ვინ ცდილობდა უგულავასა და მერაბიშვილის ცემას

ვინ ცდილობდა უგულავასა და მერაბიშვილის ცემას

მართალია, 19 აპრილის მიტინგზე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები მხარდამჭერებს უმტკიცებდნენ, ხელისუფლებაში მხოლოდ თქვენი უანგარო სამსახურისთვის ვიყავითო, თუმცა ჩვეულებას არც ამჯერად უღალატეს და ქუჩის აქციისა და "ნაცმოძრაობის" ცენტრალურ ოფისში გამართული თათბირის შემდეგ პრესტიჟულ კლუბურ რესტორანს მიაშურეს საგრიალოდ და "ფიქრთ გასართველად".

არსებული ინფორმაციით, შარდენის ქუჩის ახლოს, ბამბის რიგში მდებარე რესტორან "ელ ცენტროში" ჯერ "ნაციონალური მოძრაობის" გენმდივნისა და თბილისის ვიცე-მერ ვანო მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაია მივიდა მეგობრებთან ერთად, ის შარდენზე მდებარე კაფე-ბარების ხშირი სტუმარია. როგორც ერთ-ერთმა თვითმხილველმა გვითხრა, თაკო სალაყაიამ რესტორნის მენეჯერს რამდენჯერმე უთხრა, რომ მალე ვანო და გიგი უნდა მისულიყვნენ. ღამის თორმეტი საათისთვის რესტორანში მართლაც მივიდნენ ვანო მერაბიშვილი და გიგი უგულავა მეუღლესთან, ლელა კილაძესთან ერთად, რომელსაც მანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვის გამო ახლახან ჩამოართვეს მართვის მოწმობა; მათთან ერთად რესტორანში იყვნენ ნაცმოძრაობის საპარლამენტო უმცირესობის ლიდერები: პეტრე ცისკარიშვილი, გიორგი გაბაშვილი, გიორგი კანდელაკი, ახალგაზრდა პარლამენტარი თინათინ ბოკუჩავა, ტელეწამყვანი თიკო სადუნიშვილი და სხვები. მათი მისვლიდან ცოტა ხანში რესტორანში გაწევ-გამოწევა, არეულობა დაიწყო. თვითმხილველების თქმით, "ნაცმოძრაობის" ელიტის მისვლა იქ მყოფებს არ ესიამოვნათ და მერაბიშვილზე და
უგულავაზე გაიწიეს. სიტუაციის განმუხტვას დაცვის შეიარაღებული თანამშრომლები ცდილობდნენ, ვითარება დაიძაბა და იქ მყოფი ადამიანების დიდმა ნაწილმა დარბაზი სასწრაფოდ დატოვა. თვითმხილველთა თქმით რამდენიმე ადამიანი უშუალოდ მერაბიშვილსა და უგულავაზე იწევდა. დაცვის წევრებმა კი თბილისის მერი და მერაბიშვილი სასწრაფოდ გააცილეს იქაურობას. როცა ამ თემაზე სასაუბროდ ტელეწამყვან თიკო სადუნიშვილს დავუკავშირდით, მან გვიპასუხა: "ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას ნამდვილად არ ვაპირებ"! ხოლო რესტორან "ელ ცენტროს" მენეჯერმა, რომელმაც ვინაობის გამხელაზე კატეგორიული უარი თქვა, განგვიცხადა: "ეს ჭორია, ასეთი რამ არ მომხდარა". "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა გიორგი გაბაშვილმა, პეტრე ცისკარიშვილმა და გიორგი კანდელაკმა ჩვენს ზარს არ უპასუხეს.