„დღეს უკვე ანაქრონიზმად გამოიყურება და დროს არის ჩამორჩენილი ის ხალხი, რომელიც კიდევ ცდილობს იყოს ბოიკოტის ერთგული“

„დღეს უკვე ანაქრონიზმად გამოიყურება და დროს არის ჩამორჩენილი ის ხალხი, რომელიც კიდევ ცდილობს იყოს ბოიკოტის ერთგული“

ექვსთვიანი ბოიკოტის შემდეგ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შევიდა. გაამართლა თუ არა ოპოზიციამ ამ გადაწყვეტილებით საკუთარი ამომრჩევლის იმედები ეს ცალკე განსჯის საგანია, მთავარია, რომ მმართველი გუნდი ამ ბრძოლაში მოწინავე პოზიციებზეა. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე for-ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მთელი ამ პროცესების შედეგებს საზოგადოება სულ რამდენიმე თვეში ნახავს.

სოსო ცინცაძე: შედეგებს ჩვენ, ცოტა მოგვიანებით ვნახავთ, ალბათ - შემოდგომა-ზამთრისკენ. ადამიანები ძნელად ამჩნევენ იმ ცვლილებებს, რაც მათ თვალწინ ხდება. ამიტომაცაა, რომ ასეთი მოვლენების შეფასებისათვის აუცილებელია ისტორიული გადმოსახედი. მე ამჯერად არა წლები, არამედ რამდენიმე თვე მაქვს მხედველობაში. ოპოზიციას ცოტაც რომ გაეძლო, შეენარჩუნებინა ერთობა, გარანტირებული იქნებოდა ერთპარტიული პარლამენტი და უკვე აუცილებელი გახდებოდა ვადამდელი არჩევნები. ბოიკოტს მაშინ აქვს ფასი, როდესაც ეს რიგები არ ირღვევა. როგორც კი ეს რიგი დაირღვა და პირველი პატარა ჯგუფი შევიდა პარლამენტში, ბოიკოტმა უკვე თავისი რეალური ძალა დაკარგა. დღეს უკვე ანაქრონიზმად გამოიყურება და დროს არის ჩამორჩენილი ის ხალხი, რომელიც კიდევ ცდილობს იყვნენ ბოიკოტის ერთგულნი. ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად ყველამ წააგო, ვინაიდან, ეს არის პოლიტიკის დაუწერელი კანონი, რომ ფიქტიურ, არაორგანიზებულ სამოქალაქო დაპირისპირებაში გამარჯვებული არ არსებობს, ისევე როგორც, სამოქალაქო ომში არ არსებობს გამარჯვებული. ამიტომაც, აქ მოგებული არ არსებობს. ყველაზე მეტად კი წააგო ხალხმა, იმიტომ, რომ ნებით თუ უნებლიეთ, საშუალება მისცეს მმართველ პარტიას, რომ ყურადღება სოციალური პრობლემებიდან გადაეტანა შიდაპოლიტიკურ პრობლემებზე. დღეს, მედიაში არ მსჯელობენ იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს, რომ ქვეყანა გამოვიდეს ეკონომიკური კრიზისიდან, ამან საშუალება მისცა მმართველ პარტიას, რომ ისინი თავს აღარ იწუხებენ იმ აუხსნელი რეალობის ახსნით, თუ რატომ არის საქართველოში ლარი და მთლიანად ეკონომიკა ასეთ სავალალო მდგომარეობაში. ამიტომ, აქ ლაპარაკი წაგებულ-მოგებულზე ძალიან რთულია.

პოლიტიკაში შემოდიან ახალი ძალები. გახარიას პოლიტიკაში შემოსვლა ვასაძემ დაასწრო, რომელიც, ფაქტია რადიკალურობასთან ერთად, საკმაოდ აგრესიული ძალაცაა და ეს აგრესიულობა მიმართული იქნება ლიბერალიზმისკენ, რომელიც ქართული მენტალობისთვის აშკარად შეუსაბამოა. ფაქტია, სწორედ ასეთ სენსიტიურ თემებზე აპირებს ვასაძე პოლიტიკურ თამაშის აგებას. რამდენადაც არ უნდა მოსწონდეს ეს ხელისუფლებას და ოპოზიციის ლიბერალურ ნაწილს, ვასაძე ამ საკითხში უპირობო ლიდერი იქნება, გახარია ინტელექტუალურ ნაწილზე ითამაშებს, ფაქტობრივად, ხელისუფლებასაც და ოპოზიციასა ორ ფრონტზე მოუწევს ბრძოლა. ასე რომ, ოპოზიციის ერთიანობის შერყევის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ხომ არ იყო ის, რომ ძალიან სწრაფად იცვლება პოლიტიკური მოცემულობა და მასთან ერთად მათი წარმატების შანსებიც?

