ხელისუფლებას მილიონი ხმა ჯიბეში უდევს

ხელისუფლებას მილიონი ხმა ჯიბეში უდევს

 

„ამომრჩეველთა ლიგამ“ საკუთარი კარდაკარის შედეგები ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი გახადა და კამპანია „სად ცხოვრობ შენ“ დაიწყო. ამ კამპანიის ფარგლებში მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, „ამომრჩეველთა ლიგის“ ვებ-გვერდზე პირადი მონაცემები და საცხოვრებელი მისამართი დააფიქსირონ. ამასთანავე, „ამომრჩეველთა ლიგა“ საკუთარი კარდაკარის შედეგებს საარჩევნო სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის მიერ დადებულ შედეგებს ადარებს და აცხადებს, რომ კომისიის მიერ დადებულ შედეგებში დაახლოებით, მილიონი ამომრჩეველი არ ფიქსირდება, ანუ ხელისუფლებას ეს მილიონი ხმა პრაქტიკულად ჯიბეში უდევს. ამასთანავე, ჩიკვაიძე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სიაში არ არიან მოხვედრილი 1994 წელს დაბადებული ადამიანები, რომლებსაც ოქტომბრის არჩევნებამდე 18 წელი შეუსრულდათ. For.ge გთავაზობთ ინტერვიუს „ამომრჩეველთა ლიგის“ აღმასრულებელ დირექტორთან, ლევან ჩიკვაიძესთან.

ლევან ჩიკვაიძე: „ჩვენი მუშაობის ერთი ეტაპი იყო ამომრჩევლების კარდაკარ აღწერა, ხოლო მეორე ეტაპი არის ამ მონაცემების გამოქვეყნება. ცდომილება, რაც კარდაკარის შედეგად მივიღეთ, ეს არის დაუდგენელი ამომრჩეველი, უცხოეთში მყოფი და გარდაცვლილი ამომრჩევლები, რომლებიც სიაში კვლავ რჩებიან. ჩვენ მოვახდინეთ ჩვენს მიერ მიღებული შედეგის და ამომრჩეველთა სიების დაზუსტების კომისიის მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიისთვის მიწოდებული სიის შედარება. ჩვენ ამ სიის სრული ვერსია გადმოგვეცა, შედარების საშუალება მოგვეცა და შედარების შედეგები ასე გადანაწილდა: ჩვენს მიერ აღმოჩენილი 6088 გარდაცვლილიდან, კომისიამ 2756 გამოავლინა, ანუ სხვაობა ამ ორ მონაცემს შორის, დაახლოებით 3000 გარდაცვლილი, სიაში კვლავ დარჩა.

მინდა წინასწარ ხაზი გავუსვა, რომ „ამომრჩეველთა ლიგას“ მეტი აქცენტი დაუდგენელ და უცხოეთში მყოფ ამომრჩეველზე აქვს გაკეთებული. ჩვენს მიერ აღწერილი დაუდგენელი ამომრჩევლის შედარებით, ცესკო-ს სიაში კვლავ დარჩა 85 118 ამ კატეგორიის ამომრჩეველი. მოგეხსენებათ, კომისიამ კვალიფიკაცია შეცვალა, ამ კატეგორიას სახელი შეუცვალეს და მონაცემთა გადამოწმების პირველ ეტაპზე შიდა მიგრანტები დაარქვეს. შემდეგ კომისიას პარლამენტი დაეხმარა, კანონში შესაბამისი ცვლილება შეიტანეს, ამ კატეგორიის ამომრჩეველს რეგისტრაციიდან მოხსნილი დაერქვა, საარჩევნო სიაში რეგისტრაცია გაუუქმეს, თუმცა ამ ამომრჩეველს არჩევნებში მონაწილეობის უფლება კვლავ აქვს, მხოლოდ მისი სახელის და გვარის გასწვრივ მითითებული იქნება, რომ რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილია. ასეთი ამომრჩეველი სიაში 85 118 კვლავ დარჩა, რომელზეც ასეთი აღნიშვნა არ გაკეთებულა.

ანუ ეს არის სხვაობა თქვენსა და კომისიის მონაცემებს შორის?

