„მოლოდინი ის იყო, რომ ჩატარდებოდა კრება“

„მოლოდინი ის იყო, რომ ჩატარდებოდა კრება“

სახალხო კრება მუშობის ინტენსიურად გაგრძლებას აპირებს. თუმცა ლიდერებს ბრძოლის მეთოდებზე განსხვავებული შეხედულებები აქვთ. საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის დაბნეულობაზე საუბრობს. „არჩევნების გზის“ ერთგული ოპოზიცია სახალხო კრების ლიდერთა „არაგულწრფელობაზე“ მიუთითებს. „ქართული პარტია“ სახალხო კრებაში ჩართულ ოპოზიციის ნაწილს „ხალხის იმედგაცრუებასა და ნდობით სპეკულირებაში“ ადანაშაულებს. კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით კი, კრების ორგანიზატორებმა საზოგადოებას ყალბი ილუზიები შეუქმნეს და 25 ნოემბერს რაც მოხდა, მოსალოდნელი იყო. მოკლედ, ამ დღეებში არავინ დაიზარა და “სახალხო კრებას” თითო სიტყვა ყველამ შეაწია.

„ოპოზიციონერი ლიდერების ერთობა შედგა და არანაირი უთანხმოება არ არსებობს“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სახალხო კრების ერთ-ერთმა ინიციატორმა ირაკლი ბათიაშვილმა განუცხადა, რომელიც კრების ინიციატორებისა და მათი მხარდამჭერი ოპოზიციური პარტიების ლიდერების სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ბათიაშვილმა განაცხადა, ლიდერებმა სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. კერძოდ, საუბარი შეეხო სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს პირველი შეხვედრის დანიშვნის თარიღს და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. ბათიაშვილის თქმით, საბჭოს პირველი შეხვედრა უახლოეს დღეებში შედგება. 

„დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, არის მცდელობები, რომ კრების გარშემო დაძაბულობა შეიქმნას, თუმცა რეალურად არანაირი უთანხმოება არ არსებობს. მისი თქმით, კრება შედგა და სამომავლო გეგმებზე ლიდერთა ჯგუფი ერთობლივად, ინტენსიურად მუშაობას განაგრძობს.

„ეროვნული ფორუმის“ ლიდერი კახა შარტავა „ქართული პარტიის“ ერთ-ერთი თანათავმჯდომარის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, 25 ნოემბერს სახალხო კრების ორგანიზატორება ხალხი იმედგაცრუებული დატოვეს.

როგორც კახა შარტავამ განაცხადა, ვერ დაეთანხმება ოქრუაშვილის მოსაზრებას, რომ ხალხი იმედგაცრუებული წავიდა. მისი თქმით, იმედგაცრუებული მაშინ დარჩებოდა ხალხი, თუკი ისინი შექმნიდნენ მოლოდინს. შარტავას განცხადებით, მოლოდინი იყო, რომ ჩატარდებოდა კრება: „გამოცხადებული იყო კრების ჩატარებასთან დაკავშირებით და ჩატარდა კრება, რომელმაც მიიღო რეზოლუცია. კრების გადაწყვეტილებებზე მუშაობა დაიწყება“. 

მისივე განცხადებით, აქტიური ქმედებების დასაწყებად, საჭიროა სამჯერ, ხუთჯერ მეტი ადამიანის მოსვლა პარლამენტის წინ. შარტავას ცნობით, კრება პარლამენტის წინ იმიტომ ჩატარდა, რომ მათ დარბაზი არ მიაქირავეს და თუ ადამიანებს სურდათ მასშტაბური აქციები, კრებაზე უნდა მისულიყვნენ.

მოძრაობა „თეთრების“ ლიდერის, თემურ შაშიაშვილის განცხადებით, სახალხო კრების მიერ დადგენილი პროცესები აქციებით არ უნდა გაგრძელდეს. 

