"მათი თითოეული განცხადება ფარსი იყო - წლების განმავლობაში, რასაც ამბობდნენ, იმის საწინააღმდეგოს აკეთებდნენ. პარტიას ახლა გინდ "ეროვნული მოძრაობა" დაარქვან, გინდ არაეროვნული - უკვე სულერთია. ეტყობა, ვერ აცნობიერებენ, რა დონეზე არიან დისკრედიტებულნი. მიტინგზე გაკეთებული განცხადებები არაფრისმთქმელი იყო, თუმცა საყურადღებოა ერთი მომენტი - ყველა გამომსვლელი ხაზს უსვამდა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის ძირითადი ოპოზიციური ძალა. როგორც ჩანს, "ნაციონალების" უპირველესი მიზანი სწორედ ამ ნიშის დაკავებაა და ამაში ხელს "ქართული ოცნებაც" უწყობს. სავარაუდოდ, დღევანდელ მმართველ ძალას სურს, ოპოზიციად ასეთი დისკრედიტებული ძალა ჰყავდეს. პოლიტიკას აქვს თამაშის თავისი წესები, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს სამართლიანობის აღდგენის ხარჯზე", - აცხადებს ექსპერტი კახი კახიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "დათა ახალაიას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება" / "ნაციონალებს" კომპრომატები ახალი ხელისუფლების წევრებზეც აქვთ".
"თუ გავითვალისწინებთ, რომ "ნაციონალებმა" აქციის ორგანიზებას მთელი ქვეყნის მასშტაბით ლამის ყველა რესურსი მოახმარეს, 10 ათასი კაცი აშკარად ცოტაა. სპექტაკლია, თითქოს ვანო მიშას ემიჯნება, რომ მერე ხალხმა თქვას _ ყოჩაღ მერაბიშვილს, ხედავთ, რა მაგარიაო? სინამდვილეში სააკაშვილი და მერაბიშვილი ისევ ერთ პოლიტიკურ გუნდში არიან და მომავალშიც ასე იქნება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახი კახიშვილი.
"თუ გახსოვთ, ბაჩო ახალაია რომ დაბრუნდა საქართველოში, "ნაცმოძრაობას" მის მიმართ ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებია. ეს იმ ფონზე, როდესაც ვანო მერაბიშვილი დაკითხვაზე რიგითი აქტივისტების დაბარებას ბრიფინგებს უძღვნიდა. ისიც გავიხსენოთ, რომ როლანდ ახალაია პარლამენტის მხოლოდ პირველ სხდომებს ესწრებოდა, შემდეგ კი არ გამოჩენილა. როგორც ჩანს, "ნაციონალებმა" ჯერ კიდევ მაშინ დაიწყეს გამიჯვნა სამივე ახალაიასა და ზურაბ ადეიშვილისგან. მათ სურთ, დაამკვიდრონ აზრი, რომ თითქოს ცხრაწლიანი ბოროტება მხოლოდ ახალაიებსა და ადეიშვილს უკავშირდება. შეგახსენებთ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთ ინტერვიუს, სადაც პრეზიდენტმა თქვა, რომ თურმე ადეიშვილს მადა ჭამაში მოუვიდა, რომ მაშინდელმა პროკურატურამ გადააჭარბა უფლებამოსილებებს და შეცდომა იყო წვრილი ბიზნესის შევიწროება. ეს ყველაფერი კარგად დაინახეს ახალაიებმა. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ დათა ახალაია მძიმე მდგომარეობაშია. საზღვარგარეთაა, "ნაციონალებისგან" არ გრძნობს პოლიტიკურ მხარდაჭერას და ბევრი მტერი ჰყავს", - განმარტავს რესპონდენტი.
