დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელობა მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი აკადემიის საბაკალავრო პროგრამებზე მისაღები გამოცდების, მიღების ვადებისა და პირობების საკითხების განხილვა იყო. ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საბუთების მიღება 29 აპრილიდან იწყება.
აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე სამედიცინო შემოწმებას გაივლიან და ფიზიკურ ტესტს ჩააბარებენ. მიმდინარე წელს აკადემიაში 150 მსმენელის მიღება იგეგმება. აკადემიის რექტორმა ზურაბ აგლაძემ ჟურნალისტებს აკადემიაში მიმდინარე სასწავლო პროცესის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. ძირითადი ყურადღება ახალ საბაკალავრო პროგრამებზე გამახვილდა, რომლის აკრედიტაციის პროცესი უკვე მიმდინარეობს და მომავალ სასწავლო წელს პროცესი ამ პროგრამების მიხედვით წარიმართება.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კითხვების უმეტესობა ახალ საბაკალავრო პროგრამებს, სწავლის პირობებს და საფასურს შეეხებოდა. რექტორმა ჟურნალისტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მან ასევე განმარტა, რომ აკადემიის მთავარი პრიორიტეტი მსმენელი და მისთვის ხარისხიანი განათლების მიცემაა. აკადემიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა: სასწავლო და საცხოვრებელი კორპუსები, ბიბლიოთეკა, სასადილო და სპორტული კომპლექსი დაათვალიერეს.