ქალთა სახეები ქართულ პოლიტიკაში

ქალთა სახეები ქართულ პოლიტიკაში

ქართული პოლიტიკა დიაცთა ნაკლებობას არ განიცდის, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ საზოგადოებისთვის ყველა ქალი-პოლიტიკოსი მისაღებია. ამ მხრივ განსაკუთრებით წამგებიან სიტუაციაში “ნაციონალი” მანდილოსნები არიან. ყოველ შემთხვევაში, ძნელად მოიძებნება ადამიანი, რომელიც იტყვის, ჩიორა თაქთაქიშვილის, ან ეკა ხერხეულიძის ფანი ვარო. ახლა, ხალხის ასპროცენტიანი სიყვარულით არც “ოცნების” “ქალური ფრთა” გამოირჩევა, მაგრამ, მაგალითად, თეა წულუკიანი საზოგადოების აშკარა ფავორიტია. მაშ ასე, ჩვენებურ პოლიტიკოს დიაცებს სპეციალურად “ქართული სიტყვისთვის” ფილოსოფოს-ანთროპოლოგი, პროფესორი ვახუშტი ფარცვანია ახასიათებს:

_ ქალი ამოუცნობი, დიდებული და მრავალმხრივი ფენომენია და მას შემდეგ, რაც კაცობრიობამ აქცენტი დემოკრატიულ ფასეულობებზე გააკეთა, პოლიტიკაში ქალის ფუნქციური დატვირთვა აღარავის უკვირს. კავკასია და, მათ შორის, საქართველოც დღემდე პატრიარქალურია და, შესაბამისად, ქალს პატივისცემით ეპყრობიან. სხვათა შორის, იმ შეურაცხყოფის გამო, რაც ზურაბ ჭიაბერაშვილმა “ქართლის დედას” მიაყენა, საშინელი განცდა დღემდე არ გამნელებია. საერთოდ, დედის ფენომენზე უსაზღვროდ შეყვარებული ვარ. ამასთან ქალიშვილი მეზრდება, ჩემსავით მოაზროვნე ბევრი ადამიანის სატკივარს გამოვთქვამ და რიტორიკულ შეკითხვას ვსვამ: იმ პოლიტიკოსმა ქალებმა, რომლებიც დღეს ოპოზიციაში არიან, რატომ არ გამოთქვეს პროტესტი  ჭიაბერაშვილის უღირს გამოხტომასთან დაკავშირებით? 

ჩემთვის ქალი სისუფთავესთან, იმედთან, სიყვარულსა და მომავალთან ასოცირდება. ყველაფერი ეს კი, დედასთანაა დაკავშირებული...

სიამოვნებით ვისაუბრებდი წარმატებულ მეცნიერ, მწერალ, მსახიობ, კარგ მეოჯახე ქალზე, მაგრამ რეალობას ვერ გავექცევით _ ქართულ სინამდვილეს პოლიტიკოსობის ამბიციის მქონე ქალები ჰყავს. არადა, პოლიტიკა, თავისი მრვალფეროვნებითა და მნიშვნელობით, კაცობრიობის მიერ შექმნილ ხელოვნების ყველა დარგზე უფრო დიდია, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაპატიეთ და, ქალის სისუფთავე სხვაა და პოლიტიკა კი, _ სხვა. დღეს საქართველოში კი არა, მსოფლიოშიც, არათუ პოლიტიკოსი ქალები, კაცებიც ცოტანი არიან. ქართველი ქალები, შეიძლება, გარკვეულ თეორიულ ცოდნას ამჟღავნებენ, მაგრამ ეს პოლიტიკოსობა არაა...

