დღეს, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ დაარსებიდან 16 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღი კრწანისში საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია დაესწრო.
“გავიხსენეთ ის თუ რა იყო ქართული არმია 16 წლის წინ და როგორია დღეს. ეს არის დიდ წილად სწორედ ამ ცენტრის დამსახურება. აქ იბადებიან ჯარისკაცები, აქ გადიან პირველ საცეცხლე საბრძოლო მომზადებას და შემდეგ უკვე ამ ბაზისზე საკუთარ სამხედრო კარიერას აშენებენ. ამიტომ, ეს არის უმნიშვნელოვანესი ჯაჭვი ქართველი სამხედროს მომზადებაში. მათი წვლილია ის, რომ ავღანეთის საერთაშორისო მისიაში ასე ამაყად, სრული საბრძოლო მზადყოფნით ჩადიან ჩვენი სამხედროები. სასწავლო პროგრამით და წვრთნების მიმდინარეობით კმაყოფილი ვარ და მინდა დიდი წარმატებები გისურვოთ“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
საიუბილეო ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობა და საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეებიც დაესწრნენ. საზეიმო ცერემონიალი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა გააფორმა.
დღესვე სტუმრები ეროვნულ სასწავლო ცენტრში ISAF-ის მისიისთვის ქართული ქვედანაყოფების მომზადების პროცესს გაეცნენ.
სასწავლო ცენტრი 2009 წლიდან ქართულ ქვედანაყოფებს ISAF-ის მისიისთვის ამზადებს. ასევე, ჩართულია რეკრუტების მომზადების პროცესში. ეროვნული სასწავლო ცენტრი პროფესიონალი ქართველი სამხედრო ინსტრუქტორებითაა დაკომპლექტებული, რაც არაერთხელ იქნა აღნიშნული უცხოელი სამხედრო შემფასებელთა მიერ.
სასწავლო ცენტრი „კრწანისი“ პოლიგონ „იაღლუჯას" ბაზაზე 1997 წლის 22 აპრილს ჩამოყალიბდა. 2002 წლიდან ცენტრში ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ ქვედანაყოფების მომზადება "წვრთნისა და აღჭურვის" (GTEP) პროგრამით დაიწყო. 2004 წლის რეფორმების შედეგად კი ცენტრს ეროვნული სტატუსი მიენიჭა.
2010 წლიდან "კრწანისში" სიმულაციური სასწავლო ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც მუშავდება სხვადასსხვა სახის ოპერაციების გეგმები და სცენარები; ტარდება სწავლებები ჯარების მართვის და ოპერაციების გათამაშებით, მოწინააღმდეგის შესაძლო მოქმედებების გათვალისწინებით; ტარდება ასეულის და ოცეულის სწავლებები MILES-ის სიმულაციური მოწყობილობების გამოყენებით.