ინფორმაციის შეზღუდვა მავნებელია!

ინფორმაციის შეზღუდვა მავნებელია!

ხელისუფლებას ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტები უკვე მერამდენედ  გამოჰყავს ქუჩაში. ეროსი კიწმარიშვილის მეშვეობით საკუთარი ოფისიდან გამოყრის შემდეგ ამჯერად „მაესტროს“ ჟურნალისტებმა კუთვნილი ანტენების დაყადაღება და ტელეკომპანიის ირგვლივ ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენები პარლამენტის წინ გააპროტესტეს. აქციას სხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებსა და სამოქალაქო სექტორთან ერთად, „სტუდენტთა ხმის“ აქტივისტებიც შეუერთდნენ.

„მოგვეცით მუშაობის შესაძლებლობა - Give us Opportunity to Work!“, „Free Media“, “Back to the USSR”, „დაპატიმრებულია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის“, „ნუ გვასწავლით, რას ვუყუროთ, ნუ გვიზღუდავთ არჩევანს“, -ასეთი ტრანსპარანტები გამოეტანათ ჟურნალისტებსა და მათ თანამოაზრეებს.

აქციაზე „მაესტროს“ ჟურნალისტებმა საგანგებო განცხადებაც გაავრცელეს, რომელშიც პროფესიული მოვალეობის შესრულების შესაძლებლობასა და „მაესტროს“ სატელიტური ანტენებისთვის ყადაღის მოხსნას ითხოვდნენ.

„მოგვეცით მუშაობის შესაძლებლობა! მოხსენით ყადაღა! დაუშვით „მაესტრო“ ყველა ოჯახში! ჩვენთვის წართმეული თქვენ მაინც დაარიგეთ! ეს არის ყველა ის პრინციპი, რის გამოც „მაესტროს“ თანამშრომლები აქ შევიკრიბეთ. მოქალაქეებს აქვთ უფლება, იცოდნენ, აქვთ უფლება, მიიღონ ინფორმაცია, აქვთ უფლება, მოისმინონ განსხვავებული აზრი. ყველა ამ პრინციპს ჩვენ ყოველდღიურად ვრთავთ და გვსურს ყოველივე ეს მაყურებელს შეუფერხებლად მიეწოდოს. ინფორმაციის შეზღუდვა მავნებელია!“ - ნათქვამია „მაესტროს“ ჟურნალისტების განცხადებაში.

For.ge ჟურნალისტებსა და უფლებადამცავებს ესაუბრა.

დიანა ტრაპაიძე, ტელეკომპანიამაესტროსჟურნალისტი: „მაესტრო ყველა ოჯახში“, - ეს არ გახლდათ მხოლოდ პროცესი, რომელთანაც დაკავშირებული იყო მხოლოდ „მაესტროს“ მფლობელი, დამფუძნებელი ან გენერალური დირექტორი. ეს ყველა ჩვენგანის პროექტი გახლდათ. გვინდოდა, ჩვენი პროდუქცია ფართო აუდიტორიამდე მიგვეტანა. ყოველდღიურად ვაწარმოებთ ინფორმაციას და, ბუნებრივია, ჩვენი სურვილია, რაც შეიძლება, ფართო აუდიტორია გვყავდეს და მეტ ადამიანამდე მივიდეს განსხვავებული, მრავალმხრივი ინფორმაცია. პროკურატურისა და სასამართლოს გადაწყვეტილება არანაირ წონად არგუმენტებს არ შეიცავს. ზოგადად, არცერთი წონადი არგუმენტი არ მეგულება იმის ფასად, რომ ამომრჩეველი ინფორმირებული იყოს. საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება იმდენად დიდი ფასეულობაა, რომ ყველა სხვა პრობლემას ფარავს. ბუნებრივია, თუ ამ პროექტს ვერ დავიცავთ, მაშინ, ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, ვერავის უფლებას ვერ დავიცავთ.

თეა სიჭინავა, ტელეკომპანიამაესტროსჟურნალისტი: ინფორმაციის დაბლოკვა მავნე ჩვევაა. ამას ხელისუფლება უნდა გადაეჩვიოს, რადგან თითოეულ მოქალაქეს კონსტიტუციური უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია და დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, მოსწონს თუ არა ეს ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ჟურნალისტებს გვაქვს ინტერესი, რომ, რასაც ვქმნით, მაყურებლისთვის ხელმისაწვდომი იყოს. „მაესტროს“ ხელმძღვანელობამ ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია საჯაროდ განაცხადა, მაგრამ ეს არ ყოფილა გაცხადებული ჟურნალისტების მხრიდან. ყოველდღიურად ეთერში ვართ, ვმუშაობთ, მაგრამ აქამდე ჩვენი საქმიანობის დაბალანსებასა და პირადი პოზიციების დაუფიქსირებლობას ვცდილობდით. ამჯერად კი გვინდოდა, ჟურნალისტების მოსაზრება ცალკე დაგვეფიქირებინა.

