მამუკა კაციტაძე და ზაქარია ქუცნაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

მამუკა კაციტაძე და ზაქარია ქუცნაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში კომისიის თავმჯდომარეს მამუკა კაციტაძესა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრს,  ზაქარია ქუცნაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. 

დაპირისპირებამდე ცოტა ხნით ადრე ზაქარია ქუცნაშვილმა კომისიაში 25 000-მდე განცხადება მიიტანა, სადაც ასახული იყო ის უზუსტობები, რომლებიც „ქართული ოცნების“ კარდაკარის წარმომადგენლებმა სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ამომრჩეველთა ერთიან სიებში აღმოაჩინეს.

კომისიის შენობაში სიების შესატანად მისულ ქუცნაშვილს მამუკა კაციტაძე დახვდა და ვითარებაში გარკვევას შეეცადა. ქუცნაშვილი მას ედავებოდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 20 აგვისტოს 60 000-მდე უზუსტობა შეიტანა, თუმცა მათზე პასუხი არ ჩანდა. მამუკა კაციტაძემ ზაქარია ქუცნაშვილის პრეტენზიებს კამერების წინ დადგმული უნიჭო სპექტაკლი უწოდა და აღნიშნა, რომ ქუცნაშვილი ვერც მსახიობად და ვერც რეჟისორად ვერ ივარგებდა.
For.ge ზაქარია ქუცნაშვილსა და მამუკა კაციტაძეს ესაუბრა.

ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, დაპირისპირების მთავარი მიზეზი ის გახლდათ, რომ, ნაცვლად იმისა, სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძე სიების დახვეწით იყოს დაინტერესებული და ყველა საარჩევნო სუბიექტს ხელი შეუწყოს ამომრჩეველთა სიებში უზუსტობების აღმოსაფხვრელად, პირიქით, იგი დაინტერესებულია, რომ პროცესი შეაფერხოს. მეტიც, ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ კაციტაძე საბაბიდან საბაბს ეძებს იმისთვის, რომ ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტება არ მოხდეს.

„ჩვენ მივიტანეთ მორიგი უზუსტობების დამადასტურებელი წერილობითი განცხადებები. პირადად მე მოვითხოვე პასუხი 20 აგვისტოს ჩვენს მიერ შეტანილ 60 ათასზე მეტ წერილობით განცხადებაზე, რადგან კანონში პირდაპირ წერია, რომ სახელმწიფო კომისიამ „დასაბუთებული კი“, ან „დასაბუთებული არა“ უნდა თქვას შეტანილ განცხადებებზე. შესაბამისად, დასაბუთებულ პასუხს ვითხოვდი. მამუკა კაციტაძე მიხვდა, რომ დასაბუთებული პასუხის გაცემა სავალდებულო იყო, ამიტომ აქცენტი გადაიტანა დასაბუთებული პასუხის გაცემის ვადაზე. მეც გავყევი ამ ლოგიკაში. კაციტაძემ წაიკითხა საარჩევნო კოდექსის ის მუხლი, რომელიც ეხება მიწერილ და საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების თაობაზე პასუხის გაცემის ვადას. კერძოდ, კანონში პირდაპირ წერია, რომ დასაბუთებული პასუხი უცხოეთში მყოფთა ან მიწერილი ამომრჩევლების თაობაზე სახელმწიფო კომისიამ არა უგვიანეს 14 დღისა უნდა გაგვცეს. ხოლო გარდაცვლილებსა და სიებში გამორჩენილებზე დასაბუთებული პასუხის გაცემისთვის ორდღიან ვადა არსებობს“ - აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

მისივე განმარტებით, ამომრჩეველთა სიაში ძირითადად ოთხი ტიპის უზუსტობა ფიქსირდება - გარდაცვლილი ამომრჩევლები, გამორჩენილები, უცხოეთში მყოფები ან მიწერილი ამომრჩევლები. შესაბამისად, კანონი ადგენს ერთ კატეგორიაზე (უცხოეთში მყოფებსა და მიწერილებზე) 14 დღიან ვადას, მეორე კატეგორიაზე (გარდაცვლილებსა და სიებში გამორჩენილებზე) ორდღიან ვადას. ამდენად, ზაქარია ქუცნაშვილი მიიჩნევს, რომ მეორე კატეგორიის ხარვეზებზე პასუხი 22 აგვისტოს უნდა მიეღოთ, რადგან განცხადებები ჯერ კიდევ 20 აგვისტოს შეიტანეს.

