1868 წელს, ოსმალეთის სულთანმა აზიზიემ დედის, ვალიდე ხანუმის თხოვნით, ოსმალო სამხედროებისთვის _ ასკერებისთვის ბათუმში სახელდახელო ხის მეჩეთი ააშენა, რომელიც მეოცე საუკუნის 40-იან წლებში ხანძარმა შთანთქა... 300 წელი გმინავდა აჭარა თურქეთის უღელქვეშ. ამიტომაც მთელ საქართველოს და, განსაკუთრებით, აჭარის მოსახლეობას აზიზიეს სახელობის მეჩეთის აშენება წინაპართა ხსოვნის უპატივცემულობად და გენერალ გიორგი მაზმიშვილის მეთაურობით, იმ იუნკრების ღვაწლის გაქარწყლებად მიაჩნია, ვინც სიცოცხლე ძირძველი ქართული მიწის დედა-სამშობლოსთან შეერთებას შესწირა! აზიზიეს მეჩეთის გარშემო ატეხილი ვნებათაღელვა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დავუთოღლუს განცხადებამ კიდევ უფრო გაამწვავა. სხვათა შორის, ,,ქართული ოცნება”, პირველი ოქტომბრის არჩევნების წინ, აჭარლებს დაპირდა, რომ მეჩეთი არ აშენდებოდა. მეტიც, “ოცნებელი” მურმან დუმბაძე, რომელმაც არჩევნების შემდეგ პარლამენტის ვიცე-სპიკერის თანამდებობა მიიღო, იქადნებოდა, თუკი სააკაშვილი მეჩეთს ააშენებს, “ბულდოზერებით გადავუვლითო”. დღეს ბატონი დუმბაძე სხვანაირად ფიქრობს. ყოველ შემთხვევაში, ცნობილია, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლებისა და ოფიციალური ანკარას შეთანხმებით, ბათუმში აზიზიეს მეჩეთი აშენდება. აქვე, აღსანიშნავია, რომ ბათუმელთა უმეტესობა მეჩეთის წინააღმდეგია...
შოთა ზოიძე, მწერალი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი: _ თავის დროზე აზიზიეს მეჩეთს სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა და ბათუმელი მუსულმანებიც თვლიან, რომ მეჩეთი არ უნდა აშენდეს... რაც შეეხება პრემიერის თურქეთში ვიზიტს და ამ საკითხზე გაკეთებულ განცხადებას, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ბატონი ბიძინა ამ თემაზე სალაპარაკოდ მზად არ იყო, რადგან პროტოკოლით ეს საკითხი არ განიხილებოდა. დღეს თურქეთში, საქართველოს წარმომადგენლობაში, პრეზიდენტის სამსახურში მყოფი პიროვნებები მუშაობენ და ორი მთავრობის წარმომადგენელთა შეხვედრაზე ეს თემა სწორედ მათ “შეაგდეს”... თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებამ ეს საკითხი უკიდურესად გაამწვავა. თავის დროზე საქართველოს კულტურის მინისტრმა, ნიკოლოზ რურუამ გაახმიანა, აზიზიეს მეჩეთის აგების სანაცვლოდ, თურქეთის ტერიტორიაზე ქართული ძეგლების რესტავრაცია ჩატარდებაო. ამ საკითხს აჭარის ინტელიგენცია მაშინვე გამოეხმაურა _ პირადად მე, არაერთი სტატია გამოვაქვეყნე, საპატრიარქოსაც მივმართე, მიტინგებიც ჩავატარეთ... ,,ნაცმოძრაობა” აჭარაში თურქულ ექსპანსიას ხელს დღესაც უწყობს! სააკაშვილმა, თავისი მმართველობის პერიოდში, 150 მეჩეთი და სამოცამდე მედრესე აგვიშენა, ეს დანაშაულია! კარგი, ბატონო, მუსულმანს მაქვს უფლება, სალოცავი მქონდეს, მაგრამ 10 წლის ბავშვებს მედრესეში რომ ერეკებიან, ამით ქართველი საგანმანათლებლო უწყების ჩინოვნიკები არ უნდა დაინტერესდნენ? ორი წლის წინ, ფერიასთან ვინმე რობაქიძის მამული იყიდეს, საკლასო ოთახები და საძინებლები მოაწყვეს, საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან 120 ბავშვი ჩამოიყვანეს და ფერიის საშუალო სკოლაში ჩარიცხეს. ბავშვები იქ ცხოვრობენ, ჭამენ-სვამენ, აცმევენ. ყველაფერ ამას ვინ აფინანსებს? რა უფლებით მიიღო ფერიის სკოლამ 120 ბავშვი? ვინ მისცა ლიცენზია ე.წ. თურქულ ინტერნატს? _ ამის შესახებ მივწერე აჭარისა და საქართველოს განათლების სამინისტროებს, მთავრობას, პარლამენტს, პრეზიდენტს, მაგრამ პასუხი არ მიმიღია... ფერიის სკოლის რამდენიმე მოსწავლეს შევხვდი, ისინი შეშინებული თვალებით მიყურებდნენ. მითხრეს, თურქულს ვსწავლობთო. სამშობლოს სიყვარულზე ვესაუბრე, ლექსები წავუკითხე, მათ შორის, _ რაფიელ ერისთავის ,,სამშობლო ხევსურისა”.