- დიახ, ჩვენი აღწერილიდან 26 222 ასეთი ამომრჩევლის დადგენა მათაც მოახერხეს, მინაწერი გააკეთეს და რეგისტრაციიდან მოხსნეს. შესაბამისად, დარჩა 85 118. ჩვენი ვებ-გვერდის მეშვეობით ეს ინფორმაცია საჯარო გავხადეთ. ამდენად, ამომრჩეველს ცხელი ხაზისა და ამ ვებ-გვერდის მეშვეობით საკუთარი თავის, მეზობლის, ნათესავის და ა.შ. გადამოწმების საშუალება აქვს. ამომრჩეველს წვდომა მივეცით სრულ სიაზე და არა შეზღუდვით, მხოლოდ საკუთარ მისამართთან დაკავშირებით.

რაც შეეხება უცხოეთში მყოფ ამომრჩევლებს, ამასთან დაკავშირებით როგორი შედეგები გაქვთ?

- „ამომრჩეველთა ლიგამ“ პროექტის დასაწყისშივე გავითვალისწინეთ, რომ ამ ნაწილში (უცხოეთში მყოფ ამომრჩევლებთან დაკავშრებით) კარდაკარ აღწერა არ შეიძლებოდა სრულყოფილად ჩათვლილიყო, რადგან თეორიულად შეუძლებელია მიიღო მონაცემები იმ ოჯახისგან, რომლის არც ერთი წევრიც ქვეყანაში არ იმყოფება. ასეთი კი ძალიან ბევრია, თუ გავითვალისწინებთ 90-იანი წლების დასაწყისიდან მოყოლებული იმ ეროვნულ უმცირესობას, რომელმაც ქვეყანა სრული შემადგელობით დატოვა. ასეთი ადამიანების შესახებ ინფორმაციის მიღება შეუძლებელია, რადგან მათი ოჯახის წევრები აქ არ იმყოფებიან და შესაბამისად, ეს ადამიანები კვლავ სიაში რჩებიან. თუ მიგრაციის მონაცემებს გავითვალისწინებთ (რასაც საქსტატი არ აქვეყნებს, თუმცა ამის ნახვა გაეროს ვებ-გვერდზე შეიძლება), მიგრაცია ყოველწლიურად იზრდება. ამდენად, ამომრჩევლის ძალიან დიდ ნაწილზე ჩვენ ვერ მივიღებდით ინფორმაციას, რომ ისინი უცხოეთში არიან. ამიტომ, სასაზღვრო პოლიციას მივმართეთ, მაგრამ მათგან ეს ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

სასაზღვრო პოლიციამ პასუხი არ გაგცათ?

- მათგან აბსოლუტურად გაურკვეველი პასუხი მივიღეთ, ეს იყო წერილი ხელმოწერის გარეშე, სადაც ეწერა, რომ სასაზღვრო პოლიციას ეს ინფორმაცია არ გააჩნია. ეს წერილი კანონის მიხედვით, ადმინისტრაციული წესით შინაგან საქმეთა მინისტრთან გასაჩივრდა, საიდანაც პასუხი საერთოდ ვერ მივიღეთ. შემდეგ სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი, მაგრამ პროცესი დღემდე არ ჩანიშნულა. მოსამართლე არ ნიშნავს პროცესს და მოგეხსენებათ, არჩევნების დასრულების შემდეგ ეს მონაცემები პრაქტიკულად აღარავისთის იქნება საინტერესო. სწორედ ახლა არის მნიშვნელოვანი, ვიცოდეთ, რამდენი ამომრჩეველია უცხოეთში გასული.

მოგახსენებთ, რომ კარდაკარ აღწერა არ არის ის მეთოდი, რომელიც ამ ინფორმაციას სრულად დაადგენს და ეს აშკარაა, როგორც სახელმწიფო კომისიის, ასევე ჩვენს ნამუშევარშიც რიცხვი ძალიან დაბალია. საბოლოო ჯამში, სახელმწიფო კომისიამ აღწერის შედეგად ასეთი ამომრჩეველლის რაოდენობა 291 000 მიიღო, გააკეთა საჯარო განცხადება, რომ ეს რიცხვი გაიზრდებოდა მას შემდეგ, რაც სასაზღვრო პოლიცია მათ უცხოეთში მყოფთა შესახებ ოფიციალურ ინფორმაციას მიაწვდიდა. კომისიას ჩვენ წერილობით მივმართეთ თხოვნით, სასაზღვრო პოლიციის მიერ მისთვის მიწოდებული ინფორმაციის ჩვენთვის გადმოცემის თაობაზე. ალბათ გასაკვირია, მაგრამ ამ წერილზე არც კომისიამ გვიპასუხა. ასე რომ, ის ინფორმაცია, რაც სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო კომისიას მიაწოდა, დაფარული რჩება.