- ქართული ოპოზიციისთვის ერთიანობა უცხო ხილი იყო ჩვენი ეროვნული მოძრაობიდან დაწყებული. გვახსოვს ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟი, გამსახურდიას ვინ დაუპირისპირდა თავდაპირველად. იქ რუსები საერთოდ არ იყვნენ და მე არ მგონია, რომ ჭანტურია და მისი ფრთა რუსების აგენტები იყვნენ. მე მახსოვს ფილარმონიაში გამართული შეკრება, მაშინ უკვე იყო ფრაქციონიზმი, სად იყო მაშინ რუსეთის ხელი, იქ აბსოლუტურად გამორიცხული იყო, როდესაც ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ გავრცელდა ის საშინელი ჩანაწერები, საქმის გარჩევები და ასე შემდეგ. ასეთი რამ ქვეყანას თავიდანვე მოსდგამს. ამიტომ, აქ სხვა მიზეზები უნდა ვეძებოთ და პირველ რიგში, ეს ჩვენი დაბალი პოლიტიკური კულტურის ბრალია.

საპარლამენტო არჩევნების შედეგების ბოიკოტირებამ არ გაამართლა, მაგრამ წინ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც დაქსაქსულ ოპოზიციას შანსი, ფაქტობრივად, არ აქვს. ამ შემთხვევაში მაინც თუ მოხდება ერთიან კანდიდატზე შეჯერება თუ ოპოზიცია საპარლამენტო მანდატებს დასჯერდება? მაგრამ რაც შეეხება ხელისუფლებას, სავარაუდო პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე, 43%-იანი ბარიერის გადალახვის ალბათობა კითხვის ნიშნის ქვეშ ხომ არ დგება?

- ამ 43%-იანი ბარიერის გადალახვის გასაღები დღეს, გახარიას ჯიბეში დევს. ჯერ საინტერესოა, კიდევ რამდენი მისი თანამოაზრე დატოვებს „ოცნების“ რიგებს. გახარიას ელექტორატი მასრიდან ვერ ჩამოვა, გახარიას ელექტორატი ეს არის „ოცნების“ გუშინდელი და ჯერ კიდევ დღევანდელი ელექტორატი, ამათ უნდა წაართვას ხმები. ის, რაც სააკაშვილს გააჩნია - ბირთვული ელექტორატი, გახარია იქ ერთ ხმასაც ვერ მიიღებს. გახარიას მთელი იმედი არის, რომ „ოცნებას“ რაც შეიძლება მეტი ხმები წაართვას. თუ გახარიამ ამ მოკლე პერიოდში, რომელიც არჩვენებამდეა დარჩენილი, გამოავლინა კარგი მენეჯერული თვისებები, რა თქმა უნდა, ბევრი რამე შეიცვლება. რაც შეეხება ვასაძეს, ვასაძის ელექტორატი, ალბათ, უნდა ვივარაუდოთ უფრო პატრიოტებს წაგლიჯავს რაღაცას. მე არ მგონია, რომ რაღაცა სერიოზული ელექტორალური რესურსი გააჩნდეს ვასაძეს. გახარიას თეორიულად გააჩნია. გახარიას საქმეს უადვილებს ის, რომ მართალია, მისი მოწინააღმდეგე არის მმართველი პარტია, რომელსაც გააჩნია ადმინისტრაციული რესურსი, მაგრამ ამ ადმინისტრაციულ რესურსსაც გამოყენება უნდა. გახარიასთვის ხელსაყრელი მომენტია ის, რომ „ქართულ ოცნებაში“ არ არის ლიდერი. „ოცნება“ დღეს ისეთ დღეშია რა დღეშიც იყო სტალინის გარდაცვალების დროს პოლიტბიურო. სტალინი ყოველთვის ეუბნებოდა მათ, მე რომ მოვკვდები, ბრმა კნუტებივით დარჩებითო და ასეც იყო. იგივე ხდება დღესაც. ჩვენ დღესაც არ ვიცით მაგალითად, რა აზრი ჰქონდა თალაკვაძის ჩამოქვეითებას. კუჭავა არ ვიცით როგორი ლიდერი იქნება, რა თვისებები აქვს და ა.შ.

