საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ბოლო ნაკადი დღეს სრულად დაბრუნდა საქართველოში. ქართული კონტიგენტი ავღანეთში ISAF-ის მისიას ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად 6 თვის განმავლობაში ასრულებდა.
ქართველ სამხედროებს აეროპორტში თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლევან დოლიძე, აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი და III ქვეითი ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ მერლანი დახვდა. მათ დადებითად შეაფასეს ქართველი სამშვიდობოების ავღანეთში შესრულებული მისია და ჯარისკაცებს სამშობლოში დაბრუნება მიულოცეს. „ჩვენმა სამხედრო მოსამსახურეებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს საერთაშორისო უსაფრთხოებაში. დარწმუნებული ვარ, რომ ის გამოცდილება, რომელიც ჩვენმა სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს, მნიშვნელოვნად გამოადგება საქართველოს შეიარაღებული ძალების შემდგომ განვითარებას“ - აღნიშნა ლევან დოლიძემ.
აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა ქართველ სამხედროებს ავღანეთის საერთაშორისო მისიაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა: „ვულოცავ 32-ე ბატალიონს სამშობლოში დაბრუნებას და ავღანეთის მისიის წარმატებით შესრულებას. ჩვენ მადლიერები ვართ ქართველი სამხედროების სამსახურით, მათი ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან თანამშრომლობით, რომლებიც ავღანეთში სტაბილურობისა და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად ერთმანეთის მხარდამხარ იბრძოდნენ. მადლიერებას გამოვხატავთ ქართველი ხალხისა და მათი თავგანწირვის მიმართ, რომლებიც ასეთ მნიშვნელოვან მისიაში იღებენ მონაწილეობას“ - განაცხადა აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა.
32-ე ბატალიონის სამშობლოში დაბრუნება ეტაპობრივად მოხდა. ისინი ავღანეთში, როტაციის წესით, IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.