თუ რიცხვებით ვიხელმძღვანელებთ, ვიმეორებ, რომ კომისიამ კარდაკარ პრინციპით 291 000 აღწერა, ხოლო საბოლოოდ 310 000 გამოაქვეყნა. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო კომისიას 19 000 ამომრჩევლის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ამ სეგმენტში თქვენი მონაცემები როგორია?

- ვიმეორებ, რომ კარდაკარ აღწერით, ჩვენც ძალიან დაბალი ციფრი მივიღეთ და ეს არის უცხოეთში მყოფი 43 914 ამომრჩეველი. აქვე დავაკონკრეტებ, რომ ეს არის თბილისისა და ზუგდიდის მონაცემები, რადგან სწორედ აქ ჩავატარეთ ჩვენი კარდაკარი. ამდენად, ერთადერთი ორგანო, საიდანაც ამ სეგმენტში ზუსტი ინფორმაციის მიღება შეიძლება, არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც ამ მონაცემებს არ გვაძლევს. რაც შეეხება იმ 19 000, რომელიც სასაზღვრო პოლიციამ სავარაუდოდ მიაწოდა სახელმწიფო კომისიას, მოსახლეობამ განსაჯოს რამდენად რეალურია ეს რიცხვი. ამ რაოდენობის ამომრჩეველთან მარტო მე მაქვს ურთიერთობა უცხოეთში. აქვე აღვნიშნავ, რომ 2010 წლის დასაწყისში მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ უცხოეთში მილიონ ორასი ათასი ქართველი იმყოფება. აქვე ვიტყვი იმასაც, რომ თავად მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ ეს არ არის სრული მონაცემები და განმარტავს იმ მეთოდოლოგიას, რომლითაც ეს რიცხვი დაადგინა და ამ მეთოდოლოგიის გათვალისწინებითაც ცხადი ხდება, რომ რეალური მონაცემები ბევრად დიდია.

ალბათ თქვენთვის საინტერესო იქნება ისიც, რომ კოდექსი ითვალისწინებს ასეთი ამომრჩევლისთვის არჩევნებში მონაწილეობის წესს და ეს არის რეგისტრაცია საკონსულოში. მოგეხსენებათ, კანონმდებლობაში შევიდა ცვლილებები იმისთვის, რომ უცხოეთში მცხოვრებთა საკონსულოში რეგისტრაცია მაქსიმალურად შეეზღუდათ. ხელისუფლებას არ სურს, რომ გამოქვეყნებულ 310 000-ზე მეტმა ამომრჩეველმა გაიაროს უცხოეთში რეგისტრაცია, რადგან გამოვა, რომ კომისიის ნამუშევარი წყალშია ჩაყრილი. ამიტომაც საგარეო საქმეთა სამინისტროც და სასამართლოც ცდილობენ, რომ რეალური მონაცემები დაიფაროს და რაც ყველაზე სამწუხაროა, იგივეს აკეთებს სახელმწიფო კომისიაც, რომელიც ბიუჯეტიდან დაფინანსდა და გააჩინა მოლოდინი, რომ სიის დაზუსტებაზე საჯაროდ იმუშავებდა.

როდესაც თქვენი კარდაკარის მონაცემები დაიდო, სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე მამუკა კაციტაძემ განაცხადა, რომ ის სხვაობები, რაც თქვენ გამოაქვეყნეთ, ეხებოდა არა კომისიის მიერ დაზუსტებულ, არამედ ცესკო-ში არსებულ თავდაპირველ სიას. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

- დავაკონკრეტებ, ჩვენს მიერ აღრიცხული 111 340 დაუდგენელი ამომრჩეველი არის შედარება პირველად სიასთან, რომლითაც სახელმწიფო კომისიამ და ასევე ჩვენც, დავიწყეთ მუშაობა. ამდენად, ეს ციფრი იმ სიასთან შედარებით არის მიღებული. კომისიის მიერ გადამოწმებულ ანუ დღეს არსებულ სიასთან შედარებით, ეს ციფრი 26 222-ით შემცირდა, რადგან ამ რაოდენობის ამომრჩეველი კომისიამაც დაადგინა და ეს ოდენობა ამოვიღეთ, მაგრამ ჩვენი ნამუშევრით 85 118 კვლავ რჩება დაუდგენელი.