„აქცია ხალხის თხოვნით ტარდება. მიტინგები მხოლოდ ამ ხელისუფლების მოგონილია და ჩვენ თუ მიტინგები გავაგრძელეთ ეს მხოლოდ სააკაშვილის მთავრობას აწყობს. კრებაზე შევქმენით სერიოზული სათათბირო დარბაზი და სხვადასხვა კომიტეტები, რაც პროცესების დაწყებისთვის არის აუცილებელი. უნდა დავიწყოთ ყველაფრის შემოწმება, რასაც დღევანდელი მთავრობა ახორციელებს. 

მიტინგი დღეს ჩიხია და ჩვენ ამ ჩიხში არ უნდა შევიდეთ. კრება პრაქტიკულად გამარჯვებაა. იქ მოსული იყო 20 ათასი ადამიანი, რაც, ფაქტობრივად, საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტის ნებას გამოხატავდა. საქართველოს სააკაშვილის მიტინგების გაშვება არ ჭირდება. ეს მისი თამაში და ჩვენ მის თამაშში არ უნდა ჩავერთოთ. სხვა მეთოდები ავირჩიეთ და სწორედ ამ მეთოდებით უნდა მოხდეს დღევანდელი მთავრობის შეცვლა“, - განაცხადა შაშიაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე. 

საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციის დაბნეულობაზე საუბრობს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, პავლე კუბლაშვილის განცხადებით, წარმომადგენლობითი სახალხო კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სამართლებრივ სფეროს სცდება.

„ერთადერთი რაც მოვისმინე, იყო ის, რომ რამდენიმე პიროვნება აირჩიეს „რაღაცად“. ამისთვის შეკირიბეს ეს ხალხი? აბსურდამდე მიდიან ჩვენი ოპონენტები. მათ მიერ გამოთქმული ფრაზები უფრო დაბნეულობის ბრალია, ვიდრე გააზრებული სქემის“, - აღნიშნა კუბლაშვილმა.

„პოლიტიკური პარტია, რომელიც ცდილობს, ხალხს არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლის სხვა ალტერნატივა დაანახოს, არაგულწრფელია საკუთარი ხალხის წინაშე”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ წარმომადგენლობით სახალხო კრების შეფასებისას განუცხადა. ალასანიას თქმით, „თავისუფალი დემოკრატები“ თავიდანვე აღნიშნავდნენ, რომ ეს კრება იქნებოდა უპერსპექტივო: „ხალხს უფლება აქვს, შეიკრიბოს და პროტესტი გამოხატოს. მე დიდ პატივს ვცემ ხალხის პროტესტს, თუმცა ეს გზა შედეგების მომტანი ვერ იქნება. ერთადერთი სწორი გზა, ეს არის საარჩევნო გარემოს შეცვლა და არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხება. სხვა გზა არ არსებობს“, - აღნიშნა ალასანიამ.

მისივე აზრით, ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, რომელიც ცდილობს, ხალხი სხვა ალტერნატივაში დაარწმუნოს, არაგულრწფელია. ალასანიას თქმით, დღეს მთავარია, პოლიტიკური პარტიები კონცენტრირებული იყვნენ კონკრეტულ საკითხებზე, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში. „ეს ეხება ზეწოლას მცირე, საშუალო და სხვა დონის ბიზნესებზე, ასევე, უმუშევრობის ფაქტორს“, - აცხადებს ალასანია.

„ქართული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი სახალხო კრებაში ჩართულ ოპოზიციის ნაწილს ხალხის იმედგაცრუებასა და ნდობით სპეკულირებაში ადანაშაულებს . „ის შედეგი, რაც მიიღეს იმ პოლიტიკოსებმა, რომლებიც კრების ორგანიზატორები იყვნენ, მათთვის წინასწარ იყო ცნობილი. მესამე წელია, ერთი და იმავე შეცდომებით, ერთსა და იმავე წრეზე დაჰყავთ ხალხი და მერე უკვირთ, რატომ პროტესტს არ გამოთქვამენო“, - ამბობს ოქრუაშვილი.

