ნუ მიიყვანს ხელისუფლება ხალხს რევოლუციამდე

ნუ მიიყვანს ხელისუფლება ხალხს რევოლუციამდე

გორის რაიონის სოფელ კარალეთში „ქართული ოცნების“ მოსახლეობასთან შეხვედრა ჩხუბით დასრულდა. კარალეთში ხალხთან შესახვედრად კოალიციის წევრები სოზარ სუბარი, გიორგი ვოლსკი და კახი კალაძე ჩავიდნენ. რამდენიმე ადგილობრივმა კოალიციის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენa, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ „ქართული ოცნების“ წევრებს ქვებიც ესროლეს და რამდენიმე მათგანი საავადმყოფოში მოხვდა. ასევე კოალიციის მოწინააღმდეგეები ჟურნალისტების მიმართაც აგრესიულად იყვნენ განწყობილები. დაშავდნენ საინფორმაციო სააგენტო „ინფო9“-ის და ტელეკომპანიების „მეცხრე არხისა“ და „თრიალეთის“, ასევე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტები, სულ 10 ადამიანი.

ამის პარალელურად „ქართული ოცნების“ მოსახლეობასთან შეხვედრა ხაშურშიც ჩაშალეს. ამჯერად ეს არა ნაცმოძრაობის აქტივისტებმა, არამედ გარემოს დაცვის მინისტრ გოგა ხაჩიძის დამ, ეკა ხაჩიძემ, სიძემ, ბესო ბუაძემ და მამამ მევლუდ ხაჩიძემ გააკეთეს.

ეკა ხაჩიძე „ქართული ოცნების“ წევრებთან შესახვედრად გამოსულ თავის თანასოფლელებს მიუვარდა და ყვიროდა - „ვინ შეაშინა ეს ხალხი? აღიარეთ. არ გრცხვენიათ? რომელი ხართ შეშინებული. დაშინებული რომელია? ის მაინტერესებს, ქალბატონი ხაჩიძე რომ მოითხოვა. რა "ბაევიცა" მე მნახეთ, რომ ვინმე დავაშინე. ძალიან გთხოვთ, ეს ზედმეტი ლაპარაკი არ გინდათ. თქვენ აქ პროვოკაციისთვის ხართ მოსული?“ მევლუდ ხაჩიძემ კი კოალიციის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„ქართული ოცნების“ მოსახლეობასთან შეხვედრების ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ხელშეშლასთან დაკავშირებით for.ge-ს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მანანა კობახიძე ესაუბრება. საუბარი ფაქტის სამართლებრივი შეფასებით დავიწყეთ.

მანანა კობახიძე: „ეს იყო შეკრების თავისუფლების დარღვევა. შეკრების თავისუფლება კონსტიტუციური უფლებაა და შესაბამისად, მისი დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულია. გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა სხეულის დაზიანებას, რადგან რამდენიმე ადამიანი სასტიკად იყო ნაცემი. ამასთანავე, ჟურნალისტებისთვის მათი პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლაც მოხდა. გარდა იმისა, რომ ჟურნალისტებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მათ ჟურანლისტურ საქმიანობაშიც შეუშალეს ხელი, რაც კიდევ ცალკე კვალიფიკაციაა. დაბოლოს, დისკრიმინაციაზეც შეგვიძლია ვისაუბროთ, რადგან ამ ზონდერებს ამოძრავებდათ სურვილი, მათგან განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების დასჯა მოეხდინათ. ამდენად, აქ რამდენიმე დანაშაულის შემადგენლობაა, რაც საერთო ჯამში საკმაოდ მძიმე პასუხისმგებლობას გამოიწვევს, თუკი ამ ადამიანების სისხლისსამართლებრივ პასუხიგებაში მიცემა მოხდება.

გარდა ამისა, აქ შეიძლება უკანონო ფორმირებაც არსებობდეს, ჩვენ კი ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე ზონდერებზე, მაგრამ ეს ხომ რეალური ადამიანები არიან. როგორც ირკვევა, ისინი პრობაციონერები არიან, ზოგიერთ მათგანს შეწყალებით აქვს ციხე დატოვებული, ზოგი კი პირობით ვადაზე ადრე არის გათავისუფლებული. ეს ადამიანები ქმნიან ამ დაჯგუფებებს, რათა ამგვარ დარბევებში მიიღონ მონაწილეობა. მათი შექმნის ორგანიზატორი კი ხელისუფლებაა. ჩვენ უკვე მივეჩვიეთ ამ ზონდერებზე საუბარს, მაგრამ რეალურად ეს უკანონო დაჯგუფებებია, რომლებიც ნაციონალებს სწორედ იმისთვის ჰყავთ თავიანთ რიგებში, რომ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ეს კი ძალიან საშიში ტენდენციაა, რომელიც მთლიანად ხელისუფლების პასუხისმგებლობას იწვევს.

- ქალბატონო მანანა, ბადრი ბასიშვილმა ამ ინცინდენტზე საუბრისას განაცხადა, რომ თავად კახი კალაძემ მოახდინა ამ ყველაფრის პროვოცირება, რადგან მან დევნილებს უთხრა, არ მოგბეზრდათ ამ ბისლებში ცხოვრებაო? ამასთანავე, ბასიშვილის თქმით, კალაძემ და მისმა დაცვამ იარაღიც კი შეაყენეს. რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?

