„ბიძინა ივანიშვილი ვანო მერაბიშვილს უნდა დაუჯდეს დებატებზე“

„ბიძინა ივანიშვილი ვანო მერაბიშვილს უნდა დაუჯდეს დებატებზე“

ბიძინა ივანიშვილმა საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა და მიხეილ სააკაშვილი ტელედებატებზე გამოიწვია. ამის საპასუხოდ „ნაციონალური მოძრაობის“ პრეს-სპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, რომ ივანიშვილთან სადებატოდ მხოლოდ დავით ბაქრაძე ან ვანო მერაბიშვილი შეიძლება დაჯდნენ.

თაქთაქიშვილმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო სიის პირველი ნომრად პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დაასახელა, ამასთანავე აღნიშნა, რომ ნაცმოძრაობის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი - მთავრობის მოქმედი ხელმძღვანელი ვანო მერაბიშვილი იქნება. ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით „ვანო მერაბიშვილი და დავით ბაქრაძე მზად არიან, მთავარი პოლიტიკური ოპონენტების სიის პირველ ნომრებთან და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატებთან დებატებში მიიღონ მონაწილეობა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ ოპონენტებს სატელევიზიო დებატებში იწვევს. დებატებს არჩევნების წინ, მთავარ პოლიტიკურ ოპონენტებს შორის, თავისუფალი არჩევნებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და სიის პირველი ნომერი მზად არიან, პროგრამა და ხედვები გააცნონ მოქალაქეებს, თუ როგორ აპირებენ პრობლემების მოგვარებას“, - განაცხადა თაქთაქიშვილმა.

თაქთაქიშვილის ამ განცხადებას „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერი მაია ფანჯიკიძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ივანიშვილი დებატებში მხოლოდ სააკაშვილს დაუჯდება. მისი თქმით, კოალიციის ლიდერი დებატებში „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს იწვევს და თუ მიხეილ სააკაშვილი პარტიის ლიდერი უკვე აღარ არის, ამის შესახებ „ქართულ ოცნებას“ უნდა აცნობონ.

„ეჭვი არავის ეპარება, რომ დღეს საქართველოში ორი გამოკვეთილი პოლიტიკური ძალა არსებობს - „ნაციონალური მოძრაობა“ და ქართული ოცნება“. კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დებატებში „ნაციონალების“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი გამოიწვია და თუ ამ პარტიის ლიდერი სააკაშვილი აღარ არის, გთხოვთ ეს შეგვატყობინეთ. რაც შეეხება მათ განცხადებას, რომ სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე იქნება და პრემიერობის კანდიდატი ვანო მერაბიშვილი, მერაბიშვილი პრემიერი ახლაც არის, მანამდე ეს თანამდებობა საპენსიო თანამდებობას ჰგავდა, მაგრამ თუ რაიმე შეიცვალა და მერაბიშვილი ის კანდიდატია, რომელიც არჩევნების შემდეგ ქვეყნის პირველი პირი უნდა გახდეს, მაშინ ეს სხვა ვითარებაა. რაც შეეხება დავით ბაქრაძეს, ვინ არის იგი საერთოდ და რა როლს ასრულებს ქვეყნის ცხოვრებაში, ეს კიდევ გასარკვევია“, - განაცხადა ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, თუ მიხეილ სააკაშვილი ოფიციალურად უარს იტყვის ტელედებატებში მონაწილეობაზე, მაშინ კოალიცია და ბიძინა ივანიშვილი სხვა შესაძლო ვარიანტებსაც განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საზოგადოებასთან მედიის საშუალებით აქტიური კონტაქტი ხელისუფლებისა და ოპოზიციისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. რამდენიმე დღის წინ „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერმა, მაია ფანჯიკიძემ ისიც განაცხადა, რომ კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი საზოგადოების კითხვებს ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ პირდაპირ ეთერში ტელეხიდის მეშვეობით უპასუხებს. ფანჯიკიძის თქმით, კოალიციის სურვილია სამიოდე სტუდია სხვადასხვა რაიონში გაკეთდეს, სადაც მოსახლეობა შეიკრიბება, ხოლო მეოთხე სტუდიაში თავად ივანიშვილი განთავსდება და დანარჩენ სტუდიებში შეკრებილთა კითხვებს უპასუხებს. „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ ასეთი ტელეხიდი სავარაუდოდ კვირაში ერთხელ მოეწყობა და შესაბამისად, არჩევნებამდე დაახლოებით 6 გადაცემის გაკეთება მოესწრება.

