"ალიას" ესაუბრება კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა:
_ გოგა, სიმაღლის მიხედვით გამოდიან ვირთხები დღის სინათლეზე და ხელს ადებენ სააკაშვილ-მერაბიშვილს, ამათი დედაც, ამათ დაგვღუპესო. ჯერ იყო დათა ახალაია, შემდეგ ზურაბ ადეიშვილი და ბოლოს მეგის ქარდავა, რომელიც ამტკიცებს, ქალი ვარ, მეგი მქვია, მიშამ მიხმარაო.
_ დღეს "ნაცმოძრაობის" სრული კრახია სახეზე, ნაწილი ვირთხებისა გაიქცა და ახლა იწყებენ ერთმანეთის ჭამას. ამბობენ, შეიძლება სპეცსამსახურები "უჩალიჩებენ", თვითონ აზრზე არ არიანო... მე ამას გამოვრიცხავ, მეგის ქარდავა ვის რა ჯანდაბად სჭირდება, სამართალდამცავების გარდა? ის, რომ თითქოს სპეცსამსახურების ხელი ურევია მათ წერილებში, რომელიც ქვეყნდება, სასაცილოდ მეჩვენება. გელა, აქ ისეთი მასშტაბის დანაშაულებზეა ლაპარაკი, რომ ხალხი შოკში ჩავარდება, როცა ყველაფერი გამომზეურდება, მაგრამ თვითონაც მიხვდნენ, როდემდე დაიმალებიან? ახლა ჩვენებებს მისცემენ სააკაშვილის, მერაბიშვილის წინააღმდეგ და ითხოვენ გარკვეულ შეღავათებს.
_ შედეგად რას მივიღებთ, სააკაშვილ-მერაბიშვილის დაპატიმრებას?
_ ახლა სააკაშვილი ყველას შეახოცავს ხელებს. საერთოდ, კრიმინალური მენტალობის ადამიანებს ეს სჩვევიათ. როცა უჭირთ, ისტერიკაში ვარდებიან. ჯერ სად ხარ? ამათი კივილი კიდევ გაგრძელდება. ამისი ძალიან კარგი მაგალითია ბაჩო ახალაია, რომელიც მიატოვეს, ყველას ეს ბედი ელის, ზოდელავებისა და ადეიშვილების ბოლო არის განსასჯელის სკამი.
_ გოგა, ჩვენ გვაინტერესებს, მივა თუ არა საქმე სააკაშვილის დაპატიმრებამდე?
_ როცა ესენი ჩვენებებს მისცემენ, პირველი სააკაშვილი აყვირდება და იმდენს დაწერს, კალმისტარს ვერ გავაგდებინებთ ხელიდან. ტიპი აცხადებს, დათა ახალაია ორჯერ მყავს ნანახიო... შენ წარმოიდგინე, ეს ყველაფერი ხომ ესმის "ნაციონალურ მოძრაობას"? ნახე, ამ დღეებში რა მასალები ქვეყნდება, ხომ ხედავ, ბიუჯეტს რას უშვრებოდნენ? ჩვენ ვიცოდით ყველაფერი, მაგრამ დოკუმენტები რომ იდება, სულ სხვა რამეა. ხალხს პურის ფული არა აქვს სახლში და ეს ვიგინდარები საკუთარი ვნებების დასაკმაყოფილებლად ასი ათასობით დოლარს ხარჯავდნენ, ერთმანეთისთვის საჩუქრებს ყიდულობდნენ. სად ვცხოვრობდით, წარმოიდგინე, რააა! ახალი ხელისუფლება უკვე მისულია იმ დონემდე, რომ სააკაშვილი დასაპატიმრებელია, მაგრამ არის რაღაც მომენტები, რაც გასათვალისწინებელია... ეს სულგაყიდული საერთაშორისო კონიუნქტურა, დემოკრატიას ამოფარებული ფარისევლები ცდილობენ, სახე შეუნარჩუნონ. ამ ყველაფერს ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვება და პირველ რიგში, დაარტყამს ამერიკის ადმინისტრაციას. ჯერ მარტო იმაზე ვილაპარაკოთ, თქვენი გაზეთი თავის დროზე წერდა, ბიოლოგიური ლაბორატორიები რომ არის საქართველოში, რა ზიანს გვაყენებს, ვიცით? თბილისში რომ იყო, აეროპორტის ტრასაზე, ვიცოდით, მაგრამ ახლა ყველა რეგიონში აღმოჩნდა. ამის გარდა, კიდევ რამდენი ავანტიურაა ჩადენილი, რომელიც შემდგომში გამოაშკარავდება? მალე დადგება დრო, როცა სააკაშვილი ყველაფერს დაფქვავს, ამიტომ მიდის მისი ისტერიული დაცვა. გახსოვს, რა ამბები ატეხეს ევროპასა და ამერიკაში? მაკკეინს ოქროს იარაღი რომ აჩუქეს, ამის მომსწრე ხომ ყველა ვართ? სააკაშვილის მოგონილი ზღაპარი, თითქოს ცხინვალში რუსი პილოტი ჩამოაგდეს და იმას ჰქონდა, ვის სჯერა? თან ვითომ ის იარაღი აღმოჩნდა, რომელიც მას თავის დროზე ვიეტნამში წაართვეს. ეს არის სამარცხვინო ფაქტი, ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატი საქართველოში ჩამოდიოდა და ქრთამებს იღებდა სააკაშვილისგან. მთელი მსოფლიოს დასანახად ამ ნაძირალასგან ოქროს იარაღს რომ იღებ, ამას რა მოჰყვება, ხომ უნდა გესმოდეს?
