„სახელისუფლებო ელიტის გეგემებში არ არის, რომ ივანიშვილს გადააბაროს ძალაუფლება“

„სახელისუფლებო ელიტის გეგემებში არ არის, რომ ივანიშვილს გადააბაროს ძალაუფლება“

აქამდე „ქართული ოცნება“ სადაც ჩადიოდა, მოსახლეობასთან შეხვედრისას პრობლემები არ შექმნია და ხალხმრავალ აქციებსაც ექსცესების გარეშე მართავდა, მაგრამ სოფელ კარალეთში მომხდარმა შეხლა-შემოხლამ დაგვანახვა, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად დაპირისპირება თანდათან გამწვავდება.

ამ თემაზე საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის დირექტორს კახა კახიშვილს ვესაუბრეთ: 

- ბიძინა ივანიშვილმა როდესაც განაცხადა, რომ პოლიტიკაში აპირებდა შემოსვლას, ალბათ, გაცნობიერებული ექნებოდა, რა ბრძოლაშიც აპირებდა ჩაბმას. კარგად ვიცი ამ ხელისუფლების ხასიათი და ამიტომაც თავიდანვე ვამბობდი, რომ ეს არ იქნებოდა ისეთი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლება კონკურენტს წმინდა პოლიტიკურ ოპონირებას გაუწევდა. თან, საქართველოს პრეზიდენტმაც არ დამალა, რომ ყველაფერს გააკეთებს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში დასარჩენად. სახელისუფლებო ელიტის გეგემებში არ არის ივანიშვილს გადააბაროს ძალაუფლება. ნაცმოძრაობის ელიტაში იმასაც აცნობიერებენ, ივანიშვილთან ვინმე რომც გადავიდეს, იმას დიდი პოლიტიკური მომავალი არ უწერია. ისევე როგორც არ ჰქონიათ დიდი პოლიტიკური მომავალი იმ პირებს, რომლებიც რევოლუციის დროს  შევარდნაძის ხელისუფლებიდან სააკაშვილის ხელისუფლებისკენ გადავიდნენ (მაგ. უშიშროების მინისტრი ხაბურძანია და უშიშროების საბჭოს მაშინდელი მდივანი თედო ჯაფარიძე). დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს გაცნობიერებული აქვთ, რომ თავადაც ასეთი ბედი ელით. რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, ყოველდღიურად დაიძაბება სიტუაცია. აქამდე აქციებსა და დიდ ღონისძიებებეზე პროვოკაციები იმიტომ არ მომხდარა, რომ მათ უცხოელები უფრო აკვირდებიან და ამ დროს მომხდარი დაპირისპირება ხელისუფლების წისქვილზე არ დაასხამს წყალს. ლოკალურ შეხვედრებზე კი იქნება დაპირისპირებები  და ხელისუფლებას ექნება არგუმენტი - ეს ჩვენი პროვოცირებული კი არ არის, ხალხში რეალურად ასეთი განწყობაა ივანიშვილისა და მისი გუნდის წევრების მიმართო.

უნდა ველოდოთ, რომ  შიდა ქართლში, სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთში ასეთი დაძაბულობები იქნება და ეს დაძაბულობა სერიოზული პრობლემად შეიძლება იქცეს საქართველოს მომავლისთვის. 

დღეს საზოგადოება ძალიან პოლარიზებულია და როდესაც პოლარიზაციაზე ლაპარაკობენ, უპირველესად უნდა დასვან კითხვა - ვინ გამოიწვია საზოგადოების პოლარიზაცია? ვინ გაავლო ზღვარი საკუთარ მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის?

ასეთი ზღვარის გავლებას ყველაზე ხშირად ბიძინა ივანიშვილს აბრალებენ.