გია იაკობაშვილი, ინტერნეტგამოცემა For.ge- დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი: მანამდე უნდა ვიბრძოლოთ, სანამ ეს ხელისუფლება არ შეიცვლება, სანამ მიხეილ სააკაშვილი ისტორიის სანაგვეზე და, ამავე დროს, - ციხეში არ აღმოჩნდება. გამოსავალს, პირველ რიგში, თავისუფალი არჩევნების ჩატარებაში ვხედავ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ინფორმაცია მაქსიმალურად გავავრცელოთ, თუნდაც პროკლამაციების სახით, პარტიზანული მეთოდებით, ახალი ხერხები უნდა მოვიფიქროთ, ჟურნალისტების მხრიდან მეტი კრეატივია საჭირო, რათა მივიდეთ არჩევნებამდე. როგორც ჟურნალისტი, მოქალაქე და ამ ქვეყნის შვილი, ვაცხადებ, რომ ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ამის შემდეგ კი ჟურნალისტების უფლებების დაცვას შევძლებთ. თორემ, ამ ხელისუფლების პირობებში, ყოველთვის იქნება რეპრესიები, დევნა და ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლა. ესენი თეფშებსაც დააყადაღებენ, სიხშირეებსაც ჩამოგართმევენ და მედიასაშუალებებსაც დაგიხურავენ. ამიტომ ცხრათავიან გველეშაპებად უნდა გადავიქცეთ, რვა თავის მოჭრის შემდეგ მეცხრე მაინც რომ ყვირის და ამასობაში რვა თავი ისევ ამოდის.

ჯაბა ხუბუა, „ასავალ-დასავალისჟურნალისტი: ხელისუფლება ქარის წისქვილებს ებრძვის, ანუ ებრძვის ინფორმაციის გავრცელებას ინფორმაციის ეპოქაში, რაც, დანამდვილებით, ხელისუფლების კრახით დამთავრდება. რაც მეტ ასეთ სისულელეს და ძალადობას ჩაიდენენ, მით უფრო ცხადი გახდება მათი ნამდვილი სახე საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ქართულმა საზოგადოებამ კი ამ ხელისუფლების ნამდვილი სახე ისედაც კარგად იცის. უკვე შემიძლია ვივარაუდო, რომ ანტენების ამბავი ძალიან ცუდად დაუმთავრდება ხელისუფლებას. „მაესტროზე“ ზეწოლა გასაკვირი არ არის, რადგან თავისი საინფორმაციო და სარედაქციო პოლიტიკით „მაესტრო“ არ ჯდება იმ სტანდარტებში, რაც ხელისუფლებას აწყობს. ამიტომ, იგი, როგორც დამოუკიდებელი მედიასაშუალება, ყოველთვის ტერორის ქვეშაა. თუმცა რამდენჯერაც დააპირა ხელისუფლებამ „მაესტროს“ გაჩუმება, იმდენჯერ არაფერი გამოუვიდა. წავიდა ის დრო, როცა ისინი ახერხებდნენ მედიასაშუალებების ჩახშობას.

ზურაბ ბაზლიძე, გლობალ TV- განვითარების დირექტორი: მართალია, რომ დამკვეთი მე ვიყავი, მე უნდა შემეძინა ანტენები, მაგრამ შეძენა შევაჩერე, მაინც აყადაღებდნენ და რა აზრი ჰქონდა?!  თურქულ კომპანიას დარჩა სათავსო ყუთები, სადაც ჩემი საქონელი უნდა ჩაელაგებინათ, აიღეს და ჩაალაგეს „მაესტროს“ თეფშები ამ ყუთებში და გამოგზავნეს. ხელისუფლება აცხადებს, რომ იგივე თეფშია დაყადაღებული, თუმცა, სინამდვილეში, არანაირი კავშირი არ არსებობს, უბრალოდ, „მაესტროს“ მიერ იგივე მომწოდებელი შეირჩა, რადგან მათ იცოდნენ, რომ გამზადებული თეფშები ელაგა, რომელსაც ჩვენ არ ვიყენებდით. 

მთავარი პრობლემა ისაა, რომ ანტენები არ მონტაჟდება. კარგი იქნება, თუ ყურადღებას მიაქცევთ, რა მდგომარეობაშია დღეს სატელიტური ბაზარი საქართველოში. შეგიძლიათ, მოიძიოთ ის სატელიტური მაღაზიები, რომლებიც ვაჭრობდნენ თანამგზავრული თეფშებით, რა მდგომარეობაში არიან. დაკეტილია ყველაფერი. ლილოში ყველა მაღაზია, რომელიც აქამდე ანტენებით წარმოუდგენელი რაოდენობით ვაჭრობდა, დაკეტილია, ჟალუზებია ჩამოწეული დ ბოქლომი ადევს. ეს მიუთითებს, რომ რეალურად აქ არც „მაესტროს“ პრობლემაა, არც „გლობალის“ და არც „მე-9 არხის“, აქ პრობლემა ის, რომ მოსახლეობამ თეფშები არ დაამონტაჟოს. ეს არის თეფშების წინააღმდეგ ბრძოლა.