მამუკა კაციტაძემ ასევე თქვა, რომამომრჩეველთა ლიგისკარდაკარი ჩვეულებრივი ბიზნესპროექტი იყო, რომამომრჩეველთა ლიგისდონორების მიზანი სახელმწიფო კომისიის დისკრედიტაცია იყო და ლიგამაც სწორედ ამიტომ დადო ასეთი შედეგი. რას უპასუხებდით მამუკა კაციტაძეს?

- მოგეხსენებათ, „ამომრჩეველთა ლიგა“ შემოწირულობებით ფინანსდება. ამდენად, ჩვენი დონორი არის ის ამომრჩეველი, რომლისთვისაც თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება მნიშვნელოვანია. ადამიანთა ეს ჯგუფი ერთად არ არის, რომ ერთად მოქმედებდნენ. ამიტომ ამგვარი დაკვეთა არ არსებობს. საერთოდ დღეს მამუკა კაციტაძის კომისია არ გვაინტერესებს, ქვეყანაში სიებზე პასუხისმგებელი ცენტრალური საარჩევნო კომისიაა და ნუ იცილებს თავიდან ამ პასუხისმგებლობას. კაციტაძის კომისია რომ არ ყოფილიყო, კანონით სწორედ ცესკო-ე ევალებოდა სიების დადგენა. კაციტაძის კომისია სიის მხოლოდ დაზუსტებისთვის შეიქმნა, ხოლო სიის დადგენას სხვა სახელმწიფო ორგანოები ახორციელებენ. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო და ცენტრალური საარჩევნო კომისია. თვითონ უკეთებენ საკუთარ თავს დისკრედიტაციას, რადგან ამ კომისიის მუშაობაზე ბიუჯეტის სახსრები დაიხარჯა და წესით მან მის მიერ მოპოვებული მონაცემები უნდა გამოაქვეყნოს. კომისია კი არ აქვეყნებს იმ მონაცემებს, რაც სასაზღვრო პოლიციისგან მიიღო.

ვიმეორებ, შეუძლებელია, ჩვენ ამ კომისიის მუშაობის დისკრედიტაცია გვქონდეს მიზნად. აზრადაც არ მომსვლია, მისი რეგისტრატორისთვის საქმიანობა დამეწუნებინა. შეიძლება იმ რეგისტრატორმა თავისი საქმე მაქსიმალურად კარგად შეასრულა, მაგრამ თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ კომისიაში გადაწყვეტილების მიმღები „ნაციონალური მოძრაობაა“ უმრავლესობით, მაშინ მან თვითონ განსაჯოს. მაგრამ ამაზე არასოდეს გვილაპარაკია, ჩვენ ციფრებით ვსაუბრობთ.

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ თქვენს მიერ მოპოვებული ინფორმაცია საბოლოოდ საარჩევნო სიაში აისახოს?

- ჩვენს ვებ-გვერდზე ჩვენი მუშაობის შედეგი სრულად გამოქვეყნდა. აქ არის, გარდაცვლილები, უცხოეთში მყოფები, დაუდგენელი ამომრჩველი და ა.შ. რათა ხალხს კიდევ ერთხელ სრულად და არა ლიმიტირებულად შეეძლოს ყველაფრის გადამოწმება, მაგალითად ნათესავის, მეგობარის და ა.შ. ამ მონაცემებით შეუძლია ცესკო-მ იხელმძღვანელოს და საბოლოო სიაში ცვლილებები შეიტანოს.

რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ ეს ასე მოხდება?

- მოდით განვიხილოთ, რა სია არის ცესკო-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული. მე, ლევან ჩიკვაიძემ რეგისტრაციის ადგილი 17 ივლისს შევიცვალე. ცესკო-ს ვებ-გვერდზე დღეს ჩემს პირად ნომერს, სახელსა და გვარს თუ აკრიფავთ, იქ ამოვარდება ჩემი პირველადი რეგისტრაციის მისამართი. სიაში, რომელიც ცესკო-მ ჩვენ გადმოგვცა, ცვლილებები არის შესული და იქ ჩემი ახალი მისამართია ასახული, მაგრამ იმ სიაში, რომელიც ცესკო-ს თავის ვებ-გვერდზე უდევს, ეს ცვლილებები ასახული არ არის.

