მიხეილ სააკაშვილი - „ჩემი ცხოვრება“

მიხეილ სააკაშვილი - „ჩემი ცხოვრება“

არჩევნების მოახლოებასთან ერთად ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებით გააქტიურდა. ადამიანი წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობს და ფაქტია, ხელისუფლების დატოვება კატეგორიულად არ სურს, არც მას და არც მის გუნდს.

ბოლო პერიოდში საკუთარი თავი გამოვიჭირე, რომ ტელეეკრანებზე სააკაშვილის ყოველდღიურ გამოჩენას მოუთმენლად ველოდები. მაინტერესებს, სადამდე შეიძლება მივიდეს ადამიანის ფანტაზია და რა მორიგ ტყუილს შემოგვთავაზებს ქვეყნის პირველი პირი.

წინა კვირას ბათუმში მანქანით დასეირნობდა და ასლან აბაშიძემ სტადიონი დაანგრიაო - გვაცნობა. ასლან აბაშიძის კრიტიკა დაუსრულებლად შეიძლება, მაგრამ ფაქტია, ბათუმის ცენტრალური სტადიონი მიხეილის მითითებით აიღეს და მის ადგილას სასტუმრო აშენდა.

საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ თინეიჯერული ასაკის მოზარდები პრეზიდენტის გამოსვლებს სპეციალურად იწერენ და შემდეგ გულიანად იცინიან. ამისი თვითმხილველი თავად გახლავართ. მოზარდებში განსაკუთრებული „პოპულარობით“ ახალციხეში, რაბათის გახსნაზე წარმოთქმული სიტყვა და ფოთში გაჟღერებული „ღრუბელ-ღრუბელ ფრენის“ ისტორია სარგებლობს.

რამდენიმე დღის წინ ძველ გაზეთებს ჩავუჯექი. მაინტერესებდა სააკაშვილის ადრინდელ ინტერვიუებს გავცნობოდი. ბედმა გამიღიმა და დაახლოებით თხუთმეტი წლის წინანდელ მის „მონოლოგს“ მივაგენი. ბატონი მიხეილი აშშ-იდან საქართველოში ახალი ჩამოსული გახლდათ და საკუთარი ცხოვრების შესახებ ყვებოდა.

მაშინ მიხეილი ახალგაზრდა პერსპექტიულ პოლიტიკოსად ითვლებოდა. ეს შემდეგ იყო, პრეზიდენტი რომ გახდა და დიქტატორისთვის მახასიათებელი ჩვევები გამოავლინა. ალბათ მკითხველს დააინტერესებს, სააკაშვილის მიერ საკუთარი თავის დახასიათება და  მისი იმდროინდელი ცხოვრებისეული ხედვა. სააკაშვილის „სიტყვას“ ყოველგვარი კომენტარის გარეშე გთავაზობთ.

დავიბადე 1967 წლის 21 დეკემბრის ღამეს. გავიზარდე საბურთალოზე. დავამთავრე თბილისის 51-ე საშუალო სკოლა ოქროს მედალზე.

მშობლების გადმოცემით ცელქი ბავშვი ვყოფილვარ. მაშინ გაცილებით ბევრს ვკითხულობდი და ამდენად, თავი წყნარად მახსოვს. სასმელს ბავშვობაში „გავეყარე“ - უკანასკნელად 13 წლის ასაკში დავთვერი. მოგვიანებით კი სიგარეტი უარვყავი - მე-10 კლასის შემდეგ აღარ ვეწევი.

მე-10 კლასში ვიყავი, ფილმში „გამოგონილი სამყარო“ რომ ვითამაშე. პარლამენტის დეპუტატის როლს ვასრულებდი.

16 წლის ასაკში საქართველოდან წავედი. ჩავაბარე კიევის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტში, სამართლის ფაკულტეტზე. მაშინ კიევში აქტიური დრო იყო და სახალხო ფრონტის - „რუხის“ ეროვნებათა საბჭოს წევრი ვიყავი. დავაარსე ქართული სათვისტომო, კულტურის საზოგადოება, სადაც რამდენიმე ათასი ქართველი გაერთიანდა.