ზვიად გელაშვილი, „სოლიდარობა მედიისავისუფლებისთვისიურისტი: საზოგადოების ნება გამოხატულია, რომ, რაც შეიძლება, გაფართოვდეს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის არეალი. ამ დროს კი ხელისუფლება, დეკლარირების მიუხედავად, ყველანაირად ზღუდავს თავისუფალ სიტყვას და საინფორმაციო სიბნელეში ამყოფებს რეგიონებს. ხელისუფლება შეგუებულია, რომ ფაქტობრივად, თბილისი დაკარგული აქვს, რადგან თბილისში ვეღარ შეზღუდავს ინფორმაციის გავრცელებას. ამდენად, მთელი აქცენტი გადატანილი აქვს რეგიონებზე, რათა მათ ალტერნატიული ინფორმაცია ვერ მიიღონ. 21-ე საუკუნეში, როცა საინფორმაციო ტექნოლოგიები ისეა განვითარებული, რომ შეუძლებელია, ინფორმაციის გავრცელებას ხელი შეუშალო ისეთ ტოტალიტარულ ქვეყანაშიც კი, როგორიც ჩრდილო კორეაა, იქაც აღწევს ინფორმაცია. ნათქვამია - ჩათრევას ჩაყოლა სჯობიაო, ამიტომ ხელისუფლებას ურჩევნია, ჩაყვეს ამ პროცესს.  

ირაკლი მელაშვილი, კოალიციაარჩევანის თავისუფლებისთვისწევრი: ჩვენს პრეზიდენტს, მე მგონი, აეროპორტომანია და ანტენოფობია სჭირს. დამოუკიდებელ კომპანიას თავისი სიგნალის გავრცელებას უკრძალავენ და ამას იმით ხსნიან, თითქოს მოქალაქეების ინფორმაციის მიღება დაცული უნდა იყოს. კანონთან ამას საერთო არ აქვს. თუ ამას შემოწირულობად მიიჩნევ, მაშინ უნდა გამოაცხადო კიდეც, თითქოს „მაესტრო“ და მაკა ასათიანი პოლიტიკური მიზნების მქონე პირები არიან. შემდეგ უნდა დაფიქსირდეს, რომ ადამიანები, ხმის მიცემის სანაცვლოდ, ვიღაცას დაბალ ფასში ან უფასოდ გადასცემდნენ ანტენებს. არც ეს ფაქტი დაფიქსირებულა, მაშინ როგორღა აცხადებენ ამას მოსყიდვად და შემოწირულობად? ამიტომ ეს ძალადობაა. სასწაულ რაღაცას გვეუბნებიან, რომ თურმე ეტიკეტია მიკრული. თუკი თურქულ ფირმასთან „მაესტროს“ კონტრაქტი არსებობს და მან იქიდან გამოგზავნა საქონელი, რა პრობლემაა?! რატომ არ შეიძლება, „გლობალ TV-საც“ და „მაესტროსაც“ ერთი და იმავე ფირმისგან ეყიდა ანტენები?! ახლა მე და გიგა ბოკერიამ ერთსა და იმავე მაღაზიაში ტელევიზორი რომ ვიყიდოთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთთან ვართ დაკავშირებულნი?! ეს აბსურდის თეატრია. გუშინაც თურმე კარალეთში კახი კალაძე თავს დასხმია მოსახლეობას თავისი ბოევიკებით, რომ ლტოლვილები ეცემა!!! ამას მთელი სერიოზულობით გვიმტკიცებენ სახელმწიფო პროპაგანდისტული მანქანა და პარლამენტის წევრები.

კახა ბექაური, მე-9 არხის გენერალური დირექტორი: ტელეკომპანია „თრიალეთთან“ ჩვენი თანამშრომლობის პრეცენდენტი უკვე არსებობს. ანალოგიური თანამშრომლობისთვის მზად ვართ რეგიონალურ ტელევიზიებთანაც, ზოგიერთ მათგანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. გასაგებ მიზეზთა გამო, ვერცერთს ვერ დავასახელებ, რადგან ხელისუფლება ამაშიც ხელს შეგვიშლის. ჩვენ მალე დავრწმუნდებით, რომ „მასთ ქერის“ პრინციპი ფიქცია გამოვა, რადგან ამით ხელისუფლებამ „გლობალის“ თეფშების დაყადაღების ფაქტი გადაფარა. სინამდვილეში, ყველა საკაბელოს აფრთხილებენ, რომ მათ არ ჩასვან მე-9 არხი თავიანთ პაკეტში, გატენონ თავიანთი პაკეტი სხვადასხვა არხებით და ადგილი არ დატოვონ ან დატოვონ ცუდი ადგილი, სადაც ოპოზიციური არხები ტექნიკური ხარვეზით გავა - ან ხმა არ ექნება, ან ცუდი გამოსახულება იქნება. ამიტომ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით უნდა აღიკვეთოს თავისუფალი სიტყვისა და ინფორმაციის გავრცელების შეზღუდვა. ხელისუფლება ცდილობს, ხალხს არაინფორმირებული არჩევანი გააკეთებინოს. ამიტომაც აყადაღებს თეფშებს. მე მგონი, თავიანთ სამზარეულოშიც თეფშს რომ ხედავენ, იმ თეფშისაც ეშინიათ.