დაკანონებული თაღლითობა

დაკანონებული თაღლითობა

„საქართველოს მთავრობა კატეგორიულად უარყოფს ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ ლობისტების მიერ გავრცელებულ ბრალდებას, რომ ხელისუფლებამ „ქართული ოცნების“ ან მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიების საბანკო ანგარიშები გაყინა. არცერთი პარტიის ანგარიში გაყინული არ არის“, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა.

ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ ორიოდე დღის წინ ცესკო-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით კოალიცია „ქართულ ოცნებას“ საარჩევნოდ ნომრის 7 გამოყენებაზე უარი ეთქვა და ნომერი 41 მიენიჭა. ამას კოალიციის მხრიდან პროტესტი მოჰყვა, რადგან მოგეხსენებათ, „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანია ჯერ კიდევ რამდემინე თვის წინ დაიწყო და ამ პროცესში თავის საარჩევნო ნომრად შვიდიანს იყენებდა. შესაბამისად, საარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის საჭირო მთელს ატრიბუტიკაზე (ფლაერები, ბანერები, მაისურები და სხვა საინფორმაციო მასალები) „ქართულ ოცნებას“ შვიდიანი ჰქონდა დატანილი. ამიტომ, ცესკო-ს გადაწყვეტილებით კოალიციას არა მხოლოდ პოლიტიკური ზიანი მიადგა, რაც ამომრჩევლის დაბნევაში გამოიხატება, არამედ „ქართულმა ოცნებამ“ სერიოზული მატერიალური ზარალიც განიცადა. კერძოდ, მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ უკანონო შემოსავლის მიღების ბრალდებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტები 2 850 717.06 ლარით დააჯარიმა, ხოლო ჯარიმის გადაუხდელობის გამო, ამ პოლიტიკური პარტიების მიმართ იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გატარება დაიწყო.

ამ ღონისძიებების ფარგლებში „ქართულ ოცნებაში“ შემავალ პოლიტიკური პარტიების საბანკო ანგარიშებს ინკასო ადევს. ამიტომ კოალიციისთვის ძალიან რთული იქნება (შეუძლებელი თუ არა), რომ არჩევნებამდე კვლავ მოახერხოს საინფორმაციო მასალების დამზადება, რაც წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებისთვის სჭირდება და რაზეც ნომერი 41 იქნება დატანილი. ყველაფერ ამის გამო, კოალიციამ სერიოზული პროტესტი გამოხატა, საგანგებო რეჟიმში შეხვდა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს და დიპკორპუსს და ყველა ამ უწყების წარმომადგენლებს მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. საარჩევნო ნომრად შვიდიანის შენარჩუნების უმთავრეს არგუმენტად კოალიციის წარმომადგენლებს სწორედ ის გარემოება მოჰყავთ, რომ ამომრჩეველი შეეჩვია ამ ნომრის „ქართული ოცნებისადმი“ კუთვნილებას და ამასთანავე, კოალიციას არ აქვს ფინანსური რესურსი იმისთვის, რომ ახალი საინფორმაციო მასალები დაამზადოს, რადგან მასში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების ანგარიშები დაყადაღებულია.

ამის საპასუხოდ, დღეს საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომლითაც „ქართულ ოცნებას“ მისი ლობისტების დახმარებით სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ კოალიციაში შემავალი სუბიექტების საბანკო ანგარიშები გაყინული არ არის. საქართველოს მთავრობა ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით თავისი საარჩევნო კამპანიის დაფინანსებისთვის უკანონო სქემები შექმნა, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არაერთხელ წარმოადგინა მყარი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზე სასამართლოებმა დააჯარიმეს „ქართული ოცნება“ და მისი კოალიციური პარტნიორები საარჩევნო კამპანიის დაფინანსების მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობის აშკარა დარღვევისთვის.

„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რომელზეც „ქართული ოცნების“ ლობისტები საუბრობენ, აღსრულების ეროვნული ბიურო აღასრულებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებას. სასამართლომ დაადგინა, რომ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებმა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მარეგულირებელი კანონმდებლობა დაარღვიეს და ისინი კოლექტიურად 2,850,717.06 ლარით დააჯარიმა.

საინკასო დავალება აღსრულების ეროვნულ ბიუროს აძლევს უფლებას, აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება ანგარიშების გაყინვის გარეშე, ანუ ფულის მოძრაობის ან ანგარიშის სხვაგვარი გამოყენების შეფერხების გარეშე. არსებული მდგომარეობით, ჯარიმის მხოლოდ მცირე ნაწილი 122,000.00 ლარი იქნა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ ამოღებული საინკასო დავალების საფუძველზე“, - ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.

ამავე დოკუმენტის თანახმად, ზოგადად, 2011 წლის 1 ნოემბრიდან 2012 წლის 25 ივლისამდე „ქართულმა ოცნებამ“ შეაგროვა 44,539,123 ლარი (26 მილიონზე მეტი კანონიერად, ხოლო 18 მილიონზე მეტი - უკანონო შემოწირულობების სახით). შესაბამისად, 122,000 ლარის ამოღება ჯარიმის სახით (მთლიანი შემოსავლის 0.3%) ვერ შეაფერხებს „ქართულ ოცნების“ მიერ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე თავისუფალი და აქტიური საარჩევნო კამპანიის წარმოებას.