სწავლა საფრანგეთში გავაგრძელე, სტრასბურგის უნივერსიტეტთან არსებულ ადამიანის უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტში. შემდეგ უფრო შორს წავედი და ჩავაბარე კოლუმბიის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, სადაც მაგისტრის ხარისხი დავიცავი.

გარკვეული პერიოდი ნორვეგიის ადამიანის უფლებების ინსტიტუტში ვმუშაობდი. მალე ნიუ-იორკში წავედი, სადაც იურიდიულ ფირმა „ნიუ-იორკში“ ვმუშაობდი. ამავე დროს ვმუშაობდი „ამერიკის ხმაში“. ვფლობ ინგლისურს, ფრანგულს, ესპანურს, უკრაინულს - რითაც ყველაზე მეტად ვამაყობ.

ენების ცოდნას გელა ჩარკვიანსა და მარადი ჭავჭავაძეს ვუმადლი. გელა ჩარკვიანთან ერთად თბილისში პირველი დასავლური ტიპის არალეგალური გაზეთი გამოვუშვი.

რამდენადაც ჰოროსკოპით მშვილდოსანი ვარ, მიყვარს მოგზაურობა. ალბანეთისა და საბერძნეთის გარდა, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ვარ ნამყოფი. ცხოვრების ტემპის თვალსაზრისით ჰოლანდია, ნორვეგია იდეალია ჩემთვის. ეროვნულ ხასიათს იტალია შეესაბამება.

მყავს ჰოლანდიელი მეუღლე სანდრა რულოვსი. ერთმანეთი საფრანგეთში გავიცანით - სტრასბურგის უნივერსიტეტში სწავლისას. სანდრას გაცნობა საქართველოში ყოფნამაც განაპირობა. იგი ამ ქვეყნისთვის ჭკუას კარგავს. ოჯახში ძირითადად ინგლისურად ან ფრანგულად ვსაუბრობთ. სტრასბურგის, ევროპაში ყველაზე მაღალი, კათედრალური ტაძრის გუმბათზე სანდრას სიყვარულში გამოვუტყდი. მას შემდეგ ერთად ვართ.

მამაკაცებო: საქართველოში ბევრი ლამაზი გოგო დადის. არჩევანი დიდია. რაც მთავარია, არ გაითვალისწინოთ სხვა გარემოება პირადი გრძნობისა და რწმენის გარდა.

სანდრა პროფესიით ეკონომისტია. ჩემი გულისთვის პრაქტიკას თავი მიანება. ამერიკაში ნულიდან დავიწყეთ ცხოვრება. ნიუ-იორკში ჩემს სტიპენდიაზე, სარდაფში ვცხოვრობდით. სანდრა შესანიშნავი მეოჯახე და შრომისმოყვარეა. ძალიან ბევრი მსგავსებაა ჩვენსა და ჰოლანდიელებს შორის. საქართველო ეროვნული ხასიათის გამო შეიძლება მომავალში „ჰოლანდია“ გახდეს.

ოჯახში ყველაზე ადრე, 12 საათზე მივდივარ. ბუნებრივია, ეს ძალზე სერიოზულ უკმაყოფილებას იწვევს. მყავს 8 თვის ვაჟი, სიმამრის პატივსაცემად ედუარდი დავარქვი. ბავშვი ყველა მამისთვის იმედია. ჩემი მიზანია ედუარდი ქართულად აღვზარდო, ვინაიდან ჰოლანდიელები 9 მილიონ ხუთასი ათასი არიან, ხოლო ქართველები - 4 მილიონი. ამას წინათ ამერიკაში მივდიოდი და ევროპაში შევჩერდი. ბავშვის ნახვა მხოლოდ მატარებლის ფანჯრიდან მოვახერხე, რადგან აეროპორტში მაგვიანდებოდა. როგორც მეუბნებიან, ბავშვს წინ ჩემი სურათი უკიდია. ეს ნამდვილად მამშვიდებს.

უცხოეთში ყოფნამ ბევრი რამ მომცა. ვისწავლე შრომის ფასი, რასაც ქართველები მხოლოდ ახლა ვსწავლობთ. ალბათ უნდა გაგიჭირდეს, რომ ამას მიხვდე. მეორე - ეს არის დემოკრატიზმი. ნებისმიერი ადამიანი შენი თანასწორია. ურთიერთობისას განსაკუთრებული სიფრთხილე და მოთმინებაა საჭირო. ჩვენ მაინც იერარქიულ საზოგადოებაში ვართ. საქართველოში უაზროდ ჩამოსვლას, სადაც ვერაფრის გაკეთებას ახერხებ, სჯობს ნოსტალგია გაწუხებდეს.