- ეს ყველაფერი სიცრუეა. მოგეხსენებათ, ადგილზე უამრავი ტელეკამერა იმყოფებოდა და ყველაფერი გადაღებულია, ვინ ვის რას ეუბნებოდა. ამასთანავე, არც კალაძეა ზონდერი, არც სოზარ სუბარი, არც გია ვოლსკი და არც ნინო ციხისთავი. ეს ის ადამიანები არიან, ვინც იქ იყვნენ. სწორედ ამ ადამიანებს აყენებდნენ შეურაცხყოფას. კახი კალაძის მიმართ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი, რადგან მის ძმაზე იყო ძალიან არაეთიკური საუბარი. არ შეიძლება ადამიანს ასე ესაუბრო ძმაზე, რომელიც ასე ტრაგიკულად დაიღუპა. სწორედ ამით ისინი კალაძის გამოწვევას ცდილობდნენ, მაგრამ ის ამ პროვოკაციას არ წამოეგო და პირიქით, ამ ადამიანებს კალაძე ხელის ჩამორთმევას და დიალოგს სთავაზობდა. კოალიციის წევრები იქ სწორედ დიალოგისთვის მივიდნენ, მაგრამ მეორე მხრიდან პროვოკაციები წამოვიდა და ქვების სროლაც კი დაიწყეს. ჩვენს მხარეს ქვები არ ჰქონია და არც უსვრია და საერთოდ რა იარაღზეა საუბარი. ისინი კი შეიარაღებულები იყვნენ ლურსმნებიანი ფიცრებით და ქვებით.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, რაღაც კადრები ვრცელდება, თითქოს „ქართული ოცნების“ მაისურებში ჩაცმული ადამიანები ვიღაცეებს სცემენ. თუ ასეთი კადრები მართლაც არსებობს, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მაისურების მოპოვება ძალიან ადვილია და ამიტომაც სრულიად შესაძლებელია, რომ იმ ზონდერებმა ჩაიცვან ეს მაისურები, ხალხს დაერიონ და შემდეგ ჩვენ დაგვაბრალონ. ჩვენი მხარდამჭერები მაქსიმალურად თავდაჭერილები არიან და ცდილობენ პროვოკაციებს არ აჰყვნენ, არათუ ვინმეს სცემონ და შეტევაზე გადავიდნენ. ძალიან მარტივია იმ ადამიანების იდენტიფიცირება, თუკი ამას მოინდომებენ. ასევე ძალიან საინტერესოა, რატომ დარბოდა იქ ბასიშვილის მანქანა. როგორც გორში ამბობენ, სწორედ ბასიშვილი პირადად ხელმძღვანელობს ამ ზონდერ ბრიგადებს.  

- აქვე გკითხავთ ხაშურში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, როდესაც „ქართული ოცნების“ წევრებს მოსახლეობასთან შეხვედრაში გარემოს დაცვის მინისტრის გოგა ხაჩიძის ოჯახის წევრებმა შეუშალეს ხელი. მისი მამა პირდაპირ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა კოალიციის წევრებს, ხოლო თავად ხაჩიძემ facebook-ში თავის გვერდზე ამ ფაქტთან დაკავშირებით დაწერა, რომ მისი ოჯახის წევრები დამოუკიდებელი ადამიანები არიან და მოქმედებენ ისე, როგორც საჭიროდ ჩათვლიან. როგორი შეფასება შეიძლება მიეცეს იმ ფაქტს, რომ სახელმწიფო თანამდებობის პირის ოჯახის წევრები ოპოზიციას მოსახლეობასთან შეხვედრაში ხელს უშლიან?

- რაც მინისტრია და რაც მთავრობაა, ისეთები არიან მათი ოჯახის წევრებიც. სამწუხაროდ, ისინი დემოკრატიისგან ძალიან შორს არიან და მათთვის მიუღებელია, რომ ადამიანმა საარჩევნო კამპანია აწარმოოს. ამ ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ ხელისუფლების შეცვლა, რადგან ეს ადამიანები თბილად არიან მოკალათებულები, ზაფხულში კი გრილად, ყველაფერი აქვთ, ხუთნიშნა რიცხვებში გამოხატული პრემიები აქვთ და პირადი კეთილდღეობის დაკარგვის შიში აქვთ.

- დაბოლოს, ყველას კარგად გვახსოვს 2003 წელს ბოლნისში ჩასულ ნაცმოძრაობის წევრებს ადგილობრივებმა ქვები დაუშინეს და ამას შემდეგ ისეთი პროტესტის ტალღა მოჰყვა, რომ პრაქტიკულად ეს მოვლენა ნაცმოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლის ერთ-ერთ სერიოზულ ბიძგად იქცა. შეიძლება ამ ორ მოვლენას შორის პარალელების გავლება?

- თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემისას პირველ რიგში ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ჩვენ რევოლუციას არ ვაპირებთ, ჩვენ გვინდა სამართლიანი გარემო, რათა არჩევნებამდე მივიდეთ. ამ ყველაფერს უცხოელებიც ესწრებოდნენ და მომხდართან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია აიღეს. როგორ განვითარდება მოვლენები, არავინ იცის. ქვეყანა რევოლუციებით დაიღალა და არც ჩვენ გვინდა რევოლუციის მოწყობა. ამიტომ მოგვცენ საშუალება, ჩვენს ამომრჩეველს შევხვდეთ, სხვას არაფერს ვითხოვთ. თუ ამის საშუალებას არ მოგვცემენ, ყველანი ჩვენი ხმის უფლებას დავიცავთ და კონსტიტუციის ფარგლებში ვიმოქმედებთ. ნუ მიიყვანს ხელისუფლება ხალხს იქამდე, რომ გამოიყენონ ის უფლება, რასაც წინააღმდეგობის უფლება ჰქვია და არის უნივერსალური.“