„სააკაშვილი „ვეფხისტყაოსნის“ სტრიქონებს ცხოვრებაში პირველად კითხულობდა“

„სააკაშვილი „ვეფხისტყაოსნის“ სტრიქონებს ცხოვრებაში პირველად კითხულობდა“

რაბათის ციხის გახსნისას პრეზიდენტის მიერ „ვეფხისტყაოსნის“ თავისუფალმა ინტერპრეტაციამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ფორუმზე უკვე გაკეთდა შეფასებები და ბევრმა მიიჩნია, რომ სააკაშვილს რუსთაველის ქმნილება საერთოდ არ ჰქონდა წაკითხული. მართალია, ასეთი ლაფსუსებისგან ნებისმიერი ადამიანი დაუზღვეველია, თუმცა ერთ რამეში შეთანხმება შეიძლება - პრეზიდენტს რატომღაც ძალიან ხშირად ეშლება ქართველ პოეტთა ციტირება. ასე მოხდა მუხრან მაჭავარიანთან სტუმრობისას, როცა მან მისივე სტრიქონები დამახინჯებულად გადმოსცა, თუმცა აწ განსვენებულმა პოეტმა დიდსულოვნად მიუტევა. ამჯერად სააკაშვილისეული რუსთაველის „მარგალიტები“ უფრო შთამბეჭდავი იყო: „ერთი კაცი იყო, მას ერქვა ვინმე მესხი მელექსე, მაგარი პოემა დაწერა... სადღაც აქ ახლო-მახლო ცხოვრობდა“... ამ „მაგარი პოემიდან“ კი პრეზიდენტმა სტრიქონები შემდეგნაირად ამოიკითხა: „ჩვენ კაცმა მოგვცა ქვეყანა“; იყო არაბეთს როსტევან მეფე ღმრთისაგან სვიანი, მაღალი, უხვი, დაბალი... ლაშქარიანი, უხვლაშქრიანი, ყმიანი; (ხედავთ, ყველამ ვიცით ზეპირად?! - აქვე დაასკვნა პრეზიდენტმა.) „იგი გახდის წამის ყოფის ერთსა ასად ასსა-ერთად“ და სხვა.

„ვეფხისტყაოსნის“ სააკაშვილისეულ ვერსიასთან დაკავშირებით For.ge ფილოლოგსა და „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს ლევან ბერძენიშვილს ესაუბრა.

როგორც გგონიათ, რატომ აღმოჩნდა მიხეილ სააკაშვილივეფხისტყაოსნისლაბირინთებში

- იმ სტრიქონებსა და იმ სტროფებს, რომლებსაც ის ამზეურებდა, თურმე ცხოვრებაში პირველად კითხულობდა. ამიტომ საჭირო იყო, ორჯერ-სამჯერ მაინც წაეკითხა, გაევარჯიშებინა, დაემახსოვრებინა, რომ „კაცთა მოგვცა ქვეყანა“ ნიშნავს, რომ ღმერთმა კაცებს, ანუ ადამიანებს მოგვცა ქვეყანა. მან კი წინასწარ დაწერილი წაიკითხა და იფიქრა, ეს რა სისულელე წერიაო და რუსთაველს გაუსწორა კიდეც: კაცმა მოგვცა ქვეყანაო. თანაც, ამით წამოსცდა თავისი წარმოდგენა სამყაროზე, რომ ღმერთი კი არ გვაძლევს სიკეთეს, არამედ - ადამიანი, კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი. გარდა ამისა, მას საერთოდ უჭირს „მ“ სონანტის წარმოთქმა თანხმოვნების წინ. მაგალითად, „მთელი მსოფლიოს“ ნაცვლად იგი მუდმივად ამბობს, „თელი მსოფლიო.“ ეს მისი პირადი თავისებურებაა. მე არ ვიცი, საიდან მოდის ეს თავისებურება. თუ ღრმად დაინტერესდება ვინმე, შეიძლება, გაარკვიოს, საიდან მოდის ასეთი დეფექტები. მეტყველებაში ყველას აქვს დეფექტი, ეს არანაირი პრობლემა არ არის, ამიტომ ამის გავლენით შეიძლება, მან ვერ გამოთქვა სიტყვა „მდაბალი“ და ამიტომაც თქვა „დაბალი“. თუმცა, გამორიცხული არაა, რომ მან არ იცის, რომ არსებობს სიტყვა „მდაბალი“. წესით, ეს ყველაფერი ერთ რამეზე მიუთითებს, ამ კაცს, უბრალოდ, სკოლაში არ უსწავლია, ნიშნებს პროფესორი დედის, აკადემიკოსი ბებიის ხათრით უწერდნენ. ის სკოლიდან გასულია ქართული ლიტერატურის მთავარი შედევრის - „ვეფხისტყაოსნის“ ელემენტარული ცოდნის გარეშე. ამიტომაც, რომ დაინახა სიტყვა „უამესი“, იფიქრა, ეს რა იდიოტობაა, ასეთი სიტყვა არ არსებობს ქართულშიო და წაიკითხა „უარესი“. საერთოდ, ყველაფერი იმაზეა აწყობილი, რომ უკვე მრავალგზის დავრწმუნდით, მიხეილ სააკაშვილი ლექსებს ვერ იმახსოვრებს. ეს დიდი პრობლემა არ არის, ახლა ვიღაცა იტყვის, რა მოხდა მერე?! მაგრამ უბედურება ისაა, რომ დაწერილსაც ვერ კითხულობს, რადგან, როდესაც პირველად კითხულობ დაწერილს და, თუ ის ცოტა ოდნავ არქაიზებულ ენაზეა დაწერილი, ისევე, როგორც წერს რუსთაველი, ეს მისთვის რთულია. მოგეხსენებათ, ეს ენა თანამედროვე ენას ოდნავ დაშორებულია. ამ შემთხვევაში, მას უჭირს ამ ტექსტის აღქმა და მორევა. ასე რომ, მე ვურჩევდი მას, იმ პატარა პოლიტიკურ ცხოვრებაში, რომელიც მას დარჩა, გაანებოს თავი რუსთაველს და მის ციტირებას, რადგან გავიგეთ, რომ ძალიან მაგარია, რუსთაველსაც კი უსწორებს, მაგრამ, ამავე დროს, მე ბევრი რამ გავიგე 51-ე სკოლის ისტორიის შესახებ. თურმე იქ ქართული ენისა და ლიტერატურის თვალსაზრისით, უწიგნურებს აძლევდნენ მედლებს. როგორც ჩანს, ადრე ასეთი სკოლა ყოფილა და ახლა, შესაძლოა, გამოსწორდა. მის მასწავლებლებს კი ვურჩევდი, როგორც წესი, მასწავლებლებს უყვართ აკაკის „გამზრდელი“, ამიტომ მათ ადგილზე, სააკაშვილის შემყურე, კიდევ ერთხელ გადავიკითხავდი ამ პოემას.

