მოგელაძეს ტონი შეარბილებინეს

მოგელაძეს ტონი შეარბილებინეს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „ქართული ოცნების“ მიმართ ტონი შეარბილა. თუ აქამდე უწყების განცხადებებიც და ქმედებებიც კოალიციის წარმომადგენლების და მათი მხარდამჭერების მიმართ უკიდურესად მკაცრი და ხშირ შემთხვევაში, ზედმეტად მკაცრიც იყო, ამჯერად აუდიტის სამსახური, როგორც თავად აცხადებს, პრევენციული შინაარსის განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონის შესაბამისად, ყველა პოლიტიკური პარტია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 5 დღის ვადაში აწვდის ინფორმაციას მიღებული შემოწირულებების თაობაზე. პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“-ში შემავალი პარტიების ფინანსურ ანგარიშგებაზე პასუხისმგებელმა პირებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაადეკლარირეს პარტიების ანგარიშზე არაფულადი შემოწირულებების განხორციელების ფაქტი, რაც კანონით დაშვებულ შესაძლებლობას წარმოადგენს, თუმცა მონიტოირნგის პროცესში დადგინდა, რომ აღნიშნული შემოწირულებების დეკლარირება მოხდა „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნების დარღვევით, რადგან განხორციელდა ფულადი ფორმით, თუმცა დადეკლარირდა როგორც არაფულადი შემოწირულება.

განცხადების თანახმად, მონიტორინგის პროცესში დადგინდა, რომ ფიზიკური პირები სხვადასხვა მომსახურების შესყიდვისა და პარტიის ვალდებულებების შესრულებისათვის ფულად თანხებს პირადი სახსრებიდან იხდიან, თუმცა ამის მიუხედავად როგორც ელექტრონული პროგრამაში ისე ოფიციალურ დოკუმენტაციაში ამას ადეკლარირებენ როგორც არაფულად შემოწირულებას. კანონით დადგენილი წესების დარღვევით კოალიცია „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ შემოწირულებები განახორციელეს ფიზიკურმა პირებმა, - ნოდარ ხადურმა, თამარ გიორგაძემ, რომან ცხონდიამ, თინა ხიდაშელმა და ბესო ჯოჯუამ.

„სახეზეა პარტიის სახელით ფიზიკური პირის მიერ განხორციელებული ანგარიშსწორება, რაც არ შეესაბამება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით შემოწირულებისათვის დადგენილ ცნებას, რადგან კანონის მიხედვით შემოწირულება შეიძლება იყოს ან ფულადი სახის, რაც მხოლოდ შემომწირველის კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან პარტიის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვის გზით უნდა განხორციელდეს, ან არაფულადი, რაც შეიძლება იყოს ფიზიკური პირის მიერ საკუთრების ან სარგებლობის უფლებით პოლიტიკური სუბიექტისათვის გადაცემული ყველა სახის აქტივი, გარდა ფულადი სახსრებისა, რაც ბუნებრივია წლის განმავლობაში ერთი ფიზიკური პირისთვის არ უნდა აღემატებოდეს კანონით დადგენილ ლიმიტს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ამის შემდეგ აუდიტის სამსახური ასკვნის, რომ ზემოაღნიშნულ პირთა მიერ პოლიტიკური სუბიექტის ნაცვლად სხვადასხვა მომსახურებისა შესყიდვისა და ვალდებულების დასაფარავად პირადი სახსრების გამოყენება კანონდარღვევას წარმოადგენს და ამავდროულად სრულ წინააღმდეგობაშია საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის გვერდის ავლა გამოიწვევს შემოწირულების სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართვას, ხოლო სამართალდამრღვევ პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობა.

„ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მოწმის სტატუსით გამოკითხა ყველა ის პირი, ვინც შემოწირულებების კანონის მოთხოვნათა დარღვევით განახორციელა. ახსნა-განმარტების მიცემისას აღნიშნულმა პირებმა მათ მიერ კანონშეუსაბამო ქმედების ჩადენის ფაქტი პოლიტიკური სუბიექტების ანგარიშებზე ინკასოს არსებობით ახსნეს და განმარტეს, რომ პოლიტიკური სუბიექტის ფინანსური ვალდებულებების პირადი სახსრებიდან დაფარვა სწორედ ამ ფაქტმა განაპირობა.