მოდით დავაზუსტოთ, ცესკო- ვებ-გვერდზე დევს ის სია, რომელზეც შემდეგ სახელმწიფო კომისიამ იმუშავა?

- რამდენად ძველი სია დევს, ამაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან 17 ივლისს შევიცვალე რეგისტრაციის ადგილი. ყოველ შემთხვევაში შემიძლია გითხრათ, რომ ცესკო-ს საიტზე 17 ივლისამდე პერიოდში სია დევს. სახელმწიფო კომისიამ მას ახალი სია პირველ აგვისტოს გადასცა. ამდენად, დღეს მე ხელთ მაქვს ცესკო-ს მიერ მოწოდებული სია, რომელშიც მე პირადად ახალ მისამართზე ვფიქსირდები, ხოლო თავად მას თავის საიტზე, სადაც ამომრჩეველს საკუთარი თავის შემოწმება შეუძლია, უდევს ძველი სია, ყოველ შემთხვევაში 17 ივლისამდე არსებული ვერსია.

რაც შეეხება კომისიის განცხადებებს და უნდობლობას, ერთ მაგალითსაც მოგიყვანთ. კომისიის მიერ ცესკო-სთვის გადაცემულმა სიამ ცვლილებები იმავე დღეს განიცადა, რისი უფლებაც ცესკო-ს კაციტაძის კომისიასთან შეთანხმების გარეშე არ ჰქონდა. თავად კაციტაძემ, როდესაც პირდაპირ ეთერში საუბრისას 6000 ამომრჩევლი დააკლდა, განაცხადა, რომ ამომრჩევლის ეს ოდენობა სიიდან ცესკო-მ ამოიღო. გეკითხებით, რას ნიშნავს ცესკო-მ ამოიღო? მაშინ რისთვის დაიწერა ის კანონი, რომლის თანახმადაც, ცესკო-ს სახელმწიფო კომისიასთან შეთანხმების გარეშე ცვლილებების განხორციელების უფლება არ აქვს? იმ 6000 კაცის საკითხი სახელმწიფო კომისიას თავად უნდა განეხილა და არა ცესკო-ს თვითნებური გადაწყვეტილების საფუძველზე ამოღებულიყო სიიდან. ამის შემდეგ როგორ უნდა ვენდოთ მათ?

აქვე განმარტებას გავაკეთებ ჩვენს განცხადებაზე იმასთან დაკავშირებით, რომ ამომრჩეველთა სია 1 200 000-ით არის გაზრდილი. ჯერ ერთი, ძალიან ადვილია ამ სიის 2004 წლის საპარლამენტო არჩევნების სიასთან შედარება პირდაპირი გამოკლების წესით, რის შედეგადაც 1 200 000-ს ვღებულობთ. მეორეც, თვითონ კომისიის ნამუშევარის ანალიზი რომ გავაკეთოთ, კომისიამ 2 160 000 ამომრჩევლის იდენტიფიცირება მოახდინა. კომისიის ინფორმაციით უცხოეთში 310 000 ამომრჩეველი იმყოფება, დაუდგენელია 188 000. ყველაფერ ამას თუ შევკრებთ, კომისიის მიერ გამოქვეყნებულ მთლიან სიაზე თითქმის მილიონი ამომრჩევლით ნაკლები გამოდის.

ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხელისუფლებას დაახლოებით მილიონი ხმაჯიბეში უდევს“?

- დიახ, რა თქმა უნდა. აქვე შეგახსენებთ, აღწერის პროცესში კომისიამ 18-20%-იანი შიდა მიგრაცია გამოგვიცხადა. ეს ის კატეგორიაა, რომელიც არის დაუდგენელი და შემდეგ რეგისტრაციიდან მოისხნა და ნაცვლად 700 000-სა აღმოჩნდა 188 000. ამდენად, მთლიან სიაში მილიონამდე ამომრჩეველი გაურკვეველი დარჩა. სწორედ ეს არის ის რაოდენობა, რომლითაც სია 2004 წლიდან გაიზარდა. ეს ადამიანები ან უცხოეთში არიან, ან საერთოდ არ არსებობენ. აქვე აღვნიშნავ, რომ კომისიის განცხადებით, მან 99.2% აღწერა და ამ პროცენტში მილიონი ადამიანი ვერ მოხვდა.