"გამოაცხადებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი საგანგებო მდგომარეობას?"

"19 აპრილთან დაკავშირებით არსებობს რამდენიმე ვერსია და მათ შორის ერთ-ერთი ასეთია: თუ მოხდა მასობრივი არეულობა, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს საგანგებო მდგომარეობას და ხელში მთლიანად იღებს ძალაუფლებას. როგორ ვითარდება მოვლენები ამის შემდეგ, რა უფლებები აქვს პრეზიდენტს კონსტიტუციის მიხედვით? ამაზე "ალიას" საქართველოს პარლამენტის წევრი, ვახტანგ ხმალაძე ესაუბრა", - წერს გაზეთი "ალია" სტატიაში სათაურით "გამოაცხადებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი საგანგებო მდგომარეობას?".

"მე არა მგონია, რომ ასეთი რამ მოხდეს, მაგრამ ჩვენ ვილაპარაკოთ, როგორია საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების წესები კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში. ასეთ შემთხვევებს მიეკუთვნება ეპიდემიები, სტიქიური უბედურებები და მასობრივი არეულობები. ამ დროს პრეზიდენტს აქვს უფლება, გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა და ეს გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა წარუდგინოს პარლამენტს. პარლამენტი ვალდებულია, შეიკრიბოს 48 საათის განმავლობაში… ანუ შეუძლია, შეიკრიბოს მაშინვე, 5 საათის შემდეგ, ერთი დღის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა და კენჭი უყაროს საგანგებო მდგომარეობის დამტკიცებას, რისთვისაც საკმარისია ხმათა ჩვეულებრივი უმრავლესობა. თუ პარლამენტმა არ დაამტკიცა, პრეზიდენტის ინიციატივა გაუქმებულად ითვლება", - აცხადებს ვახტანგ ხმალაძე.

"პრეზიდენტს შეუძლია, დაითხოვოს მთავრობა, მაგრამ ამ პერიოდში ძველი მთავრობა აგრძელებს უფლებამოსილებას. დავუშვათ, მან წარმოადგინა ახალი მთავრობა, პარლამენტს შეუძლია, არ დაუმტკიცოს. ამის შემდეგ კიდევ ორჯერ უნდა წარმოადგინოს და არდამტკიცების შემთხვევაში ეძლევა პარლამენტის დათხოვნის უფლება, მაგრამ ნუ დაგავიწყდება, რომ სადაცაა მაისიც დადგება, რის შედეგაც სააკაშვილი ვეღარ დაითხოვს პარლამენტს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ხმალაძე.

"როდესაც პრეზიდენტი აცხადებს საგანგებო მდგომარეობას, ეს ბრძანებულება ძალაში შედის იმ წუთსვე, ანუ საჯაროდ გამოცხადებისთანავე, მაგრამ, როგორც კი პარლამენტი შეცვლის გადაწყვეტილებას, საგანგებო მდგომარეობა უქმდება. ასევე მან უნდა მიუთითოს მთელი რიგი სავალდებულო პარამეტრები: რა ტერიტორიაზე ცხადდება, რამდენი ხნით ცხადდება, რა უფლებები იზღუდება. მაგალითად, ვის როგორ ეძლევა გადაადგილების უფლება. ასევე, როგორ შეიძლება ინფორმაციის გავრცელება. ყველაფერი ეს უნდა იყოს აღნიშნული პრეზიდენტის ბრძანებულებაში", - დასძენს რესპონდენტი.