"დათა ახალაიას სიცოცხლეს საზღვარგარეთ, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს. როგორც ჩანს, ის თავისი ადვოკატის მეშვეობით პროკურატურასთან შეთანხმების მიღწევას ცდილობს, რომლის მიხედვითაც, მისცემს ჩვენებებს "ნაცმოძრაობის" ელიტის წინააღმდეგ, სამაგიეროდ საპროცესო შეთანხმებას მიიღებს. თუ ახალაიების ოჯახი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ მიტოვებული არიან, სამივე ალაპარაკდება. დათა ახალაიას განცხადებამ ერთგვარად გამოაფხიზლა "ნაცმოძრაობა" და მისმა ლიდერებმა გაააქტიურეს კონტაქტები როლანდ და დათა ახალაიებთან, რათა ამ უკანასკნელმა თავისი ცნობილი განცხადება გადათქვას. ახალაიებს შეჰპირდებიან დიდ ფულს, პოლიტიკურ მხარდაჭერას, ოღონდ ჩვენებების მიცემა არ დაიწყონ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, მოლაპარაკებები დათა ახალაიასა და პროკურატურას შორის, ჩვენების მიცემასა და საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, რამდენად შორს არის წასული. ყველაზე უკეთ სწორედ მან იცის, რომ საზღვარგარეთ საფრთხე ემუქრება და საქართველოში ბევრად უფრო დაცული იქნება", - განაგრძობს კახი კახიშვილი.
"გამომდინარე იქიდან, რომ დათა ახალაია თავის განცხადებ¬აში აქცენტს ვანო მერაბიშვილზე აკეთებს, ალბათ, ბრალს ყოფილ პრემიერს წაუყენებენ. დათა და ბაჩო ახალაიები თავიდან მერაბიშვილის გუნდში იყვნენ, როდესაც "გაიზარდნენ", გუნდის ჩამოყალიბება დაიწყეს, რამაც ახალაიებსა და მერაბიშვილს შორის დაპირისპირება წარმოშვა. ახალაიებმა მოინდომეს გავლენის სფეროების გადანაწილება. "ნაცმოძრაობას" არჩევნებში რომ გაემარჯვა, დაპირისპირება უფრო ფართო მასშტაბებს შეიძენდა. სავარაუდოდ, დააკავებდნენ მერაბიშვილის კადრებს და პრობლემებს შეუქმნიდნენ იმ კომპანიებს, რომლებსაც ის მფარველობდა. რაც შეეხება იმას, კიდევ ვისზე შეიძლება ჰქონდეს კომპრომატები დათა ახალაიას - ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო, ცნობილი განცხადება მართლა კუდ-ის ყოფილ უფროსს ეკუთვნოდა თუ არა, რომ გიგი უგულავამ გაღიზიანებული განცხადებები გააკეთა და რაღაც ეპოპეებზე დაიწყო ლაპარაკი. ვფიქრობ, ყველაფერი გასაგებია და თუ დათა ახალაიამ ჩვენებების მიცემა დაიწყო, მერაბიშვილის შემდეგ უგულავას ჯერი დადგება. დათა ახალაიას ასევე ექნება მასალები "ნაცმოძრაობის" ე.წ. ლიბერალურ ფრთაზეც _ ვგულისხმობ გიგა ბოკერიას და იმ თანამდებობის პირებს, რომლებიც "თავისუფლების ინსტიტუტთან" ასოცირდებიან. ვნახოთ, შედგება თუ არა შეთანხმება კუდ-ის ყოფილ უფროსსა და პროკურატურას შორის", - დასძენს რესპონდენტი და შეკითხვას - "ალბათ, საზოგადოებაში აუცილებლად დაისმება კითხვა - რამდენად მორალურია შეთანხმება იმ ადამიანებთან, რომლებიც ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ადამიანების წამების, უსამართლო სამართლისა თუ ბიზნესტერორის მთავარი მონაწილეები იყვნენ" - პასუხობს:
"ეს იმაზეა დამ¬ოკიდებული, რამდენად დაეხმარება მართლმსაჯულებას ახალაიას ჩვენებები, რომ უსამართლობის მთავარი ინიციატორები დაისაჯონ. ვნახოთ, რა მტკიცებულებები ექნება დათა ახალაიას. მხოლოდ ზეპირი ჩვენებები საქმეს ვერ უშველის, თუ იგი აუდიო და ვიდეომასალებითაც არ გამყარდა. ზემოთ კომპრომატებზე ვისაუბრეთ და მინდა ვთქვა, რომ საქართველოში კიდევ უფრო გამწვავდება კომპრომატების ომი. იმავე "ნაციონალებს" კომპრომატები ახალი ხელისუფლების წევრებზეც ექნებათ, მაგრამ ყველაფერს ერთბაშად არ გამოაქვეყნებენ და მათ სავაჭროდ გამოიყენებენ. ეს ომი საპრეზიდენტო არჩევნების წინ განსაკუთრებით გამწვავდება".