რაღაც სრულიად გაუგებარი, პარალელური რეალობის, უცხო დისკურსის ნაწილი, რაც რამდენადმე დამაკმაყოფილებელ კომუნიკაციას და, შესაბამისად, ყოფილი მმართველი პარტიის ინტეგრაციას ახალ პოლიტიკურ რეალობაში პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის. «ოცნების» (და ზოგადად «ძველი ოპოზიციის») მხარდამჭერთა დიდ ნაწილს დისკუსია «ნაციონალებთან» ისეთივე უაზრობად მიაჩნია, როგორც დიალოგი LSD-ს ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანთან; იდენტური დამოკიდებულება ოპონენტების მიმართ «ნაციონალების» ფრიად შეთხელებულ რიგებშიც დომინირებს. ძალზე საეჭვოა, რომ ამ ორი პარალელური რეალობისგან ერთიანი დემოკრატიული სივრცის კონსტრუირება მოხერხდეს (ბრალდებები მძიმე დანაშაულთან დაკავშირებით გვერდზე რომც გადავდოთ) და ამისთვის, სავარაუდოდ, სხვა გზების გამონახვა მოგვიწევს.

ის ფაქტი, რომ პარტიას ორთვიანი მომზადების, უდიდესი პროპაგანდისტული და ფინანსური ძალისხმევის კვალობაზე ქუჩაში 15 ათასი მხარდამჭერიც კი ვერ გამოყავს, საუბარს მასზე, როგორც მთავარ ოპოზიციურ ძალაზე, უადგილოს ხდის. მეორე ეშელონის ნებისმიერი პარტია, თავმოყვარე არასამთავრობო ორგანიზაცია ან პროფკავშირი, ძალიან დიდი ალბათობით, უფრო შთამბეჭდავ შედეგს მიაღწევდა «ნაციონალების» (მართალაც რომ წყალში გადაყრილი) რესურსების თუნდაც მეხუთედი რომ გამოეყენებინა. ტოტალური მობილიზაცია სანათესაოში, პარტიულ აქტივსა და გამგეობებში _ და რა?! ისე, საინტერესო კია, რამდენი მხარდამჭერის გამოყვანას შეძლებენ (500? 1500?) მას შემდეგ, რაც სააკაშვილი, უგულავა და გუბერნატორები თანამდებობებს დატოვებენ, თუმცა ეს, პრინციპში, «ნაცმოძრაობის» პრობლემაა, რომელიც საზოგადოებისთვის აქტუალური აღარ არის. ხოლო იმ ფსიქოლოგიური ეფექტის აღწერა, რომელიც ამ აქციამ მოახდინა, სავარაუდოდ, შეიძლება შემდეგ ჩარჩოში მოვაქციოთ: რევანში აბსოლუტურად გამორიცხულია, «ნაციონალებს» არც ამის შნო აქვთ და არც შესაბამისი რესურსი.

თუ ჩვენ ყურადღებით გავაანალიზებთ ნაცლიდერების გამოსვლებს, შეიძლება მივიდეთ დასკვნამდე, რომ მათ უარი თქვეს სწრაფი რევანშის რიტორიკაზე, რომელიც ასე თუ ისე აქტუალური იყო მანამ, სანამ სააკაშვილს მთავრობის ერთპიროვნული დათხოვნა-დანიშვნის უფლებას წაართმევდნენ. ისინი თითქოს სთხოვდნენ ახალ ხელისუფლებას: «ნება მოგვეცით, მოვირგოთ ის როლი, რომელსაც ჩვენთვის ქრისტიან-დემოკრატები ასრულებდნენო». ეს გასაგებიცაა, იმ შემთხვევაში, თუ ჩატარდება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, რასაც სულ უფრო აქტიურად ითხოვენ პარლამენტს გარეთ დარჩენილი პარტიები იმ საბაბით, რომ «ნაციონალებმა» არაპროპორციულად დიდი წარმომადგენლობა პარლამენტში არადემოკრატიული მეთოდების გამოყენებით მოიპოვეს, «ნაცმოძრაობა», დიდი ალბათობით, გაცილებით ნაკლებ ხმებს მიიღებს და შეიძლება ფრაქციის შექმნაც კი გაუჭირდეს. თუმცა აქ მთავარია არა მანდატების რაოდენობა, არამედ ის, რომ ამ არჩევნების შემდეგ, ყოფილი მმართველი პარტია გარანტირებულად დაემშვიდობება «მეორე ძალის», «ხელისუფლების ერთადერთი ოპონენტის» სტატუსს და, შესაბამისად, დაკარგავს ხელშეუხებლობის (დაუწერელი, მაგრამ რეალურად არსებული) გარანტიების ნაწილს მისი ლიდერებისთვის. გამორიცხული არაა, რომ 19 აპრილის მოკრძალებული თავყრილობის მთავარი გზავნილი შემდეგი გახლდათ: «ჩვენ ივანიშვილისთვის კომფორტული ოპოზიცია ვიქნებით». შესაძლოა, ეს სუბიექტური შთაბეჭდილებაა, თუმცა ზოგიერთი სხვა კომენტატორიც მიიჩნევს, რომ ეს ქვეტექსტი ნაცლიდერების გამოსვლებში ნამდვილად იყო.

