„თუ ქართველ ხალხს უნდა მონობა, მიიღებს მონობას“

„თუ ქართველ ხალხს უნდა მონობა, მიიღებს მონობას“

კანადელი ჟურნალისტი სტეფან ბანდერა, წინასაარჩევნოდ, მედიის მდგომარეობაზე დასაკვირვებლად „ღია დემოკრატიის კომიტეტის“ მოწვევით ჩამოვიდა საქართველოში.  ვიზიტის ფარგლებში მას შეხვედრები ჰქონდა სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან და ჟურნალისტებთან.

კანადელი ჟურნალისტის ყველაზე რბილად გამოთქმული შთაბეჭდილება ასეთია - „საქართველოში მედიის მდგომარეობა შემაშფოთებელია“.

როგორც ბანდერა ამბობს, მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების მხრივ, თუმცა, თავისუფალი მედიის მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, შემაშფოთებელია.

კანადელ ჟურნალისტს მხედველობაში აქვს ძალადობა, რომელიც ჟურნალისტების მისამართით ხორციელდება.

„ჟურნალისტები, მათი პროფესიიდან გამომდინარე, ყოველთვის დაძაბულ სიტუაციაში არიან, თუმცა როდესაც საქმე ეხება მათ მიმართ ძალადობასა და დაშინებას, რაც კარალეთში მოხდა, ეს სულ სხვა საკითხია“,- განაცხადა სტეფან ბანდერამ. 

როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, მსგავსი ფაქტები სხვა ქვეყნებშიც ხდება, მაგრამ ეს არადემოკრატიული, ავროტიტარული, ტოტალიტარული, დიქტატორული ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი და სამწუხაროდ, აქეთკენ მივექანებით - ავტორიტარიზმიდან უკვე ტოტალიტარიზმში გადავდივართ.

„ხელისუფლებას სურს, მართოს მედია და აკონტროლოს, რა ინფორმაცია მიდის საზოგადოებამდე. აქამდე პრესას იგნორირებას უკეთებდა და არ ადარდებდა, ახლა უკვე ეშინიათ პრესის, შესაბამისად, მათი ქცევა არის პანიკური, პარანოიკული და მეტყველებს მხოლოდ ერთზე, ხელისუფლებას სერიოზულად ეშინია ქართული საზოგადოების, რომელმაც არ უნდა გაიგოს სიმართლე, რათა შემდეგ, არჩევნების დროს არ მიიღონ დღევანდეელი ხელისუფლების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება. მას არ ადარდებს საერთაშორისო შეფასებები, მათ არ ადარდებთ, ის, რას იტყვის დასავლეთი, მთავარია, ნებისმიერი ფორმით მიაღწიონ გამარჯვებას და ამით კიდევ უფრო ასუსტებენ საკუთარ პოზიციებს, კიდევ უფრო უწყობენ ხელს თავიანთ საბოლოო დამარცხებას“, - აცხადებს ზაქარეიშვილი.

ესპანელი ჟურნალისტი გაოცებულია იმით, რაც კარალეთის ინციდენტის შესახებ შეიტყო. 
„ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ ისინი დაშავდნენ არა შემთხვევით, არამედ გამიზნულად, მათი პროფესიის გამო. ერთ შემთხვევაში ჟურნალისტს თავს დაესხა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელი, რაც სამაგიეროს გადახდა იყო იმისთვის, რომ ჟურნალისტს დაწერილი ჰქონდა სტატიები ამ პირის შესახებ. მეორე შემთხვევაში ჟურნალისტმა და ოპერატორმა განაცხადეს, რომ მათ თავს დაესხა რამდენიმე ათეული მამაკაცი მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი „ინფო 9“-ში მუშაობენ. ერთ-ერთს სასტიკად გაუსწორდნენ, მიწაზე დაცემულს ფეხით სცემდნენ. გარდა ამისა, ერთ-ერთ დამკვირვებელს „რეალ ტივის“ ჟურნალისტმა უთხრა, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდნენ“, - აღნიშნა სტეფან ბანდერამ. 

„ღია დემოკრატიის კომიტეტი“ ამგვარ ფაქტებს მომავალშიც დააკვირდება, თუმცა როგორც სტეფან ბანდერა, ამბობს მას თვალში მოხვდა ჟურნალისტებს შორის სოლიდარობის ნაკლებობა. 

„მათ ერთად უნდა დაგმონ მსგავსი ძალადობა, მიუხედავად იმისა, რომელ არხზე მუშაობენ ისინი ან ვის მიმართ არიან სიმპათიით განწყობილი. ისეთ ქვეყანაში, რომლის დედაქალაქშიც ანა პოლიტკოვსკაიას სახელობის ქუჩა არსებობს, ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა დაშვებული არ უნდა იყოს“, - აღნიშნა ბანდერამ.

