„მე არასდროს არც ერთ პოლიტიკოსს არ ვუწოდებ ცუდ სიტყვას“

„მე არასდროს არც ერთ პოლიტიკოსს არ ვუწოდებ ცუდ სიტყვას“

უშიშროების საბჭოს სხდომაზე პრეზიდენტმა იქ მყოფ პოლიტიკურ სპექტრს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ დახურულ ფორმატში განხილული საკითხები გარეთ არ გადის და ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი არ ხდება. თუმცა, ამ სხდომის დასრულებისთანავე ცნობილი გახდა, რა თემებზე მოხდა შეჯერება.

სხდომის შემდეგ გაცხადდა, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებით და საგარეო პოლიტიკის მთავარ სტრატეგიულ მიმართულებებზე ხედვები შეაჯერეს. "ამ ეტაპზე რიგი საკითხების კონფიდენციალურობის გამო", სხდომის შემდეგ ჟურნალისტებისთვის მხოლოდ ზოგადი კომენტარები გაკეთდა, თუმცა გარკვეული ინიციატივები ცნობილი მაინც გახდა.

კერძოდ, როგორც უშიშროების საბჭოს მდივანმა ეკა ტყეშელაშვილმა განაცხადა, ხელისუფლებამ გაიზიარა ოპოზიციის წინადადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ყოველი რაუნდის შემდეგ პარლამენტის წინაშე ინფორმაციით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი წარსდგეს.

გარდა ამისა, ხელისუფლებამ გაიზიარა "ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივა, რომელიც უშიშროების საბჭოს რეორგანიზაციას ეხება. ასევე გადაწყდა, რომ შეიქმნება მუშა ჯგუფი, რომელიც უშიშროების საბჭოს სტრუქტურული რეორგანიზაციის მიმართულებით იმუშავებს.

ამასთან, პრეზიდენტის სასახლიდან გამოსული ყველა პოლიტიკოსი ერთხმად აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან და ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით პოზიციათა ძირითად ნაწილში თანხვედრა არსებობს და ამ ფორმატში მუშაობა გაგრძელდება.

თუმცა, გუშინდელი სხდომა არც ისეთი გაფართოებული აღმოჩნდა, როგორი მოლოდინიც არსებობდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ სხდომას საპარლამენტო ოპოზიცია სრულად და არასაპარლამენტო ოპოზიციიდან მხოლოდ პარტია "თავისუფლების" წარმომადგენელი სანდრო ბრეგაძე და "ტრადიციონალისტების" ლიდერი აკაკი ასათიანი ესწრებოდა. დანარჩენი არასაპარლამენტო ოპოზიცია კი სხდომას არ დაესწრო.

არდასწრების მიზეზად "კონსერვატორების" ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა ის ფაქტორი დაასახელა, რომ "ეს სააკაშვილის პოლიტიკური შოუა, რომელიც მას დემოკრატიული იმიჯის შესაქმნელად სჭირდება."

სხდომას არ დაესწრო არც ირაკლი ალასანია, რომლის მოთხოვნითაც აგვისტოში წინა სხდომა გაიმართა. ამის მიზეზად კი მან რამდენიმე ფაქტორი დაასახელა.

მისი თქმით, წინა სხდომაზე მათ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი დააყენეს, რომელიც ხელისუფლებამ საერთოდ არ გაითვალისწინა.

ალასანიას განცხადებით, ხელისუფლების ქმედებებიდან გამომდინარე, მას აქვს საფუძველი თქვას, რომ 7 აგვისტოს შეხვედრა ხელისუფლების მორიგი პოპულისტური ნაბიჯი იყო და იგივე განმეორდება ახლაც.

"ამ სხდომაში მონაწილეობაზე ჩვენი უარი გამოწვეულია იმით, რომ 7 აგვისტოს სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი დავაყენეთ და კონკრეტული წინადადებებით მივედით, თუმცა, სამწუხაროდ, ბევრი ამ საკითხთაგანი დღემდე გადაუწყვეტელია. კერძოდ, შეფერხებულია საარჩევნო სისტემაზე მომუშავე ჯგუფის მუშაობა, გადაუწყვეტელია პოლიტპატიმრების დიდი ნაწილის საკითხი. ამასთან, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიღებული საკადრო გადაწყვეტილებები გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ხელისუფლება პოპულისტური ნაბიჯების გადადგმას აგრძელებს," - განაცხადა ალიანსის ლიდერმა.

