„მე ვარ კახა კალაძე - ადამიანი, რომლის წარმატების უკან ყოველთვის იდგა ძლიერი გუნდი“

„მე ვარ კახა კალაძე - ადამიანი, რომლის წარმატების უკან ყოველთვის იდგა ძლიერი გუნდი“

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, დედაქალაქის მერობისთვის კვლავ კახა კალაძე იბრძოლებს. „ყველა დროის საუკეთესო“ - მერი ასე წარადგინა პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მოქმედი მერი.

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს აქვს პრინციპული პოლიტიკური დატვირთვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, კიდევ ერთხელ მივიღოთ მყარი პოლიტიკური მხარდაჭერა საზოგადოებისგან, მივიღოთ ყოველი მეორე ამომრჩევლის ხმა ამ არჩევნებშიც. დარწმუნებული ვართ, 2 ოქტომბერს ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ ეტყვის უარს პარტიებსა და პოლიტიკოსებს, რომელთა საქმიანობას წითელ ხაზად გასდევს დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის უგულებელყოფა, ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების დათმობა, სიცრუე და ღალატი. გვჯერა, რომ კიდევ ერთხელ გაიმარჯვებს სიმართლე - სიცრუეზე; ღირსება - უპრინციპობაზე; ერთგულება - ღალატზე; ჰუმანურობა და პატრიოტიზმი - ადამიანის, სამშობლოსა და ეკლესიის სიძულვილზე; სინათლე - სიბნელეზე; დასავლეთი - ჩრდილოეთზე. ეს გამარჯვება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის და მისი დემოკრატიული სისტემის შეუფერხებელი და სტაბილური განვითარება. მხოლოდ ამ პირობით არის შესაძლებელი, ავისრულოთ თითოეული ჩვენგანის ქართული ოცნება - საბოლოოდ დავძლიოთ სიღარიბე, გავხდეთ ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის სრულფასოვანი წევრი, დავიბრუნოთ ოკუპირებული აფხაზეთი და სამაჩაბლო, ჩვენი აფხაზი და ოსი დები და ძმები, მივაღწიოთ საყოველთაო ეროვნულ ერთიანობასა და კეთილდღეობას. სიმართლით და ხალხის მხარდაჭერით, ერთად გავიმარჯვებთ საქართველოს წინსვლისთვის!“, - განაცხადა კობახიძემ.

დღეიდან „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველოს მასშტაბით დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ მთაწმინდაზე, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის დასახელების ცერემონიალზე.

„საარჩევნო რეფორმა მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კიდევ მაღალი სტანდარტებით ჩატარდება. არჩევნებზე დამკვირვებლებად მოწვეულნი არიან საერთაშორისო ორგანიზაციების, დელეგაციების და მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც ამაში თავად დარწმუნდებიან. რაც შეეხება თბილისს - ყველა ხედავს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, თბილისი თანდათან ხდება თანამედროვე, ევროპული ქალაქი, სადაც სხვადასხვა პროექტის განხორციელების დროს დიდი ყურადღება ენიჭება გარემოს, გარემოსდაცვით სტანდარტებს, გამწვანებას. ასევე, იქმნება ახალი რეკრეაციული ზონები, რაც ცხადია, ყველა თაობის წარმომადგენლისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა მე გამოვყოფდი ჩვენს ბავშვებს, ჩვენს მომავალ თაობას. გარდა იმისა, რომ ვხედავთ წარმატებებს, ასევე არასდროს გვიჭირს, თვალი გავუსწოროთ გამოწვევებს, რომელიც არსებობს როგორც დედაქალაქის, ასევე მთელი ქვეყნის წინაშე და ამ გამოწვევების დასაძლევად ყველამ ერთად, რა თქმა უნდა, კიდევ ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ, ამ გამოწვევების დასაძლევად მიმაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ ერთადერთი სწორი არჩევანია. მე ხშირად ვამბობ და გავიმეორებ, რომ ჩვენ, ყველას გვაქვს ერთი სამშობლო, რომლის ისტორიული არჩევანი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა. ეს არის მიზანი, რომელსაც აუცილებლად მივაღწევთ. მინდა დასასრულს, წარმატება და გამარჯვება ვუსურვო ჩვენს კანდიდატს, რაშიც აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კახა კალაძ წარმატებებზე ისაუბრა.

„კახა კალაძე იყო და იქნება ავანგარდში. იგი არის პარტიის დამფუძნებელი. კახა კალაძეს სპორტში თუ სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნისას წარმატება და მნიშვნელოვანი პროგრესი ჰქონდა. მისი წარმატებები კი უკავშირდება მუხლჩაუხრელ შრომას. მან საკუთარი საქმით დაამტკიცა, რომ წარმატებული დედაქალაქის მერია. კალაძემ წარადგინა შემდგომი ხედვა, რომელიც ეხება ტრანსპორტს, გამწვანებასა და სხვა პროექტებს, რომელიც დედაქალაქის სამომავლო განვითარებისთვის შეიქმნა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა კახა კალაძის წარდგენისას.

ამასთან, ღარიბაშვილმა დასძინა, რომ „ქართული ოცნება“ ერთადერთი უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა, რომელსაც მოქალაქეებისთვის კეთილდღეობის მოტანა შეუძლია.

