უარი შვიდიანზე, ანუ წყალში ჩაყრილი საარჩევნო კამპანია

უარი შვიდიანზე, ანუ წყალში ჩაყრილი საარჩევნო კამპანია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „ქართულ ოცნებას“ საარჩევნო ნომრად შვიდიანის გამოყენებაზე უარი უთხრა. ამასთან დაკავშირებით ცესკოს მიერ დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. ცეკო-ს ინფორმაციით, 19 აგვისტოს, 18:00 სთ-ზე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო ბლოკების რეგისტრაციაზე განაცხადების მიღება დასრულდა. 2012 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებისთვის დარეგისტრირდა ორი საარჩევნო ბლოკი, „გიორგი თარგამაძე - ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანება“ (ბლოკში ერთიანდებიან პარტიები - „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ და „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“) და „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“ (ბლოკში ერთიანდებიან - პ/გ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, „საქართველოს კონსერვატიული პარტია“, პ/მ „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, საქართველოს რესპუბლიკური პარტია, პ/გ „ჩვენი საქართველო თავისუფალი დემოკრატები“ და პ/გ „ეროვნული ფორუმი“).

საარჩევნო ბლოკებისთვის რიგითი ნომრის მინიჭების პროცედურას დაინტერესებული მხარეებისთვის ცესკო ასე განმარტავს:

„საქართველოს საარჩევნო კოდექსის 119-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების თანახმად „თუ არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკი შექმნეს ბოლო საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიებმა, ბლოკის წესდებაში მათ უნდა მიუთითონ, რომელი პარტიის რიგითი ნომრით ისარგებლებენ“, ხოლო „ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომერი გამოვლინდება წილისყრით“.

ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, იმისათვის, რომ საარჩევნო ბლოკმა დაიტოვოს მასში შემავალი ერთ-ერთი სუბიექტის რიგითი ნომერი, ბლოკში შემავალ ყველა პარტიას მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში. წინააღმდეგ შემთხვევაში ბლოკის რიგითი ნომერი უნდა განისაზღვროს წილისყრით არჩევნებამდე არაუგვიანეს 37 დღისა ანუ 25 აგვისტომდე“, - ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

შეგახსენებთ, მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში „ქართული ოცნება“ აანონსებდა, რომ ოქტომბრის არჩევნებში შვიდი ნომრით მიიღებდა მონაწილეობას. ეს ციფრი კოალიციის საინფორმაციო ბუკლეტებზე, მაისურებზე და მისი ლოგიტიპიან სხვა მასალებზეც არის დატანილი. სავარაუდოა, რომ „ქართული ოცნება“ სწორედ ცესკო-ს მიერ თავის განცხადებაში მოყვანილ ნორმას ეყრდნობოდა, როდესაც ამ ნომრით სარგებლობა გადაწყვიტა, რადგან შვიდიანი წინა საპარლამენტო არჩევნებში კოალიციაში შემავალი ერთ-ერთი პარტიის, კონსერვატიული პარტიის ნომერი იყო და შესაბამისად, „ქართული ოცნება“ ამ არჩევნებისთვის მის გამოყენებას გეგმავდა. ამიტომ, ცესკო-ს ამ გადაწყვეტილების შეფასება ორგვარად შეიძლება. კერძოდ, ქართველ ექპერტთა ნაწილმა თავიდანვე თქვა, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ხოლო მეორე ასპექტი, რაც ამ გადაწყვტილებაზე მსჯელობისას ასევე გასათვალისწინებელია, სწორედ ის არის, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ ნომრის გამოყენებით საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული აქვს. ამიტომ, ერთი მხრივ, ეს ამომრჩევლის დაბნევას, მეორე მხრივ კი კოალიციისთვის მატერიალური ზარალის მიყენებას ისახავს მიზნად, ვინაიდან მთელი ეს საინფორმაციო მასალები, რაზეც შვიდიანია დატანილი, დღეიდან კოალიციას აღარ გამოადგება. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ „ქართულ ოცნებაში“ შემავალი პარტიების ანგარიშები დაყადაღებულია და მათ ახალი საინფორმაციო მასალების შექმნისათვის თანხის გადახდა პრაქტიკულად არ შეუძლიათ, ცხადი ხდება, რომ კოალიციას პრობლემები ამ მხრივაც შეექმნება.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ამ თემაზე for.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ საარჩევნო კოდექსის თანახმად, თუ ბლოკში წინა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიები არიან გაერთიანებულები, მაშინ მათ უფლება აქვთ, ერთ-ერთი პარტიის ნომერი აირჩიონ. მაგრამ კონსტიტუციონალისტი ხაზს უსვამს, რომ კანონის ამ ნორმაში არ არის დათქმა, რომ ამის უფლება პარტიებს იმ შემთხვევაში აქვთ, თუ ბლოკში გაერთიანებულები არიან მხოლოდ წინა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიები.

