ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სიტუაციის გაკონტროლებას კვლავ ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტები ცდილობენ. ამის შესახებ კითხვები ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილს დავუსვით, რომელსაც თითქმის ყოველდღიური შეხება აქვს პენიტენციურ სისტემასთან.
- იმის მცდელობა, რომ ე.წ. კრიმინალურმა სამყარომ აკონტროლოს ციხეები და არა ადმინისტრაციამ, არის და ყოველთვის იქნება ნებისმიერი სახელმწიფოს ციხეებში. სხვა საკითხია, მყარად დგას თუ არა ადმინისტრაცია, დეპარტამენტი და სამინისტრო, რომ ეს არ დაუშვას. ჩემი ინფორმაციით, ეს ნაკლებად ხდება საპყრობილეებსა და ციხეებში, გავლენების გაძლიერება უფრო მეტად გახსნილ სისტემაში, ე.წ. ზონებში ხერხდება. ვერ ვიტყვი, რომ კრიმინალური ავტორიტეტები სრულად აკონტროლებენ სიტუაციას, მაგრამ მათი გავლენა რომ გაძლიერდა და ადმინისტრაციის გავლენა შესუსტდა, ამის თქმა შემიძლია.
- ანუ სასჯელაღსრულების დეპარტამენტი და სამინისტრო პრობლემას თავს ვერ ართმევენ?
- გარკვეულ შემთხვევებში ეს ასეა და ალბათ ამანაც გამოიწვია მთელი რიგი ცვლილებები არაერთ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ვფიქრობ, სამინისტრო ცდილობს, რომ სადავეები ხელიდან არ გაექცეს. ერთი მხრივ, არის უკიდურესობა - წინა ხელისუფლების დროს სისტემას სადისტურად და არაადამიანურად მართავდნენ, რაც, რა თქმა უნდა, დაუშვებელია. მეორე მხრივ, ასევე დაუშვებელია ქაოსი და ის, რომ დაწესებულებებში სიტუაციას არა ადმინისტრაცია, არამედ კრიმინალური სამყარო, ე.წ. ავტორიტეტები აკონტროლებდნენ.
- რაში გამოიხატება ღია ტიპის დაწესებულებებში ადმინისტრაციის სისუსტე, რას ჰყვებიან პატიმრები?
- პატიმრები მიყვებიან, რომ არის თამაშის, "ობშიაკების" შეკრების, ნარკოტიკის შეტანის, ზედამხედველების შეურაცხყოფისა და სხვა მცდელობები. ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, ეს მცდელობა წარმატებით ხორციელდებოდეს, ზოგში - არა, მაგრამ მცდელობები ნამდვილად არის და იქნება კიდეც. ამიტომ აუცილებელია, დეპარტამენტმა და სამინისტრომ პოზიციის სიმყარე გამოიჩინოს.
- თქვენი აზრით, ამას ხომ არ უკავშირდება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის შეცვლა?
- არ გამოვრიცხავ, ამითაც იყო განპირობებული დეპარტამენტის ხელმძღვანელის შეცვლა. ვერ ვიტყვი, რომ მაია ხასია ამ ყველაფერს ხელს უწყობდა, მაგრამ შესაძლოა, იმ დოზით და იმ ზომით ვერ უშლიდა ხელს, რაც საქმისთვის იყო საჭირო. არსებობს კანონი, რომელიც ყველა გადაცდომას პასუხობს. მასში ვერ ჩაწერ, რომ გადაცდომისთვის უნდა აწამო ადამიანი, ფეხებით ჩამოკიდო ან გააუპატიურო, რასაც წინა მთავრობის დროს აკეთებდნენ. როდესაც ამდენი დამნაშავეა ერთად თავშეყრილი, ბუნებრივია, გადაცდომაც იქნება, მისი მცდელობაც და ძალადობაც. კანონი ამბობს, რომ ამის გამო პატიმარი უნდა ჩასვა კარცერში, მისი იზოლირება უნდა უზრუნველყო, შეუზღუდო პაემანი, დარეკვა და თუ არის სისხლის სამართლის დანაშაული, გაასამართლო. არავითარ წამებას და ოჯახის აწიოკებას კანონი არ ითვალისწინებს. ეს განსხვავებაა კანონიერ წესრიგსა და სადისტურ, არაადამიანურ რეჟიმს შორის, რომლითაც ამაყობდა ჩვენი წინა ხელისუფლება - აი, როგორი წესრიგი დავამყარეთ ციხეებშიო. ასეთი წესრიგი ფაშისტებსაც ჰქონდათ დამყარებული, სტალინსაც, ბოლშევიკებსაც. ასე მართვა ადვილია, კანონით მართვა - ძნელი. ცალკეულ შემთხვევას დროულად და კანონის საფუძველზე აღკვეთა სჭირდება, რათა ეს სისტემაში ჩვეულებრივ ამბად არ იქცეს.
- ხელისუფლების ცვლილების პერიოდში მართლა იყო საპატიმროებში მასობრივი ბუნტის მცდელობა?
- იყო, ვინაიდან ციხეებში ძველ ხელისუფლებას უამრავი აგენტურა ჰყავდა, რომლებიც ორგანიზებას უწევდნენ ბუნტს, მაგრამ მათი მცდელობა ჩაიშალა.
P.S. სასჯელაღსრულების სამინისტროს განმარტებით, ციხეებში სრულად კონტროლდება ვითარება და მიუხედავად პატიმართა ცალკეული მცდელობისა - დაიკავონ "პრივილეგირებული მდგომარეობა", ეს არ მიიღებს სისტემურ ხასიათს.