იმის მიუხედავად, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით დაუფარავი ვალდებულებების გამო კოალიცია „ქართულ ოცნება“-ში შემავალ პარტიებს ინკასოს წესით მიღებული შემოსავლების მხოლოდ 16.45% ჩამოეჭრათ და სრული შესაძლებლობა ჰქონდათ ფინანსური ტრანზაქციები კანონის შესაბამისად განეხორციელებინათ, მაინც დაარღვიეს პოლიტიკური დაფინანსების შესახებ დადგენილი წესები. თუმცა სახელმწიფო აუდიტის სამსახური ორიენტირებულია დარღვევების პრევენციაზე და არა სანქციების გამოყენებაზე. სწორედ ამ კონტექსტში ხაზს უსვამთ იმ გარემოებას, რომ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციით, საქართველოს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ინკასოს გამოყენება გადაავადა. შესაბამისად აღარ არსებობს რაიმე საფუძველი კანონშეუსაბამო ქმედების მიზეზების დასასაბუთებლად“, - აცხადებენ აუდიტის სამსახურში.

და ბოლოს, მოგელაძის უწყება ყველა პოლიტიკურ სუბიექტს კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქმიანობა წარმართონ კეთილსინდისიერების და ანაგრიშვალდებულების პრინციპების დაცვით და პოლიტიკური დაფინანსების კანონიერების უზრუნველყოფის მიზნით „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად იმოქმედონ. როგორც უკანასკნელი თვეების პრაქტიკა გვიჩვენებს, სიტყვები „პრევენცია“, „მოწოდება“ და ა.შ. როგორც წესი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ლექსიკაში არ შეინიშნებოდა. რას შეიძლება ამგვარი მეტამორფოზა მივაწეროთ? ხომ არ არის ეს გასულ კვირაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ გამოთქმული კრიტიკული განცხადებების გამოძახილი?

„ქართულ ოცნებაში“ ფიქრობენ, რომ აუდიტის სამსახურის მიერ ტონის შერბილება სწორედ ამ გარემოებამ გამოიწვია. მოგელაძის უწყების მიერ სამართალდამრღვევად ცნობილი ერთ-ერთი პირი და ამავდროულად, კოალიციის წევრი ნოდარ ხადური აღნიშნავს, რომ მანაც და მისმა კოლეგებმაც შემოწირულობა კანონის ფარგლებში განახორციელეს და არც მომავალში აპირებენ კანონის დარღვევას, ხოლო აუდიტის სამსახურს ხადური მოუწოდებს, „ქართულ ოცნებას“ ნორმალური წინასაარჩევნო კამპანიის განხორციელების საშუალება მისცეს.

For.ge-სთან საუბარში ნოდარ ხადური აუდიტის სამსახურში მის დაკითხვას იხსენებს და ამბობს, რომ საქმე მის მიერ გაკეთებულ 330.40 ლარის ოდენობის შემოწირულობას ეხებოდა. კერძოდ, მისი განმარტებით, ეს სწორედ იმ პერიოდში მოხდა, როდესაც კოალიციაში შემავალი პარტიების საბანკო ანგარიშებს ინკასო ედო. ამ დროს კი საჭირო იყო „ქართული ოცნების“ ბრენდირებული მაისურების განბაჟება. პრობლემა ის იყო, რომ ხადურის განმარტებით, სწორედ იმ დღეს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კოალიციას საბანკო ანგარიშიდან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 12 800 ლარზე მეტი ჩამოჭრა და ანგარიშზე მხოლოდ 6 ლარი დატოვა. ამის გამო, კოალიცია საბაჟო მოსაკრებლის გადახდას ვერ ახერხებდა. ამიტომ, ხადურმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკუთარი სახსრებით მოეხდინა მაისურების განბაჟებისათვის საჭირო თანხის გადახდა.