მისივე თქმით, ხალხმა საბოლოოდ დაინახა, რომ ოპოზიციის ნაწილი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და „საბნის თავისკენ გადაქაჩვის“ პრინციპით დაარბენინებს ხალხს წინ და უკან.

„საინტერესოა, ახლა როგორ ჩანს ბურჯანაძისთვის, კიდევ შორიდან ვიყურები და რეალობას ვერ ვხედავ? მე მართლაც შეიძლება ვერ ვხედავდე შორიდან რეალობას, მაგრამ მას ახლოდან ნამდვილად ვერ დაუნახავს ის იმედგაცრუება, რაც ხალხს აქვს ოპოზიციის მიმართ“, - აღნიშნავს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

ოქრუაშვილის აზრით, პოლიტიკოსების იმ ნაწილმა, ვინც ხალხის იმედგაცრუებას ბოლო მარილი მოაყარა, არათუ სხვის ან საკუთარ შეცდომებზე, არამედ საერთოდ ვერაფერი ვერ ისწავლა ბოლო სამი წლის განმავლობაში. მისივე განცხადებით, რასაც ისინი სჩადიან, არანაკლები დანაშაულია, ვიდრე სააკაშვილი სჩადის საკუთარი ხალხის წინაშე.

„ქართული პარტიის“ თანათავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ყველა თავის დასკვნებს გააკეთებს ხალხის ბოლო „გაბიაბურების“ შემდეგ. „ჩვენ ვამბობთ, რამდენიმე თვე გვჭირდება იმისთვის, რომ საკმარისი ძალა შევიძინოთ და ხალხი ასე უნამუსოდ არ ვატაროთ წინ და უკან“, - აცხადებს ოქრუაშვილი. 

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, „სახალხო კრებას“ სხვა ინსტრუმენტი, გარდა ზეწოლისა, არ გააჩნია. 

„კრებაზე კობა დავითაშვილმა თქვა, რომ „სახალხო კრება“ გახდება სახალხო ორგანო, სადაც ოპოზიციას და ხალხს შეეძლება აზრი გამოთქვას, ასე ვთქვათ, საუბარია არაფორმალურ პარლამენტზე. როგორ ურთიერთობაში იქნება ერთმანეთთან ორი სტრუქტურა - არაფორმალური და ფორმალური პარლამენტი, ამას დრო გვიჩვენებს. 

მანამდე კი შემიძლია გითხრათ, რომ „სახალხო კრებას“ სხვა ინსტუმენტი, გარდა ზეწოლისა, არ აქვს. მხოლოდ საპროტესტო აქციები და გაფიცვები შეიძლება მოაწყოს, თუმცა ვინ უნდა გაიფიცოს, როცა, ფაქტობრივად, არავინ მუშაობს“, - განუცხადა საყვარელიძემ „ჯი-ეიჩ-ენს“ პარლამენტის შენობის წინ გამართულ „სახალხო კრების“ კომენტირებისას. 

მისი განმარტებით, საპროტესტო აქციებსაც მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება ადგილი, თუ ხელისუფლება ხალხში პროტესტს გააღვიძებს. „სხვათა შორის, ბოლო დროს გასაკვირად იქცევა ხელისუფლება. სახალხო კრება დარბაზში რომ ჩატარებულიყო, აკადემიურ სახეს მიიღებდა და არა საპროტესტო იერს. ხალხიც ნაკლები მივიდოდა. წყლის გადასახადის გაძვირებაც გარკვეულ კითხვებს ბადებს. როცა ადამიანს ართმევ არსებობის საშუალებას, ბუნებრივია, ის ქუჩაში გამოვა“, - განუმარტა საყვარელიძემ „ჯი-ეიჩ-ენს“.

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს პარლამენტის შენობის წინ გამართულ გუშინდელ სახალხო კრებაზე „ნედლი“ შთაბეჭდილება დარჩა. 