რაბათის ციხის თაობაზე მან ახსენა, რომ სწორედ აქ უნდა ყოფილიყო როსტევან მეფე. ზოგიერთმა ეს საკითხი ასეთნაირად აღიქვა, ახლა რაბათი ხომ არ გადაულოცა არაბებსო?

- დავიწყოთ იმით, რომ რაბათი არც არაბულია და არც - ქართული. რაბათი არის ოსმალური, ანუ თურქული. კი ბატონო, ახლა, გადალოცვაზე თუ მიდგა საქმე, მიხეილ სააკაშვილზე რომ იყოს დამოკიდებული, შესაძლოა, დაერიგებინა კიდეც ტერიტორიები, მაგრამ მე არ მჯერა, რომ სააკაშვილი არის ბოროტი ადამიანი, რომელიც იმისთვის მოვიდა, რომ საქართველო არაბებს, რუსებს ან ჩინელებს დაურიგოს. არა, ბატონო, უბრალოდ, უწიგნური კაცია და პოლიტიკაში ძალიან ბევრი ეშლება.

აქამდე მიხეილ სააკაშვილს თითქმის არასდროს უხსენებიავეფხისტყაოსნისსტრიქონები. რატომ დასჭირდა წინასაარჩევნო პერიოდში რუსთაველის პოემის გაცოცხლება?