ქართველებს გვყავდა დიდი პოლიტიკოსი ქალბატონი _ თამარ მეფე, მონარქიული წყობის შვილი, რომელმაც პოლიტიკა ბავშვობიდან, ოჯახურ გარემოში შეისისხლხორცა, შეისწავლა და მისი პოლიტიკური შეხედულებები ოჯახთან ერთად დუღაბდებოდა. თამარს ჰქონდა განსაკუთრებული ცოდნა და ნიშან-თვისება, რაც ქვეყნის მართვის უფლებას აძლევდა. თამარის მეფობისას საქართველო გაძლიერდა და საშინაო თუ საგარეო საქმიანობაში არნახულ წარმატებას მიაღწია, ამიტომაც თამარის მეფობის პერიოდს ისტორიამ ,,ოქროს ხანა” უწოდა.

საქართველოში პოლიტიკა და, შესაბამისად, პოლიტიკოსი ქალებიც სტიქიურად ყალიბდებიან, რადგან, სხვა თუ არაფერი, სათანადო მართვის სკოლები და დიპლომატიის მსოფლიო დონის სასწავლებლები არ გვაქვს. ჩვენთან ჯერ დეპუტატები, მინისტრები ხდებიან და მერე _ პოლიტიკოსები. არადა, ადამიანი პოლიტიკოსი მოწოდებით უნდა იყოს, რასაც დაემატება ცოდნა, სათანადო აღზრდა და შესაფერისი განათლება...

პარლამენტსა თუ საჯარო ინსტიტუტებში გაუწონასწორებელი ფსიქოტიპების მოზღვავებაა. არადა, პარლამენტი ეგოცენტრისტული ხუშტურების გამოხატვის ადგილი არაა. ამასთან, მხრებს სიძულვილის ენაც შლის და ასეთ დროს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ორგანოებში ქალის ყოფნა აუცილებელია, რადგან ქალი სინაზისა და დედის სითბოს მატარებელი ფენომენია და ის შეძლებს გაერთიანებას, ურთიერთობის დაბალანსებას. სტატისტიკით, ქვეყნის უმაღლეს ორგანოებში ქალთა მონაწილეობა 12%-ია, მე თუ მკითხავთ, 30-დან 40 პროცენტამდე უნდა იყოს.
ამავე დროს, არ უნდა დავივიწყოთ, რომ ქალი დედობისთვის, მამაკაცისთვის, ოჯახისთვისაა გაჩენილი. პოლიტიკა, მით უმეტეს, არადემოკრატიული, ქალს აუხეშებს, გამოწურულ ლიმონს ამსგავსებს და ასეთი ქალი ოჯახში არავის სჭირდება.

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ძლიერი, ყოჩაღი ქალია, რომელიც ოჯახის უღლისგან ჯერ თავისუფალია და მორალური უფლება აქვს, რომ თავი მთლიანად პოლიტიკას მიუძღვნას, მაგრამ უნდა ახსოვდეს, რომ საკუთარ თავში ქალის, დედის რეზერვი დაიტოვოს. თეა წულუკიანმა ერთ-ერთ გადაცემაში ჩიორა თაქთაქიშვილს უთხრა, სუსტ ქალებთან არ ვკამათობო. იუსტიციის მინისტრს ვეთანხმები და მიმაჩნია, რომ ქალბატონი ჩიორას როლი გაურკვეველია _ ჯერ უნდა გაიზარდოს და, მინიმუმ, დამოუკიდებელ აზროვნებას მიეჩვიოს.
ისე, ,,ქართული ოცნების” საქმიან პოლიტიკოს ქალებს _ ეკა ბესელიას, თინა ხიდაშელსა თუ თეა წულუკიანს ზომბირებულ “ნაციონალ” ქალბატონებს ვერც შევადარებ.

კიდევ ერთი გაუგონარი ფაქტი: 23-25 წლის პარლამენტარი გოგონები. ისეთ რთულ მდგომარეობაში, როგორშიც დღეს საქართველოა, ამ ასაკის დეპუტატი სამარცხვინოა. ეს პორნოპოლიტიკაა! პარლამენტში 50-55 წლის ჭკუადამჯდარი, გამოცდილი, პატიოსნებასა და საქვეყნო საქმეებში გამოჯეგილი პიროვნებები უნდა იყვნენ, რომლებიც უმნიშვნელოვანეს საკითხებს გადაწყვეტენ!