1963 წლის ზაფხულია. ეს-ესაა ფეხბურთში ეზოს გუნდებისათვის გათამაშება დაიწყო. ჩვენ, იმ დროს 12-13 წლის ბიჭებს, ოცნებად გვექცა ამ ტურნირში მონაწილეობა და, რასაკვირველია, აუცილებლად გამარჯვება. ტურნირის დაწყებამდე სულ რაღაც სამიოდე კვირა რჩებოდა, ვთხოვთ მწვრთნელობას მერაბ კოსტავას, იგი თანახმაა. მერაბი მაშინ 24 წლის მთლად გაჭაღარავებული, უკვე მრავალგზის ციხეგამოვლილი, სამშობლოზე ზრუნვით გატაცებული ახალგაზრდა კაცი გახლდათ.
მერაბი აკომპლექტებს გუნდს, ჩვენი უბნის ბიჭებისაგან, დავყავართ უბნიდან უბანში საკონტროლო თამაშების გასამართად. ხანდახან 12 წლის დათო ყიფიანს საყვედურობს: „ხომ ხედავ თენგიზ რუსაძე რა დროულად იძლევა პასს, შენ რაღა მოგდის?“
და აი პირველი ოფიციალური მატჩი. მინდორზე ძალზე თვითდაჯერებულნი გამოვდივართ. დავისაჯეთ კიდეც - პირველი ნახევარი წავაგეთ ანგარიშით 0:3. ძალზე გაუჭირდათ ჩვენს ტექნიკურ გარემარბებს თენგიზ რუსაძესა და დათო ყიფიანს მოწინააღმდეგის ტანმაღალ, ასაკით აშკარად უფროს მცველებთან გამკლავება და ბურთის გატანა მოწინააღმდეგის კარში ვერაფრით ვერ შეძლეს.
შესვენებისას წარსულში სახელგანთქმული ფეხბურთელები გრიგოლ გაგუა და ვლადიმერ ელოშვილი გვესტუმრნენ, რომლებიც ახლა სამწვრთნელო ასპარეზზე მოღვაწეობდნენ და, რასაკვირველია მატჩს გულისყურით ადევნებდნენ თვალს. ჩვენი გუნდიდან თენგიზ რუსაძე და დათო ყიფიანით დაინტერესდნენ ძალიან, თავიანთ გუნდებში მიიწვიეს, მერაბს კი, როგორც ჩვენს მწვრთნელს, დაუყვავეს და დაგვშორდნენ, რათა მატჩის მეორე ნახევრისათვისაც ეცქირათ.
შესვენებისას მერაბმა გუნდში მოთამაშეთა მთელი რიგი გადაადგილებები მოახდინა: თავდამსხმელები ყიფიანი და რუსაძე ნახევარდაცვაში დასწია, დამცველები კახა არსენიძე, ჯიმშერ ბაშელეიშვილი და ისააკ ბაჩაკაშვილი თავდასხმაში გადაიყვანა, ნახევარმცველები კი დაცვაში გაამწესა.
მართალია, მატჩი წავაგეთ 3:4, მარამ ჩვენმა გუნდმა შესანიშნავი თამაში აჩვენა. გრიგოლ გაგუა და ვლადიმერ ელოშვილი სწრაფი ნაბიჯით მოეშურებოდნენ ჩვენსკენ. ვიფიქრეთ, ალბათ დათოსა და თენგიზის გარდა კიდევ ვინმე მოეწონათ ჩვენს გუნდში და თავისთან მიიწვევდნენ, მაგრამ ისინი მერაბს მისცვივდნენ, ულოცავდნენ. დაინტერესდნენ მერაბის პიროვნებით, საცხოვრებელი ადგილით, სთხოვდნენ თანამშრომლობას. მერაბმა შორს დაიჭირა, მართლაც საქმე და საზრუნავი უკვე მაშინ ძალზე ბევრი ჰქონდა.
მრავალი წლის შემდგომ, როდესაც ფეხბურთის ჰოლანდიურ ე. წ. ტოტალურ მოდელს გავეცანი. მივხვდი, რომ სწორედ ამ მოდელის ჩანასახი შეჰქმნა მერაბ კოსტავამ იმ შორეულ 1963 წელს ჩვენი გუნდისათვის ექსტრემალურ სიტუაციაში, თუმცა მაშინ ალბათ თვითონაც არაფერს უწყოდა ამის შესახებ. ეხლა კი ვხვდები გაგუასა და ელოშვილის აღფრთოვანების მიზეზს. მინდა ხაზი გავუსვა კიდევ ერთ, ვფიქრობ ყოველი ქართველი ფეხბურთის მოყვარულისათვის საინტერესო ფაქტს, მერაბმა პირველმა მოუძებნა ჯერ კიდევ 12 წლის დათო ყიფიანს მინდორზე ადგილი. ადგილი, რომელსაც მოგვიანებით კვალიფიციური მწვრთნელები დიდხანს ამაოდ ეძებდნენ.
ვაჟა ადამია