- საზოგადოების პოლარიზაცია, საკუთარ მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის ზღვარის გავლება ხელისუფლებამ დაიწყო, როდესაც გამოაცხადეს, რომ 2003 წლიდან იწყება საქართველოს ისტორია, რომ 2003 წლის მერე ჩამოყალიბდა საქართველო, როგორც სახელმწიფო და ხელისუფლებისთვის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები წარმოადგენენ იმ ელექტორატს, ვის აზრსაც შეიძლება მოუსმინონ. სააკაშვილი თითქმის ყველა გამოსვლისას ამბობს, - ვინც 2003 წლის მერე გავათავისუფლე სამსახურიდან, ყველა კორუმპირებული იყოო. ეს არის სწორედ ზღვარის გავლება. ამ ხელისუფლებამ შევარდნაძისდროინდელი ჩინოვნიკები კორუმპირებულებად გამოაცხადა, მეცნიერები „ჩარეცხილებად“, ინტერლიგენცია კი - „ჩასარეცხებად“. ამ 8 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ იმდენად მკვეთრად გაავლო ეს ზღვარი, რომ სააკაშვილი ამბობს, - აქციებზე ის ხალხი გამოდის, ვინც სამსახურიდან გავათავისუფლეო. ის ხალხი, ვინც სააკაშვილის ხელისუფლების პირობებში ლუკმაპურის გარეშე დარჩა, სახლში დაჯდა და ხმას არ იღებდა, რადგანაც მაინცდამაინც არც იმ ოპოზიციის რწმენა ჰქონდა, ვინც ივანიშვილის გამოჩენამდე მოღვაწეობდა. საზოგადოების პოლარიზაციის მიზეზი ხელისუფლების ხისტი პოლიტიკაა, რომელიც 2003 წლიდან დღემდე ტარდებოდა.

მაგრამ რაც კარალეთში ვნახეთ პოლარიზციაზე მეტი იყო.

- ეს მართლაც აღარ არის პოლარიზაცია. ვხადავთ, რომ ადამიანების გარკვეულ ჯგუფს ჩაუნერგეს აზრი, რომ ვიღაც რუსეთის დავალებას ასრულებს. როდესაც ჩაეკითხები, ამის დამადასტურებელ არგუმენტს ვერ მოგიყვანენ, მაგრამ მაინც ამას ლაპარაკობენ. კონტროლირებადი არხების და იმ ადამიანების წყალობით, რომლებიც გავლენას ახდენენ ადგილობრივ მოსახლეობაზე ხდება აზრის დანერგვა, რომ ივანიშვილის პოლიტიკური ძალა მართულია გარედან და  ხელისუფლებაში მისი მოსვლა დამღუპველი იქნება ქვეყნისთვის. დაპირისპირება, რომელიც კარალეთში მოხდა,  პროვოკაციით იყო გამოწვეული. დააკვირდით ვინ მონაწილეობს ასეთ დაპირისპირებაში? მინისტრებთან და სხვა თანამდებობის პირებთან დაახლოებული ადამიანები, მათი ოჯახის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების ნათესაობა. ჩვეულებრივი მოსახლეობის გაღიზიანება „ქართული ოცნების“ მიმართ მე არ მინახავს. აშკარად ჩანს, რომ ეს არის მართული, ორგანიზებული პროვოკაციული მოქმედებები. ამ ინციდენტთან დაკავშირებით ზოგი ივანიშვილის თანაგუნდელებს ადანაშაულებს, ზოგიც ხელისუფლებას, მაგრამ მე ვიტყვი, რომ ეს არის მხოლოდ ხელისუფლების ბრალი. როდესაც ხელისუფლებას აქვს პრეტენზია, რომ აკონტროლებს სიტუაციას და გვეუბნება, რომ ყველაფერი ვიცითო, როდესაც მათია პოლიცია და სპეცსამსახურები, პასუხისმგებლობა მათ ეკსირებათ ყველაფერზე. ნებისმიერი ისეთი შეტაკება, როგორიც კარალეთში მოხდა, მხოლოდ ხელისუფლების ბრალი იქნება. ამაზე მხოლოდ ხელისუფლებას დაეკისრება პასუხისმგბელობა, ვინაიდან ყველა ბერკეტი ასეთი ტიპის დაპირისპირების თავიდან აცილების, პრევენცისა და სამართლებრივი შეფასებისა მის ხელშია. რომელიმე ოპოზიციურ პარტიას საკუთარი პოლიცია, საკუთარი უშიშროების სამსახური და საკუთარი ადგილობრივი ხელისუფლება ხომ არ ჰყავს? ვისაც მეტი უფლება აქვს, მეტი პასუხისმგებლობაც ეკისრება.  

