საქართველო მომავლის ძიებაში

საქართველო მომავლის ძიებაში

ოთხ წელიწადზე ოდნავ მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც ერთ დღეს ტელევიზორი ჩავრთე და საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრილი რუსული ტანკები ვიხილე. 8 აგვისტოს საქართველოსა და რუსეთს შორის ხანმოკლე, მაგრამ სასტიკი ხუთდღიანი ომის დაწყების წლისთავი იყო. ომმა ფეხზე დააყენა საერთაშორისო თანამეგობრობა, დახოცა ასობით ადამიანი და ათასობით იძულებით გადაადგილებული პირი დაემატა ადამიანთა იმ მნიშვნელოვან რიცხვს, რომლებიც 1990–93 წლებში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შედეგად, დევნილებად იქცნენ. საბოლოო ჯამში დევნილების რაოდენობამ 300 000 კაცი შეადგინა.

რუსეთი, რომელიც უკმაყოფილო იყო საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებითა და აგრეთვე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ მზარდ მტრულ განწყობას ამჟღავნებდა, თვეების განმავლობაში პროვოკაციას პროვოკაციაზე აწყობდა. მოსკოვი ცდილობდა ხან კარგი და ხანაც ცუდი პოლიციელის როლი ეთამაშა. ერთი მხრივ, რუსეთს სურდა საკუთარი თავის წარმოჩენა კონსტრუქციული როლის შემსრულებელ ძალად იმ საერთაშორისო მოლაპარაკებებში, რომელიც მიმართული იყო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტების მოგვარებისაკენ. მაშინ, როცა მეორე მხრივ, მოსკოვი, პოლიტიკურადაც და ეკონომიკურადაც, მხარს უჭერდა რეჟიმებს ორივე სეპარატისტულ რეგიონში, ყველა მსურველს რუსულ პასპორტებს სთავაზობდა და NATO–ში მყოფი რამდენიმე ახლო მეგობრის წყალობით საქართველოსთვის NATO–ს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭება შეაჩერა.

პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, სააკაშვილმა პირობა დადო, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს დაუბრუნებდა. ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციასთან ახლო კავშირებსა და ასევე იმაზე გათვლით, რომ აშშ-სგან საქართველოს არმია ფართომასშტაბიან სამხედრო წრთვნას იღებდა, სააკაშვილმა გარისკა და ეს ძვირად დაუჯდა. ასეა თუ ისე, ომის შედეგად რუსეთის მიერ ოკუპირებული და ანექსირებულია საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20%–ზე მეტი. დღესდღეობით სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან არსებული კონფლიქტების გადაჭრის პერსპექტივამ უფრო შორს გადაიწია, ვიდრე ეს იყო 15 წლის წინ.

ომის შემდგომ პერიოდში ევროკავშირმა აამოქმედა მონიტორინგის მისია (EUMM) ოკუპირებული ხაზის გასწვრივ, მაგრამ მხოლოდ საქართველოს მხრიდან. მაშინ როცა ევროკავშირის მანდატის თანახმად, პატრულირების უფლება მისიას საზღვრის ორივე მხარეს აქვს, რუსეთის და საფრანგეთის იმდროინდელი პრეზიდენტების, დიმიტრი მედვედევისა და ნიკოლა სარკოზის მიერ უფრო ადრე ხელმოწერილ სამშვიდობო გეგმაში ნათქვამია, რომ მონიტორები პატრულირებას მოახდენენ საზღვრის გასწვრივ მდებარე იმ ტერიტორებზე, რომელიც, რუსეთის თანახმად, ოკუპირებულ მიწებს არ მოიცავს. ალექსანდროს პეტერსენის ამასწინანდელმა მოხსენებამ კი, სახელწოდებით: „საქართველოს კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარება“ – გვაუწყა, რომ რუსულმა მხარემ გაწყვიტა კავშირი EUMM–თან და მისიის მეთაური ოკუპირებულ ტერიტორიებზე persona non grata-ად გამოაცხადა. პეტერსენი აცხადებს, რომ ეს მოვლენების „სახიფათო განვითარებაა, რამდენადაც რუსეთს ეძლევა ნება, ფაქტობრივად საერთაშორისო კონტროლის გარეშე განახორციელოს თავისი ქმედებები. რუსეთმა ეთნიკურად ქართულ სოფლებში – სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთის გადამწვარ და დანგრეულ ნასახლარებზე, მნიშვნელოვანი სამხედრო მშენებლობები განახორციელა. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმყოფება 10 000–ზე მეტი რუსი ჯარისკაცი და უშიშროების თანამშრომელი, დაახლოებით 700 შეიარაღებული სატრანსპორტო ერთეული თვითმფრინავების, არტილერიისა და 100 საბრძოლო ტანკის ჩათვლით. ოკუპირებული ტერიტორიის ადგილობრივ მცხოვრებლებს სისტემატიურად უწევთ რუსი სამხედროებისაგან საკუთარი თავისა და ქონების დაცვა”.