აჭარაში უმძიმესი ვითარებაა _ სააკაშვილი ანგარიშს დასავლეთიდან შემოგდებული, უკუღმა გაგებული იდეებით გვისწორებს! აჭარაში განათლება მხოლოდ მდიდართა ფუფუნებაა. არ შეიძლება, ტოლერანტობა ეროვნული ცნობიერების წინააღმდეგ იყოს მიმართული. რახან ტოლერანტი ვარ, ამიტომ შვილები მედრესეში უნდა შევიყვანო? სოფლები მოითავეს და ახლა ბათუმს მოადგნენ... მესმის, რომ ქართველი მუსულმანი თვითონ აღადგენს სალოცავებს, მაგრამ როცა ამას უცხოელი აფინანსებს, ეს ანტიკონსტიტუციურია! ჰკითხეთ, აბა, სრულიად საქართველოს მუსულმანთა მუფტს, ხოჯებს ხელფასს ვინ უხდის? აჭარელ მუსულმანს პურის ფული აქვს საშოვნელი და ხოჯის ხელფასისთვის სად სცალია? ბათუმის დღევანდელი ჯამე არაფერია, თუ არა პოლიტიკური ცენტრი. ჩემი წინაპარი, ალექსანდრე ზოიძე, 34 წლის კაცი, დანდალოს ხიდზე დაკლეს, რადგან მუსულმანობაზე უარი ასობით ქართველთან ერთად თქვა. მაშინ მდინარე აჭარისწყალი ქართველთა სისხლით წითლად შეიღება... ასე ცეცხლითა და მახვილით ვრცელდებოდა მაჰმადიანური სარწმუნოება აჭარაში და დღეს სააკაშვილი იქით გვაბრუნებს _ ამჯერად უსისხლოდ, თურქების ხელში ფულით გვაგდებს!
ჭკუა სხვის მაგალითზე მაინც ვისწავლოთ: 1974 წელს თურქეთმა ჩრდილოეთ კვიპროსი დაიპყრო, 133 ეკლესია გაასწორა მიწასთან, 77 კი, მეჩეთად გადააკეთა. თურქეთის მეჯლისში კანონია შეტანილი, რომ “აია სოფია” ისევ გადაკეთდეს. მოკლედ, თურქეთში მდებარე ქართულ ეკლესია-მონასტრებს ახლა, შეიძლება, რესტავრაცია ჩაუტარდეთ, მაგრამ 10-15 წლის შემდეგ, ისევ მეჩეთებად აქცევენ. პატრიარქმა დავუთოღლუს წირვა-ლოცვის აღდგენასთან დაკავშირებით პირობა წაუყენა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი უწმინდესს დაჰპირდა, მაგრამ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, გეგმაში მსგავსი არაფერი გვაქვსო.
ვანო პაპუნიძე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. _ მეჩეთისთვის აზიზიეს სახელი რომ არ დაერქმიათ, მის აშენებას, შესაძლოა, ასეთი რეაქცია არც მოჰყოლოდა, მაგრამ ამ სახელმა საზოგადოება გამოაფხიზლა. პრეზიდენტ სააკაშვილს საქართველოში თურქების კანონის გვერდის ავლით ჩამოსახლება არასოდეს დაუგმია და მუსულმანური სალოცავის აშენებასთან დაკავშირებით არც ხალხის აზრით დაინტერესებულა. მეტიც, ამ გაუგონარ პროცესებს საფუძველი სწორედ მან ჩაუყარა _ კაცი თურქეთში დადის და უცნობებს საქართველოს მოქალაქეობას სთავაზობს და ეს მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეობას ბიძინა ივანიშვილს არ აძლევს. ერთხელ, სააკაშვილმა თქვა, დედაჩემმა მითხრა, თურქეთი ჩვენი მტერი არასოდეს ყოფილაო. სხვათა შორის, სააკაშვილის დედა, გიული ალასანია, რომელიც თურქოლოგია, ჯერ კიდევ ,,ვარდების რევოლუციამდე” ლობირებდა აჭარაში თურქულ საერო საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნას.
