შალვა ნათელაშვილი:

შალვა ნათელაშვილი: "ახლა მიშამ ბიძინას უნდა დაუდგას ძეგლი და სანთელიც დაუნთოს!"

"მე "ნაცმოძრაობას" წლების განმავლობაში ვაფრთხილებდი, მოღვაწეობას დაამთავრებთ უსახელოდ, დამნაშავეების სტატუსით და სამწუხაროდ, ქვეყანასაც გადაიყოლებთ-მეთქი. ხომ ნახეთ სააკაშვილის 2-საათიანი გამოსვლა? მას უნდა, დაგვიმტკიცოს ერთადერთი რამე: მე არაფერ შუაში არა ვარ, თუ რაღაცა მოხდა, ეს არის გარე ძალების ბრალი, ან კიდევ შიდა მტრების საქმიანობის შედეგი. მეტიც, ჩემი თანაგუნდელების დანაშაულებრივ მოღვაწეობაში არავითარი მონაწილეობა არ მიმიღიაო. ივანიშვილი მიშას აძლევს საშუალებას, რომ არა მარტო თვითრეაბილიტაცია მოახდინოს, არამედ სამომავლოდ კიდევ შემობრუნდეს პოლიტიკაში. აი, ახლა რასაც აშავებს სააკაშვილი, მომავალში რასაც დააშავებს და მერე უკან რომ შემოგვიტრიალდება, ამ ყველაფრის არქიტექტორი იქნება ივანიშვილი. აკვიატებად ნუ ჩამომართმევთ, ეს არის ფაქტი", - აცხადებს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი გაზეთ "ალიასთვის"მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ახლა მიშამ ბიძინას უნდა დაუდგას ძეგლი და სანთელიც დაუნთოს!".

"ამ პროცესში იქნება უამრავი მხილება, უამრავი სიბინძურე, მათ შორის სიმართლის თქმაც… განკითხვის ჟამი დაუდგათ "ნაციონალებს", მინიმუმ, თვითგანკითხვის ჟამი. ამათ რაც აწყენინეს ერთმანეთს ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ახლა დაიწყეს ანგარიშსწორება. როცა ვანო მერაბიშვილი მინისტრი იყო, რაღაცა აწყენინა მარიკა ვერულაშვილს, მაშინ ვერ გაბედა და ახლა მიეცა საშუალება, ილაპარაკოს. საერთო ჯამში, მე არ მწამს იმ დეპუტატისა, რომელიც თავის მომყვან პარტიას გმობს და გადადის სხვაგან. საქართველოში არასოდეს დამთავრდება პოლიტიკური პროსტიტუცია, სანამ არ მივიღებთ კანონს, რომლის მიხედვითაც, პარტიის დამტოვებელი დეპუტატი დაკარგავს მანდატეს. დამერწმუნეთ, მალე დადგება დრო, როცა ივანიშვილს დაუწყებენ ლანძღვას თავისივე გაყვანილი დეპუტატები", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას შალვა ნათელაშვილი.

"საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უფრო საინტერესო მოვლენებს უნდა ველოდოთ… "ნაციონალები" შეიცვლიან სახელწოდებას, გადაწყობას მოახდენენ თავიანთი ჭკუით, პარლამენტსგარეთ დარჩენილ ზოგიერთ პარტიას მიიერთებენ. მოხდება იგივე, რაც "მოქალაქეთა კავშირში" გააკეთა მიშამ. ძალიან ბევრი ვიცინე, როცა სააკაშვილმა თქვა, სად არის "მოქკავშირი", ვინმემ იცისო? ამ დროს თვითონ იყო ამ კავშირის ლიდერი. საერთოდ ვერ გავიგე, რა საკრალურ რიცხვად აქციეს ეს 19 აპრილი? ნაცვლად იმისა, რომ დამნაშავეები დასაჯონ, გამოაცხადეს კოაბიტაცია და იგონებენ ახალ-ახალ რაღაცებს, რათა რეალური სიტუაცია გადაფარონ. აი, გუშინ ახალაიამ გააკეთა განცხადება, დღეს - ადეიშვილმა, ხვალ სხვა გამოხტება და ამასობაში ყველაფერი ძვირდება. ივანიშვილი და მთელი მთავრობა თავის მანქანებში 1 ლარად და 80 თეთრად ასხამს "ვისოლში", ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის კიდევ 2 ლარი და 25 თეთრია, რა ენაღვლება?" - განაგრძობს რესპონდენტი.

"ივანიშვილმა რეალურად სააკაშვილი გადაარჩინა. ახლა მიშამ ბიძინას უნდა დაუდგას ძეგლი და სანთელიც დაუნთოს. მარტო მიშას არ ვგულისხმობ, გადახედეთ, ივანიშვილმა თავის სიაში ჩაწერა სააკაშვილის ყოფილი თანამებრძოლები, ძიძიგური, ირინა იმერლიშვილი, კირვალიძე, ონოფრიშვილი. ეს ერთი გუნდია… ახალ წელლს ერთად ხვდებიან, ღვინოს წრუპავენ. მერე მიცხადებენ, მიშას კულტურულად უნდა მოვექცეთო. მეტი რაღაა ძმობა და მეგობრობა? აგერ ივანიშვილის ბიზნესცენტრთან სხედან ბანკის ვალებში გადავარდნილი ქალები, შიმშილობენ და ზედაც არავინ უყურებთ. ეს არის მთავრობა? 16 აპრილს მიცვივდნენ თეა წულუკიანთან, არც იმან არ მიიღო. ესენი თავიანთ არსებობას დაამთავრებენ, როგორც ამთავრებს "ნაცმოძრაობა". "ნაცბანდა" 19 აპრილს გარეთ იმიტომ გამოდის, რომ დასავლეთს დაანახონ, ხალხის მხარდაჭერა ჯერ კიდევ გვაქვსო. რაც შეეხება მათ შიდა ჯახს, მოულოდნელი არაფერი ხდება", - დასძენს შალვა ნათელაშვილი.