ტერორისტებიც ირჩევენ ძლიერს

ტერორისტებიც ირჩევენ ძლიერს

ალ-ყაიდა ევროპას და შეერთებულ შტატებს საშობაო ტერაქტებით ემუქრება. ტერორისტული დაჯგუფების ძირითად სამიზნეს ის ქვეყნები წარმოადგენენ, რომელნიც ჯერ ერაყის მისიაში, ახლა კი ავღანეთში ნატოს კოალიციური ძალების შემადგენლობაში არიან წარმოდგენილნი. ამ ტიპის ინფორმაციის გახმიანებას გარკვეული შიში ახლავს, თანაც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ყველა იმ ქვეყანაში, რომელიც ავღანეთში ნატოს ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობს.

 

ექსპერტთა და სპეციალისტთა ნაწილს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც საქართველო ანტიტერორისტული კოალიციის აქტიური წევრი გახდა, ის საერთაშორისო ტერორისტული ქსელის თვალსაწიერში მოექცა.

 

სამხედრო ექსპერტი, კოსოვოში პირველი ქართული სამშვიდობო ბატალიონის მეთაური გიორგი მელითაური ამბობს, რომ ერაყსა და ავღანეთში მიმდინარე ოპერაციებში საქართველოს მონაწილეობის გამო, ექსტრემისტული ორგანიზაციების მიერ, ჩვენს ქვეყანაში ტერორისტული აქტების განხორციელების საფრთხე არსებობს, თუმცა ეს დამაბრკოლებელ გარემოებად არ უნდა იქცეს, რადგან ანალოგიური საფრთხის წინაშე ისეთი ქვეყნებიც დგანან, რომლებიც ამ ტიპის ოპერაციებში საერთოდ არ მონაწილეობენ.

 

„ჩვენ ვმონაწილეობდით ერაყში მიმდინარე სამხედრო ოპერაციებში, მაგრამ ამას საქართველოში ტერორისტული აქტების ორგანიზება არ მოჰყოლია. ავღანეთის მისიაში ჩვენი მონაწილეობით ტერორისტული აქტების განხორციელების რისკი იზრდება, მაგრამ უმნიშვნელოდ, რადგან ISAF-ის ოპერაციებში ჩვენ წამყვანი ქვეყანა არ ვართ. წამყვან როლს შეერთებული შტატები თამაშობს და ძირითადი დარტყმა მაინც ყოველთვის ამ ქვეყანაზე მოდის“, - ამბობს გიორგი მელითაური.

 

ექსპერტი უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ირაკლი სესიაშვილი აცხადეს, რომ ტერორისტების სამიზნეს წარმოადგენენ ქვეყნები, სადაც ეკონომიკური სტაბილურობა და დემოკრატიული მმართველობაა. ტერორისტული აქტების განხორციელება კი, საზოგადოების შოკს გამოიწვევს.

 

„ტერორისტთა მთავარი ამოცანა საზოგადოებაში შოკის გამოწვევაა, რაც ამ ქვეყნების ხელისუფლებების გადაწყვეტილებებზე ზეგავლენას მოახდენს. ჩვენს ქვეყანაში ვითარება განსხვავებულია - არ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო, ჩვენი საზოგადოება ისედაც კრიზისულ ვითარებაში ცხოვრობს, ამასთან, მსოფლიო პოლიტიკაში საქართველოს სიტყვა გადამწყვეტი არ არის,  ჩვენი ქვეყნის ხმა ავღანეთში საერთაშორისო კოალიციური ძალების მისიის გაგრძელება-არგაგრძელების საკითხს ვერ გადაწყვეტს. ტერორისტები სამიზნედ ძლიერ ქვეყნებს ირჩევენ“, - ამბობს ირაკლი სესიაშვილი.

