20 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნანა კალანდაძემ ჯოზეფ ქეი ბადრი პატარკაციშვილის ქონების აღმსრულებლად ცნო. მოპასუხეები ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის წევრები იყვნენ - ცოლი, ინა გუდავაძე, შვილები - ია პატარკაციშვილი, ლიანა ჟმოტოვა, დედა - ნათელა პატარკაციშვილი, ვაჟიშვილი - დავით პატარკაციშვილი და მისი დედა ოლგა საფონოვა. განაჩენით, პატარკაციშვილებს ჯოზეფ ქეის უფლება–მოვალეობების შესრულებაში ხელისშეშლა აეკრძალათ.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დავა დიდი ხანია მიმდინარეობს. ერთ მხარეს არის ჯოზეფ ქეი, რომელიც ანდერძის ასლს იშველიებს და აცხადებს, რომ მან უნდა გაუნაწილოს ქონება მემკვიდრეებს, მეორე მხარეს კი გარდაცვლილის პირველი რიგის მემკვიდრეები არიან, რომლებსაც ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი აქვთ და ითხოვენ კანონიერი უფლების მინიჭებას. ისინი ქეის დოკუმენტის გაყალბებაში სდებენ ბრალს.
სასამართლო გადაწყვეტილებას გარდაცვლილის ოჯახი სრული შემადგენლობით ესწრებოდა, მხოლოდ ქეის ადვოკატები არ ჩანდნენ. პატარკაციშვილები აცხადებენ, რომ ელოდნენ ასეთ უსამართლობას, თუმცა მაინც ჰქონდათ რაღაც იმედი. ისინი ბრძოლის გაგრძელებას აპირებენ. სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ განაჩენს და შემდეგ მასალებს სტრასბურგში გააგზავნიან.
ყველაზე სენსაციური კი გაზეთ „24 საათში" დაბეჭდილი სტატია აღმოჩნდა. ირკვევა, რომ რამდენიმე დღით ადრე, 14 თებერვალს, გაზეთმა უკვე იცოდა, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა მოსამართლე 20 თებერვალს. ის, რაც მოსამართლემ პროცესზე წაიკითხა, გაზეთში უკვე დაბეჭდილი იყო. ეს ფაქტი, ბუნებრივია, ოჯახს აძლევს იმის თქმის უფლებას, რომ გადაწყვეტილება დაკვეთითაა მიღებული.
- ეს არის კანტორა და არა - სასამართლო! ეს მოხდა იმიტომ, რომ ამაში ჩარეულია მთავრობა. ჩემს შვილს ართმევენ მთელ ქონებას, ველოდებოდით, ასეთი უსამართლობა რომ იქნებოდა. ცუდად ვარ, მაგრამ მაინც მოვედი პროცესზე. ჩემს რძალს, ინას, დღეს, 20 თებერვალს დაბადების დღე აქვს და ნახეთ, როგორ მიულოცეს, რა გაუკეთეს ამ გათახსირებულებმა! ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რადგან მართლები ვართ. ჩემს შვილს არაფერი წაუღია საქართველოდან, პირიქით, სიკეთეს აკეთებდა, - განაცხადა პროცესიდან გამოსულმა ნათელა პატარკაციშვილმა.
„ისეთ დღეში ჩამაგდეს, იმასაც ვფიქრობ, რომ მაგან მოაკვლევინა ჩემი შვილი. მისი ქცევებით და ასეთი გამოსვლით სოსო ჯოზეფ ქეი ამტკიცებს ამას. ფაქტია, ის დაინტერესებული იყო იმით, რომ ჩემი შვილის ქონება ხელში ჩაეგდო. როგორ გამოუვა, იმასაც ნახავს! ჩვენ არ გავჩერდებით", - დასძინა ქალბატონმა ნათელამ.
მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებისას აღნიშნა, რომ ჯოზეფ ქეის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მას უარი ეთქვა სამკვიდროს მმართველად აღიარებაზე, სამაგიეროდ ანდერძის აღმასრულებლად ცნეს.
პატარკაციშვილების ადვოკატი ლაშა ბირკაია აცხადებს, რომ მოსამართლე ამით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, სინამდვილეში ქეის მოთხოვნა სრულადაა დაკმაყოფილებული.