„სამწუხაროდ, ბანდერა მართალია“, - ამბობს პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც თვლის, რომ როდესაც ჟურნალისტთა კორპუსი გახლეჩილია, ეს მათ არაპროფესიონალიზმზე მეტყველებს.

„ჟურნალისტები ხშირად თანხმდებიან იმაზე, რომ დააკმაყოფილონ თავიანთი რედაქტორის თუ მესაკუთრის, დამსაქმებლის ინტერესები. ეს უკვე კომპრომისული საქციელია, რადგან პროფესიაზე მაღლა აყენებენ სხვა ინტერესებს. გარკვეული სოლიდარობა ჟურნალისტებს შორის არსებობს, მაგრამ იმ დონის არა. შეუძლებელია, ჟურნალისტს სცემდნენ, არ აძლევდნენ საშუალებას, თავისი პროფესიული მოვალეობა შეასრულოს და ამან დანარჩენი ჟურნალისტები არ აღაშფოთოს, თუმცა, ესეც ტოტალიტარული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი თვისებაა“, - ამბობს ზაქარეიშვილი.

კანადელი ჟურნალისტის შთაბეჭდილებებიდან საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი, მან ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე: რატომ წყდება „მასთ ქერის“ მოქმედება არჩევნების შემდეგ.

როგორც ბანდერა ამბობს, „მასთ ქერი“ კანადაში ინფორმაციის სავალდებულო გავრცელებას ნიშნავს და ეს პრინციპი პოლიტიკურად დატვირთული და არჩევნებთან დაკავშირებული არ არის.

„კანადაში ის მაუწყებლობის შესახებ აქტის ნაწილია, საქართველოში კი - საარჩევნო კანონის. სავალდებულო გავრცელების განკარგულება კანადის რადიო და ტელეკომუნიკაციების კომისიამ გასცა და ამ განკარგულების მიხედვით, არხებმა უნდა უზრუნველყონ საინფორმაციო და გასართობი პროგრამების ბალანსი. საქართველოში სრულიად განსხვავებული სიტუაციაა და მე არ მეგულება არც ერთი ქვეყანა, სადაც „მასთ ქერი“ საარჩევნო კანონმდებლობის ნაწილია“,- განაცხადა ბანდერამ.

მისივე განმარტებით, ამ დრომდე ვერ მიიღო პასუხი კითხვაზე, რატომ წყდება „მასთ ქერი“ არჩევნების შემდეგ. 

როგორც პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, შესაძლოა, ეს უცხოელებისთვის გაუგებარი იყოს, მაგრამ ქართული საზოგადოებისათვის სრულიად გასაგებია - ხელისუფლებას არ უნდა, ქართულმა საზოგადოებამ მიიღოს სრული ინფორმაცია, სინამდვილეში როგორ ჩაიარა არჩევნებმა, რადგან აშკარად ემზადება გაყალბებისათვის.

„დარწმუნებული ვარ, მას ეს არ გამოუვა, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის ადგილს იბევებს და გარანტია უნდა იმისათვის, რომ საზოგადოებამდე არ მივა ის სიმართლე, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პროტესტის გამოხატვას, თუ ისინი დარწმუნდებიან არჩევნები იმდენად გაყალბდა, რომ გავლენა ექნება შედეგებზე“, - მიიჩნევს ზაქარეიშვილი.

ბანდერა კი ვარაუდობს, რომ როდესაც ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხი არ არსებობს, გვრჩება მხოლოდ ვარაუდი.

„ჩემი აზრით, ხელისუფლებას შესაძლოა, ეშინია იმის, რომ ზოგიერთმა არხმა იმის მსგავსი სტრატეგია არ გადასცეს, როგორსაც გადასცემდა „იმედი“ – 2007 წელს, ხოლო  „რუსთავი 2“ - 2003 წელს, როდესაც ისინი ანტისამთავრობო არხებს წარმოადგენდნენ და ხალხის პროტესტის ამაღლებაში დიდი როლი ითამაშეს“, - განაცხადა ბანდერამ. 