„დღეს ისევ ვდგავარ აქ, როგორც თბილისის მერობის კანდიდატი და ზუსტად ვიცი, რა შემძინა ამ ოთხწლიანმა გამოცდილებამ. ზუსტად ვიცი, რა სჭირდება მთაწმინდას, საბურთალოს, კრწანისს, ვაკეს, გლდანს, ნაძალადევს, ისანს, სამგორს, დიდუბესა და ჩუღურეთს. ვიცი თბილისის თითოეული უბნის საჭიროება, კონკრეტული ადამიანების პრობლემები“, - განაცხადა კახა კალაძემ მთაწმინდაზე მისი წარდგენის დროს.

„ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, მან ზუსტად იცის, რა ძალა აქვს თბილისელების მხარდაჭერას ახალი პროექტების განხორციელების დროს და აღნიშნა, რომ მის უკან ძლიერი გუნდი დგას.

„მე ვარ კახა კალაძე - ადამიანი, რომლის წარმატების უკან ყოველთვის იდგა ძლიერი გუნდი. ამ წინასაარჩევნო მარათონში, რასაკვირველია, ჩემი სახელი და გვარი ხშირად გაიჟღერებს, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ კახა კალაძის უკან დგას პროფესიონალების დიდი გუნდი. ეს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდი, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ზურგს უმაგრებდა თითოეულ ჩემს წამოწყებას. ეს არის ასევე თბილისის მერიის გუნდი, ჩემი მოადგილეები, სამსახურის ხელმძღვანელები, გამგებლები, საკრებულოს წევრები, ათასობით გულანთებული თანამშრომელი“, - განაცხადა კალაძემ.

მმართველი გუნდის წევრები, კახა კალაძეს უკონკურენტოდ მიიჩნევენ. როგორც უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა for.ge-ს განუცხადა, კახა კალაძე აუცილებლად გაიმარჯვებს და მერის პოსტს მეორედ, ღირსეულად დაიკავებს.

„თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადება დაიწყო. დღეს უკვე თბილისის მერის კანდიდატი წარვადგინეთ. ჩვენ, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა არჩევნების დროს, საზოგადოების წინაშე ძლიერი, ერთიანი გუნდით წარსვდგებით. ყველა კანდიდატი ვინც წარდგენილი გვეყოლება, მაღალი კვალიფიკაციის მქონე იქნება, რადგან არჩევნებზე გამარჯვება იქნეს მიღწეული. რაც შეეხება თბილისის მერობის კანდიდატს, ის იქნება უკონკურენტო. ამ შემთხვევაში თბილისში გამარჯვება „ქართული ოცნების“ მხარეს იქნება“, - გვითხრა დავით მათიკაშვილმა.

მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, კახა კალაძის კანდიდატად წარდგენა, „ქართულმა ოცნებამ“ იმიტომ გადაწყვიტა, რომ ის დედაქალაქის წარმატებული მერია.

კახამ ძალიან ბევრი, მნიშვნელოვანი და ამავდროულად საიმიჯო პროექტი განახორციელა თბილისისთვის, რომელსაც შემდგომი განვითარდება სჭირდება - დაწყებული სატრანსპორტო პოლიტიკით, დამთავრებული ქალაქის გამწვანებით. ეს კალაძის მუშაობის შედეგიდან გამომდინარე არის, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ის ისევ დასახელდა. რაც შეეხება ოპოზიციის კანდიდატი რამდენად გაუწევს კალაძეს კონკურენციას, ვფიქრობ, ეს კითხვა პირიქით უნდა დაისვას - ოპოზიციიდან არსებობს ისეთი კანდიდატი, რომელიც კახა კალაძის კონკურენტად შეიძლება განვიხილოთ?! - მე ასეთ კანდიდატს ვერ ვხედავ“, - გვითხრა ირაკლი ქადაგიძემ.

ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-თან საუბარში აღნიშნავს, რომ კალაძე ამ პოსტისთვის ერთ-ერთი ყველაზე რეტინგული კანდიდატია.

„ამ პოსტზე, თუ ვინმეს წარდგენა შეიძლებოდა, რა თქმა უნდა, კალაძე უნდა ყოფილიყო. რატომ უნდა ეძებნათ ახალი კანდიდატი, თუკი არსებობს რეიტინგული კანდიდატი, რომელსაც მოგების ძალიან დიდი შანსი აქვს“, - გვითხრა ვახტანგ ძაბირაძემ.

მისივე თქმით, თუ ოპოზიცია ჩამოყალიბებას შეძლებს და ერთ კანდიდატზე შეჯერდება, მაშინ ის კალაძისთვის სერიოზული კონკურენტი იქნება.

„მაგრამ ეს თეორიული ვარიანტია. რეალურად, ძალიან მეეჭვება, რომ ოპოზიცია ერთ კანდიდატზე ჩამოყალიბდეს. აქ უბრალოდ ლაპარაკი იქნება იმაზე, გამარჯვება პირველ ტურში იქნება, თუ კალაძეს გამარჯვებისთვის მეორე ტური დასჭირდება“, - განუცხადა for.ge-ს ექსპერტმა.

შეგახსენებთ, თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.