_ ისე, ძალიან ბევრი ზღაპარი გვიამბო სააკაშვილმა აგვისტოს ომზე.
_ სააკაშვილი თვითაღიარებების დიდოსტატია, მე გამომძიებლების ადგილას რომ ვიყო, თითოეულ სიტყვას გავშიფრავდი... ეგ მართალს ლაპარაკობს, ოღონდ შებრუნებულად. იცი, აქ ეს ამბავი რატომ ატყდა? რურუა მიხვდა, ბოკერია მიხვდა, უგულავა მიხვდა, ჩერგოლეიშვილი, რომ მაგათი ბოლო წუთებია. დავანებოთ თავი რუსეთის აგრესიას, ყველამ კარგად ვიცით, რომ რუსეთი აგრესორია 1801 წლიდან, მაგრამ შენ, ქვეყნის პრეზიდენტი, რატომ მალავ სიმართლეს? თუ შენს წინააღმდეგ ინტერვენცია ხდება, შეტევაზე რატომ გადადიხარ, თუ როკის გვირაბი გადმოლახა რუსმა, ცხინვალს რატომ ბომბავ?! 4 ათასი კაცი რომ შეგყავს ცხინვალში, რა მოჰყვება ამას, ვერ უნდა მიხვდე?! 2004-ში რომ შეუტიე ცხინვალს, მაშინაც რუსეთის აგრესიას ჰქონდა ადგილი, თუ როგორაა საქმე?
_ გაჩნდა ინფორმაცია, რომ 19 აპრილს ვანო მერაბიშვილი აპირებს, პარტიიდან გარიცხოს სააკაშვილი.
_ თავში ქვა უხლია და მუცელში სამართებელი! საერთოდ კომიკური ფიგურაა ეს ბოგანო მერაბიშვილი, წერა-კითხვის უცოდინარი! საქართველოს სირცხვილია, ესენი რომ ამდენს ბედავენ.
_ გოგა, სირცხვილია, ამდენს რომ ვალაპარაკებთ, მაგრამ ვისი ბრალია?
_ გეთანხმები, ეს ყველა ჩვენგანის სირცხვილია, რა 19 აპრილი, რის 19 აპრილი, ვის დაკარგვიან საერთოდ? დღეს ჩემი მთავარი სამუშაოა და მთელ ძალას ვახმარ იმას, რომ გამოვაფხიზლო ეს დაბნელებული დასავლეთი, გაცვედნებული დასავლეთი... ცოტა აზრზე მოვიდნენ, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპაზე მაქვს ლაპარაკი, იქ უამრავ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა. ისინი ჩემს პატივისცემას კარგავენ, რაღაც კოშმარის დაცვას ცდილობენ. სააკაშვილი და მერაბიშვილი ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან რუსეთს ემსახურებოდნენ, ვისზე ლაპარაკობენ საერთოდ?! რამ დააბრმავა და დააყრუა ეს სახელმწიფოები, ძალიან მაინტერესებს. თავის დროზე თავს იკლავდნენ, საბჭოთა კავშირის დაშლაც არ უნდოდათ, სად ბანაობენ? თავში ქვა უხლიათ, მაგრამ ამ გაუბედურებულ ქვეყანას რა ვუყოთ? ამ გარეწრებმა რა მიტინგი უნდა ჩაატარონ, ამაზე საერთოდ ლაპარაკი შეიძლება, ერთი გამაგებინე, რააა, რა საზოგადოება ვართ საერთოდ, სად ვცხოვრობთ?!
_ ვანო მერაბიშვილს ისეთი დაბადების დღე გადაუხდია, მთელი თბილისი ლაპარაკობს.
_ მაგაშია საქმე, სანამ ე.წ. თავისუფალი მედია ვანო მერაბიშვილის წელში იქნება შევარდნილი და სააკაშვილზე ილაპარაკებს, რა თქმა უნდა, დაბადების დღეებსაც გადაიხდიან და ქორწილებსაც. სამარცხვინო კონიუნქტურაა, ტელევიზორის ჩართვა აღარ მინდა, რა ბაკქანალიაა, რა უბედურება ხდება?! ძალიან მაინტერესებს, დღეს ისევ მერაბიშვილ-ადეიშვილით ცხოვრობს საქართველო?! გავიდნენ თბილისის გარეთ, ერთი ნახონ, ქართველი ხალხი რით ცხოვრობს, რით სუნთქავს!
_ აი, ეს უკვე ახალი მთავრობის ბრალია.
_ ჰოდა, ჩვენ სათითაოდ გადავწყვიტოთ, ვინ როგორ უნდა მოვიქცეთ, ყველას ჩვენი წილი პასუხისმგებლობა გვაქვს. თავისუფალი პრესა იმისთვის არსებობს, რომ, როცა სიმრუდეს ხედავ, უნდა ილაპარაკო. სიმრუდის დატოვება არ შეიძლება, ვისაც არ უნდა ეხებოდეს, ძველ ხელისუფლებას თუ ახალ მთავრობას. შეიძლება, სულ უკანალგაცვეთილი ადამიანები ლაპარაკობდნენ?! ამიხსენი, გადავაყოლოთ ქვეყანა ამათ ჭუჭყიან საცვლებს?! გელა, ეს დამპალი ნაგავი არ გაიხვეტება, სანამ "ნაციონალებზე" ვილაპარაკებთ და ფასს დავადებთ. ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ, მაგათი ადგილი არის ციხეში და ჩასხდებიან კიდეც!