ჯონდი ბაღათურია დავით უსუფაშვილს

ჯონდი ბაღათურია დავით უსუფაშვილს "ნაციონალებთან" გარიგებაში ადანაშაულებს

"ქართული ოცნება" ხალხს ღალატობს" - ამ განცხადებას "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია აკეთებს. როგორც მან თქვა, პრემიერ-მინისტრის მიმართ პატივისცემას დღემდე ინარჩუნებს, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლების ოპოზიციაში გადავიდა, რადგან მისთვის მიუღებელია ხელისუფლების გარკვეული ნაწილის ქმედება და საზოგადოებისგან გამიჯვნა. ამ საკითხებთან დაკავშირებით უფრო კონკრეტულად თავად ჯონდი ბაღათურია გვესაუბრება.

- ბატონო ჯონდი, სულ ცოტა ხნის წინ თქვენ "ქართული ოცნების" სახელით არჩევნებში მონაწილეობაზე საუბრობდით. ახლა რა მოხდა?

- სულ ცოტა ხნის წინ მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობდა, იმასთან დაკავშირებით, რომ "ქართულ დასსა" და "ქართულ ოცნებას" რომელიმე საარჩევნო ოლქში ეთანამშრომლათ. არ დაგიმალავთ იმასაც, რომ გაერთიანებაზეც იყო საუბარი... თუმცა, ეს ხელს არ გვიშლის, რომ ოპოზიციაში გადავინაცვლოთ.

- ამის მიზეზი ის ხომ არ არის, რომ სასურველ შეთანხმებას ვერ მიაღწიეთ?

- არა, ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ "ქართულ ოცნებას" დაავიწყდა მთავარი საკეთებელი საქმე, ხალხი და ზედმეტად გაერთო "ნაციონალურ მოძრაობასთან" საჩვენებელი კინკლაობით. პირდაპირ ვამბობ, რომ კინკლაობა, რომელსაც პარლამენტში ვხედავთ, სულაც არ არის გამოწვეული "ქართული ოცნების" მიამიტობით. ეს ხალხის გასართობად და დროის გასაყვანად დადგმული სპექტაკლია. საზოგადოების ზურგს უკან გაცხოველებული ვაჭრობა მიდის. საპარლამენტო უმრავლესობა "ნაციონალებს" გაურიგდა და მათ გადარჩენას ცდილობს. ფაქტია და ამას ალბათ თქვენც ხედავთ, რომ "ნაცების" კრიმინალური ბანდა ხალხისთვის წართმეულ ქონებას დღემდე ინარჩუნებს (ბიზნესის 80%-ს ისევ ეს ხალხი აკონტროლებს) და ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩადენილ დანაშაულზე პასუხს არ აგებს. მერწმუნეთ, თუ ასე გაგრძელდა, არც მომავალში შეიცვლება რამე. უფრო მეტიც, "ქართულ ოცნებასთან" ბიზნესებს გადაინაწილებენ და იცხოვრებენ სიამტკბილობით. "ქართული დასის" გადასვლა ოპოზიციაში საბოლოოდ არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ ალბათ ასე იქნება... ჩვენ პარტიის შიგნით ჯერ კიდევ ვმსჯელობთ, სავარაუდოდ ერთ კვირაში საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ და საზოგადოებას მესამე, უფრო სამართლიანსა და უფრო ეროვნულ გზას შევთავზებთ. რაც მთავარია, სოციალურ პრობლემებზე გაცილებით უფრო მეტად ორიენტირებულები ვიქნებით, ვიდრე "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობაა".

- თქვენი აზრით, "ნაციონალურ მოძრაობას" მთელი კოალიცია გაურიგდა თუ მხოლოდ ერთი ნაწილი?