ევროკავშირი მრავალგზის შეეცადა რუსებთან, სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტების თაობაზე, უშუალო დიალოგის განახლებას, მაგრამ ჯერჯერობით საქმე სიტყვის იქეთ არ დაძრულა; ევროკავშირის პოლიტიკა მოსკოვთან ფრთხილია.

უყვართ თუ სძულთ სააკაშვილი, ის ენერგიული, ქარიზმატული, შედეგზე ორიენტირებული ადამიანია, რომელსაც საკუთარი მიღწევებით ტრაბახი უყვარს. დიახ, საქართველოს ჯერ კიდევ უამრავი პრობლემა აქვს: სიღარიბე და უმუშევრობა შეშფოთებას იწვევს, ხოლო დემოკრატიის სტანდარტები საუკეთესოსგან ისევ შორსაა. მიუხედავად ამისა, თუკი საქართველოს ამ რეგიონის დანარჩენ ნაწილს შევადარებთ, მან მიაღწია გარკვეულ შედეგს და სწორი მიმართულებით გადადგა ნაბიჯები. ურთულესი ვითარების მიუხედავად, იჩენს პრინციპულობას, რათა თავისი მომავალი ევროატლანტიკურ ინსტიტუტებს დაუკავშიროს. საქართველოს მთავრობამ ხალხის სასარგებლოდ და ამავე რეგიონის სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, ფუნქციონირებადი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო ჩაატარა და წარმატებით მოსპო წარსულის საბჭოთა მემკვიდრეობა. ეს ყველაფერი არსად ისეთი თვალსაჩინო არ არის, როგორც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში – მსოფლიო ბანკმა ამ მხრივ ქვეყნის წარმატების შესახებ წიგნიც კი დაიწერა.

დღეს საქართველო გარდამავალ ფაზაში შედის. 1 ოქტომბერს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, რომელიც დემოკრატიისათვის ლაკმუსის ქაღალდი იქნება, ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში შემდგომი ინტეგრაციის პერსპექტივით. საქართველომ უნდა შეძლოს ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ძალაში შევა ახალი კონსტიტუცია და ამოქმედდება საპარლამენტო მმართველობის სისტემა.

და მაინც, საქართველოში ჯერ კიდევ ძალიან მოწყვლადია. ის არასტაბილურ რეგიონში მდებარეობს და ისეთი მეზობლების გარემოცვაშია, რომელთაც აღელვებთ როგორც ერთმანეთის ქმედებები, ასევე ისეთი ახალი მოთამაშეების ინტერესები, როგორებიც არიან ევროკავშირი, ჩინეთი, ამერიკა და ზოგჯერ ისრაელიც. საქართველოს მიაჩნია, რომ მისი უსაფრთხოების გარანტია მხოლოდ NATO-ს წევრობაშია, მაგრამ შევა თუ არა ოდესმე საქართველო NATO-ში ჯერ კიდევ საკითხავია. მეტიც, ვიდრე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაცია ძალაშია, საქართველოს განვითარება შეფერხებებით წარიმართება.
foreignpress.ge