ბატონი ზურაბ ჟვანია ჩემთან მიუ-იორკში სპეციალურად ჩამოვიდა. ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ საქართველოში ჩამოვსულიყავი და არსებულ სიტუაციაში თავად დავრწმუნებულიყავი. ეს ადვილი გადასაწყვეტი არ იყო. ბოლო წლებში, ამერიკაში, ყველაზე ელიტარული პროფესია და წარმატებები მქონდა, რაზეც ბევრი ამერიკელი ოცნებობს. საკმაოდ ნორმალური ანაზღაურების ფონზე, 200 ლარი არაფერია.

საქართველოში ჩამოსვლას არ ვნანობ, ვგრძნობ რომ ყოველდღე ისტორია იწერება. როგორც კი ეს გრძნობა გაქრება, სჯობს, კუდამოძუებული გაიქცე. თუ პოლიტიკა თვითრეკლამისთვის გინდა, მაშინ საქართველოში არ უნდა ცხოვრობდე, ვინაიდან გაცილებით მეტ სიბინძურეს გასხამენ თავზე, ვიდრე ქებას.

ბოლო ხანებში დრო საერთოდ არა მაქვს. როცა ყველაფერი მოწესრიგდება, საღამოს კაფეში თუ ვერ მოვახერხე წასვლა, ღამის დისკოთეკას მაინც ვეწვევი. ხანდახან „ჰეინეკენის“ და „ყაზბეგის“ სტუმარი ვარ. სხვათა შორის ძალიან გრძელ სხდომებს და სუფრებს ვერ ვიტან. მადლობა ღმერთს, იმდენი სამუშაო მაქვს სუფრებზე სასიარულოდ ვერ ვიცლი. ვსვამ ღვინოს და ლიქიორს. მართალია ქართული სუფრა ევროპულისაგან განსხვავებით თბილია, მაგრამ არის გადაჭარბების ელემენტებიც.

სუფრის დონეზეც კი თავს ვიკავებ ცეკვისაგან. ნიუ-იორკში სამუშაოს 8 საათზე ვამთავრებდი. ძალიან მიყვარდა „მეტროპოლიტენში“ სიარული. ბედნიერება მქონდა ყოველ კვირა პავაროტის, დომინგოს, „პინკ ფლოიდების“, სტინგის კონცერტებს დავსწრებოდი. რასაც ვერ ვიტყვი ვაშინგტონზე. თეთრ სახლთან ახლოს ვცხოვრობდი, იქვე იყო უნივერსიტეტი და თეთრ სახლს დღეში 30-ჯერ მაინც ველოსიპედით ვუვლიდი.

გარკვეული პერიოდი კოსტუმი არ გამიხდია. პროტესტის ნიშნად შაბათ დღეს ჰალსტუხს არ ვიკეთებ. პროტესტი? - ოფიციოზის გამო. სხვათა შორის პარლამენტის თავმჯდომარემ მხარი დამიჭირა და შაბათ-კვირას მანაც უარი განაცხადა ჰალსტუხის ტარებაზე.

ქალებთან ძალიან სათუთი დამოკიდებულება მაქვს. ჩვენს საზოგადოებაში ქალების საქმიანი თვისებები, გარდა პიროვნულისა შეფასებული არ არის. ქართველი ქალი შეიცვალა. 1984 წელს წავედი და ჩვენს ქალებზე ეპიზოდური შთაბეჭდილება გამყვა. ახლა ვხედავ, რომ ფსიქოლოგიის, მენტალიტეტის, მანერების რეალური ცვლილება მოხდა. ე.ი. ეროვნული ხასიათი ცვლილებებისკენ მიდის, წინააღმდეგ შემთხვევაში თურქეთის მსგავსი ქვეყანა ვიქნებით. მყარი ოჯახები იმ ქვეყანაში წარმოიქმნება, სადაც ურთიერთობები საკმაოდ ლიბერალურია. სულ არ არის აუცილებელი 18 წლის ქალ-ვაჟის ურთიერთობა ცოლ-ქმრობაში გადაიზარდოს. ნებაყოფლობითი კავშირები ოჯახის ინსტიტუტის სიმყარისთვის სერიოზული გარანტიაა.

