თუკი ხელისუფლება პასუხისმგებლობას იხსნის, მაშინ იგი უნდა გადადგეს

თუკი ხელისუფლება პასუხისმგებლობას იხსნის, მაშინ იგი უნდა გადადგეს

19 აგვისტოს 19.00 საათზე ქალაქ რუსთავში ჟიული შარტავას მოედანზე კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია გაიმართება მიუხედავად იმისა, რომ რუსთავის მერიამ აღნიშნულ ადგილზე აქციის ჩატარებაზე კოალიციას უარი განუცხადა. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ მერიას უარის თქმის უფლება არ აქვს, მათ კი - იმის ვალდებულება, რომ მერიის თანხმობას დაელოდონ.

შეგახსენებთ, თავიდან „ქართულმა ოცნებამ“ რუსთავის მერია აქციის ორ სხვადასხვა ადგილზე ჩატარებასთან დაკავშირებით გააფრთხილა. კერძოდ, ეს იყო ქალაქის ცენტრალური მოედანი და მეგობრობის მოედანი. ორივე ადგილთან დაკავშირებით მათ მერიიდან უარი მიიღეს, რის გამოც კოალიციამ აქციის ჩატარება შარტავას მოედანზე გადაწყვიტა. კოალიციაში ამბობენ, რომ ამის შემდეგ რუსთავის მერიამ ახლა უკვე შარტავას მოედანზე აქციის ჩატარებაზე უთხრა უარი და ალტერნატივად მეგობრობის მოედანი შესთავაზა, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა აქცია მაინც შარტავას მოედანზე ჩაატაროს, რადგან მათ ეს ადგილი უკვე დაანონსებული აქვთ და აქციის ადგილის შეცვლა მოსახლეობაში დაბნეულობას გამოიწვევს.

რუსთავის მერიამ კი განცხადება გაავრცელა, რომ თუკი „ქართული ოცნება“ აქციას შარტავას მოედანზე ჩაატარებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნის.

რას ნიშნავს მერიის მიერ პასუხისმგებლობის მოხსნა და მოვლენების როგორ განვითარებას ელიან „ქართულ ოცნებაში“, ამასთან დაკავშირებით for.ge-ს კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი ესაუბრება.

სოზარ სუბარი: „თავიდან ჩვენ ორი ალტერნატიული ადგილი მოვიხთოვეთ, რომლებზეც უარი გვითხრეს. ეს უარი თითქოს ფორმალურად დასაბუთებული იყო, მაგრამ სინამდვილეში ცხადი იყო, რომ ეს დასაბუთება თითიდან გამოწოვილი გახლდათ. მერიამ განგვიცხადა, რომ ამ ადგილებზე სხვა ღონისძიებები იყო დაგეგმილი, ანუ ეს იყო ერთადერთი პასუხი, რაც შეიძლებოდა ლეგიტიმური ყოფილიყო. ამიტომ, ჩვენ მათ ახალი ადგილის შესახებ ვაცნობეთ, რაზეც ასევე უარი გვითხრეს. ამ წერილში საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს, იქ ჯიხურის გამყიდველს თავის კორპუსში შესვლაში ხელი შეეშლება და ტრანსპორტის მოძრაობა შეფერხდება. ეს არ არის ლეგიტიმური მიზეზი და რატომღაც რუსთავის მერიამ ჩათვალა, რომ მათი გადასაწყვეტია, სად და როგორ ჩავატარებთ აქციას.

მათ თავი ნებართვების გამცემებად ჩათვალეს, მაგრამ ისინი ნებართვების გამცემები არ არიან. საქართველოში არსებობს გაფრთხილების სისტემა, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო აქციის ჩატარებამდე ხუთი დღით ადრე აქციის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ უნდა გააფრთხილო. დანარჩენზე ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, ანუ როგორ მოაგვაროს საქმე ისე, რომ ტრასპორტის მოძრაობას ხელი არ შეეშალოს, ან რაღაც უხერხულობები არ შეიქმნას, უფრო სწორად, მინიმალური უხერხულობები შეიქმნას, თორემ შეკრებას და მანიფესტაციას გარკვეული უხერხულობები ყოველთვის თან ახლავს.