„კანონის ამ ნორმაში რომ ყოფილიყო ჩაწერილი სიტყვა „მხოლოდ“, მაშინ საკმარისია ბლოკში აღმოჩენილიყო ერთი პარტია მაინც, რომელსაც წინა არჩევნებში არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, მაშინ ამ ბლოკს ნომრის არჩევის უფლება არ ექნებოდა, მაგრამ ეს სიტყვა კანონში არ წერია. ცესკო-ს განცხადებაში კი ნათქვამია, რომ კანონის ამ ნორმიდან გამომდინარე, თუ ბლოკში შემავალი ყველა პარტია არ მონაწილეობდა წინა არჩევნებში, მაშინ მათ ნომრის არჩევის უფლება არ აქვთო. ეს არის თაღლითობა და ამ ნორმის არაკანონიერი ინტერპრეტაცია“, - ამბობს ვახტანგ ხმალაძე.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ მოსახლეობის დიდ ნაწილში შვიდიანთან არის ასოცირებული და თუკი მას სხვა ნომერი მიენიჭება, საზოგადოებაში დაბნეულობა იქნება შეტანილი. ამასთანავე, ხმალაძის თქმით, ვინაიდან კოალიციას მთელი თავისი საარჩევნო კამპანია ამ ნომერზე აქვს აგებული და საინფორმაციო მასალებიც აქვს დაბეჭდილი, მთელი ის ფული, რაც ამ ყველაფერზე დაიხარჯა, ახლა პრაქტიკულად წყალში გადაყრილი გამოდის.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ კანონის ის ნორმა, რომელზეც ცესკო მიუთითებს (საარჩევნო კოდექსის 119-ე მუხლის მ-4 პუნქტი), ბუნდოვანია და სხვადასხვაგვარი ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ნორმით ბოლომდე ცხადი და გასაგები არ არის, მხოლოდ ის პარტიები უნდა იყვნენ, ვინც წინა არჩევნებში მონაწილეობდნენ, თუ შეიძლება, რომ მათთან ერთად სხვაც იყოს. ამ ნორმიდან ეს გასაგებად და ცხადად არ გამომდინარეობს. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, ცესკო-ს გარკვეული დისკრეცია აქვს, რომ გადაწყვეტილება მიიღოს. მას შეუძლია რაღაც ინტერპრეტაციები გააკეთოს“, - აცხადებს თამარ ჩუგოშვილი.

იგი იხსენებს 2010 წელს, როდესაც ცესკო-მ კანონის ამავე ნორმას განსხვავებული ინტერპრეტირება გაუკეთა და შესაბამისი ნომერი მისცა ბლოკს, რომელშიც არა მხოლოდ ის პარტიები იყვნენ, რომლებიც წინა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობდნენ, არამედ სხვა სუბიექტებიც.

„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს გამოცდილება არსებობს. ამდენად, ამჯერად ცესკო-მ ეს ნორმა განსხვავებულად განსაზღვრა, მაგრამ ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან კანონში ცესკო-სთვის ინტერპრეტირების საშუალება არის დატოვებული. ამდენად, მიგვაჩნია, რომ ეს გარკვეულწილად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა“, - აღნიშნავს ჩუგოშვილი.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი ამბობს, რომ ცესკო პოლიტიკურ მოთამაშედ, მხარედ არის ქცეული.