„აღნიშნული ცრუ ბრალდებები „ქართული ოცნების“ მორიგ მცდელობას წარმოადგენს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია მოახდინოს. საქართველოს მთავრობა ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებს, შეწყვიტოს ცილისწამების კამპანია და კონცენტრირება არა არჩევნების შედეგების წინასწარ დისკრედიტაციაზე, არამედ საკუთარ საარჩევნო მიზნებზე მოახდინოს. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს, რომ თითოეულ პოლიტიკურ ძალას ჰქონდეს შესაძლებლობა აწარმოოს ღია და გამჭვირვალე საარჩევნო კამპანია“, - ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ მართალია კოალიციაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტების ანგარიშებს ყადაღა არ ადევს, რისი გაკეთებაც ხელისუფლებას შეეძლო, მაგრამ მან უკეთესი ხერხი მოიგონა და ამ საბანკო ანგარიშებს ინკასო დაადო. ამის შედეგად კი, ამ საბანკო ანგარიშებზე შესაძლებელია თანხის ჩარიცხვა (დაყადაღების შემთხვევაში ეს შესაძლებლობა არ იარსებებდა), მაგრამ ამ თანხებს კოალიცია ვერ იყენებს.

„ხელისუფლებას შეეძლო ანგარიშებზე ყადაღა დაედო, მაგრამ მან უფრო კარგ ხერხს მიაკვლია. ჩვენს ანგარიშებზე ინკასოს დადების შემდეგ, ამ ანგარიშებზე თანხის ჩარიცხვა შესაძლებელია, მაგრამ ჩვენ მას ვერ ვიყენებთ, რადგან მთელი ეს თანხები პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტს მიაქვს. რა თქმა უნდა, ამათ უნდათ, რაც შეიძლება მეტი ფული წაგვართვან და სწორედ ამას ემსახურება მათი ეს გადაწყვეტილება. ვსვამ კითხვას, თუკი ჩვენ ვერ ვიყენებთ ჩვენს ანგარიშებზე დარიცხულ თანხებს, რომლებიც მაშინვე აღსრულების ბიუროს მიაქვს, მაშინ როგორ უნდა ვაწარმოოთ საარჩევნო კამპანია?“, - კითხულობს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მანანა კობახიძე.

მისი თქმით, დღეს კოალიცია იმაზე უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე იქნებოდა, თუკი მისი ანგარიშები დაყადაღდებოდა, რადგან მაგალითად, ვინმე პენსიონერი „ქართული ოცნების“ ანგარიშზე 10 ან 20 ლარს რომ ჩარიცხავს, ეს ფული მაშინვე ბიუჯეტს მიაქვს. ამიტომ, მანანა კობახიძე ამბობს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციას „ქართული ოცნება“ კი არა, თავად ამ ინსტიტუტების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ახდენს, რადგან კოალიციის შემომწირველთა თანხებს ბიუჯეტი ითვისებს.

„თავად ახდენენ საკუთარი თავის დისკრედიტაციას, რადგან კონრტოლის პალატის ყველა გადაწყვეტილების ანალოგიურია სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, სასამართლო პრაქტიკულად არაფერს ცვლის და მოგელაძის მიერ გაცემულ განკარგულებებს ერთი ერთზე იმეორებს. ყველა ეს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია და არანაირ მტკიცებულებებს არ ეფუძნება. ჩვენი შემომწირველები დოკუმენტურად ასაბუთებენ, რომ მათ აქვთ შემოსავალი და ამ შემოსავლიდან კონკრეტული თანხის „ქართული ოცნებისთვის“ შემოწირვა შეეძლოთ, მაგრამ სასამართლო ამ მტკიცებულებებს მხედველობაში არ იღებს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს და ჩვენზე პოლიტიკური ანგარიშსწორება მიმდინარეობს. შესაბამისად, სახელმწიფო უწყებების დისკრედიტაციას მათი ასეთი ქმედებები ახდენს და არა ჩვენი განცხადებები. ჩვენი შემომწირველების მიერ ჩვენთვის ჩარიცხულ თანხებ ბიუჯეტს მიაქვს და კიდევ საკითხვია, ბიუჯეტი ამ ფულს რაში იყენებს, დარწმუნებული ვარ, სტიქიით დაზარალებულებისთვის ეს თანხები არ არის გამიზნული“, - აცხადებს მანანა კობახიძე.

რაც შეეხება საქართველოს მთავრობის განცხადების იმ ნაწილს, სადაც „ქართული ოცნების“ 2011 წლიდან მიღებულ შემოსავლებზეა საუბარი, მანანა კობახიძე ამბობს, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 2012 წლის 7 მაისს შეიქმნა, ამდენად, იგი ვერანაირ შემოსავალს 2011 წელს ვერ მიიღებდა. ამით კობახიძე ხაზს უსვამს იმას, რომ ხელისუფლებას რეალური გარემოებები არ აინტერესებს და პოლიტიკურ ანგარიშსწორების პროცესში ყველაფერს ისე წარმოაჩენს, როგორც თავად სურს. ამასთანავე, კობახიძე აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ კოალიციის უკანონო შემოსავლად წოდებული თანხები არაადექვატურად არის დაანგარიშებული და შესაბამისად, ჯარიმებიც გაბერილი თანხებით არის დაკისრებული.

„მაგალითად, როდესაც ავტომობილის მომსახურებას უკანონო შემოსავლად გვითვლიან, ამ შემოსავალს მომსახურების ღირებულებიდან კი არა, არამედ თავად ავტომობილის ღირებულებიდან ითვლიან. ამასთანავე, მანქანა ძველია თუ ახალი, მათთვის მნიშვნელობა არ აქვს, ხოლო როდესაც მანქანის ღირებულებას კიდევ ხუთზე, ან ათზე ამრავლებენ, წარმოიდგინეთ, რა თანხებზე ადის ეს ჯარიმები“, - აღნიშნავს კობახიძე.