როგორც ზაქარია ქუცნაშვილი აღნიშნავს, მამუკა კაციტაძე თავს იმართლებდა, რომ დასაბუთებულ პასუხებს გასცემდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. მაშინ, როცა თავად ქუცნაშვილი მას განუმარტავდა, რომ მიწერილებისა და საზღვარგარეთ მყოფთა შესახებ მართლაც ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის უნდა ეცნობებინათ, მაგრამ გამორჩენილებისა და გარდაცვლილების შესახებ პასუხები საოლქო საარჩევნო კომისიითვის უნდა გაედაეცათ, რაც სხვადასხვა დონის ადმინისტრაციული სტრუქტურებია. თანაც, როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში, ინფორმაცია საჯაროა და განცხადების ავტორებს უნდა მიეღოთ პასუხები და უნდა სცოდნოდათ, დაკმაყოფილდებოდა თუ არა მათი განცხადება შეტანის შემდეგ.

„მამუკა კაციტაძე იძახდა, პასუხს არ მოგცემთ, მიაკითხეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასო. მე ვუთხარი, ეს ინფორმაცია საჯაროა, რატომ, არ ხარ დაინტერესებული და რატომ ეძებ საბაბს პროცესის ხელის შეშლისთვის?! სწორედ ამას მოჰყვა კამათი. ცდილობდა, თავისი პოზიციისთვის გამამართლებელი საბუთი მოეძებნა. ამბობდა, მე ხომ ყველას პასუხს არ გავცემო?! რას ნიშნავს, ყველას პასუხს არ გავცემ! მაშინ ეს ოჯახები პასუხის გარეშე დავტოვოთ?! ამომრჩეველმა არ უნდა იცოდეს, მისი გარდაცვლილი ახლობელი სიიდან ამოღებული იქნება თუ დატოვებული?! ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაზე კონკრეტული პასუხი უნდა იყოს“, - აცხადებს ქუცნაშვილი.

მისი თქმით, სახელმწიფო კომისია არის ადმინისტრაციული ორგანო და, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად, იგი ვალდებულია, გასცეს საჯარო ინფორმაცია. ხოლო, თუ ამ ინფორმაციას პერსონალურ საიდუმლო ინფორმაციად მიიჩნევს და საჯაროდ არ გასცემს, მაშინ კონკრეტულ განმცხადებელს მაინც უნდა გასცეს პასუხი. კონკრეტული განმცხადებელი კი, ერთ შემთხვევაში, 60 ათასზე მეტი პირია, ხოლო მეორე შემთხვევაში, 20 ათასამდე განცხადება დაიწერა უზუსტობის თაობაზე.

ზაქარია ქუცნაშვილი მხოლოდ ერთ რამეში ეთანხმება მამუკა კაციტაძეს, რომ მართლაც, იგი მსახიობი არ არის და მისგან მსახიობი ვერც გამოვა.

„მსახიობობისკენ არც მივისწრაფი. თუმცა გული მწყდება, რომ სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე მოქმედებს არა როგორც ამომრჩეველთა სიების დაზუსტების ხელშემწყობი პირი, არამედ, როგორც საბაბის მძებნელი, რათა ის შრომატევადი პროცესი, რაც ჩვენმა კოალიციამ და ჩვენმა შტაბმა გასწია, პასუხგაუცემელი დარჩეს“.

საარჩევნო სიების უზუსტობებზე საუბრისას ზაქარია ქუცნაშვილი 189 ათას მიწერილ ამომრჩეველზე ამახვილებს ყურადღებას. სწორედ 189 ათასი მიწერილი ამომრჩეველი დატოვეს ერთიან სიაში და მისცეს ორივე არჩევნებში მონაწილეობის უფლება, როგორც პროპორციულ, ისე მაჟორიტარულ არჩევნებში. უფრო მეტიც, ზაქარია ქუცნაშვილი დარწმუნებულია, რომ ამ ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა გამოგონილი, ფიქტიური ამომრჩეველია, ყალბი პირადობის მოწმობით შეიარაღებული და ეს კენჭისყრის დღეს გამოჩნდება.

გარდა ამისა, ზაქარია ქუცნაშვილის აზრით, თუ ყველა მიცვალებული არ ამოიღეს სიიდან, თუ გამორჩენილი ამომრჩევლები არ დაამატეს და საზღვარგარეთ მყოფებს არ მისცეს განმარტება, რომ ისინი იმყოფებიან უცხოეთში, ეს გამყალბებელს აძლევს ნოყიერ საფუძველს, რათა ამ ადამიანების გრაფები გამოიყენოს.