„დღეს ხარატიშვილმა პრაქტიკულად ტოლობა გაავლო გოგორიშვილთან, ისინი ერთნაირად ფიქრობენ, ერთნაირად აზროვნებენ და ერთნაირ გადაწყვეტილებებს ღებულობენ, უფრო სწორად ხარატიშვილი გოგორიშვილის პოზიციებს ახმოვანებს. აბსოლუტურად ანალოგიურ სიტუაციაში (კანონიც იგივე იყო და გარემოც) სამმა პოლიტიკურმა კოალიციამ მიიღო ის ნომრები, რომლებიც მათ წინა არჩევნებიდან ჰქონდათ. ეს იყო ნომერი 2 – „ალიანსი საქართველოსთვის“, ნომერი 7 – „გაერთიანებული ოპოზიცია“ და ნომერი 10 – „გრიგოლია ქრისტიან-დემოკრატები“. ახლაც აბსოლუტურად ანალოგიური სიტუაცია, მაგრამ დღეს პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან ბიძინა ივანიშვილის კოალიციის გამარჯვების ეშინიათ და ყველანაირად ცდილობენ დაბრკოლებები შეგვიქმნან“, - აცხადებს სოზარ სუბარი.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობა ფიქრობს, რომ მას გადაარჩენს ერთი პროცენტი იქნება, თუ ნახევარი პროცენტი, რაც ამ გადაწყვეტილებას შეიძლება „ქართული ოცნებისთვის“ ნეგატიური მოჰყვეს.

„ცესკო-ს მიერ კანონის ამ ნორმის მოშველიება უკანონობა და თავხედობაა. ამ თავხედობას აძლიერებს ისიც, რომ ცესკო-ს არაერთხელ მივმართეთ წერილით, რაზეც მათ რეაგირება არ გაუკეთებიათ. მათ ერთხელ მაინც რომ ეთქვათ, ოქტომბრის არჩევნებზე ნომერ შვიდს ვერ გამოვიყენებდით, ჩვენ საკმაოდ სოლიდური თანხის დახარჯვაზე ბუკლეტების, მაისურების და სხვა საინფორმაციო მასალების დამზადებაზე თავს შევიკავებდით. ვინაიდან ხარატიშვილმა ეს არ გააკეთა, იგი არის ისეთივე თაღლითი, როგორიც იყო მისი წინამორბედი თარხნიშვილი“, - აღნიშნავს სუბარი.

აქვე იგი ხაზს უსვამს იმ პრობლემებს, რაც შეიძლება კოალიციას ახალი ნომრის მინიჭებით შეექმნას. კერძოდ, სუბარი ამბობს, რომ თუკი კოალიციას მიენიჭა ახალი ნომერი, ცხადია, ეს ნომერი ამომრჩევლამდე უნდა მიიტანოს. ეს კი ხდება რეკლამით ტელევიზიაში, საინფორმაციო ბიულეტენებით, მაისურებით და ა.შ. ტელევიზიებში რეკლამასთან დაკავშირებით სოზარ სუბარი კონტროლის პალატის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებულ ბრძანებაზე საუბრობს, რომლის თანახმადაც, თუკი პოლიტიკური სუბიექტი მედიასაშუალებას წინასწარ არ გადაუხდის ფულს, მისი პოლიტიკური რეკლამა მედიაში ვერ განთავსდება. კოალიციაში შემავალ ყველა პარტიის ანგარიშებს კი ინკასო ადევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ფულს ვერაფერში გადაიხდიან.

„შესაბამისად, თუკი ახალ ნომერს ავიღებთ, ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ამ ნომერს ამომრჩევლამდე ვერ მივიტანთ, რადგან ინკასო გვადევს და ფულს ვერაფერში გადავიხდით, ვერ განვათავსებთ რეკლამას, ვერ დავბეჭდავთ მაისურებს და ა.შ. ანუ, ეს იყო კარგად აწყობილი ბანდიტური სქემა, როდესაც ერთ მხარეს დგას ხარატიშვილი, მეორე მხარეს კი - მოგელაძე და ისინი დიდი „კუკლავოდების“, გოგორიშვილისა და მაჭავარიანის დაკვეთას ასრულებენ“, - ამბობს სუზარ სუბარი.

კითხვაზე, „ქართულ ოცნებას“ რეალურად მართლაც შეექმნება თუ არა ეს პრობლემები, სოზარ სუბარი მოკლედ პასუხობს - „ჩვენ მოვიგებთ არჩევნებს“.