„კანონში წერია, რომ არსებობს ორი ტიპის შემოწირულობა, ფულადი და არაფულადი. არსებობდა საბაჟო მოსაკრებლის გადახდის ასეთი გზაც, რომ მე თანხა პარტიის ანგარიშზე შემეტანა და შემდეგ იქიდან უნაღდო ანგარიშსწორების სახით მომხდარიყო ამის გადახდა. თუმცა იმის გამო, რომ ჩვენს ანგარიშს ინკასო ედო და იმ დღეს ჩვენს ანგარიშზე არსებული მთლიანი თანხა ჩამოგვეჭრა, ჩვენ არანაირი გარანტია არ გვქონდა, რომ ჩვენს მიერ ანგარიშზე შეტანილი თანხა იმას მოხმარდებოდა, რისთვისაც იგი გვჭირდებოდა. ამიტომ, მე ჩემი საბანკო ანგარიშიდან გამოვიტანე ეს თანხა, გადავიხადე საბაჟო მოსაკრებელი და შემდეგ უკვე საბაჟოს მომსახურება შევწირე პარტიას, ანუ ეს მომსახურება შემოწირულობის სახით დავადეკლარირე“, - აცხადებს ნოდარ ხადური.

მისი თქმით, აუდიტის სამსახურში დაკითხვაზე მისი შემოსავლებით დაინტერესდნენ, თუმცა ამ მხრივ პრობლემა არ შექმნილა, რადგან ნოდარ ხადური უკანასკნელი წლების განმავლობაში საკმაოდ მაღალანაზღაურებად სამსახურში მუშაობდა. „ქართული ოცნების“ წევრი ამბობს, რომ დაკითხვაზე ნათია მოგელაძეც მივიდა და უთხრა ხადურს, რომ ეს ღონისძიება პრევენციული ხასიათის იყო, რათა კოალიციის წევრებს მომავალში კანონის გვერდის ავლით თანხების გადარიცხვა არ მოეხდინათ. ხადურის თქმით, მან მოგელაძეს აუხსნა, რომ კანონი არ დაურღვევია, რადგან ქართული კანონმდებლობა არამატერიალური შემოწირულობის განხორციელებას ითვალისწინებს, მაგრამ „მოგელაძე თავის აზრზე დარჩა“.

„არც არასოდეს დაგვირღვევია კანონი და ამის გაკეთებას არც მომავალში ვაპირებთ. მიუხედავად იმისა, რომ კანონი ძალიან მკაცრია, მის მოთხოვნებს ყოველთვის ვიცავთ, თუმცა კონტროლის პალატის მხრიდან დამოკიდებულება ცოტა განსხვავებულია. ძალიან ხშირად აუდიტის სამსახური აშკარა ფაქტებსაც კი უარყოფს და ჩვენს მომხრეებს, ან კოალიციაში შემავალ პარტიებს აჯარიმებს“, - ამბობს ხადური.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა იყო ჩამოსული, აუდიტის სამსახურის პოლიტიკა ოდნავ შერბილდა. ვინაიდან „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პოლიტიკური პარტიების საბანკო ანგარიშზე დადებული ინკასოს მოქმედება გადავადდა, რამაც კოალიციას მის ანგარიშებზე თანხების აკუმულირების და ფონდის მეშვეობით მათი მართვის საშუალება მიეცა. ნოდარ ხადური ამას აუდიტის სამსახურის პროგრესულ ნაბიჯად აფასებს. რაც შეეხება ორი დღის წინ ბიძინა ივანიშვილის მიერ წამოყენებულ მოთხოვნებს, ნოდარ ხადური ამბობს, რომ ამ მხრივ ხელისუფლებას ამ მოთხოვნების შესასრულებლად და შესაბამისად, საარჩევნო გარემოს სრულყოფისაკენ ადექვატური ნაბიჯები ჯერ არ გადაუდგამს. თუმცა კოალიციის წევრი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის მოთხოვნები იმდენად ლეგალურია, რომ ხელისუფლებას გაუჭირდება, ამ მოთხოვნებზე უარის თქმა.

ნოდარ ხადური მიიჩნევს, რომ აუდიტის სამსახურის პრევენციული სახის განცხადებაც ასე ვთქვათ, ჯიბრით არ არის გაკეთებული და იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება თავის პოლიტიკას აღარ გაამკაცრებს და „ქართულ ოცნებას“ ნორმალური საარჩევნო კამპანიის ჩატარების საშუალებას მისცემს.