ასეთი ხანგრძლივი საუბარი უმაღლესი ლიგიდან გამოვარდნილ პარტიაზე მიზანშეწონილი, ალბათ, არ იქნებოდა, რომ არა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, საზოგადოებისთვის აქტუალური თემა და მოსაზრება, რომელიც 17 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა რადიო «თავისუფლებასთან» საუბარში გაახმიანა: «ძალიან ხშირად მიწევს იმის თქმა, განსაკუთრებით აქეთ ყოფნისას, ევროპაში, ამერიკაში, რომ «ნაციონალური მოძრაობის», როგორც ყოფილი მმართველი პოლიტიკური ძალის, გადარჩენა თუ პოლიტიკურ სპექტრში დარჩენა, ეს არის ქართული დემოკრატიის ამოცანა. რაც არ უნდა გამიბრაზდნენ ახლა ქართველი მსმენელები, რომლებიც თვლიან, რომ «ნაციონალური მოძრაობა» გადასარჩენი კი არა, გასასამართლებელი და ასაკრძალია, მე ამას კიდევ ვიმეორებ და ყველას ვურჩევ, რომ კარგად დავუკვირდეთ, რაზეა აქ საუბარი. «ნაციონალური მოძრაობა», როგორც კოლექტიური დამნაშავე პოლიტიკური ძალა, ბოლო 9 წლის განმავლობაში ჩადენილ დანაშაულებში და ასე შემდეგ _ თუ ჩვენ ასე შორს წავედით, მაშინ ჯობია, დავიწყოთ ჯერ კომუნისტური პარტიით, მერე მივაყოლოთ «მრგვალი მაგიდა», «მოქალაქეთა კავშირი», «აღორძინება», «ნაციონალური მოძრაობა» და ყველა ერთად ავკრძალოთ, გავაუქმოთ და ა.შ. რადგან ჩვენ ეს არ გვიქნია კომუნისტური პარტიის მიმართ, არც «ნაციონალური მოძრაობის» მიმართ იქნება ეს სწორი. ეს არანაირად არ ნიშნავს, რომ ინდივიდუალური პირების პასუხისმგებლობის საკითხი არ უნდა დადგეს. ეს დადგება. თუმცა ამ განსაცდელს რამდენად გაუძლებს თავად «ნაციონალური მოძრაობა» და ამ შიდა გაუგებრობებს და შეჯახებებს არ გადაყვება, ეს უკვე ჩემი საქმე არ და ვერ არის».

(არც ისე) ძნელი სათქმელია, მოეწონება თუ არა ამომრჩევლებს უსუფაშვილის იდეები «ქართული დემოკრატიის ამოცანაზე», თუმცა აქ სულ სხვა რამ არის მთავარი: ერთის მხრივ, ინდივიდუალური პასუხისმგებლობის (გამონაკლისის გარეშე!) პრინციპი, რომელზეც, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, დგას ევროპა; მეორე მხრივ კი, ძალიან ფართოდ გავრცელებული, ძველად რომ იტყოდნენ, გონივრული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ დანაშაული იყო ორგანიზაციის ყოველდღიური პრაქტიკა, ცხოვრების წესი. სხვათა შორის, მათ მიჯნაზე ჩამოყალიბდა ნიურნბერგის ტრიბუნალის ისტორიული ფორმულირება _ გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ, მას არც ერთი ორგანიზაცია, ყველაზე ოდიოზურის ჩათვლით, დანაშაულებრივად არ გამოუცხადებია; განაჩენი მხოლოდ «პირთა ჯგუფებს» შეეხო. ციტატა: «ტრიბუნალი, წესდების თანახმად, აღიარებს დანაშაულებრივად ჯგუფს, რომელიც შედგება გესტაპოს და «სდ»-ს იმ წევრებისგან, რომლებიც იკავებდნენ წინარე პარაგრაფში ჩამოთვლილ თანამდებობებს, გაწევრიანდნენ ორგანიზაციის რიგებში ან რჩებოდნენ მასში, მაშინ, როდესაც იცოდნენ, რომ ის გამოიყენება იმ ქმედების ჩადენისთვის, რომელიც გამოცხადებულია დანაშაულებრივად წესდების მე-6 მუხლის შესაბამისად, ან, როგორც ორგანიზაციის წევრები, პირადად მონაწილეობდნენ მსგავსი დანაშაულის ჩადენაში». ყურადღება მივაქციოთ ფორმულირებას «იცოდნენ... ან პირადად მონაწილეობდნენ».

საზოგადოებაში არ არსებობს კონსენსუსი და გაუგებარია, რა პრინციპს უნდა დავეყრდნოთ «ნაცმოძრაობასთან» მიმართებაში, ამიტომ დავით უსუფაშვილი და მისი თანამოაზრეები, ალბათ, უნდა გამობრძანდნენ, გამართონ დისკუსია ოპონენტებთან, რომლებიც მიიჩნევენ, რომ «ნაცმოძრაობა» დამნაშავე ორგანიზაციად უნდა გამოცხადდეს და აუდიტორია საკუთარი მოსაზრების სისწორეში დაარწმუნონ. ამის გარეშე ვერ მოხდება თუნდაც ფარდობითი კონსენსუსის მიღწევა იმასთან დაკავშირებით, უნდა აღიქვას თუ არა საზოგადოებამ «ნაცმოძრაობა», როგორც სრულფასოვანი, ლეგიტიმური პარტია; ამის გარეშე კი პოლიტიკური პროცესის ნორმალიზაცია ვერ მოხდება. ამიტომ კარგი იქნება, თუ დავით უსუფაშვილი არ შეუშინდება იმას, რომ «ეშმაკის ადვოკატად» გამოაცხადებენ და «ნაცმოძრაობის» შეურიგებელ მოწინააღმდეგეებთან დებატებს გამართავს, რომელთაც, ალბათ, გაცილებით დიდი ინტერესით დავაკვირდებით, ვიდრე «ველოსიპედისტის დღის» 70-ე წლისთავის აღნიშვნას _ ფატალური რღვევის სტადიაში მყოფი ჯგუფის მიერ.