დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე პარლამენტში სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. დეპუტატის აზრით, კომისიამ დევნილთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებულ სამუშაოებთან დაკავშირებული საკითხი უნდა შეისწავლოს.
ლორთქიფანიძის განცხადებით, საქართველოსთვის აშშ-ს მხრიდან გამოყოფილ მილიარდიანი დახმარების ფორმატში გაღებული ხარჯების მიზნობრიობის საკითხი მთლიანად გადასახედია.
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოსვლას ლორთქიფანიძე უახლოეს სესიაზე გეგმავს.
- დევნილთა განსახლებასთან დაკავშირებით შემუშავებული სამთავრობო სტრატეგია ფაქტობრივად ჩიხშია შესული. დახარჯული თანხები და თავად დანახარჯის შედეგი სრულიად არ შეესაბამება ერთმანეთს. ამის კარგი მაგალითია დაბა სურამში მდებარე დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ცენტრი, რომელსაც რეაბილიტირებულს უწოდებენ, თუმცა არც კარ-ფანჯარაა გამოცვლილი და წყალიც პირდაპირ შენობაში ასხამს, - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
იგი დეპუტატებს ომბუდსმენის სპეცანგარიშში ასახული კონკრეტული ფაქტების საგამოძიებო კომისიის ფორმატში შესწავლისაკენ მოუწოდებს.