 

გიორგი მელითაურის აზრით, საქართველოსთვის გარკვეული საფრთხის შემცველია ის პროცესებიც, რომელიც რუსეთში ვითარდება. ანუ, ანტიკავკასიური განწყობების ზრდა. სამხედრო ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ „ეს ფაქტორი ტერორისტული აქტების რისკს ზრდის“ და ქართული სახელმწიფოს და მოქალაქეების დაცვის ფუნქცია კი, მთავრობას და შესაბამის სტრუქტურებს აკისრიათ.

 

„იმედი მაქვს სამართალდამცველი სტრუქტურები, ვის ფუნქციაშიც ტერორისტული აქტების აღკვეთა შედის, გაცილებით უკეთ იმუშავებენ, ვიდრე აქამდე მუშაობდნენ. რადგან, მართალია მომხდარი 6 აფეთქების საქმე გაიხსნა, მაგრამ ეს მაინც შეიძლება ჩაითვალოს ქართული სპეცსამსახურების მარცხად, რადგან საქმეები გაიხსნა იმის შემდეგ, რაც აფეთქებები მოხდა და ადამიანი დაიღუპა“, – ამბობს მელითაური.

 

საქართველოს სპეცსამსახურებმა საქართველოში მოქმედი რუსული დაზვერვის ჯგუფის გაუვნებლებაც და იმ ჯგუფისაც, ვინც რამდენიმე ტერაქტი განახორციელა საკმაოდ გვიან შეძლეს.

 

ოპერაცია „ენვერის“ მონაწილე ჯაშუშებმა საიდუმლო ინფორმაცია იოლად მიაწოდეს რუსეთის დაზვერვას, ხოლო გოგიტა არქანიამ, დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება და დეტონატორები ენგურის გავლით თბილისში ფაქტობრივად დაუბრკოლებლად შეიტანა.

 

ექსპერტთა განცხადებით, „შედეგი პოსტ-ფაქტუმ დადგა, თუმცა ისიც მისასალმებელია, რომ საქმე რაღაც ეტაპზე მაინც გაიხსნა, და ტერაქტების სერია არ გაგრძელდა“.

 

გიორგი მელითაურის აზრით, მომხდარმა საზოგადოებაში შიშის ფაქტორი მაინც, გარკვეულწილად გააძლიერა. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ქართული სპეცსამსახურების ეს ოპერაცია სრულად წარმატებული იმ შემთხვევაში იქნებოდა, მათ ტერორისტული აფეთქების პრევენცია რომ მოეხდინათ.

 

ტერაქტების პრევენცია იოლი არ არის და ამის გაკეთება არა თუ ქართულ, დასავლეთის ყველაზე გამოცდილ სპეცსამსახურებსაც უჭირთ.

მაგრამ როგორც ექსპერტები შენიშნავენ, გოგიტა არქანია ასე თავისუფლად რომ ახერხებდა გადაადგილებას და აფეთქებების ორგანიზებას, ეს უკვე სპეცსამსახურების საქმიანობაში არსებულ სერიოზულ ხარვეზებზე მიუთითებს.

 

ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, იმის განსასაზღვრად, რამდენად მზად არიან ქართული სპეცსამსახურები ტერორისტული აქტების თავიდან ასარიდებლად, სულ მცირე მათი მომზადების და აღჭურვის დონის ცოდნაა საჭირო.

 

„სამოქალაქო საზოგადოებას და მათ შორის მეც, ნაკლები ინფორმაცია გავქვს,  ქართული სპეცსამსახურების მზადყოფნის ხარისხის შესახებ. ამიტომ მიჭირს პასუხი გავცე კითხვას ვართ თუ არა დაცულები“, - ამბობს სესიაშვილი.

 

როგორც ექსპერტები აღნიშნავენ, ამ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალია საქართველოს ხელისუფლებამ ითანამშრომლოს საერთაშორისო საზოგადოებასთან, იმ ქვეყნებთან, რომელთაც სერიოზული გამოცდილება და იმის რესურსები აქვთ, რომ ასეთ საფრთხეებს გაუმკლავდნენ.