ვანო მერაბიშვილის ისტორია უკვე "ბიჭი კონკიას" ისტორიას ემსგავსება. ცნობილი ფაქტია, რომ ქვეყნის ექსპირველი პოლიციელი ქალაქ ახალციხეში დაიბადა და გაიზარდა. როგორც ამბობენ, ვანოს არცთუ ისე დალხინებული ბავშვობა ჰქონდა, რადგან მის ოჯახს თურმე ძალიან უჭირდა და ნათესავების თანადგომით გაჰქონდათ თავი. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და მერაბიშვილების ოჯახი წელში გაიმართა. ალბათ, თვითონაც არ გაახსენდებოდათ წარსული სიღატაკე, პრეზიდენტს რომ არ ეთქვა, გაღლეტილია მერაბიშვილიო. მერაბიშვილის "ფინანსური კრიზისი" მისმა მეგობარმა ბიზნესმენმა გიორგი კორახაშვილმაც დაადასტურა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში: "ვანოს ბინა არა აქვს და ჩემთან ცხოვრობსო". გიორგი კორახაშვილი ცნობილი მომღერლის, ნინო ჩხეიძის მეუღლეა, მომღერალი კი, თავის მხრივ, ვანო მერაბიშვილის ცოლის, თაკო სალაყაიას დაქალია. სწორედ კორახაშვილისა და ჩხეიძის ბინაში გადაიხადა 15 აპრილს მერაბიშვილმა დაბადების დღე. იუბილარისთვის დათო არჩვაძეს უმღერია, თამადობა კი ქალაქის მერისთვის ჩაუბარებიათ.
"ნაციონალების" გენმდივნის "სადღესასწაულო ყრილობაზე", როგორც ამბობენ, პეზიდენტი მიწვეული არ ყოფილა, თუმცა მიუხედავად ამისა, შუა ქეიფის დროს შეჭრილა და მოლხენა ისე გაუგრძელებია, თითქოს "ჩანგალზე" მისული სტუმარი არ იყო.
საინტერესოა, რომ იმ დროისთვის პეტრიაშვილის ქუჩაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ყველა სათვალთვალო კამერა გამორთული ყოფილა.
პეტრიაშვილის 27 ნომერში, სადაც ვანომ დაბადების დღე გადაიხადა, ცხოვრობს გენ-პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი და ქალაქის მთავარი პროკურორი მაია მწარიაშვილი. როგორც ლაშა ნაცვლიშვილმა "ალიასთან" საუბრისას განაცხადა, ის მერაბიშვილის დაბადების დღის აღნიშვნას არ შეუწუხებია, რადგან სახლში გამთენიისას დაბრუნებულა. რაც შეეხება იუბილარის სტუმრებს, მერაბიშვილს დაბადების დღეზე "ნაცების" მთელი ელიტა დაუპატიჟებია. პოლიტიკოსების გარდა, იუბილეზე მომღერლებიც იყვნენ მიწვეული. დაბადების დღეს ასევე ესწრებოდა მეორე ვანო, რომელსაც ზედმეტ სახელად "ნაციონალების ჯამბაზს" უწოდებენ.
"ალია" ვანო ჯავახიშვილს დაუკავშირდა:
- ვანო, გამარჯობა "ალიადან" გირეკავ. როგორც ვიცი, ვანო მერაბიშვილის დაბადების დღეზე იყავი...
- საიდან იცით, უკაცრავად?
- ჩვენამდეც მოდის ინფორმაციები.
- ხო, ვიყავი.
- რა მიართვით საჩუქრად?
- უმნიშვნელო საჩუქარი ვიყიდე, კონიაკი.
- თუ იცი, მოეწონა?
- არ ვიცი, მგონი, არ უნახავს.
- ვანო, როგორც ვიცი, მოგვიანებით პრეზიდენტიც მოსულა.
- იცით, რა, შემდეგი დეტალები მე არ ვიცი, რადგან მალევე წამოვედი.
- დაბადების დღეზე თავად მოგიწვიათ ვანომ?
- რამდენიმე ხნის წინ ჩვენ გვქონდა ჩაწერა გადაცემის, მაშინ დამდო პატივი და დამპატიჟა.
როგორც უკვე აღვნიშნე, ნინო ჩხეიძეს მერაბიშვილების ოჯახთან მეგობრული ურთიერთობა აქვს, რაც "ალიასთან" სატელეფონო საუბრისას მომღერალმა თავად დაადასტურა:
- ნინო, რამდენადაც ვიცი, ვანო მერაბიშვილმა დაბადების დღე თქვენს სახლში გადაიხადა.
- რას ნიშნავს ჩემს სახლში გადაიხადა, ვანო მანდ ცხოვრობს.
- ანუ, თქვენს სახლში ცხოვრობს?
- დიახ.
- რატომ?
- იმიტომ რომ არ ჰქონდა ბინა. ჩემი მეგობრები არიან და ცხოვრობენ ჩემს სახლში.
- დიდი ხანია?
- არჩევნების მერე.
- კარგი ნინო. იქნებ მითხრა, რა ხდებოდა დაბადების დღეზე?
- მე დავდივარ მეგობრების დაბადების დღეებზე, ვქეიფობ და მერე არ ვყვები, რა ხდებოდა. ჩვეულებრივი დაბადების დღის აღნიშვნა იყო.
მერაბიშვილის იუბილეზე ბევრი სიმღერა შესრულებულა. შეზარხოშებულ "ნაცებს" "ასეთია ქურდი კაცის ბედზეც" კი უცეკვიათ.
ეს, ალბათ, უკვე ბედის ირონიაა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი მერაბიშვილის ქონების ნუსხაში თბილისში ერთი ბინაც თუ არ შედიოდა. თუმცა, როგორც ამბობენ, "ნაციონალებში" კომპრომატების ომი გაგრძელდება და იმასაც გავიგებთ, რის პატრონია სინამდვილეში მერაბიშვილი.