საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში დამფუძნებელი კრების ხელოვნების კომისია ქართული ხელოვნებისა და ქართველ საზოგადო მოღვაწეთა სახელის უკვდავსაყოფად დიდად ზრუნავდა.
ამჯერად მკითხველს ვთავაზობთ ხელოვნების კომისიის წევრის, დიდი ქართველი მამულიშვილის, საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესის ექვთიმე თაყაიშვილის მოხსენებას, გაგზავნილს კომისიის სახელზე 1920 წლის 26 იანვარს.
ექვთიმე თაყაიშვილი მოხსენებაში დიდი ეროვნული თვითშეგნებით აფასებს თავისუფლების მოპოვებისათვის ბრძოლის საქმეში წინა თაობის ღვაწლს და განსაკუთრებით გამოკვეთილად გამოყოფს აკაკი წერეთლის პოეზიის დიდ გავლენას მოზარდი თაობის რწმენის ჩამოყალიბებაში.
დოკუმენტი შემონახულია საქართველოს საისტორიო არქივში დაცულ საქართველოს მენშევიკური მთავრობის დამფუძნებელი კრების კანცელარიის ფონდში.
„დღეს საქართველო ცნობილია დე ფაცტო თავისუფალ სახელმწიფოდ. რასაკვირველია თავისუფლება მოგვანიჭა მსოფლიო ომმა და ამის მიზეზით გამოწვეულმა რუსეთის რევოლუციამ, მაგრამ ვერავითარი ომი და რევოლუცია თავისუფლებას ვერ მოგვანიჭებდა, რომ ჩვენ საკმაოდ მომზადებული არ დავხვედროდით ამ მოვლენას, რომ ჩვენში არ ყოფილიყო მტკიცე შეგნება იმ სუვერენობისა, რომელიც მოგვისპო რუსეთის მთავრობამ 1801 წელს.
მთელი გუნდი წინა თაობის ინტელიგენციისა, თავგანწირვით მუშაობდა ხალხის მომზადებისათვის პრესის, სკოლის, თეატრის და ქადაგობის საშუალებით. მათ დანერგეს მოზარდ თაობაში მისწრაფება თავისუფლებისადმი, გააცხოველეს ეროვნული გრძნობა, მამულის სიყვარული, სიყვარული და იდეა საქართველოს აღდგენისა, სწორედ წინა თაობის გაკვალული დანათესია ის, რაც ჩვენ დღეს მოვიმკეთ, გულწრფელი, უანგარო და თავგანწირული მუშაობა წინა თაობისა აშკარაა ყველასათვის, ვისაც თვალი გადაუვლია ჩვენი მე-19 საუკუნის ლიტერატურისათვის და ვინც მომსწრეა იმ მოღვაწეებისა, რომელნიც ჩვენს დროს ცხოვრობდნენ და მუშაობდნენ.
ამ მრავალ მოღვაწეთა შორის, რომლებმაც მოამზადეს ჩვენი ერი, უპირველესი ადგილი ეკუთვნის განსვენებულ მგოსანს აკაკი წერეთელს, მან მთელი თავისი საუცხოო პოეტური ნიჭი, მთელი თავისი მოღვაწეობა და შემოქმედება მოანდომა თავისუფლების იდეის გავრცელებას, საქართველოს განთავისუფლების ქადაგებას და ეროვნული შეგნების დამტკიცებას.
ამ მხრივ არავის ისეთი ღრმა გავლენა არ ჰქონია მოზარდ თაობაზე, როგორც აკაკის. მშრალი ქადაგება კარგი აზრებისა და იდეებისა ისე არ მოქმედებს ხალხზე და ახალგაზრდობაზე, როგორც საუცხოვო პოეზიის საშუალებით გამოთქმული იგივე აზრები, ამიტომ ჩვენ გვმართებს აკაკის ხსოვნას პატივი ვცეთ, მისი ღვაწლი ჯეროვნად დავაფასოთ.
ოლიმპოს მთაზე შემდგარი აკაკი წერეთელი ღმერთკაცის რწმენით ეხმიანება დღევანდელ საქართველოს, მამულიშვილნო. ყური მიუგდეთ აკაკის შეგონებას, ვიყოთ ღირსეული მემკვიდრენი დიდი წინაპრისა:
„ვინც წარსულს ივიწყებს, ის მომავალზედაც ხელს იღებს და მარტო აწმყოზე შეჩერებულა, ჩვენ კი გვინდა მისთანა მომავალი თაობა, რომელიც უარის მყოფელი კი არ არის წარსულის, მკვლევარია და მამა-პაპის ანდერძს დღესაც კიდევ გამოსადეგ საფუძვლად უდევს მომავალს...“