ასეთი დაპრისპირების ფონზე უცნაურად ჩანს კომპლიმენტები, რომელთაც ივანიშვილი და მერაბიშვილი ერთმანეთის მიმართ აკეთებენ.

- ჩანს, რომ მერაბიშვილსა და ივანიშვილს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, სანამ ივანიშვილი პოლიტიკაში შემოვიდოდა. როდესაც ივანიშვილმა მერაბიშვილი „ჩემო ვანოდ“ მოიხსენია, ეტყობა იმედი ჰქონდა, რომ მერაბიშვილი მასთან გადავიდოდა. ჩანს, ასეთი დასკვნის საშუალებას ივანიშვილს მერაბიშვილთან ადრინდელი ურთიერთობები აძლევდა. შესაძლოა, როდესაც პირად საუბრებში ივანიშვილი აკრიტიკებდა ხელისუფლებას, მერაბიშვილიც ეთანხმებოდა და ივანიშვილმა მიიჩნია, მერაბიშვილის პოზიცია მიშა სააკაშვილისაგან განსხვავებულიაო. რადგან ივანიშვილმა მერაბიშვილზე  დადებითი ლაპარაკი დაიწყო, მერე აღარ შეცვალა თავის განცხადება. აბა, იმას ხომ არ იტყვის, - ვანოს შეფასებაში შევცდიო. ვანო მერაბიშვილმა კი საპასუხოდ ის თქვა, რასაც ლაპარაკობს მთელი „ნაციონალური მოძრაობა“, - ივანიშვილი კარგი ქველმოქმედი იყო და პოლიტიკაში ცხვირი არ უნდა ჩაეყოო. ხელიუფლებას ქველმოქმედი ივანიშვილი მოსწონს, მაგრამ აღიზიანებს პოლტიკაში შემოსული ივანიშვილი.

ქმედებები, რასაც ხელისუფლება ახორცილებს ივანიშვილის წინაამდეგ აჩენს ვარაუდს, რომ შესაძლოა, მისი ქვეყნიდან დეპორტაცია მოხდეს.

- არჩევნებამდე და კენჭისყრის დღემდე არ ვფიქრობ, რომ ივანიშვილს დეპორტაციის საფრთხე დაემურება, რადგან  საქართველოს ხელისუფლება ძალიან ცდილობს უცხოელების თვალში იმიჯი შეინარჩუნოს. არჩევნებამდე ივანიშვილის გაძევება უცხოელების გაღიზიანებას გამოიწვევს, მაგრამ არ არის გამორიცხული ასეთ ზომებს ხელისუფლებამ არჩევნების შემდგომ მიმართოს. მით უმეტეს, თუ ივანიშვილის ხალხს მოუწოდებს არჩევნების შედეგების გასაპროტესტებლად.