გიული ჯაყელი, ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელი: _ ჩვენმა ახლადშექმნილმა პარტიამ აზიზიეს მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით გამოკითხვა ჩაატარა და მეჩეთის აშენებას მხარი მხოლოდ ერთმა პროცენტმა დაუჭირა. სხვათა შორის, ოფისში 80 წელს გადაცილებული მუსულმანები მოდიოდნენ და გვთხოვდნენ, მოგვეცით ბლანკი, ხელი რომ მოვაწეროთ, არ გვინდა თურქეთში დაბრუნებაო. სამწუხაროდ, სტუდენტების ნაწილი ამ საშიშროებას ვერ ხედავს და ამბობს, მერე რა, აშენდეს მეჩეთიო.
გვაქვს მასალები 1997 წელს აჭარიდან თურქეთში სასწავლებლად წასული ახალგაზრდების შესახებ, რომლებიც უკან მსტოვრებად დაბრუნდნენ... თურქეთიდან ძალიან დიდი დაფინანსება მოდის, ყველა სოფელშია სალოცავი და მათი რიცხვი უკვე 147-ია... გასულ ზაფხულს, შუამთობას, ბატონ ბიძინას ხულოში ვახლდით _ თავი თურქეთში მეგონა. ყველაფერი ეს კი, წინა ხელისუფლების პოლიტიკის შედეგია: ბარად ჩამოსულმა სტუდენტების მშობლებმა სწავლის ქირა ვერ გადაიხადეს, ამით თურქმა ისარგებლა და ეს ბავშვები წაიყვანა, ჩააცვა-დაახურა, ასწავლა, მათი ოჯახები ფინანსურად უზრუნველყო... მოკლედ, რაც თურქმა ხმლით ვერ გააკეთა, კაპიტალით გააკეთა...
ჩემი ინფორმაციით, სააკაშვილის მთავრობას ხელი მოწერილი აქვს რაღაც ვალდებულებაზე, რომლის შესრულებაც თურქეთმა ახალ ხელისუფლებას მენტორული ტონით მოსთხოვა. კი ბატონო, ავუშენოთ მუსულმანს სალოცავი, მაგრამ თურქი უკვე იმაზე საუბრობს, რომ 110 წლის წინ დაკარგულ ტერიტორიას სარფიდან ჩოლოქამდე უკან მშვიდობიანი გზით იბრუნებს.
ერთ ისტორიას გიამბობთ: ჩემი მეგობარი გოგონა, სარფის გახსნის შემდეგ, მშობლებმა თურქეთში მცხოვრებ ხიმშიაშვილზე გაათხოვეს. დიდი ხნის წინ მასთან სტუმრად ვიყავი და მითხრა, მინდა, საქართველოს მოქალაქეობა დავიბრუნოო. მისი წერილობითი თხოვნით შევაწუხე პარლამენტი და სხვა სათანადო ორგანოები, მაგრამ ვერაფერს მივაღწიე... თურქებს კი, საქართველოს მოქალაქეობას 15 წუთში აძლევენ!
სააკაშვილმა ბათუმის ,,შერატონის” ამშენებელ თურქს ორდენი ჩამოჰკიდა და განუცხადა, თქვენს მიწაზე, თქვენს მხარეში ხართო. მერე, ,,შერატონის” ადმინისტრაციამ წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის აღება მოითხოვა, მანქანების სადგომი არ გვყოფნისო. ამასწინათ, ადა მარშანია მესტუმრა და სევდიანად მითხრა, თქვენ ეიფორიაში ხართ და საფრთხეს ვერ გრძნობთ, რომ აჭარა თურქეთის ლომბარდშია ჩადებული, დაპირისპირება აფხაზეთშიც ასე იწყებოდაო...
ამბობენ, თურქებთან მებრძოლი ქართველების საფლავზე, აზიზიეს მეჩეთის პროექტში, სამებაზე დიდი კომპლექსის აშენებაა დაგეგმილიო. ეს შეურაცხყოფაზე მეტია, თურქეთი ჩვენი ისტორიული მტერია და თურქები აჭარლებისთვის ძმები არასოდეს გახდებიან. სხვათა შორის, თურქეთში მცხოვრები, წარმოშობით ქართველებიც ერიდებიან თურქ ოჯახებთან დამოყვრებას.