მომხდარის მიუხედავად, მამუკა კაციტაძის შესახებ საბოლოო დასკვნების გაკეთებისგან ზაქარია ქუცნაშვილი თავს იკავებს. თუმცა, სამწუხარო ფაქტად მიიჩნევს, რომ ორდღიანი ვადა დარღვეულია და მამუკა კაციტაძისგან საჯაროობის პრინციპი დაუცველია.

რაც შეეხება მიწერილებსა და უცხოეთში მყოფებს, ქუცნაშვილი აცხადებს, რომ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას ვადა 3 სექტემბერს ეწურება.

ჩვენ მამუკა კაციტაძესაც ვესაუბრეთ. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ კარდაკარის შედეგები - 60 ათასამდე განცხადება 20 აგვისტოს შეიტანა, 31 აგვისტოს კი დამატებითი, 20 ათასამდე განცხადება მიიტანა. შესაბამისად, კაციტაძის განმარტებით, კომისიას კანონი ავალდებულებდა, ორი კვირის ვადაში დაემუშავებინა განცხადებები და ამომრჩეველთა ერთიან სიაში სტატუსების მიხედვით აესახა.

„ბატონი ზაქარია კი ითხოვდა, გინდა თუ არა, რატომ არ მაძლევთ დღესვე შედეგებსო?! ამ დროს კი ჩვენ პასუხებს  ვამზადებთ 4 სექტემბრისთვის. კანონით, მათ 4 სექტემბრისთვის გაეცემათ პასუხი, რადგან კომისია 14 დღეში იძლევა პასუხს ყველა განცხადებაზე, განურჩევლად იმისა, ეს განცხადება „ოცნების“ მიერ იქნება  შემოტანილი თუ ჩვეულებრივი მოქალაქის მიერ“.

მამუკა კაციტაძის თქმით, ისინი არასდროს დამალულან, მაგრამ ზაქარია ქუცნაშვილი მათთან ჟურნალისტების თანხლებით მივიდა და სპექტაკლი მოაწყო.

„ეს იყო ღია კარის მტვრევა. კამერების წინ ამბობდა, რომ ჩვენ არ გვაძლევენ პასუხს, ეს მიკერძოებითი და შერჩევითია. ეს იყო უნიჭოდ, არაპროფესიონალის მიერ დადგმული სპექტაკლი. ვუთხარი კიდეც, რომ მისგან არც მსახიობი გამოვიდოდა, არც რეჟისორი. როდესაც გავა ის 14 დღე, და, თუ ჩვენ პასუხებს არ განვასაჯაროებთ, მაშინ გამოხატოს პრეტენზია. არანაირი ვალდებულება არ აქვს კომისიას, „ქართულ ოცნებას“ შეატყობინოს შედეგები. თუ „ქართული ოცნება“ წერილობით მოგვწერს, რომ საჯაროდ მივცეთ სია, ჩვენ ამ სიას მივცემთ. სხვა შემთხვევაში, პასუხი უნდა მივცეთ ცეესკოს, რომელმაც შემდეგ უბნებსა და ოლქებში უნდა ასახოს ეს ცვლილებები,“ - აცხადებს კაციტაძე.

ჩვენს შეკითხვაზე, რომ მათ 22 აგვისტოს ამოეწურათ ვადა, როცა გარდაცვლილებსა და სიებში გამორჩენილებზე დასაბუთებული პასუხი უნდა გაეცათ, მამუკა კაციტაძემ განაცხადა: „ტყუილია, გარდაცვლილების შესახებ ორდღიანი ვადა როდესაც გვქონდა, კომისიამ ეს ინფორმაცია პირდაპირ აცნობა საარჩევნო კომისიას. ამას  გვავალდებულებდა კოდექსის 184-ე მუხლის მე-11 პრიმა პუნქტი. ხოლო, თუ ცნობა არ იყო დართული განცხადებაზე გარდაცვალების შესახებ, მაშინ ამ ინფორმაციას 14 დღის ვადაში ვაზუსტებთ სამოქალაქო რეესტრთან ერთად“.

მეტიც, მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ ზაქარია ქუცნაშვილს საერთოდ არაფერს არ აცნობებს, რადგან მას ინდივიდუალური ინფორმაციის მიღება არ ეკუთვნის.