ამდენად, რუსთავის მერიას ჩვენ ვუთხარით, რომ ამ შემთხვევაში მათი შეხედულებები არ გვაინტერესებს, რადგან კანონის ფარგლებში ისინი გავაფრთხილეთ და ვინაიდან იქ სხვა არაფერია დაგეგმილი, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ სრულიად ლეგიტიმური უფლება გვაქვს, იმ დღეს, იმ ადგილას აქცია ჩავატაროთ. ამას მერიის ძალიან უცნაური განცხადება მოჰყვა, რომ თურმე ისინი პასუხისმგებლობას იხსნიან იმაზე, რაც მოხდება. ეს არანაირად კანონის ფარგლებში არ ჯდება, რადგან პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნიან. ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში ჩატარდეს და აქვს პოზიტიური ვალდებულებაც, რომ დაგვეხმაროს, თუკი რაიმე პრობლემები შეიქმნება. ხელისუფლების ასეთი პოზიცია ძალიან უცნაური და საერთოდ გაუგონარია, მაგრამ ჩვენ ამას შევეჩვიეთ. ჩვენს მიერ გამართულ აქციებზე იგივე თბილისშიც, ქუთაისშიც პოლიცია საერთოდ არ ჩანდა და თავის მოვალეობას არ ასრულებდა. რადგან ასეა, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ყველაფერი ორგანიზებულად, კარგად ჩატარდება. ჩვენ ბრიფინგიც ჩავატარეთ, სადაც მოსახლეობას შემოვლითი გზების შესახებ მივაწოდეთ ინფორმაცია და მოვუწოდეთ, რომ იმ რამდენიმე საათის განმავლობაში ამ შემოვლითი გზებით ისარგებლონ, იმაზეც მივუთითეთ, სად არის პარკინგი შესაძლებელი და ა.შ. ამის შემდეგ როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ქვიშაში თავის ჩარგვის პოზიცია არასწორია და შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოყვეს საკონტაქტი პირი, რომელთანაც ამ დეტალებთან დაკავშირებით გარკვეული ურთიერთობა გვაქვს.   

რამდენადაც ცნობილია, შარტავას მოედანზე აქციის ჩატარების მოთხოვნის სანაცვლოდ ერთ-ერთი ის ადგილი შემოგთავაზეს, რომელზეც მანამდე უარი გეთქვათ. ადასტურებთ ამ ინფორმაციას?

- შარტავას მოედანზე შეკრების ჩატარებაზე უარი გვეთქვა არალეგიტიმურად. როდესაც თავიდან მერიის წინ მდებარე მოედანზე ვაპირებდით აქციის ჩატარებას, ამაზე უარი გვეთქვა იმ მოტივით, რომ იქ სხვა ღონისძიებები იყო დაგეგმილი. მე ამის ნამდვილად არ მჯერა, მაგრამ ფორმალურად ეს ლეგიტიმური უარი იყო. შეიძლება ვთქვათ, რომ მართალია ტყუილი მოიგონეს, მაგრამ ფორმულირება სწორად გააკეთეს. შარტავას მოედანთან დაკავშირებით ფორმულირებაც კი არასწორი იყო. შესაბამისად, ჩვენ ამ არასწორ მითითებებს ვერ დავემორჩილებოდით.

აქვე აღვნიშნავ, მას შემდეგ, რაც რუსთავის მერიას შარტავას მოედანზე აქციის ჩატარების შესახებ ვაცნობეთ, მათ სწორედ ერთ-ერთი ის ადგილი შემოგვთავაზეს (მეგობრობის მოედანი), რომელზეც მანამდე უარი გვითხრეს, მაგრამ მათ მოასწრეს და ამ ხნის განმავლობაში ეს ადგილი მთლიანად გადათხარეს, გადაღობეს და იქ შეკრების ჩატარება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა. ამიტომ, ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ ისევ ჩვენს აზრზე ვართ, მით უმეტეს, რომ მანამდე დავბეჭდეთ ბუკლეტები, სადაც აქციის ჩატარების დრო და ადგილი იყო მითითებული, ტელევიზიითაც გადიოდა რეკლამები და მოსახლეობაში დაბნეულობას ვერ შევიტანდით.

რაც შეეხება რუსთავის მერიის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ პასუხისმებლობას იხსნის, მინდა გითხრათ, რომ თუკი ხელისუფლება პასუხისმგებლობას იხსნის, მაშინ იგი უნდა გადადგეს და უნდა აირჩეს ახალი ხელისუფლება.

ბატონო სოზარ, რუსთავის მერიის ეს განცხადება ხომ არ გაფიქრებინებთ, რომ ხვალინდელ აქციაზე რაიმე ექსცესებია მოსალოდნელი?

- ყოველი მსგავსი აქციის წინ ხელისუფლება ცდილობს, ვითარება შეგნებულად დაძაბოს, მაგრამ ეს აქციები მაინც ტარდება. აქციები არის ძალიან მასშტაბური, მშვიდი და ასეთივე იქნება ახლაც.