ვისთვის უფრო მომგებიანია ტელედებატებში მონაწილეობა, ხელისუფლების, თუ ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის? ამასთანავე, ვისთვის ვისთან უფრო მომგებიანია პირდაპირ ეთერში დებატების გამართვა? რატომ სურს ივანიშვილს მხოლოდ სააკაშვილთან დებატი და რატომ სთავაზობს ნაცმოძრაობა „ქართულ ოცნებას“ სადებატოდ დავით ბაქრაძესა და ვანო მერაბიშვილს? ამ თემებზე for.ge „საარჩევნო პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელს, კახი კახიშვილს ესაუბრა.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე დებატები უფრო ოპოზიციას აწყობს, რადგან ნებისმიერი თემის საფუძვლიანად განხილვის დროს, ყველა საკითხში შესაძლებელია ისეთი პრობლემის და გადაწყვეტილების პოვნა, სადაც ხელისუფლება მართალი არ იყო. რაც შეეხება ივანიშვილის პოზიციას, რომ დებატებზე მხოლოდ მიხეილ სააკაშვილთან დაჯდება, კახიშვილს მიაჩნია, რომ თავად სააკაშვილი არ დაუდჯება ივანიშვილს სადებატოდ, რადგან ამით ის აჩვენებს, რომ ქვეყნის პრეზიდენტია, ხოლო ივანიშვილი „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი არ არის.

„ამით სააკაშვილი აჩვენებს, რომ ქვეყნის პრეზიდენტია, ხოლო ივანიშვილი სიის პირველი ნომერი არ არის. ამიტომ მიმაჩნია, რომ სააკაშვილი მას დებატებზე არ დაუჯდება მიუხედავად იმისა, რომ როგორც ჩანს, წლების განმავლობაში თავად სააკაშვილი დადიოდა ივანიშვილთან, მაგრამ დღეს სიტუაცია შეიცვალა. მე ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება დებატები ბიძინა ივანიშვილსა და ვანო მერაბიშვილს შორის, რადგან მისგან სულ გვესმოდა - „ჩემო ვანო, ჩემო ვანო“ და ახლა ექნება საშუალება ამ ვანოსთან კონკრეტული საკითხები პირდაპირ ეთერში გაარკვიოს“, - აცხადებს კახი კახიშვილი.

მისი თქმით, ხელისუფლება 2004 წლიდან ცდილობს ყველა თოქ-შუ დახუროს, რათა დებატებში არავის დაუჯდეს, ხოლო იმ თოქ-შოუებში, რომლებიც დღეს კიდევ არსებობს, ხელისუფლების წარმომადგენლები დებატებში არავის უჯდებიან და მხოლოდ ისეთი ფორმატის გადაცემებში ღებულობენ მონაწილეობას, სადაც ცალკე გამოდიან. ამიტომ, ექსპერტს მიაჩნია, რომ ასეთი სიტუაციაში ისიც მომგებიანა, რომ ბიძინა ივანიშვილი ვანო მერაბიშვილს დაუჯდეს დებატებში.

