ვახტანგ გზირიშვილის ხსოვნის საღამო (ვიდეო)

ვახტანგ გზირიშვილის ხსოვნის საღამო (ვიდეო)

რუსთავის თეატრში 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროს ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. ვახტანგ გზირიშვილი რუსთავის თეატრისა და კულტურის ცენტრის მსახიობებმა გაიხსენეს.

დღესვე, IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის კაპრალის დაბადების დღისადმი მიძღვნილი წიგნის ’’არ დაიდარდო, დედაო...”-ს პრეზენტაცია და ქართველი სამხედროს ფოტოებისა და ნივთების გამოფენა მოეწყო.

ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა, ვახტანგ გზირიშვილის ოჯახის წევრები და თანამებრძოლები დაესწრნენ.

"ვახტანგმა საკუთარი სიცოცხლე გმირულად გასწირა ჩვენი ქვეყნისათვის. მას მაგალითი მამამისმა, ბატონმა ბადრიმ მისცა, რომელიც აფხაზეთის ომის დროს ტამიშის ბრძოლაში გმირულად დაიღუპა. გასაკვირი არ არის, რომ ასეთ ოჯახში აღზრდილი კაცი ვაჟკაცი იქნებოდა და საკუთარი ქვეყნის დასაცავად გაუწევდა გული. ძალიან მიხარია, რომ დედამისმა მოახერხა და მისი და, ზოგადად, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულების ხსოვანას ასე უერთგულა. დღევანდელი ღონისძიებაც არის დასტური იმისა, რომ საზოგადოებას არასდროს გაუნელდება ამ გმირების მიმართ ინტერესი. ჩემი მოსვლაც აქ, როგორც თავდაცვის უწყების ხელმძღვანელისა, დასტურია იმისა, რომ ჩვენ ქედს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე. ჩვენი და სახელმწიფოს ვალია, რომ მათ ხსოვნას გავუფრთხილდეთ და მომავალი ჯარისკაცები, მომავალი თაობა სწორედ ასეთი სულისკვეთებით აღვზარდოთ" - განაცხადა ირაკლი ალსანიამ.

კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი 2007 წლიდან მსახურობდა საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონში მეტყვიამფრქვევედ მსახურობდა. 20 წლის ქართველი სამხედრო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, სოფელ ტბეთთან საბრძოლო ოპერაციის შესრულებისას, ცხინვალის რეგიონიდან დაჭრილი სამხედროების სამშვიდობოზე გადმოყვანისას, რუსული ავიაციის დაბომბვის შედეგად მძიმედ დაიჭრა და მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ვახტანგ გზირიშვილის ხსოვნის პატივსაცემად ქალაქ რუსთავში, 173-ე საჯარო სკოლას, სადაც ის სწავლობდა, ვახტანგ გზირიშვილის სახელი მიენიჭა. ვახტანგ გზირიშვილ დაჯილდოებულია მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“.გარდაცვალების შემდეგ კაპრალს,ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი მიენიჭა.