ხელისუფლება შეეცდება, რომ არჩევნებამდე პროვოკაციები მოაწყოს რეგიონებში, მაგრამ მთლიან პოლიტიკურ სივცრეს არ შეეხოს. ამ მოლოდინს მიდასტურებს ის ფაქტი, რომ მიუხედავად „ქართული ოცნების“ პოლიტიკური სუბიექტების დაჯარიმებისა და მათ მიერ ჯარიმის გადაუხდელობისა, მათი ქონების დაყადაღება და აუქციონზე გატანა არ მომხდარა. ბანკ „ქართუსთან“ დაკავშირებით რაც მოხდა, ისიც მეტყველებს, რომ ხელისუფლების მიზანი ბანკის გაყიდვა კი არა, იქ დროებითი მმარველის შესვლა იყო. ხელისუფლება ცდილობს უცხოელებს შეუქმნას წარმოდგენა, რომ საქართველოში სამართლიანი საარჩევნო გარემოა. რადიკალურ ზომებს არ მიიღებენ კენჭისყრის დღემდე, თუმც არ არის გამორიცხული რომ ბევრად რადიკალურები გახდნენ არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესში.

თავის დროზე საპარლამეტო არჩევნები მაისიდან ოქტომბერში ხელისუფლებამ იმ განზრახვით გადმოიტანა, რომ ნოემბერში აშშ-შია არჩევნები და საქართველოსთვის აშშ-ში ნაკლებად ეცლებოდათ. ასევე მალე საქართველოში აშშ-ის ახალი ელჩი ჩამოდის, რომელსაც დრო დასჭირდება აქაურ პროცესებში გასარკვევად. ხელისუფლებამ სწორედ ამ ფაქტორების გათვალისიწინებით გადასწია არჩევნების ჩატარების ვადა  ოქტომბერში.

ბიძინა ივანიშვილმა უკვე დაასახელა კოალიციის მაჟორიტარობის კარდიდატები.  რას იტყოდით მათ შანსებზე?

- მაჟორიტარობის კანდიდატები, ვინც ივანიშვილმა დაასახელა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ძირითადად მისი პარტიის წარმომადგენები არიან და არა კოლიაციაში შემავალი პარტიებისა. გარემოცვა, რომელიც თავიდანვე იყო ივანიშვილის გვერდით უკვე დასახელდა  მაჟორიტარულ ოლქებში, რაც ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო სიის პირველ ოცეულში ეს ადამიანები აღარ იქნებიან. საკითხავია მაჟორიტარებს რა შანსი ექნებათ მოხვდნენ პარლამენტში, მაგრამ ისინი, ვინც  პროპორციული სიის პირველ ოცეულში (ან ოცდაათეულში) აღმოჩნდებიან, უსათუოდ მოხვდებიან პარლამენტში. ესენი იქნებიან ის ადამიანები, რომელთა პარლამენტში ნახვა აუცილებლად უნდოდა ივანიშვილს. აქ გამოჩნდა ივანიშვილის ტაქტიკა, - ხალხი, ვისაც ჰქონდა პრეტენზია, რომ იციან არჩევნები და მზად არის ხელისუფლებასთან ოპონირებისთვის, ივანიშვილმა მაჟორიტარებად წარადგინა, მაგრამ საინტერესოა ვის შეიყვანს ივანიშვილის საარჩევნო სიის პირველ ოცდაათეულში? არსებული საარჩევნო გარემოს მიუხედავად, ეს ოცდაათი ადამიანი, აუცილებლად მოხვდება პარლამენტში, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს იქნება ივანიშვილის ძირითადი დასაყრდენი ძალა პარლამენტში. არ არის გამორიცხული, რომ ეს ისეთი ხალხი იყოს, ვინც აქამდე არ ჩანდნენ. ჩემი აზრით, დასახელებული მაჟორიტარებიდან  5-6 კანდიდატს აქვს გამარჯვების შანსი.  ვვარაუდობ, რომ  სამტრედიაში კალაძე მოიგებს. ასევე ვუშვებ ალბათობას, რომ საჩხერეში მოიგოს მანანა კობახიძემ, რადგან ეს ივანიშვილის მშობლიური რაიონია. თუმც ვვარაუდობ, რომ ხელისუფლებას განსაკუთრებული აქცენტი ექნება საჩხერეზე, რომ ივანიშვილს საკუთრ რაიონში მოუგონ და ამით ფსიქოლოგიურად გადატეხონ.