ძველ ბათუმში, როგორც ვიცი, თურქებმა მართლმადიდებელ მღვდელს მოსთხოვეს, ანაფორის კალთა აიკეცე და ქუჩაში ისე იარეო. დიახ, აქაურობის ბატონ-პატრონები თურქები არიან _ შენობებს ერთ ლარად ყიდულობენ და სწორედ ესაა ექსპანსია!
გვარად ჯაყელი ვარ, ჯაყელების საგვარეულო მამული სამცხე-საათაბაგოა. გავიგეთ, რომ ახმედიეს მეჩეთის რესტავრირებას აპირებდნენ. მთელი გვარი ფეხზე დადგა _ დავასწარით თურქებს და შევაკეთეთ. ახლა იმაზე გვედავებიან, რესტავრაცია არასწორად მოხდაო.
აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის თაობაზე ხელშეკრულება არავის უნახავს, მხოლოდ თურქებს დაჰქონდათ მაკეტი _ იმხელა შენობა იყო, ზღვით შემოსულს პირველად თვალში ეს მოგხვდებათ...
ისიც გამიზნულად ხდება, როცა ამბობენ, ხალხი ვერ ეტევა ბათუმის ჯამეშიო. სინამდვილეში, პარასკევობით, სოფლებიდან ხალხი ავტობუსებით ჩამოჰყავთ, ფოტოებს უღებენ და მერე, გაიძახიან, აი, ლოცვის დროს მომლოცველები ქუჩაში დგანან... როგორც ვიცი, ასეთი გეგმა არსებობს: თუკი აჭარაში თურქეთის მოქალაქეთა რიცხვი 35 ათასს მიაღწევს, შეუძლიათ, რეფერენდუმი ჩაატარონ და ავტონომია მოითხოვონ! ისე, ჩვენი შეცდომაცაა _ იმ სოფლებში, სადაც მედრესეები შენდებოდა, პარალელურად, ეკლესიებიც უნდა აგვეშენებინა.
ამასწინათ, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი, 7-8 ბიჭი ოფისში მოვიდა და სკანდალი მოგვიწყო, როგორ ბედავთ და მეჩეთის აშენებაში ხელს გვიშლით, ამით ჩვენს უფლებებს არღვევთო. ბათუმში, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ვინმე ნაკაიძე გავიცანი, რომელიც თურქეთიდან დაბრუნდა და აქ სანოტარო საქმიანობას ეწევა. ძალიან განათლებული, რადიკალური შეხედულებების, ქართული გარეგნობის ოცდათხუთმეტწლამდე ახალგაზრდა კაცია. ნაკაიძის სანოტარო კანტორა თურქეთის მოქალაქეებს უკანონო ქონების დაკანონებაში წარმატებით ეხმარება. ჩვენი საუბრის ბოლოს მან მითხრა, შვიდი მუსულმანი რომ დადიოდეს ბათუმის ქუჩებში, ათი მეჩეთი მაინც აშენდებაო. ძალიან გამიჭირდა ქართველი კაცისგან მსგავსი სიტყვების მოსმენა და ვკითხე, განა, რას გიხდიან ქვეყნის გაყიდვაში-მეთქი?..
მედრესეებითა და ჯამეებით გადატენილ აჭარულ სოფლებში საპატრიარქოს მიერ დაარსებულ-დაფინანსებული ხიჭაურის უნივერსიტეტი ნათელ სვეტად დგას, სადაც სწავლა მხოლოდ რეგიონის კი არა, აჭარიდან გადასახლებული ეკომიგრანტებისთვისაც უფასოა, თუმცა ერთი პატარა შენიშვნა თუ საყვედური მაქვს: მითხრეს, მუსულმანი ახლგაზრდებისთვის ხიჭაურის კარი დაკეტილიაო. იქნებ, ჩემი თხოვნა იმის ყურამდე მივიდეს, ვისაც ეს საკითხი ეხება: ნუ ჩაუგდებთ ხელში ჩვენ სისხლსა და ხორცს ჩვენს ავისმოსურნეს, მოუფრთხილდით მომავალს.
P.S. ბათუმის ზღვის პირას, ნავსადგურთან ახლოს ,,ჭაჭა-თაუერია” _ “მაიაკი” გემებისთვის. როგორც ბათუმში მითხრეს, ამ კოშკს ჭაჭასთან საერთო არაფერი აქვს და ის თურქეთის ძლიერების სიმბოლოაო... ერთმა ბათუმელმა კი მიამბო, თუ როგორ გაუბრაზდა თურქი იმის გამო, რომ ბათუმელმა ქართველმა კაცმა თურქული არ იცოდა. რა ვქნათ, სანამ დროა, თურქული ხომ არ ვისწავლოთ?!