„შთაბეჭდილება დამრჩა, რომ აუდიტორიამ და კრების ორგანიზატორებმა ერთმანეთს ვერ გაუგეს, ანუ მათ შორის დიალოგი ვერ შედგა. აუდიტორიას ზუსტად არ ჰქონდა გაცნობიერებული რისთვის მივიდა იქ, რადგან შემდეგ, როცა კრების ორგანიზატორთა კომენტარები მოვისმინე, აღმოჩნდა, რომ მათ გუშინდელი დღე სულ სხვანაირად ესახებოდათ“, - აცხადებს ცინცაძე „ჯი-ეიჩ-ენთან“ საუბრისას. 

მისივე განმარტებით, „როცა აუდიტორიისა და პრეზიდიუმის მიზანი ერთმანეთს არ ემთხვევა, გამოდის ის, რაც გამოვიდა - აბსოლუტურად არაფერი“.

„ჯერ ერთი, ნამდვილად ვერ შეკრიბეს ხალხის ის რაოდენობა, რასაც ვარაუდობდნენ და იმის გათვალისწინებით, რომ მათთვის ბევრი რამ დარჩა გაუგებარი (მაგალითად, როგორ უნდა იბრძოლონ მიზნის მისაღწევად), ალბათ დღეს, პარლამენტის წინ გუშინდელზე ნაკლები რაოდენობის აუდიტორია იქნება, ხვალ კიდევ უფრო ცოტა ხალხი გამოვა ქუჩაში და ა.შ“, - განმარტა პოლიტოლოგმა. 

რაც შეეხება იმას, სახალხო კრებისთვის დარბაზის გამოყოფაზე უარის თქმით, ხომ არ მოახდინა ხელისუფლებამ ხალხის პროვოცირება, სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ „ყველაზე მეტად, რაც დღეს მთავრობას არ აწყობს, საპროტესტო აქციებია“. 

„არა მგონია, ასეთი რამ აწყობდეს დღეს ხელისუფლებას, მით უმეტეს, ასეთი რადიკალური საპროტესტო აქციების პროვოცირება. როცა დასავლეთის მხრიდან ამდენი წინსვლა შეინიშნება, საშინაო არეულობით ყველაფრის გაფუჭება არაპრაგმატულია და ეს პოლიტტექნოლოგიაშიც არ ჯდება“, - დასძინა მან.

„კრების ორგანიზატორებმა საზოგადოებას ყალბი ილუზიები შეუქმნეს. 25 ნოემბერს რაც მოხდა, მოსალოდნელი იყო“, - აცხადებს „ათბ-ნიუსთან“ საუბარში ექსპერტ– კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი.

„მთელი ეს პერიოდი სულ ვამბობდი, რომ პარლამენტის წინ ბევრი ხალხი არ მივიდოდა და მისულებიც მალე დაიშლებოდნენ. ვისაც პოლიტიკური პროცესების ანალიზის გაკეთება შეუძლია, ყველამ იცოდა, რომ სერიოზული პროცესები არ დაიწყებოდა, რადგან საზოგადოებაში არ არის ამის მზადყოფნა“, - მიაჩნია ექსპერტს.

ზაქარეიშვილი თვლის, რომ ორგანიზატორებმა ხალხს ყალბი ილუზიები შეუქმნეს და სწორედ ამიტომ საზოგადოება უკმაყოფილო დარჩა და მათ უნდობლობას უცხადებს. ექსპერტს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე საზოგადოება მზად არ არის რევოლუციური ცვლილებებისათვის.

„აშკარად ჩანდა, რომ ეს სახალხო კრების დაფუძნებისთვის გაკეთდა, მისი ლეგიტიმაციისთვის იყო საჭირო ეს ყველაფერი. ჩემი აზრით, ყველაზე კარგი – გულწრფელობაა; საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რას სთავაზობენ და რას მიიღებენ. ამ დღეს მოხდა ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური მოძრაობის საჯარო პრეზენტაცია და მეტი არაფერი“, - აცხადებს ზაქარეიშვილი.