„ყოჩაღ ბიძოს!“

„ყოჩაღ ბიძოს!“

გორში, „ქართული ოცნების“ ინიციატივით გამართულ აქციაზე მოსალოდნელზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რომელიც წინა აქციების მსგავსად ერთი საათი გაგრძელდა. აქციის დასრულების შემდეგ, ტრიბუნიდან დაახლოებით 300 მეტრში, პოლიციის შემინულ შენობასთან აქციიდან წამოსული ხალხი ტაშით შეეგება თბილისისკენ მანქანით მიმავალ „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს. ტაშს სიგნალები და შეძახილები მოჰყვა , „გაგიმარჯოთ, გაიხარეთ“ - ასე ემშვიდობებოდნენ ერთმანეთს გორელები და თბილისიდან ჩასულები ერთმანეთს.

რაც შეეხება გორის კულტურის სახლთან გამართული აქციის მონაწილეთა რაოდენობას - ჟურნალისტმა საბა წიწიკაშვილმა გვითხრა, რომ ამ ადგილას 20 ათასი ადამიანი ეტევა. კულტურის სახლის წინ არსებული მოედანი ხალხით სავსე იყო, მაგრამ გადაჭედილი არა. აქციის 15-მდე მონაწილეს ვკითხე, მათი აზრით რამდენი ადამიანი იყო იქ. მათმა უმეტესობამ მომიგო, რომ 20 000 უეჭველად იყო. ნაწილმა კი მითხრა, რომ გორის აქციაში 25 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

ბიძინა ივანიშვილს ძალიან რიხიანი გამოსვლა ჰქონდა, აი, ისეთი, მიტინგებსა და აქციებს, რომ შეეფერება, რასაც აქციის მონაწილეები ასე აფასებდნენ - „ყოჩაღ ბიძოს!“ 

აქციაზე პოლიციელების ჭაჭანება არ იყო. სამაგიეროდ, მათ უწყებასთან ასოცირებული, მედიასაშუალებებად წოდებული ჯგუფებიდან მრავლად იყვნენ - ხელში პატარა კამერები ეჭირათ და აქციის მონაწილეების სახეებს იღებდნენ, მაგრამ ამაზე რეაქცია არავის ჰქონდა.

itv.ge-ს წარმომადგენლები კი შეაფუცხუნეს, რადგან ისინი მხოლოდ ორ ნასვამ ადამიანს უღებდნენ, ვიდეოკამერით და თან დიდხანს. მათი საქმიანობის სტილიდან გამომდინარე იქ სხვა საინტერესოს ალბათ, ვერაფერს ხედავდნენ.  

თბილისიდან გორში ჩასული საბურთალოელებისგან მიხეილ სააკაშვილზე ერთი საინტერესო ამბავი შევიტყვე - ბავშვები თურმე ბავშვობიდან „ჰყვარებია“, 13-14 წლის ასაკში მის თანატოლებთან ერთად ფეხბურთს არ თამაშობდა, სტადიონზე ასაკით უმცროსებთან უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს, რადგან თანატოლები „ჩაგრავდნენ“. „ცხონებული ირაკლი ჯიბლაძე ხშირად აპანღურებდა, ჩვენთან თამაში არ უყვარდაო“, - მითხრა ახალგაზრდა კაცმა, რომლის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებ. 

გორში გამართულ აქციაზე ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. „ქართული ოცნებიდან“ გორში კენჭს იყრის სოსო ვახტანგაშვილი, ხაშურში ვალერი გელაშვილი, კასპში დავით ონოფრიშვილი და ქარელში ლერი ხაბელოვი.

გორში გამართულ მრავალთასიან აქციაზე, საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილი ადამიანებიდან დავინახე:

ყოფილი პოლიტპატიმარი ავთო იმნაძე, უფლებადამცველი ლაშა ჩხარტიშვილი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გია მაისაშვილი, ჩარგალში ვაჟა ფშაველას მუზეუმის დირექტორი ლელა რაზიკაშვილი, რეჟისორი გოგა ხაინდრავა, ადიგენში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბიძინა გუჯაბიძე, ჩოგბურთის კორტებთან პოლიციელების მიერ ჩაცხრილული ზურაბ ვაზაგაშვილის მამა იური ვაზაგაშვილი, უცნობი იგივე გია გაჩეჩილაძე, „მრეწველების“ ლიდერები -  გოგი თოფაძე და ზურაბ ტყემალაძე, ადვოკატი მამუკა ნოზაძე, ა/ო. „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი ლიდერი კოკა გუნცაძე, „ქართული აკადემიიდან“ - თამაზ ჯოლოგუა, გელა დოლიძე და თემო გოცაძე, პარლამენტარი დიმიტრი ლორთქიფანიძე, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბათუმში მურმან დუმბაძე, „ქართული ოცნების“ ბათუმის ორგანიზაციიდან ავთო ბერიძე და მედეა ვასაძე, პატრულის მიერ მოკლული ბუტა რობაქიძის მამა სოსო რობაქიძე, „წინააღმდეგობის მოძრაობიდან“ მამუკა გობეჩია, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე, ყოფილი პოლიტპატიმარი ვახო ძაბირაძე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი გია ვოლსკი, მედია-კავშირ „ობიექტივის“ ადვოკატები - ჯუმბერ მილორავა და ელგუჯა ჩხაიძე, პოეტი ერეკლე საღლიანი, რესპუბლიკელი თემურ ნერგაძე, ფონდ „ქომაგის“ ხელმძღვანელი ია მეტრეველი, მამა ტარიელ სიკინჭილაშვილი,"კონსერვატიული პარტიიდან" დავით ბაციკაძე. მე არ დამინახავს, მაგრამ მითხრეს, რომ აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ: სოზარ სუბარი, გუბაზ სანიკიძე და კახა შარტავა, ირაკლი ალასანია.

„ქართული ოცნების“ ინიციატივით თბილისში, ქუთაისში, ოზურგეთსა და მცხეთაში გამართულ მრავალათასიანი აქციების ბოლოს ბიძინა ივანიშვილი აანონსებდა შემდეგი აქციის დროს და ადგილს. ასე გავიგეთ მცხეთაში, რომ 15 ივლისს გორში აქცია გაიმართებოდა, მაგრამ გორში ივანიშვილს შემდეგი აქციის დრო და ადგილი არ გამოუცხადებია.