„ნებისმიერი შანსი უნდა იქნეს გამოყენებული იმისთვის, რომ რაც შეიძლება ფართო საზოგადოებამ გაიგოს საფუძვლიანი განმარტებები, რადგან ერთია, როდესაც რაღაცას ცალმხრივად აცხადებ, მაგრამ სულ სხვაა, როდესაც შენს ოპონენტს პირდაპირ ეთერში უმტკიცებ იმ პრობლემებს, რაზეც არის საუბარი და ის ვერაფერს გპასუხობს. აქედან გამომდინარე, ვინაიდან დღეს ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით შესაძლებელია ხელისუფლებისთვის იმის დამტკიცება, რომ ამ წლების განმავლობაში მათი პოლიტიკა არასწორი იყო, ვფიქრობ, რომ ოპოზიციამ დებატების ნებისმიერი შანსი უნდა გამოიყენოს“, - აღნიშნავს კახიშვილი.

რაც შეეხება ივანიშვილის ინიციატივას ტელე-ხიდის მეშვეობით საზოგადოების კითხვებზე პასუხის გაცემასთან დაკავშირებით, კახი კახიშვილი იხსენებს 2003 წელს, როდესაც ყველა პოლიტიკოსი ცდილობდა დებატების, ან ხალხთან შეხვედრის მეშვეობით საზოგადოებისთვის საკუთარი პოზიცია გაეცნო. ექსპერტი ამბობს, რომ 2003 წლის შემდეგ ასეთი ტელე-ხიდები არ უნახავს, რა თქმა უნდა, თუ არ ვისაუბრებთ დადგმულ ტელედებატებზე, სადაც კითხვის დასმის საშუალება მხოლოდ წინასწარ დაგეგმილად ექნებათ ისევე, როგორც ეს სააკაშვილის დებატების დროს ხდება. ამიტომ, კახი კახიშვილი აცხადებს, რომ ამ დებატებში, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გულწრფელობის ელემენტი და ასევე იმის გათვლა, რომ ამას შეიძლება პირდაპირ ეთერში პროვოკაციებიც მოჰყვეს.

„ერთი მხრივ, მე, როგორც ერთი რიგითი მოქალაქე, რა თქმა უნდა, ასეთ ინიციატივას მივესალმები, რადგან პირადად მე ძალიან ბევრი კითხვა მაქვს, რომელიც შეიძლება ბიძინა ივანიშვილისთვის დამესვა, მაგრამ ამის საშუალება არ მომეცა. მეორე მხრივ კი, ისიც აუცილებლად უნდა გაითვალოს, რომ შეიძლება ამ კარგ ინიციატივას მისი ოპონენტების მხრიდან რაღაც პროვოკაციები მოჰყვეს. ამიტომ, ეს რისკებიც უნდა იყოს გათვლილი“, - აღნიშნავს კახიშვილი.

იგი ასევე გამოთქვამს სურვილს, ბიძინა ივანიშვილს არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა მოეწყო.

„ეს ადამიანი პოლიტიკაში შემოვიდა და არ გასჩენია სურვილი შეხვედროდა არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც არჩევნების თემატიკაზე მუშაობენ და რომლებსაც აქვთ გამოცდილებაც და მასალებიც. მიმაჩნია, რომ ასეთი დონის ოპოზიციონერს ყველა სეგმენტთან უნდა ჰქონდეს ახლო საქმიანი კავშირი. მას შეუძლია საკუთარი პრობლემების შესახებ არასამთავრობოებს უფრო დეტალური ინფორმაცია წარმოუდგინოს, რადგან ჩვენ, ანუ ის ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნებზე ვმუშაობთ, ძირითადად თუ რამეს ვიგებთ, ისევ და ისევ, მხოლოდ, პრესის მეშვეობით. ამიტომ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მოსვლამდე მოსახლეობასთან, არასამთავრობოებთან მჭიდრო კონტაქტში იყო, ცოტა არ იყოს მაკვირვებს ბიძინა ივანიშვილის მხოლოდ ამ აქციებით შემოფარგვლა. ადამიანს, რომელსაც პოლიტიკაში დამკვიდრება და პირველობა სურს, ადამიანთა ყველა ჯგუფთან საუბრის სურვილი უნდა ჰქონდეს“, - ამბობს კახი კახიშვილი.