საინტერესოა, რა გათვლას ეყრდნობოდა „ოცნება“ კუჭავას დანიშვნით?

- კი, ესეც არ ვიცით, რა გათვლას დაეყრდნო. ვინ დაიჯერებს, რომ თალაკვაძეს უეცრად მოუნდა ჩრდილში გადასვლა. თანაც, კუჭავა მაგასთან შედარებით ნეოფიტია. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სწორი ორიენტაცია დაკარგა. ბიძინა ივანიშვილმა გული აიცრუა პოლიტიკაზე, რაც ჩემთვის სიახლე არ არის. მე თავიდანვე ვთქვი, რომ ივანიშვილი არ არის პოლიტიკოსი და ის პოლიტიკაში დიდხანს არ დარჩებოდა, ასეც მოხდა. არ უყვარს ამ კაცს პოლიტიკა. ვის უყვარს უფულო პოლიტიკა ჩვენს მმართველ პარტიაში? ამას მე ვერ გეტყვით, ფული ვის უყვარს ამას კი გეტყვით. უფულო პოლიტიკა უყვარდა ძმებ ბერძენიშვილებს, დავით უსუფაშვილს, ძველ გვარდიას.

საარჩევნო კანონმდებლობის ძირეული ცვლილება, მომავალი არჩევნებისთვის, არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმის მაგივრად, რომ ამაზე იყოს ოპოზიცია ორიენტირებული, ეს საკითხი პერსონალიზაციის დონეზე აქვს დაყვანილი. როგორ ფიქრობთ, საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირება იძლევა სრული შედეგის გარანტიას?

- კარგი კანონები, მხოლოდ ქაღალდზეა კარგი და ცხოვრებაში ის არასოდეს არ ტარდება. რაც არ უნდა ჩაიწეროს საარჩევნო კოდექსში, როგორი იქნება მისი იმპლემენტაციის მექანიზმი, ყველაფერი იქნება მაგაზე დამოკიდებული. რას ვხედავთ დღეს, ოთხი არც ისე ცნობილი პარლამენტარი მუშაობს იმაზე, დაადგინოს, იყო თუ არა გაყალბებული არჩვენები და მიდიან იმ აზრამდე, რომ ვინც მაშინ დაითვალა ხმები, ისევ იმას გადავათვლევინოთ და ამჯერად მაინც აღარ გააყალბონო. ამიტომ, ამ რეფორმების მე არ მჯერა, ვინაიდან პოლიტიკური ნება არ არსებობს. მმართველ პარტიას არ უნდა რეფორმა, სწორედ ამ კანონმდებლობით იგებს მმართველი პარტია არჩვენებს აგერ უკვე ოცი წელია, რაში სჭირდემა მას ეს ექსპერიმენტები, ეს უნდა ოპოზიციას. მმართველმა პარტიამ ის არ იცის, როგორ მართოს ქვეყანა თორემ, ხელისუფლება როგორ შეინარჩუნოს ეს კი იცის. თუ ცესკო მთლიანად შეიცვლება, მაშინ კიდევ შეიძლება რაღაც სიკეთე იყოს და ასევე, თუ კიდევ ფულზე არ გაიყიდა ამომრჩეველი. მმართველი პარტია დახარჯავს ამომრჩევლის მოსყიდვაში ფულს და სამმაგად ამოიღებს იმ ფულს ტენდერებში. ჩვენ არ გვაქვს ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემის ტრადიცია, სააკაშვილმა თავისი ნებით გადასცა ხელისუფლება? - გადააცემინეს, იგივე შევარდნაძეზე თქმის. რაც უფრო ცინიკურად იქცევა მმართველი პარტია და მეტად ბოღმავს ოპოზიციას, პროცესები მით უფრო გართულდება.

 

 

 

Katana .
„ოცნება“ დღეს ისეთ დღეშია რა დღეშიც იყო სტალინის გარდაცვალების დროს პოლიტბიურო. სტალინი ყოველთვის ეუბნებოდა მათ, მე რომ მოვკვდები, ბრმა კნუტებივით დარჩებითო და ასეც იყო. იგივე ხდება დღესაც.
...
მმართველმა პარტიამ ის არ იცის, როგორ მართოს ქვეყანა თორემ, ხელისუფლება როგორ შეინარჩუნოს ეს კი იცის."
2 წლის უკან