პაატა ზაქარეიშვილი: „ხელისუფლებას რატომღაც ჰგონია, რომ პრესა და ტელევიზიაა ბრალში და არა თვითონ. მას მედიის ეშინია და სინამდვილეში ხალხის უნდა ეშინოდეს. ბევრი სიარული მიწევს მთელ საქართველოში და ისეთ მიყრუებულ სოფლებშიც კი, სადაც თითქოს ადამიანებს არ აქვთ ინფორმაციის სხვა წყარო, გარდა „რუსთავი 2-ისა“ და „იმედისა“, მაინც იციან სიმართლე. ასე რომ, ხელისუფლებას არასწორად ეშინია, მან საკუთარი თავი უნდა გამოასწოროს და არა მედიასთან ბრძოლა დაიწყოს. რა თქმა უნდა, ისინი ამაზე არ ფიქრობენ და მედიას ებრძვიან, მაგრამ ეს არის კონტრშედეგიანი. ეს მოუვიდა კადაფის, მუბარაქს, ჩაუშესკუს. წესით უნდა მიხვდნენ, რომ ხალხთან ბრძოლა არავის არ შერჩენია და ხალხთან ვერავინ ვერ გაიმარჯვებს. საბოლოო ჯამში, ყოველთვის ხალხი რჩება გამარჯვებული“.
„ღია დემოკრატიის კომიტეტის“ წევრი მიჩნევს, რომ მედიის ხელმისაწვდომობის კუთხით მდგომარეობა სატელიტური ანტენების დაყადაღების შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა. 
ბანდერას განმარტებით, ხშირია მედიასაშუალებებით არაზუსტი ინფორმაციის გავრცელებაც, რაც დაუშვებელია. 

„ნახევრად სიმართლე და ჭორები მაშინაც კი არ არის გამართლებული, თუკი იგი ყველაზე ღირსეულ მიზანს ემსახურება. პოლიტიკური შეხედულება არ უნდა დამახინჯდეს. მაგალითად, ერთ-ერთმა საინფორმაციო წყარომ განაცხადა, რომ ყოფილი ფეხბურთელი კახი კალაძე მილანში კრიმინალურ ავტორიტეტებს შეხვდა და ამ სპეკულაციის საფუძველი მხოლოდ ის იყო, რომ კალაძე იტალიაში გაემგზავრა. ეს ერთ-ერთი დამადასტურებელია იმ ტყუილისა, რომლებიც საინფორმაციო პროგრამებში გადაიცემა“, - აღნიშნა ბანდერამ. 

ცნობილია, რომ „ღია დემოკრატიის კომიტეტი“ საქართველოში მედიის მდგომარეობაზე დაკვირვებას არჩევნებამდე და მის შემდგომ პერიოდშიც განაგრძობს. თუმცა საზოგადოებაში უცხოური ორგანიზაციების მიმართ უკვე გარკვეული ნიჰილისტური განწყობაც შეიმჩნევა, რადგან ჩამოდიან უცხოელები, სწავლობენ სიტუაციას, დასკვნებსა და განცხადებებს აკეთებენ, თუმცა საქართველოს ხელისუფლება არაფერს არ ითვალისწინებს და საკუთარ პოლიტიკას არ ღალატობს.

როგორც პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, უცხოეთს იმაზე მეტი არ შეუძლია, ვირე აკეთებს და საკითარ ბედზე ქართველმა ხალხმა თავად უნდა იზრუნოს.

პაატა ზაქარეიშვილი: „რა გინდათ, რომ მოხდეს, ჯარები შემოვიდნენ და გაატყავონ ხელისუფლება? საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, და მის ბედს გადაწყვეტს ქართველი ხალხი. ქართველი ხალხი იცავს სიმართლეს და დემოკრატიას, იმას რასაც იცავს საერთაშორისო საზოგადოება, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ეს ჩვენი სუვერენიტეტია და არავის არ აქვს უფლება, ჩაერიოს ჩვენს შიდა საქმეებში. თუ ქართველ ხალხს უნდა მონობა, მიიღებს მონობას, თუ ქართველ ხალხს უნდა თავისუფლება, მიიღებს თავისუფლებას. მას შეუძლია ეს არჩევანი გააკეთოს. დასავლეთი მხოლოდ აკვირდება ამას და შეფასებებს აკეთებს, მას სხვა არაფერი არ შეუძლია. ნახეთ, რა ხდება სირიაში, ვინმე შედის და იპყრობს? ვერავინ ვერ შედის, იმიტომ, რომ ეს სირიის სუვერენიტეტია. საშინლად იქცევა ასადი, ამაზრზენად, მაგრამ ვერაფერს უხერხებენ, იმიტომ, რომ არ არის ეს იოლი. ამიტომ, დავანებოთ თავი ვაშინგტონისაკენ, ბრიუსელისაკენ და მოსკოვისკენ ყურებას, კეთილი ვინებოთ და მივხედოთ ჩვენს თავს და ჩვენს ხელთ არსებული ბიულეტენებით გადავწყვიტოთ ის, რაც ქვეყანას სჭირდება“.