ამასთან მან ისიც აღნიშნა, რომ ალიანსი მზად არის დიალოგისთვის, თუმცა მხოლოდ ლაპარაკი მისთვის მისაღები არ არის და კონკრეტულ მოქმედებებს ითხოვს.

"ლაპარაკის დრო დამთავრდა და დროა მოქმედების. ამ ყველაფრის გათვალისწინებით უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მონაწილეობა არ მივიღეთ. იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების და მედიის თვალსაზრისით პროგრესული ნაბიჯები გადაიდგმება, მზად ვართ, ხელისუფლებას შევხვდეთ," - აცხადებს ირაკლი ალასანია.

თუმცა, ოპოზიციის არმონაწილეობა პრეზიდენტმა არ შეიმჩნია და მან სხდომაში მონაწილე ოპოზიციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, მთავრობას მათთან არანაირი საიდუმლოებები არ აქვს.

"ჩვენ წინა გაფართოებულ სხდომაზე ბევრ მგრძნობიარე საკითხებზე ვისაუბრეთ, იმაზე, რაც ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებს ეხება. ბევრი კონფიდენციალური ინფორმაცია გაგიზიარეთ, რაც ეხებოდა ჩვენი თავდაცვისუნარიანობას, საგარეო პოლიტიკურ კონტაქტებს. მინდა, განსაკუთრებით ხაზი გავუსვა, შემდეგ ვადევნებდით თვალყურს, არც ერთი ეს ინფორმაცია ღია პრესაში, პრაქტიკულად, არ გაჟონილა," - მიმართა პრეზიდენტმა სხდომის მონაწილეებს.

მისი თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ, როცა საქმე ეხება სახელმწიფო ინტერესებს და არა უბრალოდ პოლიტიკურ ბრძოლას, სხდომის ყველა მონაწილემ ფართო პოლიტიკური სპექტრიდან საქართველოსთვის აქამდე უჩვეულო სახელმწიფოებრივი აზროვნება გამოიჩინა. ამისთვის კი პრეზიდენტმა ყველა მონაწილეს მადლობა გადაუხადა.

ამასთან, პრეზიდენტი მთავრობას ოპონენტი პოლიტიკოსების მისამართით მკვეთრი გამოთქმებისგან თავის შეკავებას ურჩევს. მისი თქმით, ძირითად საკითხებზე მთავრობამაც და ოპოზიციის წარმომადგენლებმაც საერთო ჩარჩო უნდა მოძებნონ და ამ მიმართულებით უნდა იმუშაონ.

"მიმდინარეობს თანამშრომლობა სხვადასხვა ჯგუფებში, მათ შორის საარჩევნო კომისიებში, თუმცა, ყოველთვის არის ხალხი, ვინც საქართველოს მტრის პროპაგანდას იმეორებს, რადგან ეს მიაჩნია პოლტიკური წარმატების გზად. ეს მათი არჩევანია, მე არასდროს არც ერთ პოლიტიკოსს არ ვუწოდებ ცუდ სიტყვას, როგორც არ უნდა გამოიყურებოდეს მათი საქციელი, იმიტომ რომ მიმაჩნია, რომ ყველანი ქართველები ვართ და ერმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. სჯობს მკვეთრი გამოთქმებისგან თავი შევიკავოთ განსაკუთრებით მთავრობამ," - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, არის ხალხი, რომელსაც ჰგონია, რომ სხვისი აზრის არმოსმენა და მხოლოდ საკუთარ პოზიციაზე "მიწოლა" წარმატების ერთადერთი გზაა.

"ყოველთვის, როცა მთავრობამ სცადა ამის გაკეთება, და საკუთარ თავზე მინდა ვთქვა, ჩვენ ყოველთვის წავაგეთ," - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისი თქმით, საქართველოს თავის ისტორიაში ყველანაირი გამოცდილება ჰქონია და ცხადია, რომ რადიკალურმა ლოზუნგებმა ერთმანეთზე ტყვიების დაშენაში გადაზრდილმა არაფერი კარგი არ მოიტანა.

"მეორეს მხრივ, ჩვენმა ხალხმა კარგად დაგვანახა თუნდაც ბოლო თვეებში, რომ როგორი რადიკალურებიც არ უნდა ვიყოთ, არავინ დაუშვებს ძალადობას, პირველ რიგში საზოგადოება," - განაცხადა პრეზიდენტმა.