- ასეთივე შეცდომა მას მოუვიდა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. თუ არ ვცდები, 2004 ან 2005 წელს მოხდა ეს ამბავი. გამოდიოდა მიხეილ სააკაშვილი და, სხვათაშორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საპარლამენტო გამოსვლა იყო. მან მოიყვანა ციტატა და ასეთი სიტყვები თქვა: „მიეცით ნიჭსა გზა ფართო, თაყვანისცემა ღირსებას“... მოგეხსენებათ, ეს გრიგოლ ორბელიანის სიტყვებია, სააკაშვილმა კი აღნიშნა, ეს სიტყვები შოთა რუსთაველმა თქვაო. სინამდვილეში, შოთა რუსთაველი ღირსებაზე ლაპარაკობდა იმ დროს, როცა იკითხავდით, სად იყვნენ ამერიკელები, ჯეფერსონი (რომელიც ღირსების სპეციალისტია)?! სხვათაშორის, რომლის სიტყვებიც გაიმეორა გრიგოლ ორბელიანმაც, რომელმაც, თავის მხრივ, ეს სიტყვები რუსული გზით იცოდა. თუმცა, ჯეფერსონამდე და ამერიკელებამდე ღირსებაზე რომ არ ყოფილა მსოფლიო ფილოსოფიაში ლაპარაკი, ესეც ცნობილია. ამას ბევრი მიზეზი აქვს და ახლა ამის ღრმა ანალიზს არ შევუდგები, მაგრამ, რახან ეს სიტყვები სააკაშვილმა რუსთაველს მიაწერა, გაირკვა, რომ ჯეფერსონამდე ბევრად ადრე თურმე, აგერ, რუსთაველს უთქვამს. ამიტომ ამით სააკაშვილმა ამერიკელებიც დაამცირა, რომ ისინი, სულ ცოტა,  აღფრთოვანებულნი არიან 250 წლის წინანდელი სიტყვით, მაშინ, როცა ჩვენ 800 წელია, ვიცით, რომ ღირსება მნიშვნელოვანია. თანაც, როდესაც სააკაშვილი ამას ამბობდა - მიეცით ნიჭსა გზა ფართო, - შეატყვეთ, ალბათ, რომ ეს დაბალი შაირია, ამიტომაც დაბალი შაირი რომ დაინახა, იფიქრა, ეს უთუოდ რუსთაველიაო. სხვათაშორის, ამაზე მაშინვე ატყდა კამათი, მოიძებნენ საქართველოში ადამიანები, რომლებიც მაშინაც იცავდნენ საქართველოს პრეზიდენტს, ისევე, როგორც ახლა იცავენ, რომ ასე არ უთქვამსო. უბრალოდ, ამბობდნენ, ასეთი ფაქტი არ ყოფილაო, მაგრამ ფაქტი იყო და ამაზე კამათიც ატყდა ტელევიზიაში. პარლამენტის მაშინდელი კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი ნოდარ გრიგალაშვილი იმ დროს საქართველოს პრეზიდენტს იცავდა და დიდი შეხლა-შემოხლითა და კინაღამ გაწევ-გამოწევით დამთავრდა ეს ამბავი. ასე რომ, მიხეილ სააკაშვილი რამდენჯერაც შეეხება შოთა რუსთაველს, იმდენჯერ განმეორდება ასეთი შეცდომები. ის არ არის პირველი და ერთადერთი და უნიკალური შემთხვევა. თუმცა ჩვენი პრეზიდენტი ერთ-ერთი იშვიათი ქართველთაგანია, რომელსაც  „ვეფხისტყაოსნის“ არცერთი სიტყვა არასდროს წაუკითხავს.

გამოდის, რომ ფილოლოგები პრეზიდენტთან არ მუშაობენ და ტექსტებს სხვები უწერენ?

- ძალიან კარგი შეკითხვაა. რა თქმა უნდა, ფილოლოგები მასთან არ მუშაობენ. ასეთი ინფორმაცია, რომ მას ფილოლოგი მრჩეველი ან სპიჩრაიტერი ჰყავს, არ მაქვს. როგორც წესი, მას სიტყვებს ყოფილი ჟურნალისტები უწერენ. საერთოდ, პიარისა და პრესსამსახურები აწყობილია ჟურნალისტებზე და არა ფილოლოგებზე.  საქართველოს პრეზიდენტი ფილოლოგებისა და ისტორიკოსების საჭიროებას რომ ხედავდეს, მაშინ ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტები ასეთ დღეში არ იქნებოდნენ. ამ მხრივ ეს პირველი პრეზიდენტია. ბევრი ნაკლი ჰქონდა ჩვენს პრეზიდენტებს, მაგრამ ასეთნი არ ყოფილან. უნდა შეგახსენოთ, რომ ამხანაგი შევარდნაძე სტატიებს წერდა გალაკტიონზე. ახლა თვითონ წერდა, თუ სხვა ეხმარებოდა, ეს სხვა ამბავია, მაგრამ სტატიები იყო ხარისხიანი და არასდროს ასეთი სისულელე არ გაუკეთებია. რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას, მას წიგნი აქვს დაწერილი „ვეფხისტყაოსანზე“, რომელიც ერთ-ერთი საფუძვლიანი გამოკვლევაა. იქ ბევრი სამეცნიერო საკითხებია და, შეიძლება, ვინმემ იკამათოს, მაგრამ ზვიად გამსახურდიას ნაშრომს რომ დონე და ხარისხი აქვს, ამაზე, მე მგონი, საუბარი ზედმეტია. მე თვითონ ვესწრებოდი მისი დისერტაციის დაცვას და უნდა გითხრათ, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე უფრო ბრწყინვალე დაცვა უნივერსიტეტის ისტორიაში. ასე რომ, ასეთი შემთხვევა, როდესაც წერა-კითხვის უცოდინარია პრეზიდენტი და თანაც ამის საჯარო აფიშირებას ახდენს, ასეთი შემთხვევა ჩვენ არ გვქონია. ამ და ბევრი სხვა თვალსაზრისით, ეს ყველაზე უფრო უარესი პრეზიდენტია.