ჯორჯ სოროსი ალაპარაკდა

ჯორჯ სოროსი ალაპარაკდა

ტელეარხი „ТВЦ“, 11 თებერვალი, 2006 წელი, გადაცემა „P.შ.” ავტორი და წამყვანი: ალექსეი პუშკოვი

ალექსეი პუშკოვი:

- საქართველოს მოსახლეობა იმყოფება ყველაზე გაჭირვებულ მდგომარეობაში მთელი მისი უახლესი ისტორიის მანძილზე, სააკაშვილს კი მარტო ერთი რამ ადარდებს - „ფერადი“ რევოლუციების გავრცელება დსთ-ის ქვეყნებში... სულ ახლახანს, მიუნხენში, სააკაშვილმა, პრაქტიკულად, იწინასწარმეტყველა ნარინჯის რევოლუცია ბელარუსში.

„შარშან მოვინახულე „სი-ენ-ენ“-ის შტაბბინა, უშუალოდ უკრაინაში, არჩევნების წინ და შევთავაზე კომპანიის ხელმძღვანელობას კორესპონდენტების გაგზავნა კიევში. დღეს მე მინდა შევთავაზო, რომ „სი-ენ-ენ“-მა და სხვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებმა გააგზავნონ კორესპონდენტები მინსკში“, - კასანდრას დარად განაცხადა მიუნხენში ქართველმა ლიდერმა.

საიდან ასეთი თავგამოდება? ისევ იქიდან! - საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ხელისუფლებაში სააკაშვილის მოსვლა ფინანსდებოდა შეერთებული შტატებიდან, რომელიც აქტიურად გამოდის „ფერადი“ რევოლუციების მხარდასაჭერად რუსეთის მეზობელ ქვეყნებში.

ამის შესახებ ჩვენს პროგრამას გულახდილად ესაუბრა ამერიკელი ფინანსისტი და პოლიტიკოსი ჯორჯ სოროსი:

ჯორჯ სოროსი:

- მე, საერთოდ, არ მივესალმები რევოლუციებს, განსაკუთრებით, დადგმულ რევოლუციებს, იმიტომ, რომ ისინი ხდებიან მაშინ, როდესაც არის დემოკრატიის კრახი, დემოკრატიის დეფიციტი. ადამიანებს უკვე ყელში აქვთ ამოსული რეპრესიული და კორუმპირებული რეჟიმები და ისინი, უბრალოდ, მიწისაგან პირისა აღგვიან ასეთ რეჟიმებს.

მე მართლაც ვუჭერდი მხარს სააკაშვილსა და ჟვანიას, მე მხარს ვუჭერდი მათ, როცა ისინი მუშაობდნენ შევარდნაძესთან ერთად. მე თავად შევარდნაძესთან კარგ ურთიერთობებში ვიყავი, ჩვენ ერთად ვმუშაობდით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის პროგრამაზე. მაგრამ, სამწუხაროდ, შევარდნაძემ ვერ შეძლო დანაპირების შესრულება, რადგანაც კორუფციის მთავარი წყარო იყო შინაგან საქმეთა სამინისტრო და თვით შევარდნაძის სიცოცხლე დამოკიდებული იყო ამ სამინისტროზე! ამიტომაც მას არ შეეძლო, დაეკავებინა ხისტი პოზიცია.

შემდეგ ჟვანიას და სააკაშვილს ყველაფერი მობეზრდათ, ისინი გავიდნენ მთავრობიდან, ჩამოაყალიბეს საკუთარი ახალი პარტიები და... მოიგეს არჩევნები! მაგრამ არჩევნების შედეგები ფალსიფიცირებულ იქნა ყოფილი ხელისუფლების სასარგებლოდ!... და მაშინ ჩემმა ფონდმა გამოაქვეყნა ჩატარებული ეგზიტპოლის მონაცემები, რომლებმაც რეალური რეზულტატები აჩვენეს. და ხალხმა დაუჯერა ამ მონაცემებს და არა ოფიციალურ შედეგებს.

და როგორც კი სააკაშვილმა გაიმარჯვა და გახდა პრეზიდენტი, მე შევქმენი ფონდი, მისი მთავრობის დახმარების მიზნით. ამან შესაძლებლობა მისცა მას, მოეზიდა ხალხი საზღვარგარეთიდან საქართველოს მთავრობაში სამუშაოდ, რათა მთავრობას შესძლებოდა უკეთესად ფუნქციონირება და პოლიციისათვის ხელფასის გადახდა.

მერე კი ისე გამოვიდა, რომ ფონდი გახდა სააკაშვილის ყველაზე დიდი კრიტიკოსი და ვფიქრობ, ეს აღიზიანებს სააკაშვილს, მაგრამ ის ამას შეურიგდა.

მე კმაყოფილი ვარ იმით, რასაც აკეთებდა ფონდი „ვარდების რევოლუციამდე“ და რასაც აკეთებს ის დღეს!

მაგრამ ხომ იყო მტკიცებულებანი, მეტიც - ისმოდა ბრალდებები იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა პირდაპირ ფინანსდებოდა სოროსის ფონდიდან?

- მაგრამ ეს ბრალდებები არ არის! ეს მართლაც ასეა! ფაქტია! და ეს კეთდებოდა გამჭვირვალედ... „ვის“ და „როგორ“ - ამას წყვეტდა სააკაშვილი და ვინც არ უნდა ყოფილიყო მთავრობაში, ის ღებულობდა დამატებით ხელფასს 1200 დოლარს თვეში, რადგანაც მთავრობას არ შეეძლო გადახდა!...

და კიდევ იცით, რა მინდა გავაკეთო? მინდა ვუპასუხო ჩემს კრიტიკოსებს, რომლებიც მთვლიან „ცრუ“-ის აგენტად და „ფერადი რევოლუციების“ სულისჩამდგმელად.

ყველა ჩემი მოქმედება და ყოველი ჩემი სიტყვა ადასტურებს, რომ მე ვაზროვნებ დამოუკიდებლად, დიახ, მე მაქვს საკუთარი შეხედულებები და არა ვარ „ცრუ“-ის ინსტრუმენტი!