- ჩვენ არ ვიკვებებოდით ილუზიით, რომ ქართული სასამართლო რაიმე ნორმალურს გადაწყვეტდა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ „ნაწილობრივ დააკმაყოფილა ქეის მოთხოვნა". ესეც არის თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა. კომპეტენციის თვალსაზრისით, ანდერძის აღმასრულებელი და სამკვიდროს მმართველი აბსოლუტურად იდენტური ცნებებია. პრაქტიკულად მათი მოთხოვნა რაც იყო, სრულად დაკმაყოფილდა, - აცხადებს ადვოკატი ლაშა ბირკაია, – ის დოკუმენტები არის ყალბი. საინტერესოა ის გარემოებაც, რომ პროცესზე წარმოდგენილი არ იყო არათუ დედანი, ნოტარიულად დამოწმებული ასლებიც კი. მთელი პარადოქსი ისაა, რომ თვითონ ქეი აცხადებს, დედანი არ მინახავსო. ამ შემთხვევაში სასამართლო ენდო აბსოლუტურად გაურკვეველ ვითარებას, მაშინ, როცა მოსარჩელე არ არის დარწმუნებული იმაში, რომ ეს ანდერძი ბუნებაში არსებობს. იმ შემთხვევაშიც კი, რომ ყოფილიყო დედნები, თავისი ხელმოწერებით არ ქმნიდა საფუძველს, რომ აღიარებულიყო ჯოზეფ ქეი აღმსრულებლად. სასამართლომ ქეის ადვოკატის როლი იკისრა. განაჩენში აღნიშნულია, ხელი არ შეუშალოს ოჯახმა ჯოზეფ ქეისო. ეს პარადოქსულია. რაში მდგომარეობს მემკვიდრეთა მხრიდან ხელისშეშლა? ეს იმას ნიშნავს, რომ არანაირი წინააღმდეგობა არ იქნეს გაწეული კანონიერი მემკვიდრეების მხრიდან. რატომ არ იყო გადაწყვეტილების გამოცხადებისას ჯოზეფ ქეის მხარე, ვერ გეტყვით, მაგრამ, სავარაუდოდ, მათთვის წინასწარი იყო ცნობილი ეს გადაწყვეტილება.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქმეში მოპასუხეებად ოლგა საფონოვა და მისი ვაჟი დავით პატარკაციშვილიც იყვნენ. მათ ინტერესებს ადვოკატები არჩილ კბილაშვილი და დავით მეცხოვრიშვილი იცავენ. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბატონ ბადრის მოსკოვში ვაჟიშვილი ჰყავდა, მისი არსებობა კანონიერმა მეუღლემ ინა გუდავაძემ ბადრის გარდაცვალების შემდეგ გაიგო. როგორც ჩანს, დავითის დედაც აცხადებს პრეტენზიას მემკვიდრეობაზე, თუმცა ცნობილია, რომ მათი ქორწინება სასამართლომ არაკანონიერად ცნო. ადვოკატი არჩილ კბილაშვილი კი ამბობს, რომ ამის მიუხედავად, საფონოვას აქვს უფლება, მოითხოვოს მემკვიდრეობა:
- ქეის სარჩელზე მოპასუხე არის ბადრი პატარკაციშვილის ყველა მემკვიდრე. ისინი თვლიან, რომ ასეთი ანდერძი არ შეიძლებოდა დაეწერა ბატონ ბადრის და ის, რაც ქეიმ წარმოადგინა, გაყალბებულია.
საფონოვაც ითხოვს თავის წილს და ამაზე ოჯახი თანახმაა?
- არის თუ არა მათ შორის რაიმე უთანხმოება, ეს ნამდვილად არ ვიცი. ეს საკითხი ახლა ნამდვილად არ დგას დღის წესრიგში. ინტერესების რა დოზით თანხვედრაა და რა დოზით განსხვავება, ეს მეორე საკითხია და ერთმანეთს შორის გასარკვევია და არა - მესამე პირის გასარკვევი. აქ ყველა ერთ აზრზეა და ითხოვენ, ქეის არ მიეცეს ეს უფლება.
ჯერ კიდევ მაისში მიღებულ განჩინებაში მისცეს ქეის უფლება, გაეყიდა, გაესხვისებინა ქონება, მას სახელმწიფოს დეპოზიტზე თანხა უნდა დაედო. თუ დაიდო დეპოზიტზე რაიმე თანხა?
- აღარც დეპოზიტზე თანხის დადების ვალდებულება მიანიჭეს ქეის. ეს ინფორმაცია აბსოლუტურად უცნობია საზოგადოებისთვის. მას მერე, რაც სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, ქეიმ ისევ იდავა და გაუქმება მოითხოვა. ქეი ამბობდა, რომ თანხის მოთავსება დეპოზიტზე, მისთვის მიუღებელი და შეუძლებელი იყო, რადგან მას ზიანს აყენებდა. სასამართლომ მალევე მეორე გადაწყვეტილება მიიღო და გააუქმა ადრინდელი.
ფაქტია, რომ ყველა მემკვიდრე დღეს ერთ პოზიციაზეა და მათი მიზანი საქმიდან ქეის ჩამოცილებაა, თუმცა ამას დღემდე ვეღარ მიაღწიეს. მოსამართლე კალანდაძის გადაწყვეტილება სააპელაციოში გასაჩივრდება, მაგრამ ქართული სასამართლოს იმედი პატარკაციშვილების ოჯახს არ აქვს.