როგორც წესი, ყველა ქართველი პირველად ბაღშია შეყვარებული. მე სიყვარული პირველ კლასში მეწვია. ეროვნული ხასიათიდან გამომდინარე - რომანტიკოსი ვარ. კიდევ ერთხელ ვიტყვი - ქართველი გოგონები საოცრად ლამაზები არიან. შეიძლება ადრეც იყვნენ, მაგრამ სახლიდან არ გამოდიოდნენ. არა უშავს ესპანელ, ნორვეგიელ, შვეიცარიელ ქალებს. მინდა დავაფიქსირო, რომ ამ მხრივ ამერიკელები არ მომწონს.

მეგობრები მთელ მსოფლიოში მყავს. ამჟამად დროის უქონლობის გამო, ურთიერთობა არავისთან არ მაქვს.

ოჯახში მომთხოვნი, მაგრამ დამთმობიც ვარ. ამჟამად ყველანაირი ოჯახური პრობლემა მოხსნილი მაქვს. ძირითადად მიღებებზე და ოფიციალურ სადილებზე ვიკვებები, თუმცა გურმანი ვარ.

თავს ელემენტარული კოსმეტიკის დონეზე ვუვლი. სხვათა შორის ვარჯიში დავიწყე და მალე მანუჩარ მაჩაიძეს ვეთამაშები.

ბავშვობაში კალათბურთს ვთამაშობდი. რამდენიმე წელია, რაც ფეხბურთს რეგულარულად დავუბრუნდი. ეზოში პატარა ბიჭებს ვეთამაშები.

უმწეობის გრძნობა ერთად-ერთხელ 1993 წელს, ნიუ-იორკში დამეუფლა, როცა სოხუმის დაცემა გავიგე. რამდენიმე კვირა ლოგინად ჩავვარდი. მაშინ მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ჰოსპიტალში მიკვლევდნენ და ექიმებმა დიაგნოზი ვერ დამიდგინეს.

ყველაზე მეტად შურიან და ბოღმიან ადამიანებს ვერ ვიტან. ხშირად ადამიანებს ცხოველებს ვადარებ. მიყვარს კოალა, სიმპათიური, ბუნჩულა და საყვარელი ცხოველია.

ვაჟკაცი კომპრომისებზე ადვილად არ უნდა წავიდეს. ემოციური ვარ. როცა უსამართლობას, დამცირებას, კორუფციას ვხედავ, დაუნდობელი ვხდები, მაგრამ წყენას გულში არ ვიტოვებ.

ყველაზე მეტად მაშინ ვხუმრობ, როცა მიჭირს, რაც თავისთავად თავდაცვის რეაქციაა. სამწუხაროდ ყველა ანეკდოტი, რომელიც ვიცი, ძველია, თორემ მოგიყვებოდით.

სსრკ-ის დროს სასაზღვრო ჯარებში ვმსახურობდი. პოსტზე ვიდექი და ნაცნობს გულთბილად მივესალმე, რის გამოც თავი ნაობახტში ამოვყავი, ლამის სამხედრო ტრიბუნალს გადამცეს.

კიევში, სტუდენტობისას კაგებემ დამაპატიმრა ბრალდებით - ანტისაბჭოური სიმღერების მოსმენა. თუ არა გავლენიანი პირის ჩარევა, შეიძლება „ანტისაბჭოური სიმღერები“ ციმბირში მომესმინა.

ჩემი ამოცანაა ახალი საზოგადოებრივი ფორმირების შექმნაში მონაწილეობა. ისე, რომ 15 წელიწადში საქართველოს ცხოვრება სახარბიელო გახდეს. ყველაზე დიდი ხელოვნება პოლიტიკურ მართვაში, უარის თქმა და მოსმენის უნარია. კორუმპირებული ადამიანების მიმართ შეცოდების გრძნობა არ მაქვს. მთავარია, პოლიტიკურად და მორალურად განადგურდნენ, დანარჩენს სასამართლო გადაწყვეტს.