- მადლობა ღმერთს, რომ "ქართულ ოცნებაში" ყველა მოღალატე და გამყიდველი არ არის. მინდა გითხრათ ისიც, რომ "ქართული დასის" ოპოზიციაში გადანაცვლება იმას არ ნიშნავს, რომ ტელეფონებს გამოვრთავთ და აღარავის დაველაპარაკებით. სულაც არ გამოვრიცხავ, რომ "ქართულ ოცნებასთან" ისეთ თემატურ საკითხებთან დაკავშირებით ვითანამშროლოთ, როგორიც, მაგალითად, სოციალური რეფორმა და ჯანდაცვაა. ერთი სიტყვით, ხელისუფლებასთან ვითანამშრომლებ, მაგრამ უსამართლობის ყურებას ვერ მოვითმენ და ხმამაღლა ვილაპარაკებ იმის შესახებ, რომ კოალიციის ზოგიერთი წარმომადგენელი დაკავებულია მხოლოდ პირადი ცხოვრების კეთილმოწყობით, საკუთარი ოჯახის წევრების დასაქმებით... ზოგიერთმა "ვუნდერკინდმა" აღმოაჩინა, რომ თურმე "ნაციონალებთან" ჩხუბს მათთან გარიგება და საკბილოს შოვნა სჯობია. ეს ძალიან სამარცხვინოა.

- თქვენი ბრალდება ვარაუდებს ემყარება თუ მყარი არგუმენტები გაქვთ?

- არავითარი ვერსიები და ვარაუდები, მე ვფლობ მყარად არგუმენტირებულ ინფორმაციას.

- შეგიძლიათ კონკრეტული ადამიანები დაასახელოთ, ვინც "ნაციონალებს" გაურიგდნენ?

- კი, არც მეტი არც ნაკლები, პარლამენტის თავმჯდომარემ ხმამაღლა განაცხადა, რომ მისი მთავარი ამოცანა "ნაცმოძრაობის" გადარჩენაა. ამით ხომ ყველაფერი ნათელია? არც ერთი პოლიტიკური პარტიის მიზანი და ამოცანა არ არის მეორე პოლიტიკური პარტიის, მით უფრო კონკურენტის, გადარჩენა. თუ ხელისუფლების მიზანი ქვეყანაში დემოკრატიის დამყარებაა, მაშინ ხელი შეუწყოს დემოკრატიული გარემოს შექმნას და თავი დაანებოს დისკრედიტირებული კონკურენტის ხელოვნურად გადარჩენას. "ქართული ოცნების" ზოგიერთ წარმომადგენელს "ნაციონალების" გადარჩენა მხოლოდ იმიტომ არ უნდა, მათთან წილში გავიდეს, სხვა მხრივაც ხედავენ სარგებელს.

- მაგალითად რაში?

- მაგალითად იმაში, რომ პარლამენტში დისკრედიტირებულ პოლიტიკურ ოპონენტებთან პაექრობა ძალიან ადვილი და ხელსაყრელია. საპარლამენტო უმრავლესობას ყოველთვის შეუძლია "ნაციონალებს" მათი "საგმირო" საქმეები შეახსენოს და ხალხის თვალში ქულები დაიწეროს. ჩვენ უკვე ძალიან კარგად ვიცით, რასაც წარმოადგენს "ნაციონალური დამნაშავეთა ბანდა". ახლა "ოცნებამ" უნდა შეიგნოს, რომ ის ოპოზიციაში აღარ არის და უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას. მაშინ, როდესაც ბიუჯეტიდან ფულის გაფლანგვაზეა საუბარი, პარლამენტში ფურცლები კი არ უნდა აფრიალონ, დამნაშავე უნდა დასაჯონ.

- "ლეიბორისტებიც" თქვენსავით საუბრობენ, ერთობლივად ბრძოლას ხომ არ აპირებთ?

- არა, "ლეიბორისტებთან" არც ფარული და არც ღია კავშირი არ გვაქვს და მსგავსს არაფერს ვაპირებთ. ჩვენ ახლა პარტიის რეორგანიზაციას ვგეგმავთ, გავძლიერდებით და ჩვენს მსგავს ძალებთან ვითანამშრომლებთ.

- თქვენს მსგავს ძალებში ვის მოიაზრებთ?

- სხვათა შორის, ჩვენი მსგავსი შეხედულებები აქვს "ქართული ოცნების" ერთ ნაწილს. ვნახოთ, რა გამოვა...