რურუა ციხეში რჩება – პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა

რურუა ციხეში რჩება – პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა

115 მომხრე, 3 წინააღმდეგი – საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მეორე მოსმენით დაამტკიცა. პარლამენტმა ცვლილებები პირველი მოსმენით 21 ივნისს დაამტკიცა, რა დროსაც პროექტს მხარი 136–მა დეპუტატმა დაუჭირა, მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობამ, „ევროპულმა საქართველომ“, „დამოუკიდებელმა დეპუტატებმა“, „პატრიოტთა ალიანსმა“ და უფრაქციო დეპუტატების ნაწილმა.

პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%–იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%–იან ჩამკეტ მექანიზმსაც. პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%–ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.

დგინდება პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატების მარჟა, რომლის გადაჭარბების შემთხვევაში, პარტიას ან საარჩევნო ბლოკს მოაკლდება მანდატები პროპორციული საარჩევნო სიიდან და გადანაწილდება იმ სხვა პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო ბლოკების მიერ წარდგენილ საარჩევნო სიებზე, რომლებმაც შესაბამისი საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

რაც შეეხება 3 მაჟორიტარ დეპუტატს, რომლებმაც საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ მისცეს ხმა, ესენი არიან: კახა ოქრიაშვილი; უფრაქციო პარლამენტის წევრები ბიძინა გეგიძე და ალექსანდრე ერქვანია, რომლებმაც იგივე პოზიცია დააფიქსირეს პირველი მოსმენით კენჭისყრის დროსაც, ისევე როგორც დავით ჭიჭინაძემ და ემზარ კვიციანმა, თუმცა ცვლილებების მეორე მოსმენით კენჭისყრაში მინაწილეობა არ მიუღიათ იმ მოტივით, რომ სხდომას არ დასწრებიან.

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებამდე ხელისუფლებამ გიორგი რურუა უნდა გაანთავისუფლოს. მისი თქმით, თუ რომელიმე კომპონენტს არ შეასრულებს, ამის ფასს გადაიხდის ივანიშვილი.

„ახლა, ამას უნდა მოჰყვეს მესამე მოსმენით მიღება, იქამდე პოლიტპატიმარი გიორგი რურუას გათავისუფლება და მაშინ გვექნება ნორმალური ვითარება. თუ რომელიმე კომპონენტს არ შეასრულებს, ამის ფასს გადაიხდის ბიძინა ივანიშვილი. „ევროპული საქართველოს“ გადაწყვეტილებამ პირველ მოსმენაზე შესვლის კიდევ უფრო დაუმძიმა მას მანევრის შესაძლებლობა, ამიტომ თავის ხელით აკეთებს იმას, რაც არ უნდოდა. უნდა შეეგუოს, ქვეყანაში შედარებით ნორმალური საარჩევნო კამპანიის ჩატარებას და იმ ვერდიქტს, რომელსაც მას გამოუტანს ქართველი ამომრჩეველი. ეს არის ის ამოცანა, რომელიც აქვს ქვეყანას, თუ ის ამას ხელს შეუშლის რომელიმე კომპონენტში, ეს იქნება ცუდი და ამის ფასს გადაიხდის თვითონ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მისასალმებელია საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში ასევე დამოუკიდებელი დეპუტატების და ყველა ოპოზიციური ფრაქციის მონაწილეობა, თუმცა აცხადებენ, რომ მესამე მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობას იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუკი შეთანხმება შესრულდება მთლიანად. როგორც რომან გოცირიძე აცხადებს, დარჩა ერთი პატარა ნაბიჯი გადასადგმელი, ხელისუფლებამ გაათავისუფლოს გიორგი რურუა.

„ამ კონსტიტუციას ექნება მეტი პოლიტიკური წონა და ძალა ყველა ოპოზიციური პარტიის მონაწილეობით განხილვის შემთხვევაში. ჩვენ ვართ თანმიმდევრული ჩვენს დამოკიდებულებაში, ვართ ჩვენი იდეებისა და პოზიციის ერთგული. ქვეყანაში უნდა დამთავრდეს პოლიტიკური დევნა და ქვეყანას არ უნდა ჰყავდეს პოლიტიკური პატიმარი.

შეუძლებელია, საარჩევნო პროცესში თუნდაც ამ ახალი კონსტიტუციის საფუძველზე მონაწილეობა სამართლიანად, მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის პოლიტიკური პატიმარი. ამ კონსტიტუციას ექნება მეტი პოლიტიკური სტაბილიზაციის მომტანი ფუნქცია, თუკი ის იქნება მიღებული საერთო კონსენსუსით და მას მხარს დაუჭერს ყველა ოპოზიციური პარტია, მათ შორის ის პარტიები, რომლებიც არ არიან პარლამენტში“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ხელისუფლება გიორგი რურუას განთავისუფლებას არ გეგმავს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ 8 მარტის შეთანხმება არ გულისხმობს გიორგი რურუას განთავისუფლებას. ვიცე–სპიკერის გიორგი კახიანის განცხადებით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ არჩევნები არ არის გზა, რითიც უნდა იაროს ქვეყანამ, მათ დესტრუქცია და პოლიტიკური სპეკულაციები უფრო აინტერესებთ. მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არის იმ შეთანხმების ერთგული, რომელიც საზოგადოების წინაშე დადო.

„დრო თავისას აკეთებს, ყველაფერი გამოჩნდა – ვინ ამბობდა სიმართლეს და ვინ იყო ტყუილის მხარეს. როცა ვამბობდით, რომ შეთანხმების ერთგული ვიქნებოდით და გვაკრიტიკებდნენ, თითქოს, ინიციატივის ჩაგდება გვინდოდა, აღმოჩნდა, რომ ყველაფერი პირიქით იყო. ის, ვინც გვაკრიტიკებდა, მათ თავად არ აწყობდათ ამ ინიციატივის მიღება. სინამდვილეში, „ქართული ოცნება“ არის იმ შეთანხმების ერთგული, რომელიც ჩვენ საზოგადოების წინაშე დავდეთ. ეს უკვე აჩვენა ორმა მოსმენამ, ინიციატივას უმრავლესობის მხრიდან სრული მხარდაჭერა ჰქონდა.

ძალიან კარგია, რომ პროექტს მხარი დაუჭირეს სხვა პოლიტიკურმა ძალებმაც. დარწმუნებული ვარ, ინიციატივას მესამე მოსმენით მივიღებთ. „ნაციონალური მოძრაობის“ სახე კიდევ ერთხელ გამოჩნდა, ისინი არიან დესტრუქციული ძალა. ერთს ამბობენ, მეორეს აკეთებენ და როგორც ჩანს, მათთვის არჩევნები არ არის ის გზა, რითიც უნდა ვიაროთ, არამედ დესტრუქცია და პოლიტიკური სპეკულაციები უფრო აინტერესებთ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

დამოუკიდებელი დეპუტატი, თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცებას საფრთხე აღარ ემუქრება. თუმცა ამბობს, რომ ხელისუფლებას მაინც ტვირთად რჩება 8 მარტის შეთანხმების ბოლომდე შესრულება.

„კენჭისყრა იყო საკმაოდ სარისკო, იმიტომ, რომ პირველ კენჭისყრაში მონაწილეობდა „ევროპული საქართველოც“ და ხმებიც შესაბამისად მეტი იყო. ძალიან სარისკო იყო და ძალიან მიხარია მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციის ნაწილი არ შემოვიდა ამ კენჭისყრაზე, რაც არასწორი იყო, სხდომათა დარბაზში მაინც აღმოჩნდა საკმარისი ხმები, რათა მეორე მოსმენით მიგვეღო ეს ცვლილებები.

პირადად ჩვენ არც ოპოზიციას და არც ხელისუფლებას არ მივეცით საშუალება, რომ მორიგ ჯერზე ჩაეგდოთ საარჩევნო სისტემა, იმიტომ, რომ ხან ერთისგან მოდიოდა ეს მცდელობები და ხან - მეორისგან. მგონია, რომ ძალიან სწორი პოზიცია დავიჭირეთ და საერთო ჯამში, პრინციპში, ამ ცვლილებებს საფრთხე აღარ ემუქრება. სრული საფუძველი მაქვს ვიფიქრო, რომ მესამე მოსმენითაც უპრობლემოდ გავა“, – აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე, მარიამ ჯაში თვლის, რომ მნიშვნელოვანია, როდესაც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოსგან“ დამოუკიდებლად არის შესაძლებელი. მისი თქმით, კენჭისყრით დადასტურდა, რომ ეს ორი პოლიტიკური ძალა საპარლამენტო ოპოზიციის სპექტრში აღარ არის გადამწყვეტი.

„ნებისმიერ პოლიტიკოსს, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ არის დემოკრატიულად მოაზროვნე და არის ქვეყნის ინტერესების გამტარებელი, დღეს არ ჰქონდა უფლება, რომ გამიჯვნოდა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტს“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.